გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
200210015001059169
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/315-15

№200210015001059169

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

 

მოსარჩელე - მ--- მ----–-----ი

წარმომადგენელი - ბ-------- გ---–--–---–ი

მოპასუხე - ლ---- მ----–-----ი

მოპასუხის წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი

დავის საგანი - აუცილებელი გზის აღდგენა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადგინდეს მ--- მ----–-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი მისასვლელი გზა მოპასუხე ლ---- მ----–-----ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

მოსარჩელის განმარტებით საკუთრებაში აქვს თ--–--ის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 5----------- ფართობით 2519 კვმ, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით მამისგან გ--- მ----–-----ისაგან. ეს მიწის ნაკვეთი არის მამაპაპეული და მასთან დაკავშირება ხდებოდა სოფლის გზასთან დაკავშირებული საერთო სარგებლობის მისასვლელი გზით, რომლითაც მათი ოჯახის გარდა სარგებლობდა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვ---- ო--------–---–ი. მას შემდეგ რაც ვ---- ო--------–---–მა მეზობელი მიწის ნაკვეთი გადაუცვალა სხვა მეზობელს ა-------ი მ----–-----ს, მან 2009 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა მის მფლობელობაში გადასული ნაკვეთები, მათ შორის მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი გზაც და განუცხადათ, რომ საერთო სარგებლობის გზა წარმოადგენდა მის საკუთრებაში გამავალ საურმე გზას და მომავალში იგი წინააღმდეგია ამ გზის არსებობისა, გადახნა გზა, რითაც მოუსპოთ ერთადერთი მისასვლელი გზა მიწის ნაკვეთთან, რის გამოც სრულყოფილად ვეღარ სარგებლობენ კუთვნილი მიწის ნაკვეთით, რომელზედაც გაშენებული არის ვენახე და მომავალში აპირებენ საცხოვრებელი სახლის აშენებას; ა-------ი მ----–-----ის მიერ 2009 წლის ივნისის თვეში ამ მოქმედების განხორციელების შემდეგ მამამისის გ--- მ----–-----ის მიმართვის საფუძველზე თ--–--ის რაიონულმა პროკურატურამ 2009 წლის 04 დეკემბერის დადგენილებით დაადგინა, რომ ა-------ი მ----–-----მა მიწის რეგისტრაცია განახორციელა გაყალბებული მიღება - ჩაბარების საშუალებით, რის საფუძველზეც სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა ა-------ი მ----–-----ის რეგისტრაცია; ა-------ი მ----–-----მა კვლავ დაირეგისტრირა სადაო მიწის ნაკვეთები 2010 წლის იანვარში, ახლა უკვე თ--–--ის მუნიციპალიტეტის კ----------–-----ის ტერიტორიული მართვის ორგანოს მიერ გაცემული 2009 (2010) წლის 14 იანვრის №13 ცნობის საფუძველზე. ამას მოყვა მათი ოჯახის მიერ მრავალი განცხადება და სარჩელი ამ დოკუმენტის სიყალბის დადგენის მოთხოვნით, რომელთა განხილვის პერიოდშიც მამამისს განუვითარდა ინსულტი და 2011 წელს გარდაიცვალა, რის გამოც მათმა ოჯახმა ვეღარ შესძლო სამართლებრივი ჭიდილის გაგრძელება. ამჟამინდელი მდგომარეობით, აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც არა აქვს მისასვლელი გზა და მის დასამუშავებლად უხდებათ მეზობლების ღობეებზე გადავლით ნაკვეთში მოხვედრა, რომ არაფერი თქვან ნაკვეთის დამუშავების მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის ნაკვთში შეყვანაზე. იგი თავისუფლად ვერ ფლობს და სარგებლობს თავისი საკუთრებით, რითაც ირღვევა მისი კანონიერი უფლებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ---- მ----–-----ი სარჩელს არ სცნობს და აღნიშნავს, რომ მართალია თ--–--ის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 04 დეკემბრის დადგენილებით დადგენილ იქნა დოკუმენტის სიყალბე, რაც არასწორად მიაჩნიათ, მაგრამ მასზე ვერ იმსჯელებს რადგან ა-------ი მ----–-----მა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ უზრუნველყო მისი კანონით დადგენილი წესით გასაჩივრება; სარჩელს ასევე ერთვის თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება № 2/587 საქმეზე გ--- მ----–-----ის სარჩელისა გამო ა-------ი მ----–-----ის წინააღმდეგი სადაც დავის საგანს წარმოადგენს №910 მიღება- ჩაბარების აქტის სიყალბის დადგენა და აღნიშნულის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის - 0.12 ჰა -ს შესახებ სიყალბის დადგენა. თ--–--ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ კ----------–-----ის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2010 წლის 14 იანვრის №13 ცნობის სიყალბის დადგენა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ--- მ----–-----ის სარჩელი, რაც გასაჩივრებულ იქნა ა-------ი მ----–-----ის მიერ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის გადწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა-------ი მ----–-----ის საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მართალია წინამდებარე დავაში მოსარჩელე ნაცვლად გ--- მ----–-----ის მ--- მ----–-----ია, მაგრამ ფაქტია რომ მ--- მ----–-----ი წარმოადგენს გ--- მ----–-----ის მემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს, ამ უკანასკნელის მიმართ კი სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს არაერთი გადაწყვეტილება იმავე საფუძვლით, რაზედაც წინამდებარე სარჩელია დაფუძნებული. ამასთან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი და ვერც წარმოადგენს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ოდესმე რუკაზე რეგისტრირებული იყო როგორც საერთო სარგებლობის გზა; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზედაც, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ხდება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, რაც დავასთან არანაირ კავშირში არ არის; ამდენად სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებულია, რის გამოც მ--- მ----–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე მხარეს საკუთრებაში აქვს თ--–--ის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 5----------- ფართობით 2519 კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);

 

3.1.2. მოპასუხე მხარე ლ---- მ----–-----ს, რომელიც საქმეში ჩარეთო როგორც ა-------ი და თ----- მ----–-----ების უფლებამონაცვლე, საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით N5----------- და N5-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-26);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--- მულამურის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მოპასუხე ლ---- მ----–-----ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მავთულბადით არის შემოფარგლული, ასევე მოსარჩელე მ--- მ----–-----ის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება სხვა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 5-----------.

მიხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვს დადგენილი იქნეს მოპასუხე მხარის მიწის ნაკვეთზე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნავეთთან აუცილებელი მისასვლელი გზა, ადგილის დათავალიერების შედეგად და საქმეში არსებული საკადასტრო რუკის თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--- მ----–-----ის მიწის ნაკვეთს აქვს სხვა მისასვლელი გზაც, რომელიც მდებარეობს კუთხეში მის მიწის ნაკვეთსა 5----------- და მეზობელი მიწის ნაკვეთის ს.კ.N5------------ ბოლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2019 წლის 30 აპრილის ადგილის დათვალიერების ოქმი

-საკადასტრო რუკა(ს.ფ.167)

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მ--- მ----–-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ5-----------) საჯარო გზიდან ერთადერთ მისასვლელ გზას არ წარმოადგენს მოპასუხე ლ---- მ----–-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარს უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ5-----------) ერთადერთი მისასვლელი გზა შესაძლებელია დადგინდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის გავლით. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოდგენა შესაბამისი წერილობით მტკიცებულებები(ექსპერტიზის დასკვნა), რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ის,რაც შეიძლება დადასტრუდეს წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია რომ მოპასუხე მხარეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში მიწის ნაკვეთები, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელე მხარის მიწის ნაკვეთს.

ადგილის დათვალიერებისა და საკადასტრო რუკის თანახმად მოპასუხე ლ---- მ----–-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან საჯარო გზიდან ერთადერთ მისასვლელ გზას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ--- მ----–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე,170-ე, 172-ე,180-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება.

 

სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

 

დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნისას დაუშვებელია მხოლოდ მომჩივანი მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს და დადგინდეს ყველა გონივრული და შესაძლო საშუალება, რომლითაც შესაძლოა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისას უნდა შემოწმდეს ყველა მესაკუთრის ინტერესი და მხოლოდ მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დადასტურებული იქნებოდა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან საჯარო გზიდან ერთადერთ მისასვლელ გზას წარმოადგენს მოპასუხე ლ---- მ----–-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და ასეთი კავშირი მხოლოდ მეზობელი უძრავი ქონების სარგებლობით არის შესაძლებელი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელია ისე, რომ არ მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულბებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოპასუხე ვალდებულია, ითმინოს მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობა.

ამდენად სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა, რის გამოც მ--- მ----–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი .

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე მ--- მ----–-----ის დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ლ---- მ----–-----ის მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელწიფო ბაჟის თანხა 100.00 ლარი ჩაითვალოს გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე