გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
110210019003020486
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110210019003020486

N 2/305-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

27.11.2019 წელი ქ. ზესტაფონი

ზ------------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე შპს ,,ი-------- ჯ------",წარმომადგენელი ლ---- ჭ--–--ე,მოპასუხე ა(ა)იპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------,წარმომადგენელი მ--–---- მ-----------,გ------- ო-----–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გაუქმდეს მოპასუხე ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს სატენდერო კომისიის 2019 წლის 02 აპრილის ოქმი N3;

 

1.2. მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ სერვისცენტრს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ------ს“ სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ სერვისცენტრს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ------ს“ სასარგებლოდ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

მოსარჩელის პოზიცია

მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს მიერ 2019 წლის 19 მარტს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ-------“ და წარადგინა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები. მოსარჩელემ დააკმაყოფილა ტენდერის პირობები და მოიგო აღნიშნული ტენდერი.

2019 წლის 28 მარტს მოპასუხის მიერ გაეგზავნა წერილი N85 მოსარჩელეს, რომლითაც დაადასტურა მოსარჩელის გამარჯვება ტენდერში და მოსარჩელე კომპანიის დირექტორი დაიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად არანაკლებ 4 და არა უმეტეს 5 დღისა. მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს სატენდერო კომისიის სხდომის 2019 წლის 02 აპრილის N3 ოქმის გადაწყვეტილებით გაუქმდა ტენდერში მოსარჩელის გამარჯვების შესახებ შედეგები. გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდულია. ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა მოსარჩელე კომპანიის მონაწილეობის გარეშე, მაშინ როცა მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეხებოდა მოსარჩელის ინტერესებს და აუარესებდა მის მატერიალურ მდგომარეობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს წარმომადგენლებმა როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს: მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება რა მატერიალური ზიანი და რა ოდენობით მიადგა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს მიერ 2019 წლის 19 მარტს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომელიც შეეხებოდა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი მომსახურების გაწევა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ-------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სატენდერო ბარათი-ინფორმაცია;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხემ 2019 წლის 28 მარტის N85 წერილით აცნობა მოსარჩელეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულყოფილად შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და გამოვლენილ იქნა გამარჯვებულად. შეტყობინების ატვირთვიდან არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 დღისა მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2019 წლის 28 მარტის N85 წერილი;

- მხარეთა განმარტება,3.1.3. მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს სატენდერო კომისიამ განიხილა ტენდერში მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ------ს“ გამარჯვების საკითხი და 2019 წლის 02 აპრილის სხდომის N3 ოქმის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 მარტის სხდომის N2 ოქმის გადაწყვეტილება და მოწვევა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2019 წლის 02 აპრილის N3 ოქმი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელემ 2019 წლის 19 მარტს გამოცხადებულ ტენდერზე წარადგინა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია თუ მასალა, საკარანტინო ზონა მოპირკეთებული იყო ლინელიუმით, რომელიც იძლეოდა სველი წესით დასუფთავების და დეზინფექციის საშუალებას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს სამსახურის მონიტორინგის დასკვნის თანახმად შპს „ი-------- ჯ------“ სრულად შეესაბამება მთავრობის N345 დადგენილების მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

სატენდერო ბარათი-ინფორმაცია

მხარეთა განმარტება

მონიტორინგის დასკვნა.

მოწმე ა------ კ-------–---–-ს ჩვენება.

 

3.2.2. მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 მარტის სხდომის N2 ოქმის გადაწყვეტილებაში მოსარჩელის ტენდერში გამარჯვების შესახებ დაშვებული იქნა შეცდომა, არასრულყოფილად იქნა შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისია უფლებამოსილი იყო და 2019 წლის 02 აპრილს სხდომაზე გააუქმა არასწორი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2019 წლის 02 აპრილის N3 ოქმი;

- მოპასუხის განმარტება.

 

3.2.3 მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. კერძოდ საკარანტინო ზონა არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ნორმებს. მოპირკეთებული იყო ისეთი მასალით, კერძოდ ლინელიუმით, რომელიც არ იძლეოდა სველი წესით დასუფთავების საშუალებას. მის შემდეგ რაც უარი ეთქვათ ხელშეკრულების გაფორმებაზე მის შემდეგ შეცვალეს საკარანტინო ზონის მოპირკეთება. ლინელიუმის ნაცვლად დააგეს მეტლახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

2019 წლის 02 აპრილის N3 ოქმი

მოპასუხის განმარტება

მოწმე ა------ კ-------–---–-ს ჩვენება.

 

3.2.4. ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N 345 დადგენილების მოთხოვნებს, გაუქმებული იქნა მოსარჩელის მოწვევა ხელშეკრულებაზე, ტენდერში მოსარჩელის გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მოსარჩელეს და მასთან ხელშეკრულება აღარ გაფორმდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოპასუხის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 329-ე, 331-ე მუხლები;

- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილებით დამტკიცებული, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი;

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ .

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ წარმოშობილა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულთან უნდა დადებულიყო ნარდობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დგინდება მოპასუხე მხარემ გამოაცხადა ტენდერი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვასა და შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობას. შესაბამისად ტენდერში გამარჯვებულთან უნდა დადებულიყო ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხის ინიციატივით არ გაფორმდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ააიპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს მიერ 2019 წლის 23 მარტს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ. გამოქვეყნდა სატენდერო პირობები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

 

ტენდერში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ-------“, რომელიც ვალდებული იყო სატენდერო დოკუმენტაცია წარედგინა მოპასუხისათვის საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ შესაბამისად. „მოთხოვნების“ მე-6 მუხლი განსაზღვრავს ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო პირობებს. მათგან ერთ-ერთი მოთხოვნაა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად შენობის ოთახების, ვოლიერების (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებასა და დეზინფექციას.

 

6.3. დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოპასუხის მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე მის მიერ მითითებული დაბალი ფასის გამო. რასაც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 29-ე მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში გამოხატულია რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.

 

ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად კი თუ ოფერენტმა აქცეპტისათვის განსაზღვრა ვადა, მაშინ აქცეპტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მოსარჩელისადმი 2019 წლის 28 მარტს გაგზავნილი წერილი წარმოადგენს ოფერტს ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან არა ნაკლებ 4 და არა უმეტეს 5 დღისა ანუ მოსარჩელის მიმართ გაიგზავნა ოფერტი ხელშეკრულების 2019 წლის 02 აპრილს დასადებად. აღნიშნული კი არ ნიშნავს უპირობოდ ხელშეკრულების დადებას.

 

ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ, ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრივი მოდელი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ოფერტი ხელშეკრულებად განიხილება აქცეპტირების ეტაპიდან, წინადადების დადასტურებამდე ოფერენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გამორიცხოს სახელშეკრულებო თვითბოჭვა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად კი ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სატენდერო წინადადების წარდგენის დროს მოსარჩელე ვალდებული იყო სისტემაში აეტვირთა ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილებით დამტკიცებული, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებული სავალდებულო პირობაა შენობის ოთახების, ვოლიერების (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებასა და დეზინფექციას. როგორც წესი საკარანტინო ზონა მოპირკეთებული უნდა იყოს კერამიკული მასალით.

 

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია მონიტორინგის დასკვნით და მოწმე ა------ კ-------–---–-ს ჩვენებით, რომ ცხოველთა განსათავსებელი საკარანტინო ზონა მოპირკეთებულია ლინელიუმით, რომელიც დღეის მდგომარეობით შეცვალეს უკვე და ლინელიუმი ჩაანაცვლეს კერამიკული მასალით.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 330-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ოფერტი მიღებული უნდა იქნეს იმ დრომდე, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ შეუძლია დაელოდოს პასუხს. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფერტი მიღებული უნდა იქნეს ოფერენტის მიერ დადგენილ ვადაში და განხორციელდეს აქცეპტი, პასუხი ოფერენტის წინადადებაზე. მოცემულ შემთხვევაში ოფერენტის წინადადებაა, რომ იგი მოწვეულია ხელშეკრულების დასადებად შეტყობინების გამოქვეყნებიდან ანუ 2019 წლის 28 მარტიდან არა ნაკლებ 4 და არა უმეტეს 5 დღისა, ანუ 2019 წლის 02 აპრილს.

 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილებით დამტკიცებული, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სავალდებულო პირობა, რომ ცხოველთა განსათავსებელი შენობის ოთახების, ვოლიერების კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებასა და დეზინფექციას, წარმოადგენს ხელშეკრულების დასადებად არსებით პირობას.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტით ამ კანონით და და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით უნდა შეირჩეს მიმწოდებელი. სატენდერო დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების საფუძველზე სააგენტოს თავმჯდომარის N12 ბრძანების თანახმად.

 

მოპასუხის მიერ წარდგენილი ოფერტით დადგენილ ვადაში მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და შეფასება. ვინაიდან წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის N345 დადგენილების სავალდებულო მოთხოვნებს, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად ცნო სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 მარტის სხდომის ოქმის გადაწყვეტილება. გააუქმა ოფერტი, მოწვევა ხელშეკრულებაზე. რაც აიტვირთა ელექტრონულად კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 334-ე მუხლის თანახმად აქცეპტი უნდა განხორციელებულიყო შეცვლილი პირობებით, მაგრამ მოპასუხის მიერ განხორციელდა ახალი ოფერტი, უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე და გააუქმა მოწვევა ხელშეკრულებაზე. რისი უფლებამოსილებაც მას გააჩნდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სააგენტოს თავმჯდომარის N12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დისკვალიფიკაცია მიეცა მის მიერ CPV-98380000 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა იზოლაციი და თავშესაფარში ტრანსპორტირების მიზნით 2019 წლის 19 მარტს გამოცხადებულ აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერზე NATI90005601. ვინაიდან მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სატენდერო კომისიის 2019 წლის 02 აპრილის N3 ოქმი მიღებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილებით დამტკიცებული, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნების საფუძველზე და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. როგორც აღინიშნა მხარეთა შორის უნდა დადებულიყო ნარდობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მენარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულებების შეუსრულებლობით.

 

ვალდებულების დარღვევისათვის მოვალეზე შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქონებრივი ზემოქმედების სახით. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კრედიტორს წარმოეშვება იმ შემთხვევაში თუ არსებობს მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით- სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოსარჩელეს არ შეუსრულებია მოპასუხის მიმართ რაიმე სამუშაო და შესაბამისად მოპასუხის მიერ არ მომხდარა დარღვევა. არ არსებობს ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხის მხრიდან.

 

მოპასუხის ამ გადაწყვეტილებით რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელეს დასაბუთებული ვერ იქნა. მის მიერ წარმოდგენილი არაა მტკიცებულებები, რომ მას კონკრეტულად ამ ტენდერზე მიღებული დისკვალიფიკაციით ხელი შეეშალა სხვა ტენდერებში მონაწილეობაში და რომ იგი უცილობლად მოიგებდა სხვა ტენდერს და მიიღებდა შემოსავალს 8000 ლარის ოდენობით. რაშიც ხელი შეუშალა მოპასუხის მოქმედებამ. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა 8000 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოპასუხე მხარის მართლსაწინაარმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც მას მიაყენა ზიანი. აღნისნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუცი ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე შპს „ი-------- ჯ------“-ს სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ ზ------------ დ--------------- და კ-----–---–------ ს------–-------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ------------ რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე