განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002207837
საქმე №1-1077/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორების _ პ------–-–--–--ის, დ--------------–ის
ადვოკატის _ ქ---------------ს
ბრალდებულის - გ------- ბ-----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172011017002 საქმე,ბრალდებულ გ------- ბ-----ის მიმართ
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ--------------------------–--------–--------------–-----
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2017 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, გ------- ბ-----ემ, ქალაქ ქობულეთში, მ---------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმი - ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე სამთავრობო აგარაკის მიმდებარედ, ტ------- მ--------ს და ქ--------ა ო--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. გ------- ბ-----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ------- ბ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, გ------- ბ-----ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი :
4. დაზარალებულმა ტ------- მ--------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში, პრეზიდენტის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ბ-----ემ ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
5. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ ქ--------ე ო--------ის მიერ სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში, პრეზიდენტის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ბ-----ემ ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
6. მოწმე დ----- ბ-----ემ, რომელიც უშუალო შემსწრე და თვითმხილველი იყო ბ-----ესა და დაზარალებულებს შორის მომხდარი ინციდენტის, უარყო ბ-----ის მიერ მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიეყენების ფაქტი.
7. ბრალდებულმა გ------- ბ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაზარალებულებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
8. საქმეში წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად, ტ------- მ--------ს და ქ--------ა ო--------ს ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.
9. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას. სწორედ ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
12. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში კი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული ტ------- მ--------ს ჩვენება, რომელიც საუბრობს ბ-----ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე. რაც შეეხება დაზარალებული ო--------ის ჩვენებას, სახეზეა სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული ჩვენება.
13. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
15. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს თავის 2018 წლის 30 ნოემბრის №334აპ-18 განაჩენში (ანჟელა ხავშაბოვას მიმართ) მიუთითა იმ უპირატესობაზე, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის პროცესში ორივე მხარის მონაწილეობას ახასიათებს და სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებისას (მიუხედავად სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესისა), მიანიჭა მას მტკიცებულებითი ძალა სწორედ იმ ნიშნით, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა ორივე მხარე და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ბრალდების მხარის თანაბრად დაეკითხა დაზარალებული.
16. უნდა აღინიშნოს, რომ ქ--------ა ო--------ის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან აწარმოებდა მხოლოდ ბრალდების მხარე. დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა არც იმ ეტაპზე და არც არსებითი განხილვისას დაეკითხა დაზარალებული, რაც უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეც ჩანს, რომ წინააღმდეგობაშია შეჯირებითობის სახელმძღვანელო პრინციპთან და ამ წესით გამოკვლეული მტკიცებულება ვერ გაუთანაბრდება საქმის განხილვისას უშუალოდ და ზეპირად, ორივე მხარის მონაწილეობით დაკითხული მოწმის ჩვენების მნიშვნელობას და მტკიცებულებით ძალას.
17. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, როგორც უკვე აღინიშნა, დასკვნების თანახმად, პირადი დათვალიერებისას დაზარალებულებს არ აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების რაიმე კვალი.
18. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".
19. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ მითითებულ საქმეშიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება უზენაესმა სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
20. მოცემულ შემთხვევაშიც, როგორც აღინიშნა, სახეზეა მტკიცებულებების არასაკმარისობა, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.
21. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
24. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- ბ-----ის ბრალდების დადასტურება.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- ბ-----ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც გ------- ბ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "გ" ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. სასამართლომ დაადგინა:
27. 2017 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში, გ------- ბ-----ემ, ქალაქ ქობულეთში, მ---------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმი - ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე სამთავრობო აგარაკის მიმდებარედ, ქ--------ა ო--------ს და ტ------- მ--------ს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, გაედევნა მანქანით, განახორციელა მათ მიმართ ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა ბეისბოლის ე.წ. "ბიტით", მ--------ს აიძულა გადაეცა მისთვის ხელჩანთა, რომელში არსებული, ქ--------ა ო--------ის კუთვნილი “MEIZU FLYME”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 350 ლარად არ დაუბრუნა მესაკუთრეს და თავად დაეუფლა ავტომანქანით მომსახურების თანხის საკომპენსაციოდ, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იძულება - ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
28. დაზარალებულმა ტ------- მ--------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის სექტემბერში მეგობართან, ქ--------ა ო--------თან ერთად ისვენებდა ქობულეთში. საქართველოდან გამგზავრების წინა დღეს გადაწყვიტეს ბათუმში ჩასულიყვნენ სასეირნოდ. საღამოს, დაახლოებით რვა საათზე სამარშრუტო მიკროავტობუსით ჩავიდნენ ბათუმში, გაისეირნეს სანაპიროზე, შევიდნენ კარაოკე-ბარში, შემდეგ კი წავიდნენ საბაგიროსკენ, რათა სამარშრუტო მიკროავტობუსით ან ტაქსით დაბრუნებულიყვნენ ქობულეთში. დილის დაახლოებით 4 საათზე ან ხუთის ნახევარზე ადგილზე მისულებს მიკროავტობუსები აღარ დახვდათ, ამიტომ გადაწყვიტეს მოეძებნათ ტაქსი, ამ დროს მათ მიუახლოვდათ "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. მძღოლის გვერდით სავარძელში მჯდომმა რუსულად მიმართა და სად მიდიხართო- ჰკითხა. განუმარტეს, რომ ქობულეთში სურდათ გამგზავრება, მამაკაცებმა შესთავაზეს წაყვანა, უარი არ უთქვამთ და მანქანაში ჩასხდნენ. მამაკაცი, რომელიც რუსულად გამელაპარაკა დ-----ის სახელის გაეცნო, საჭესთან მჯდომს კი გ------- ერქვა. ამის შემდეგ ამ მამაკაცებთან ერთად ბათუმში მდებარე რამდენიმე ლოკაცია მოიარეს, იყვნენ რესტორან "მაჭახელაში", თუმცა რაიმე შეკვეთა არ მიუცით და მალევე დატოვეს. შემდეგ მამაკაცები, მათივე თქმით, ფულის ასაღებად სადღაც წავიდნენ, მანქანიდან გადასული გოგონები ქუჩაში ელოდებოდნენ მათ მოსვლას. ამის შემდეგ მარკეტ "გუდვილში" შევიდნენ, ბიჭებმა შეიძინეს არაყი და პროდუქტები. ქობულეთის მიმართულებით წასულებმა მანქანა გააჩერეს ჭადრაკის სასახლის მახლობლად, მანქანაშივე მიირთვეს საჭმელი, დალიეს არაყი. დ-----ი უფრო სვამდა, გ------- - ნაკლებად. გოგონებს არ დაულევიათ, ჭიქიდან სასმელს ჩუმად ღვრიდნენ. ჭამა-სმის დასრულების შემდეგ, წავიდნენ ქობულეთისკენ, ძალიან ნელა მოძრაობდნენ. ქობულეთამდე დაახლოებით სამ კილომეტრამდე იქნებოდა დარჩენილი, როდესაც მოულოდნელად მძღოლმა ცენტრალური გზიდან მარცხნივ გადაუხვას, მანქანა დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე გააჩერა ზღვის სანაპიროსთან ახლოს. ამას გოგონების პროტესტი მოჰყვა, განუცხადეს, რომ აღარ სურთად მათთან ერთად მგზავრობა და ფეხით წავიდოდნენ ქობულეთში. ამ დროს გ------- გადავიდა მანქანიდან, გააღო მანქანის უკანა კარი, სადაც ქ--------ა იჯდა და სქესობრივი კავშირი შესთავაზა, თან ხელით შეეხო სხეულზე. თავადაც გადავიდნენ მანქანიდან და ცდილობდნენ მისი მოცილებას, ფეხით გაემართნენ ცენტრალური გზისკენ, მაგრამ გაღიზიანებული გ------- მანქანით დაედევნა, ფიზიკურად იძალადა ორივე მათგანზე, სახეში გაარტყა ორივეს ხელი, ბეისბოლის ჯოხი მოუღერა და ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრა, წაართვა ფულადი თანხა და ქ--------ა ო--------ის მობილური ტელეფონი, მ--------მ შეძლო და თავისი მობილური ჩუმად გადამალა წელის არეში. ამის შემდეგ გ------- დ-----თან ერთად, რომელსაც რაიმე მონაწილეობა მომხდარში არ მიუღია და მხოლოდ თვალს ადევნებდა, ჩაჯდა მანქანაში და დატოვა იქაურობა. შეშინებული გოგონები ფეხით მივიდნენ ცენტრალურ გზამდე, სადაც უცნობ ქალბატონს შეხვდნენ, რომელსაც დახმარებს სთხოვეს. ქალბატონმა გამოიძახა პოლიცია.
29. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ ქ--------ე ო--------ის მიერ სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში მეგობართან ტ------- მ--------სთან ერთად ისვენებდა ქ. ქობულეთში. 30 სექტემბერს ჩავიდნენ ბათუმში ქალაქის დასათვალიერებლად, დროის გასატარებლად. ისეირნეს სანაპიროზე, შემდეგ კარაოკე- ბარში გაერთნენ. დილის, დაახლოებით, სამ სააათზე გადაწყვიტეს ქობულეთში დაბრუნებულიყვნენ, მივიდეს საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა სამარშრუტო მიკროავტობუსით ან ტაქსით დაბრუნებულიყვნენ ქობულეთში. მათ ახლოს გაჩერდა "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ორი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. ისინი გაესაუბრნენ გოგონებს და შესთავაზეს ქობულეთში წაყვანა, რასაც ეს უკანასკნელები დათანხმდნენ და ჩასხდნენ მანქანაში. მიიღეს მამაკაცების კიდევ ერთი შეთავაზება ერთად ვახშმობის თაობაზე. შევიდნენ კიდეც ერთ-ერთ რესტორანში, მაგრამ იქ "ჭაჭა" არ აღმოაჩნდათ და უკან გამოვიდნენ. მამაკაცებიდან ერთს დ-----ი, მეორეს გიო ერქვა, დ-----ი კარგად საუბრობდა რუსულად, გიო - ნაკლებად. ამის შემდეგ დ-----ი, როგორც მან თქვა, ფულის ასაღებად სადღაც წავიდა, გიო და გოგონები ელოდნენ მის დაბრუნებას. ამის შემდეგ წავიდნენ სუპერმარკეტ "გუდვილში" საკვების შესაძენად. შეიძინეს პროდუქტები და "ჭაჭა", ჭადრაკის სახლის უკან მანქანა გააჩერეს და მანქანაშივე დაიწყეს ჭამა და დალევა. გოგონები არ სვამდნენ არაყს და ჩუმად აქცევდნენ. როდესაც ჭამა-სმას მორჩნენ, ქობულეთის მიმართულებით წავიდნენ, ბათუმიდან გასვლისას ტ------- ცუდად გახდა და მანქანა გააჩერეს, გადავიდნენ მანქანიდან, როცა ტ------- მომჯობინდა, ისევ განაგრძეს გზა ქობულეთისკენ. საკმაოდ ნელი სვლით მიდიოდნენ, გოგონებს კი ჩქარა სურდათ ადგილზე მისვლა, რადგან ტ------- ცუდად იყო. ქობულეთში მისვლამდე გადაუხვიეს მარცხნივ, ლამაზი პეიჟაზების სანახავად, როგორც აუხსნენ. გაჩერდნენ ცენტრალური გზიდან დაახლოებით 100-200 მეტრში. გ------- გადავიდა მანქანიდან, გამოაღო მანქანის უკანა კარი, სადაც ქ--------ე იჯდა და შესთავაზა სქესობრივი კავშირი, თან ფეხზე ეხებოდა ხელით. ამ დროს გ-------ს მხრიდან მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ სქესობრივი კავშირის შეთავაზება მოხდა, რაზეც უარი მიიღო. მანქანიდან გადასულ ქ--------ეს საჯდომზეც მიარტყა ხელი. გოგონებმა თავის დანებება სთხოვეს და გზისკენ წავიდნენ, რამაც გ------- გააბრაზა და ორივე სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და გაედევნა ცენტრალური გზისკენ ფეხით მიმავალ გოგონებს. ბეისბოლის ჯოხი მოუღერა და ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრა, შეშინებულებმა მისცე ფული, რაც თან ჰქონდათ. გ-------მ ტ-------ს ჩანთა გამოსტაცა და თვითონ იქექებოდა შიგ, ამოიღო ჩანთაში არსებული თახაც, საერთო ჯამში 180 ლარის ოდენობის, ასევე ქ--------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი „MEIZU“-ს ფირმის, ჩაჯდა მანქანაში და დიდი სისწრაფით დატოვა იქაურობა. დ-----ს ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ უყურებდა. შეშინებული გოგონები ფეხით მივიდნენ ცენტრალურ გზამდე, სადაც უცნობ ქალბატონს შეხვდნენ, რომელსაც დახმარებს სთხოვეს, ქალბატონმა გამოიძახა პოლიცია.
30. 2017 წლის 1 და 2 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის ოქმების თანახმად, ქ--------ა ო--------მა და ტ------- მ--------მ მათ წინაშე წარდგენილი პირებიდან ამოიცნეს გ------- ბ-----ე, რომელმაც გასტაცა ფული და მობილური ტელეფონი, ასევე დ----- მ-------, რომელიც ბ-----ესთან ერთად იმყოფებოდა მოცემულ მომენტში.
31. ტ------- მ--------ს და ქ--------ა ო--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების თანახმად, აღნიშნულმა პირებმა საგამოძიებო მოქმედებებისას დაადასტურეს ჩვენებებში მითითებული გარემოებების სისწორე და აჩვენეს ის ადგილები, სადაც გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით ბრალდებულ გ------- ბ-----ესთან და დ----- მ-------სთან ერთად.
32. მოწმე ი-----------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 1 ოქტომბერს დილის დაახლოებით რვა საათზე ქობულეთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს ელოდებოდა ტრანსპორტს სამსახურში წასასვლელად, რა დროსაც დაინახა რეზიდენციის გვერდით შემავალი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი ავტომანქანა, რომელიც წავიდა ბათუმის მიმართულებით. რამდენიმე წუთში იმავე გზიდან გამოსული ორი გოგონა დაინახა, რომლებიც შეშინებულები აქეთ-იქით იყურებოდნენ. გაესაუბრა მათ, გოგონები რუსულენოვანები აღმოჩნდნენ, კარგად ფლობს რუსულს და შეიტყო, რომ ვიღაც ბიჭებმა თანხა და მობილური ტელეფონი წაართვეს. გოგონებმა სთხოვეს პოლიციაში დარეკვა, მანაც განახორციელა ზარი 112-ის სამსახურში და გადასცა გოგონების ნაამბობი. აღნიშნულის შემდეგ წავიდა სამსახურში და მისთვის უცნობია შემდგომ განვითარებული მოვლენები.
33. მოწმე დ----- მ-------მ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ჰყავს ავტომანქანა "BMW-X5", რომლითაც პერიოდულად ტაქსაობს. გ------- ბ-----ე მისი მეგობარია. იმის გამო, რომ მართვის მოწმობა არ აქვს, გ-------ს სვამს საჭესთან, თავად მის გვერდით იკავებს ადგილს და ერთად ემსახურებიან კლიენტებს. 2017 წლის 30 სექტემბერს, ჩვეულებისამებს, ერთად ტაქსაოდნენ, ტურისტულ სეზონზე კლიენტი ბევრია, ამიტომ ღამის საათებშიც ემსახურებოდნენ მგზავრებს. საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს ორი ახალგაზრდა გოგონა, რომლებიც ტაქსს აჩერებდნენ. როგორც ჩანს ვერ შეუთანხმდნენ მძღოლს, არ ჩასხდნენ მის მანქანაში, რის შემდეგაც გადაწყვიტეს თავად მომსახურებოდნენ გოგონებს ავტომანქანით. გააჩერეს მანქანა მათ სიახლოვეს და გაესაუბრნენ, გოგონები რუსულენოვნები აღმოჩნდნენ. საკმაოდ კარგად ფლობს რუსულს, ამიტომ არ გასჭირვებია მათთან საუბარი. გოგონებს ქობულეთში სურდათ გამგზავრება, შეთანხმდნენ ფასზე, ჩასხდნენ მათ მანქანაში, თუმცა ქობულეთისკენ მაშინვე არ აუღიათ გეზი, რადგან გოგონებმა ღამის კლუბებში და შემდეგ რესტორანში მოინდომეს წასვლა. მიიყვანეს მითითებულ ადგილებზე, ღამის კლუბ - "სექტორი 26-ში, კლუბ "ეიფორიაში", რესტორან "მაჭახელაში". ამასობაში უთავდებოდათ ბენზინი, ქობულეთში გასამგზავრებლად აღარ ჰქონდათ საკმარისი არც ბენზინი და არ ავზის შესავსებად საჭირო თანხა, რის გამოც სახლში შეიარა და ფული აიღო. ამის შემდეგ "გუდვილში" შეიძინეს პროდუქტი და სასმელი. ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტეროტორიაზე მანქანიდან გადაუსვლელად მიირთვეს საჭმელიც და დალიეს არაყიც. სვამდნენ გოგონები და დ-----ი. საჭესთან მჯდარი გ------- ერიდებოდა დალევას. ამის შემდეგ წავიდნენ ქობულეთისკენ, ერთ-ერთი გოგონა, ტ------- სიმთვრალისგან ცუდად გახდა, მანქანის გაჩერება და გადასვლა მოუწიათ. შემდეგ ისევ განაგრძეს გზა ქობულეთისკენ, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის გვერდით ზღვის სანაპიროსკენ ჩადის გზა და გადაუხვიეს, რადგან გოგონებს საპირფარეშო მოუნდათ. შემდეგ ამ უკანასკნელებმა ისევ ბათუმში დაბრუნება მოინდომეს. ამაზე მოუხდათ შეკამათება გ-------სთან, რომელმაც აქამდე გაწეული მომსახურების თანხის გადახდა მოსთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა მიმართულებით გადაადგილებას დათანხდა, რაზეც გოგონებმა უარი განაცხადეს, თანხას მოგვიანებით გადაგიხდითო. გაბრაზებულებმა მიატოვეს ისინი იმავე ადგილას და დაბრუნდნენ ბათუმში. რაც შეეხება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც განსხვავებულ გარემოებებზეა საუბარი, ამ ჩვენებაში მითითებულ ფაქტებს არ ეთანხმება, ჩვენება არაა შედგენილი მისი ნაკარნახევი სიტყვებით.
34. 2017 წლის 2 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, დ----- მ------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა "BMW-X5"-დან ამოღებულ იქნა ხელკეტი, ე.წ. "ბეისბოლის ბიტა".
35. 2017 წლის 1 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე ქობულეთი, შ. რუსთაველის ქუჩა N168-ში, გ------- ბ-----ისაგან ამოღებული იქნა ოქროსფერი, „MEIZU“-ს ფირმის მობილური ტელეფონი.
36. შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 4 ოქტომბრის N383/ს დასკვნის თანახმად, „MEIZU“-ს ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება შეადგენს 350 ლარს.
37. 2017 წლის 3 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქობულეთში, მ---------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმი - ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ცენტრალური გზიდან ჩასახვევით მიდის გზა ზღვის სანაპიროსთან, გზიდან სანაპირობდე დაახლოებით 200 მეტრია. მარცხენა მხარეს განთავსებულია სამთავრობო აგარაკის მეტალის კაპიტალური ღობე.
38. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
39. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
40. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
41. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
42. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულ გ------- ბ-----ის, მოწმეების - ს---–---------–-----ის, რ------------------ის, ი------–----------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტო-ილუსტრაცია.
43. ბრალდებულმა გ------- ბ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ჰყავს ავტომანქანა "ფორდ-სკორპიო", რომლითაც ტაქსაობს და ემსახურება კლიენტებს. მანქანით დგება საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა ტაქსის მძღოლებთან ერთად ელოდება კლიენტს. ჰყავს მეგობარი დ----- მ-------, რომელსაც საკუთრებაში აქვს ავტომანქანა "BMW-X5",დ-----ს არ აქვს მართვის მოწმობა, ამიტომ ხშირად მისი ავტომანქანით ტაქსაობს გ-------, მასთან ერთად იმყოფება დ-----იც და ერთად ემსახურებიან გადაადგილების მსურველ კლიენტებს. 2017 წლის 30 სექტემბერსაც, გვიან ღამით, დ-----ის ავტომანქანით საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდნენ მგზავრებს. მათთან მივიდა ორი გოგონა, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ. რუსული ცუდად იცის, ამიტომ მათთან კომინიკაცია ძირითადად დ-----ს ჰქონდა. გოგონებს სურდათ ქობულეთში გამგზავრება, შეუთანხმდნენ ფასზე და გოგონები მოთავსდნენ მანქანის უკანა სავარძელზე. უთხრეს, რომ ქობულეთში წასვლამდე სურდათ გართობა და სთხოვეს მიეყვანათ სადმე ღამის კლუბში. წაიყვანეს კლუბ "სექტორი 26-ში", თუმცა იქ არ მოეწონათ და სხვაგან წასვლა მოინდომეს. მიიყვანეს კლუბ "ეიფორიაში", რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა. ამის შემდეგ გოგონებმა, სახელად - ტ-------მ და ქ--------ამ "ჭაჭის" დალევა მოისურვეს. მიიყვანეს რესტორან "მაჭახელაში", მაგრამ იქ "ჭაჭა" არ აღმოაჩნდათ და უკან წამოვიდნენ. შემდეგ თქვეს რომ შიოდათ, მიიყვანეს მარკეტ "გუდვილში", სადაც შეიძინეს პროდუქტი და სასმელი. ამ დროის განმავლობაში გოგონები პირდებოდნენ, რომ მგზავრობის საფასურს სრულად გადაუხდიდნენ ქობულეთში მისვლის შემდეგ, მანამდე კი მიეყვანათ ყველგან, სადაც მოისურვებდნენ. წავიდნენ ქობულეთის მიმართულებით, ჭადრაკის სახლის მიმდებარედ გააჩერებინეს მანქანა და ჭამა დაიწყეს, თან სვამდნენ "გუდვილში" შეძენილ არაყს, მათთან ერთად სვამდა დ-----იც, თავად გ------- საჭესთან იჯდა და არ დაულევია. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია დაცვის ობიექტი, კონკრეტულად რომელი, არ იცის. ამ ობიექტიდან მივიდა მათ გაჩერებულ მანქანასთან დაცვის თანამშრომელი, ჰკითხა რამე ხომ არ უჭირდათ და დახმარება შესთავაზა. აუხსნეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ცოტა ხნის შემდეგ გზა განაგრძეს ქობულეთისკენ. გზაში ცუდად გახდა ნასვამი გოგონებიდან ერთ-ერთი - ტ-------, მანქანის გაჩერება და ჰაერზე გადასვლა მოინდომა. გაუჩერა ავტომობილი და კარგა ხანს ელოდა, სანამ გოგონა მომჯობინდა და გამგზავრება შეძლეს, მიდიოდა ნელი სვლით, რომ ნასვამი გოგონები ისევ ცუდად არ გამხდარიყვნენ. პრეზიდენტის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან ახლოს გოგონებმა განაცხადეს, რომ ტუალეტი სურდათ და იქნებ სადმე მანქანა შეეჩერებინათ. გადაუხვია ცენტრალური გზიდან მარცხნივ მდებარე ჩასახვევში, ზუსტად რეზიდენციის გვერდით, რომელსაც სამთავრობო დაცვა იცავს და მუდამ ხალხია. ამ დროს უკვე თენდებოდა და ხალხი მოძრაობას იწყებდა სანაპიროზეც და გზაზეც. როდესაც გოგონები მანქანაში დაბრუნდნენ, ისევ ბათუმში წაყვანა მოითხოვეს, გ-------მ კი მგზავრობის საფასური შეახსენა და გადახდა მოსთხოვა. გოგონებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ ქობულეთში ჩასვლისას მისცემდნენ სრულ თანხას, მანამდე კი ბათუმში დაებრუნებინა ისინი. ამაზე ძალიან გაღიზიანდა, ხმამაღალი კამათი მოუვიდა გოგონებთან, დაქოქა მანქანა, მიატოვა ისინი იმავე ადგილას და დ-----თან ერთად წავიდა ბათუმში. უარყოფს ბეისბოლის ჯოხით მუქარის, ცემის, ფულის და ტელეფონის წართმევის ფაქტს. არ ეთანხმება ბრალდებას და ითხოვს სრულად გამართლებას.
44. მოწმე ს---–---------–-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ საკუთრებაში ყავს "ფოლკსვაგენ-გოლფის" მარკის ავტომანქანა, რომლითაც ტაქსაობს და შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ემსახურება გადაადგილების მსურველ კლიენტებს. მანქანით ჩერდება საბაგირო გზის მიმდებარე ტეროტორიაზე და ელოდება მგზავრებს. კარგად იცნობს გ------- ბ-----ეს, რომელიც იმავე საქმიანობითაა დაკავებული. ყავს "ფორდის" მარკის ავტომობილი და ისიც ემსახურება კლიენტებს. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც გ------- არა საკუთარი, არამედ სხვისი ავტომანქანით ტაქსაობდა, ეს იყო "ავტომაქანა "BMW-X5", რომელიც ეკუთვნოდა გ------- მეგობარს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა და გ-------სთან ერთად ემსახურებოდა კლიენტებს თავის მანქანით. საჭესთან გ------- ჯდებოდა, გვერდით - მისი მეგობარი. ამის გამო მგზავრები წინა სავარძელზე დაჯდომას ვერ ახერხებდნენ. მძღოლებში არაერთხელ გამოწვევია სიცილი სიტუაციას, როდესაც მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომის მსურველ მგზავრს ადგილი დაკავებული ხვდებოდა და იძულებული იყო უკანა სავარძელზე მოთავსებულიყო. 2017 წლის 30 სექტემბრის ღამეს გ------- და მისი მეგობარი ისევ ერთად ტაქსაობდნენ "BMW-X5"-ით. დახლოებით ღამის სამ საათზე მათ მანქანასთან მივიდა ორი გოგონა, რომლებიც გამოელაპარაკნენ, შემდეგ კი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მანამდე ეს გოგონები მასთან მივიდნენ და ტაქსით მომსახურება მოითხოვეს, საუბრობდნენ რუსულად, იყვნენ ნასვამები, იქცეოდნენ საკმაოდ აგრესიულად. ვერ შეთანხმდნენ ფასზე და უარი უთხრა მომსახურებაზე, რასაც გოგონების მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და გინება მოყვა მისი მისამართით.
45. მოწმეებმა რ------------------ემ და ი------–----------ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ ისინიც ტაქსის მძღოლები არიან, კარგად იცნობენ გ------- ბ-----ეს, რომელიც ასევე ტაქსაობს და ემსახურება კლიენტებს "ფორდ-სკორპიოს" მარკის ავტომობილით. ხშირად გ------- შავი ფერის "BMW-X5"-ითაც ემსახურება მგზავრებს. ახასიათებენ პატიოსან და შრომისმოყვარე ადამიანად, რომელიც საკუთარი შრომით არჩენს ოჯახს, არასდროს შეუმჩნევიათ ის უღირს საქციელში.
46. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ გ------- ბ-----ის მიერ ტ------- მ--------ს და ქ--------ა ო--------ის მიმართ ჩადენილია სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - იძულება.
47. აღნიშნულ დასკვნას სასამართლო აკეთებს, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
48. მოწმეების - დ----- მ------ის, ს---–---------–-----ის, რ------------------ის, ი------–----------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებული გ------- ბ-----ე როგორც საკუთარი, ისევ დ----- მ------ის კუთვნილი ავტომანქანით ტაქსაობდა - ემსახურებოდა გადაადგილების მსურველ კლიენტებს. მოწმეების ჩვენებები თანხვედრაშია თავად ბრალდებულის ჩვენებაში მითითებულ იგივე გარემოებებთან, განსხვავებით დაზარალებულების ჩვენებებისა, რომლებიც, ერთის მხრივ, ადასტურებენ ქობულეთში დასაბრუნებლად ტაქსის დაქირავების სურვილს და ამ მიზნით საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლას, ხოლო, მეორეს მხრივ, უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ბ-----ე მათ, როგორც ტაქსის მძღოლი ემსახურებოდა. მოწმე ყურშუბაშემ სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნული გოგონები, რომლებიც დაინახა 2017 წლის 1 ოქტომბერს დილის დაახლოებით სამ საათზე როგორ ჩაუსხდნენ "BMW-X5"-ის მარკის ავტომანქანაში ბ-----ეს და მის მეგობარს, მანამდე მისი ავტომობილის დაქირავებას ცდილობდნენ ქობულეთში გასამგზავრებლად. ამასთან, საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, იყვნენ ნასვამები, ხოლო მას შემდეგ, რაც ფასზე ვერ შეთანხმდნენ და მომსახურებაზე უარი მიიღეს, გინებით დაშორდნენ. საყურადღებოა, რომ დაზარალებულები უარყოფენ მათი მხრიდან ალკოჰოლის მიღების ფაქტს, თუმცა ადასტურებენ, რომ კარაოკე-ბარშიც იყვნენ, შემდეგ დათანხმნენ იმწუთიერად გაცნობილი მამაკაცების შეთავაზებას მათთან ერთად რესტორანში წასულიყვნენ სავახშმოდ. მარკეტში შეძენილ არაყს თითქოს სვამდნენ, სინამდვილეში კი ჭიქიდან ძირს აქცევდნენ, რასაც სულ რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობის მანქანაში მათთან ერთად მყოფი მამაკაცები ვერ ამჩნევდნენ. ასევე ადასტურებენ მ--------ს ცუდად გახდომის ფაქტს, რაზეც ყურადღებას ბ-----ე და მ-------ც ამახვილებენ და განმარტავენ, რომ სიმთვრალის გამო გახდა ეს გოგონა ცუდად და გზაში მანქანის გაჩერება მოუწიათ, რათა სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა და მომჯობინებულიყო. ამდენად, სხვა მტკიცებულებებით დადასტურებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, როგორიცაა ბ-----ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ტაქსის სახით დაქირავება, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა - დამალვა დაზარალებულების მიერ, მათი ჩვენებების სრული მოცულობით გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს. ცხადია, განსხვავებულია დასკვნა დაზარალებულების ჩვენებების იმ ეპიზოდებზე, რომლებიც სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება და შესაბამისად, დამაჯერებელი და გასაზიარებელია. ორივე დაზარალებული მიუთითებს ბ-----ის მხრიდან ბეისბოლის ე.წ. "ბიტით" დამუქრების, ასევე თანხის და მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ასეთი "ბიტა" ნამდვილად ჰქონდა მანქანაში მ-------ს, რასაც ეს უკანასკნელიც და ბრალდებული ბ-----ეც ადასტურებენ. უფრო მეტიც - მოხდა ამ ხელკეტის ამოღება, ცნობილია ნივთიერმტკიცებულებად და დათვალიერდა სასამართლო განხილვის დროსაც. გარდა ამისა, მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია ბრალდებული გ------- ბ-----ისგან ქ--------ა ო--------ის კუთვნილი „MEIZU“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ამოღებაც. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის და მოწმე მ------ის განმარტებებს იმ ნაწილში, რომ ხელკეტით დამუქრებას და მობილური ტელეფონის წართმევას ბ-----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. როგორც უკვე განმარტა სასამართლომ, დაზარალებულების ჩვენებებში აღნიშნული ეს გარემოებები დასტურდება სხვა, ზემოთ უკვე მითითებული მტკიცებულებებით. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ როგორც ბ-----ე, ასევე მ------- ადასტურებენ გოგონების მხრიდან მომსახურების თანხის გადაუხდელობის გამო კონფლიქტის წარმოშობის ფაქტს მათსა და ბ-----ეს შორის, თუმცა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, მუქარის და ტელეფობის წართმევას გამორიცხავენ. საგულისხმოა მოწმე კერძევაძის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ გოგონები საკმაოდ შეშინებულები, აღელვებულები იყვნენ და ითხოვდნენ პოლიციის დახმარებას, მხოლოდ სიტყვიერი კამათისას, ნაკლებსავარაუდოა გოგონებს შეშინებოდათ და პოლიციის გამოძახება მოესურვებინათ.
49. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, გ------- ბ-----ის მხრიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქ--------ა ო--------ის და ტ------- მ--------ს იძულებას გადაეხადათ ავტომანქანით მომსახურების თანხა
50. სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულება არის ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2014 წლის 26 მარტის N№202აპ-13 გადაწყვეტილებაში, პალატამ განმარტა, რომ ქმედების იძულებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში: - "დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო". საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში მსჯავრდებულის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის დარტყმა) წარმოადგენდა დაზარალებულის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან ერთად. შესაბამისად, სახეზე იყო მსჯავრდებულის განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა.
52. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეშიც, ბრალდებულის ისეთი ქმედებები, როგორიცაა მ--------ს და ოგანესიამის მიმართ ბეისბოლის ე.წ. "ბიტით" მუქარა, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, წარმოადგენს ფსიქიკურ იძულებას, რომლის მიზანი იყო აეძულებინა დაზარალებულები საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ბრალდებულისთვის გადაეხადათ ავტომანქანით მომსახურების თანხა. მხარეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე გულისხმობდა ამ მომსახურების სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. ამგვარი შეთანხმების შემდეგ ბ-----ეს და გოგონებს შორის წარმოიშვა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, დატვირთული ორმხრივი ვალდებულებებით. ბ-----ის და მ------ის განმარტებით ბათუმში სხვადასხვა ადგილზე სიარულის შემდეგ ბენზინი გაუთავდათ და ფულიც არ ჰქონდათ ავზის შესავსებად, რის გამოც მ------- სახლში წავიდა და თანხა დაიმატა. აღნიშნულ ფაქტს თავად დაზარალებულებიც ადასტურებენ თავის ჩვენებებში. შესაბამისად, მამაკაცებმა გარკვეული თანხები გაიღეს ორმხრივი ვალდებულებების შესრულების პროცესში საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. თუმცა ბ-----ემ აბსოლუტურად უკანონო ქმედებებით აიძულა გოგონები შეესრულებინათ პირობა და მომსახურების საზღაური გადაეხადათ. დაედევნა მანქანით და არ მისცა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბეისბოლოს ე.წ. "ბიტით" დაემუქრა, წაართვა მობილური ტელეფონი. შესაბამისად, სახეზეა ბრალდებულის განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულების ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინათ მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა და განეცადათ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. რაც შეეხება ბ-----ის მიერ დაზარალებულების კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტს, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. ამასთან, ერთი დაზარალებულის - ქ--------ა ო--------ის შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება.
53. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
54. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
55. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს თავის 2018 წლის 30 ნოემბრის N №334აპ-18 განაჩენში მიუთითა სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნების შემთხვევაში იმ უპირატესობაზე, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან დაკისთვის პროცესში ორივე მხარის მონაწილეობას ახასიათებს და მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო ზემოაღნიშნული წესით გამოქვეყნებული ჩვენება, მიანიჭა მას მტკიცებულებითი ძალა სწორედ იმ ნიშნით, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა ორივე მხარე და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარის თანაბარი შესაძლებლობა დაეკითხა დაზარალებული.
56. უნდა აღინიშნოს, რომ ქ--------ა ო--------ის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან აწარმოებდა მხოლოდ ბრალდების მხარე. დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა არც იმ ეტაპზე და არც არსებითი განხილვისას დაეკითხა დაზარალებული, რაც უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეც ჩანს, რომ წინააღმდეგობაშია შეჯირებითობის სახელმძღვანელო პრონციპთან და ამ წესით გამოკვლეული მტკიცებულება ვერ გაუთანაბრდება საქმის განხილვისას უშუალოდ და ზეპირად ორივე მხარის მონაწილეობით დაკითხული მოწმის ჩვენების მნიშვნელობას და მტკიცებულებით ძალას.
57. ამდენად, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ტ------- მ--------ს ჩვენება ბ-----ის მიერ ტელეფონთან ერთად ფულადი თანხის დაუფლების თაობაზე, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს აღნიშნული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევითვის, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც თავად ბრალდებული და ფაქტის შემსწრე პირდაპირი მოწმე - დ----- მ------- უარყოფენ აღნიშნულს, გარდა ამისა, ბ-----ისგან არ მომხდარა სადავო თანხის ამოღება.
58. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა ბრალდებულ გ------- ბ-----ის მიერ ქ--------ა ო--------ის და ტ------- მ--------ს მიმართ იძულების ჩადენა, რა დროსაც უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, გაედევნა მანქანით, განახორციელა მათ მიმართ ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მ--------ს აიძულა გადაეცა მისთვის ჩანთა, რომელშიც არსებულ, ქ--------ა ო--------ის კუთვნილ ტელეფონა თვითნებურად დაეუფლა მომსახურების თანხის საკომპენსაციოდ, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
59. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
60. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
61. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ამგვარი კვალიფიკაციითვის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
62. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გ------- ბ-----ის მიერ სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
კვალიფიკაციის შეცვლა:
63. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ბ-----ეს ბრალად ედება ძარცვის ჩადენა, რაც გამოიხატა მის მიერ ქ--------ა ო--------ის და ტ------- მ--------ს მიმართ ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად მათი კუთვნილი თანხის და მობილური ტელეფონის დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
64. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას და მასში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, შემდეგი საფუძვლით:
65.სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ გ------- ბ-----ე და დ----- მ------- ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით მომსახურებას უწევდნენ გადაადგილების მსურველ მგზავრებს. ქ--------ა ო--------ს და ტატიან მატვევას მოემსახურენ იმავე წესით, შეთანხმდნენ გარკვეული საზღაურის გადახდაზე, შეთანხმების შემდეგ ბ-----ეს და გოგონებს შორის წარმოიშვა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, დატვირთული ორმხრივი ვალდებულებებით, თუმცა ბ-----ემ აბსოლუტურად უკანონო ქმედებებით აიძულა გოგონები შეესრულებინათ პირობა და მომსახურების საზღაური გადაეხადათ, რა დროსაც უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, გაედევნა მანქანით, განახორციელა მათ მიმართ ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მ--------ს აიძულა გადაეცა მისთვის ჩანთა, რომელშიც აღმოაჩინა ტელეფონი და არ დაუბრუნა მესაკუთრეს, დაეუფლა მომსახურების თანხის საკომპენსაციოდ, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
66. ძარცვა, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ხოლო ქმედება, რომელიც ჩადენილია ბრალდებული გ------- ბ-----ის მიერ გულისხმობს მომსახურების თანხის საკომპენსაციოდ მობილური ტელეფონის დაუფლებას.
67. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ გ------- ბ-----ემ ჩაიდინა ძარცვა. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ ზემოთ უკვე დეტალურად გაანალიზებული მტკიცებულებები სწორედ სსკ-ის 150-ე მუხლით და არა სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე მიუთითებენ. ძარცვის სურვილის არსებობისას, ბ-----ეს არაერთხელ ჰქონდა ასეთი განზრახვის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, რამდენიმე საათი მისი მართვის ქვეშ არსებულ მანქანაში იმყოფებოდნენ დაზარალებულად ცნობილი გოგონები და ამისთვის, ნაკლებდამაჯერებელია, შეერჩია სამთავრობო დაცვის მიერ დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაცული ობიექტის მიმდებარე ტერიტორია, თან დილის 8 საათი, როდესაც უკვე საკმაოდ განათებულია და ხალხი ქუჩაში და მით უმეტეს ზღვის ნასაპიროზე იწყებს მოძრაობას. ბრალდებული ბ-----ის და მოწმე მ------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები იმ პირობებში, როდესაც მათი იმავე სახით გამოკვლევა არ მომხდარა, ხოლო საქმის განხილვისას ორივე ამ პირმა უარყო მითითებულ ჩვენებებში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი გარემოებები, საფუძვლად ვერ დაედება ამ ჩვენებების გამო ბ-----ის დამნაშავედ ცნობას. იგივე უნდა ითქვას ბ-----ის და მ------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზეც. საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღნიშნულმა პირებმა არ უარყვეს დაზარალებულებთან ურთიერთობის და მათთან ერთად სხვადასხვა ადგილებზე მისვლის ფაქტი. კონკრეტულად მიუთითეს ამ ადგილებზე და აღწერეს კონკრეტული გარემოებები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოქმებიც სწორედ სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ კიდევ ერთ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.
68. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
69. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს.
70. როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდებულმა გ------- ბ-----ემ და მოწმე დ----- მ-------მ საქმის არსებითი განხილვისას უარყვეს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირებული გარემოებების გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ითვალისწინებს ამ პირების მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებს და მათში ასახულ გარემოებებს.
71. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
72. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
73. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
74. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
75. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
76. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ბ-----ის მიმართ სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "დ" ქ/პუნქტებით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სამართლებრივი შეფასება :
78. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ბ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქ--------ა ო--------ის და ტ------- მ--------ს მიმართ იძულება, რა დროსაც ამ უკანასკნელებს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას - გაედევნა მანქანით, განახორციელა მათ მიმართ ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მ--------ს აიძულა გადაეცა მისთვის ჩანთა, რომელშიც არსებულ, ქ--------ა ო--------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლა მომსახურების თანხის საკომპენსაციოდ, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
79. გ------- ბ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
80. გ------- ბ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
81. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
82. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
83. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
84. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
85. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
86. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ბ-----ეს, რომელიც არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილი - სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი თასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 08 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
87. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ბ-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
88. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 2017 წლის 02 ოქტომბერს, დ----- მ------ისაგან ამოღებული ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით F--------, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში განტავსებულია შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 2017 წლის 02 ოქტომბერს, ავტომანქანა BMW X5-დან, სახელმწიფო ნომრით F--------, ამოღებული ხის ხელკეტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ხოლო ორი ცალი სიდი დისკი, ტ------- მ--------ს და ქ--------ა ო--------ის ჩვენებების აუდიო ჩანაწერი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გ------- მ------ს ძე ბ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული გ------- მ------ს ძე ბ-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული გ------- მ------ს ძე ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი თასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 08 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას მ----- ბ-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ---------------------------------–--------------–---------------------------------------------------–-------------------------------------------------------------- – 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - 2017 წლის 02 ოქტომბერს, დ----- მ------ისაგან ამოღებული ავტომანქანა "BMW X5", სახელმწიფო ნომრით F--------, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2017 წლის 02 ოქტომბერს, ავტომანქანა "BMW X5"-დან ამოღებული ხის ხელკეტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ორი ცალი სიდი დისკი - ტ------- მ--------ს და ქ--------ა ო--------ის ჩვენებების აუდიო ჩანაწერით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი