გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 041210019003073524
N 2/79 -2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თერჯოლა
შესავალი ნაწილი
თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი თამარ აბულაძე
მოსარჩელე შპს ,, დუ--–----დ"
წარმომადგენელი დი-----–------–-–---–ი;
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------------------–-----ი“ დირექტორი: და----------–---–ი;
წარმომადგენელი - თინ--------------ძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს" მოსარჩელე შპს ,,დუ--–----დ"-ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურების საზღაურის 620 ლარის და გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისათვის გადახდილი 100 ლარის, ჯამში 720 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე შპს ,, დუ--–----დ"-მა 2018 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------------------–-----ი“-ს გაუწია საერთო ჯამში 620 ლარის მომსახურება, რაც მოიცავს: სამედიცინო აპარატურის 1) ტესტირება კალიბრაცია - 90 ლარი; 2) მაღალი წნევის რედუქტორის შეკეთება, ტესტირება, კალიბრაცია-170 ლარი; 3) კვების ბლოკის შეკეთება-360 ლარი, რაც დასტურდება 2018 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელის მიერ გამოწერილი ინვოისით N 18----1, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რაც მოპასუხე მხარის მიერ ელექტრონულად დადასტურებულია 2018 წლის 6 დეკემბერს.
მოპასუხემ არ მოახდინა გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა 2019 წლის 24 იანვარს მიემართა გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისათვის, სადაც მოთხოვნილი აქვს მოპასუხეზე გაწეული მომსახურების თანხის 620 ლარის გადახდა. სააღსრულებო მომსახურეობისათვის გადახდილი აქვს 100 ლარი. 2019 წლის 13 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე, რადგანაც მოპასუხე მხარემ მოსარჩელისათვის გაუგებარი მიზეზებით გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისას უარყო ვალის არსებობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------------------–-----იმ“ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მან არ მოახდინა მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა ვალდებულების შესრულება - ხარისხიანად არ გაუწევია მომსახურება. დამატებით დასჭირდათ სპეციალისტის მოწვევა, რომ სამედიცინო აპარატურა შეეკეთებინათ. აპარატურა დღესაც დაზიანებულია და საჭიროებს შეკეთებას. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია, თუკი მოსარჩელე მხარე უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს გამოსწორებას, ამ შემთხვევაში აუნაზღაურებენ თანხას. მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი არ არის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭედდასმული და შესაბამისად არ წარმოადგენს მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,დუ--–----დ"-მა 2018 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს" გაუწია სამედიცინო აპარატურის შეკეთებისათვის მომსახურება: 1) ტესტირება კალიბრაცია 2) მაღალი წნევის რედუქტორის შეკეთება, ტესტირება, კალიბრაცია; 3) კვების ბლოკის შეკეთება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 10 სექტემბრის ინვოისი 18----1;
- მიღება-ჩაბარების აქტი;
- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
3.1.2. მოსარჩელემ 2019 წლის 24 იანვარს მიმართა აღს-----–---------------–---------ს გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისათვის, 2019 წლის 13 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა გაწეული მომსახურების ხარისხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღს-----–---------------–---------ს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ;
- მხარეთა განმარტება.
3.2 . სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ არ მოახდინა მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა ვალდებულების შესრულება - ხარისხიანად არ გაუწია მომსახურება და შპს ,,დუ--–----დის" მიერ შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო, რის გამოც უარი განაცხადეს აღს-----–---------------–---------ში გამარტივებული სააღსრულებო წარმოების დროს თანხის გადახდაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
3.2.3. მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი არ არის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭედდასმული. შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ის" წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ დირექტორს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და არა ექიმ მა----------------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის განმარტება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2.4. მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხარისხოდ შესრულების გამო მოპასუხე იძულებული გახდა სამუშაოს შესასრულებლად მოეწვია სხვა პირი, კერძოდ გიო-----------ე, რომელმაც გამოასწორა მოსარჩელის მიერ დაშვებული შეცდომები და შეაკეთა დანადგარები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის განმარტება;
- მოწმე გიო-----------ის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელეს შპს ,,დუ--–----დ"-სა და, მეორე მხრივ, მოპასუხე შპს ,,იმ---------------------------------------–-----–------------------–-----ი"-ს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ზეპირი ხელშეკრულება, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის სახით. რომლის საფუძველზეც მენარდემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და 2018 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია სამედიცინო აპარატურის შესაკეთებლად მომსახურება, რაც მოიცავს: ტესტირება კალიბრაციას; მაღალი წნევის რედუქტორის შეკეთება, ტესტირება, კალიბრაცია; კვების ბლოკის შეკეთება, რაც დასტურდება 2018 წლის მოსარჩელის მიერ გამოწერილი ინვოისით 18----1, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტით და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რომლის მიღება მოპასუხე მხარის მიერ ელექტრონულად დადასტურებულია 2018 წლის 6 დეკემბერს. ხოლო შემკვეთი, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მენარდისათვის შესრულებულ სამუშაოში შეთანხმებული საზღაური.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ინვოისით, მიღება-ჩაბარების აქტით და საგადახდო ანგარიშფაქტურით მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების პირობების და გაწეული სამუშაოების ღირებულების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია მომსახურება, რაც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებულია, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტით და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რისი გათვალისწინებითაც მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 620 ლარი, რომელიც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად მენარდეს ეკისრება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენის ვალდებულება შემკვეთისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, სემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 10 სექტემბერს გაწეული მომსახურების ნაკლის შესახებ შემკვეთს, მოპასუხე მხარეს პრეტენზია არ განუცხადებია ნაკლის შესახებ და არც მისი გამოსწორება მოუთხოვია. შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. შედგა მიღება-ჩაბრების აქტი, რომელზედაც ფიქსირდება მხარეთა ხელმოწერები. მოპასუხეს პრეტენზია ნაკეთობის ნაკლის შესახებ არც მაშინ განუცხადებია, როდესაც მის ბუღალტერიას ჩაბარდა საგადახდო ანგარიშფაქტურა, რომლის მიღებაც დაუდასტურა.
მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურება და მისი ხარისხიანობა. მოწმე გიო-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,,იმ---------------------------------------–-----–------------------–-----ი"-ს წარმომადგენლის ოთარ მაკარიძის შეკვეთით მოახდინა ჩინური წარმოების სამედიცინო აპარატურის შეკეთება. მის მიერ შეკეთებული იქნა ოთხი აპარატი ადგილზე, ხოლო ერთი გადაიტანეს თბილისში შესაკეთებლად. მისთვის უცნობია აღნიშნული სამედიცინო აპარატების შეკეთების მომსახურება გასწია თუ არა შპს ,,დუ--–----დ"-მა. როგორც ახსოვს თბილისში შესაკეთებლად გადაიტანეს პურიტან ბენეტი 760, რომელზედაც მოახდინა პპ სისტემის შეკეთება. საიდენტიფიკაციო ნომერი არ ახსოვს. კვების ბლოკი არც ერთ აპარატზე არ შეუკეთებია. აპარატის ყოველი გამოყენების შემდეგ შეიძლება დაზიანდეს იგი და საჭიროებს შეკეთებას. ამასთან აღნიშნული აპარატების ტესტირება კალიბრაცია არა ერთჯერადად, არამედ სისტემატიურად უნდა განხორციელდეს.
მოპასუხის მხრიდან რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ მომსახურება არ შესრულდა კეთილსინდისიერად წარმოდგენილი ვერ იქნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად შემკვეთმა მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------მა" მიიღო შესრულებული სამუშაო და იგი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.
ამდენად, შპს ,,დუ--–----დ"-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ ნარდობის საზღაური გადახდილი არ არის, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,დუ--–----დ”-ის (ს/კ 40------6) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,იმ---------------------------------------–-----–------------------–-----ი"-ს (ს/კ 431-----6) მოსარჩელე შპს ,,დუ--–----დ”-ის (ს/კ 40------6) სასარგებლოდ დაეკისროს 720 ( შვიდას ოცი ) ლარის გადახდა, საიდანაც 620 ლარი არის გაწეული მომსახურების საზღაური, 100 ლარი კი არის გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისათვის გადახდილითანხა.
3. მოპასუხე შპს ,,იმ---------------------------------------–-----–------------------–-----ი"-ს (ს/კ 431-----6) დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,დუ--–----დ”-ის (ს/კ 40------6) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე