განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/68-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ს--–---------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------------–------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი #2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონი სოფელი მარაბდა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, თე-----–-------------------------–----------–---------------–------ პირას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან, გ------------–------- ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა აკაციის ჯიშის 22 ხე, რითაც სახელმწიფოს მიადგა 1346 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ გ------------–------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულ გ------------–------- აღიარებითი ჩვენება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები, ზიანის გაანგარიშება, მიღება-ჩაბარების აქტი, საჯარო რეესტრის პასუხი და გეგმა, ფოტოსურათები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფოტოსურათებით, მოწმეების - ზ--------–------–--, ლ-------------, დ---------–------–---–--, ნ-----–---------------- და ზ-------------------- გამოკითხვის ოქმები, ნივთმტკიცებები და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვლება 1000 ლარს ზევით ზიანი.
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------–------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------------–------- მიერ აღნიშნულ დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გ------------–------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. გ------------–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მიუთითა ყველა რელევანტური ფაქტი, ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გ------------–------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს გ------------–------- მდგომარეობას, დანაშაულის ხასიათს, მის დამოკიდებულებას, რომ ხეები მოჭრა, რადგან იმ ტერიტორიასთან ახლოს აქვს მიწა და მიიჩნია, რომ ამის უფლება ჰქონდა, მოჭრილია 22 ძირი ნედლი ხე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება ადეკვატური და პროპორციული მისი ქმედების საპირწონედ და ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ამასთან სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვე.
11. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ გ------------–------- აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი. სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მასვე დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს დანაშაულის იარაღისა და საგანის, კერძოდ, ბენზოხერხის, ცულისა და მოჭრილი ხეების ჩამორთმევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ქონების - ბენზოხერხის, ცულისა და მოჭრილი ხეების ჩამორთმევა.
2. გ------------–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი