გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2019
საქმის ნომერი
190310019003059362
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3------9

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11.12.2019 წელი ქ. რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - თ--------------ე

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ე-–-----------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 08 მაისის N0------ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ და დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსარჩელის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე, მისი განმარტებით მოპასუხე მხარეს არ შეუსწავლია და გამოურკვევია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მამის სახელზე გაცემულ ორდერში მითითებული "ქ---------- დ.ა." არის მოსარჩელის მამის ძმის მეუღლე, ხოლო "რ------- მ.რ" არის მოსარჩელის მამის ძმის შვილი.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 იანვრის N------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა თ--------------ეს ქალაქ რუსთავში, მ------–----------------ში მდებარე ბინის პრივატიზებაზე, იმ საფუძვლით, რომ მ-------------ს და დ-------–------------ის კანონიერი სარგებლობის ფაქტი ბინაზე არ დასტურდებოდა. ამასთან განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული პირების დ---------------ესთან იმ ნათესაური კავშირის არსებობა, რაც მითითებულია ორდერში.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით წარდგენილი განცხადებით არ შეცვლილა უკვე განხილულ საკითხზე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, რის გამოც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მიერ 2019 წლის 08 მაისს მიღებულ იქნა განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა, რის გამოც სასამართლოსთვის უცნობია მისი მოსაზრება საკითხთთან მიმართებით.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1 საქსაბსამმართველოს კომუნალური განყოფილების რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული 1974 წლის 18 ივნისის N---- შესახლების ორდერით დგინდება, რომ დ----- მ---ს ძე რ-------ს მიეცა ორდერი ქალაქ რუსთავში, მ------–-ს ქუჩაზე სახლი N------------ში საცხოვრებელი ფართი, რომელიც შედგება სამი ოთახისგან. ამავე ორდერში მითითებულია:

1. "რ------- ო.დ." - დედა

2. "რ------- მ.რ." - ქალიშვილი

3. "რ------- რ.მ." - ძმა

4. "ქ---------- დ.ა." - ცოლი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-1974 წლის 18 ივნისის N---- ორდერი (ს.ფ. 28-29)

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დგინდება, რომ დ--------------ის მამას წარმოადგენს მ--- რ-------, ხოლო დედას - ო-–-- რ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ--------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 21)

 

4.1.3. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დგინდება, რომ რ----- რ------ის მამას წარმოადგენს მ--- რ-------, ხოლო დედას - ო-–-- რ-------. რ----- რ------- არის დ--------------ის ძმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რ----- რ------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 23)

 

4.1.4 რ----- რ------- გარდაიცვალა 2016 წლის 19 ივლისს, ხოლო დ--------------ე 2015 წლის 15 ოქტომბერს. რ----- და დ--------------ეების დედა - ო-–-- რ------- გარდაიცვალა 2003 წლის 05 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ 22, 24,44)

 

4.1.5. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ქ---------- დ-------–- ა-–----------ს ასული და რ----- მ---ს ძე რ------- დაქორწინდნენ და ქორწინების შემდგომ ცოლს მიენიჭა გვარი - რ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 27)

 

4.1.6. საქმეში წარმოდგენილი მ-------------ს დაბადების მოწმობით დგინდება, რომ მ--- რ------- არის რ----- რ------ის შვილი, ხოლო მ-------------ს დედაა დ-------–- რ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-------------ს დაბადების მოწმობა (ს.ფ 25)

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მოსარჩელე თ--------------ემ და თ--------------ემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, დ--------------ის შვილებმა მეკვიდრეობით მიიღეს დ--------------ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 31-34)

4.1.8. 2018 წლის 19 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ დ-------–- რ------- და მ--- რ------- თანახმანი არიან თ--------------ემ და თ--------------ემ პრივატიზაციის წესით პირად საკუთრებაში გაიფორმონ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქალაქ რუსთავში მ------–-ს ქუჩა კორპუსი 1---------, თავის კუთვნილ წილთან ერთად. ამავე განცხადებით უარი განაცხადეს პრივატიზაციის უფლებაში მონაწილეობის მიღებაზე თ--------------ის და თ--------------ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ 42)

 

4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის წერილით დგინდება, რომ ქალაქ რუსთავში მ------–-ს ქუჩა N-------------ზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 92)

 

4.1.10. თ--------------ემ 2018 წლის 28 სექტემბერს N1------- განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება ქალაქ რუსთავში მ------–----------------ში მდებარე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება თ/დ მასალით (ს.ფ 66-105 )

 

4.1.11. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურმა 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ--------------ეს დაუდგინდა ხარვეზი და გამოსასწორებლად მიეცა 15 სამუშაო დღის ვადა. 2018 წლის 16 ნოემბრის N1------- განცხადებით მოსარჩელე თ--------------ემ ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტა, რომ ორდერში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ მ--- რ------- არის დ--------------ის ძმის შვილი, ხოლო დ-------–- რ------- - ძმის ცოლი. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ ხარვეზს იგი ვერ გამოასწორებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 158-159)

-2018 წლის 16 ნოემბრის N1------- განცხადება (ს.ფ. 106)

 

4.1.12. 2019 წლის 24 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიიღო N------ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ--------------ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე.

გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მერიაში წარდგენილი საბუთებით არ დასტურდება რ------- მ---ს და ქ---------- დ-------–-ს კანონიერი სარგებლობის ფაქტი საპრივატიზებოდ წარდგენილ ბინაზე, ასევე არ დასტურდება ბინაზე თ--------------ის მხრიდან ბინის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის N------ გადაწყვეტილება (ს.ფ 160-162)

 

4.1.13. 2019 წლის 12 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა განმეორებით მიმართა მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ რუსთავში მ------–-ს ქუჩაზე N------ში მდებარე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 108-152)

 

4.1.14. 2019 წლის 08 მაისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიიღო N0------ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელს თ--------------ეს უარი ეთქვა განცხადებაზე. მითითებული გადაწყვეტილების შინაარსით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 08 მაისის N0------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 163-164)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილის მიერ გამოცემული 2019 წლის 08 მაისის N0------ გადაწყვეტილება განცხადებაზე უარის თქმის შესახებ არ არის დასაბუთებული და მოპასუხეს არ აქვს გამოკვლეული საკითხთთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 08 მაისის N0------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 163-164)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

”კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:

1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;

2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების/მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.

 

7.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.5.სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებას. ამ დებულების მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; 2. ზემოთ აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“.

 

საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, პირველი მუხლის არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. [...] რა თქმა უნდა, პირის მიერ საკუთრების განკარგვის უფლება, საკუთრების უფლების ტრადიციულ და ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს.

 

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დ----- ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).

 

7.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

7.8. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა შესაბამისი (საქალაქო, რაიონული, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სახლში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა. ორდერი შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ თავისუფალ, იზოლირებულ საცხოვრებელ ფართობზე. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 2 სექტემბრის №577 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის 58-ე პუნქტის მეორე აბზაცი კიდევ უფრო აკონკრეტებდა, რომ ორდერი შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ ფაქტობრივად თავისუფალ ბინაზე. დადგენილების 59-ე პუნქტის შესაბამისად, ორდერში იწერებოდა გვარი, სახელი, მამის სახელი მოქალაქისა, რომელსაც მიეცა საცხოვრებელი ფართობი და მისი ოჯახის წევრებისა, აღინიშნებოდა მათი ნათესაური ურთიერთობა და დაბადების წელი.

 

სასამართლო მიუთითებს, მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში მოქალაქეთათვის პირადი საკუთრების უფლებით ბინის მიყიდვის წესი.

 

სასამართლო მიუთითებს, მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის N107 დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მოქალაქენი, რომელტაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა) განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციებს, საწარმოო - დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი (ბინა). ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო - საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.

 

საქართელოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საფუძვლად დაედო საცხოვრებელი და არასაცხოვებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემას. ესენია:

 

ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციულისამართებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონისმიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამის დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირდობის დამადასტურებელ დოკომენტი;

გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;

ე) გარკვეული პირობებით დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგაც პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მის განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;

ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების მიერ 2007 წლის 02 თებერვლამდე, აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი);

ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობებთან ერთად შესაბამის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიცაზიის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)“.

 

7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქმეში დადგენილია, რომ თ--------------ემ 2018 წლის 28 სექტემბერს N1------- განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება ქალაქ რუსთავში მ------–----------------ში მდებარე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართთან მიმართებით. მითითებულ განცხადებას თანდაურთო ორდერში აღნიშნული პირების დაბადების მოწმობები, გარდაცვალების მოწმობები, ქორწინების მოწმობები და სხვა.

დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურმა 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ--------------ეს დაუდგინდა ხარვეზი და გამოსასწორებლად მიეცა 15 სამუშაო დღის ვადა. 2018 წლის 16 ნოემბრის N1------- განცხადებით მოსარჩელე თ--------------ემ ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტა, რომ ორდერში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ მ--- რ------- არის დ--------------ის ძმის შვილი, ხოლო დ-------–- რ------- - ძმის ცოლი. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ ხარვეზს იგი ვერ გამოასწორებდა.

 

2019 წლის 24 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიიღო N------ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ--------------ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე. გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მერიაში წარდგენილი საბუთებით არ დასტურდება რ------- მ---ს და ქ---------- დ-------–-ს კანონიერი სარგებლობის ფაქტი საპრივატიზებოდ წარდგენილ ბინაზე, ასევე არ დასტურდება ბინაზე თ--------------ის მხრიდან ბინის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 12 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა განმეორებით მიმართა მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ რუსთავში მ------–-ს ქუჩაზე N------ში მდებარე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 2019 წლის 08 მაისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიიღო N0------ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელს თ--------------ეს უარი ეთქვა განცხადებაზე. მითითებული გადაწყვეტილების შინაარსით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე–2 ნაწილიდან გამომდინარე, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი ადმინისტრაციული ორგანო ჩათვლის, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის წინაპირობები იგი ვალდებულია შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებს და მხოლოდ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

7.10. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილის 2019 წლის 24 იანვარს მიღებული N------ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ--------------ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე, დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მერიაში წარდგენილი საბუთებით არ დასტურდებოდა რ------- მ---ს და ქ---------- დ-------–-ს კანონიერი სარგებლობის ფაქტი საპრივატიზებოდ წარდგენილ ბინაზე, ასევე არ დასტურდებდა ბინაზე თ--------------ის მხრიდან ბინის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მერიაში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაედგინა შესახლების ორდერში მითითებული პირებისა და განცხადებელს შორის არსებულ სამართლებრივ/ნათესაური ურთიერთობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქსაბსამმართველოს კომუნალური განყოფილების რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული 1974 წლის 18 ივნისის N---- შესახლების ორდერით, რომლითაც დგინდება, რომ დ----- მ---ს ძე რ-------ს მიეცა უფლება დაეკავებინა სამ ოთახიანი ბინა, მდებარე ქალაქ რუსთავში, მ------–-ს ქუჩაზე სახლი N------------ში. ამავე ორდერში მითითებულია:

1. "რ------- ო.დ." - დედა; 2. "რ------- მ.რ." - ქალიშვილი; 3. "რ------- რ.მ." - ძმა; 4. "ქ---------- დ.ა." - ცოლი

 

სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბერს #01/296399 მიმართვით გადმოგზავნილი დ----- მ---ს ძე რ------ის (პ/ნ 3----------) და რ----- მ---ს ძე რ------ის (პ/ნ 3----------) სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტისა და პირადობის მოწმობის გაცემისას შედგენილი განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) და ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლებით დგინდება:

- დ--------------ის მამას წარმოადგენს მ--- რ-------, ხოლო დედას - ო-–-- რ-------. წარმოდგენილი დაბადების მოწმობით ასევე დგინდება, რომ რ----- რ------ის მამას წარმოადგენს მ--- რ-------, ხოლო დედას - ო-–-- რ-------, შესაბამისად რ----- რ------- არის დ--------------ის ძმა.

- რ----- რ------- გარდაიცვალა 2016 წლის 19 ივლისს, ხოლო დ--------------ე 2015 წლის 15 ოქტომბერს. რ----- და დ--------------ეების დედა - ო-–-- რ------- გარდაიცვალა 2003 წლის 05 ივნისს.

- ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ქ---------- დ-------–- ა-–----------ს ასული და რ----- მ---ს ძე რ------- დაქორწინდნენ 1971 წელს და ქორწინების შემდგომ ცოლს მიენიჭა გვარი - რ-------.

- მ-------------ს დაბადების მოწმობით დგინდება, რომ მ--- რ------- არის რ----- რ------ის შვილი, ხოლო მ-------------ს დედაა დ-------–- რ-------.

- ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ არ--------------- ა-–----------ს ასული და დ----- მ---ს ძე რ------- დაქორწინდნენ 1984 წელს და ქორწინების შემდგომ ცოლს მიენიჭა გვარი - რ-------.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ 2018 წლის 19 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე თ--------------ემ და თ--------------ემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, დ--------------ის შვილებმა მეკვიდრეობით მიიღეს დ--------------ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად შეეძლო დაედგინა შესახლების ორდერში მითითებული პირებისა და განცხადებელს შორის არსებულ სამართლებრივ/ნათესაური ურთიერთობის/კავშირის შესახებ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, 2018 წლის 19 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაზე, რომლითაც დგინდება, რომ დ-------–- რ------- და მ--- რ------- თანახმანი არიან თ--------------ემ და თ--------------ემ პრივატიზაციის წესით პირად საკუთრებაში გაიფორმონ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქალაქ რუსთავში მ------–-ს ქუჩა კორპუსი 1---------, თავის კუთვნილ წილთან ერთად. ამავე განცხადებით უარი განაცხადეს პრივატიზაციის უფლებაში მონაწილეობის მიღებაზე თ--------------ის და თ--------------ის სასარგებლოდ. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არათუ არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ განცხადებაზე, არამედ არც შეუსწავლია და გამოუკვლევია განცხადება საქმეში წარდგენილ შესახლების ორდერთან მიმართებით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მიერ, სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად სახეზეა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.11. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-5 მუხლის პირველ პუნქტში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.12. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

7.13. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

7.14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 08 მაისის N0------ გადაწყვეტილება განცხადებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამრიგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 12-ე, 13-ე, 22-ე, 251, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 08 მაისის N0------ გადაწყვეტილება განცხადებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

3. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის #7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი