გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210019002894208
№ 2/163-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.12.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი ლევან ქირია
მოსარჩელე: ვერიკო ბებია,წარმომადგენელი: მაგული არველაძე,მოპასუხე: ბექა ნანავა,დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ძირითადი სარჩელის მოთხოვნა: არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას (დაბადებული 2014 წლის 26 ივნისს, პ/ნ 42750002875) სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხეს 150 ლარის ოდენობით ყოველთვიური გადახდა, მის სრულწლოვანობამდე და აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
ასევე, არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას (დაბადებული 2014 წლის 26 ივნისს, პ/ნ 42750002875) სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხეს გასული დროის ალიმენტი 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 ბექა ნანავამ შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. თანახმაა მისი შვილის ნია ნანავას (დაბადებული 2014 წლის 26 ივნისს, პ/ნ 42750002875) სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარი, რადგან უმუშევარია.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ვერიკო ბებიას წარმომადგენელმა მაგული არველაძემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნია ნანავას სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე ბექა ნანავას 150 ლარის ოდენობით ყოველთვიური გადახდა, ბავშვის სრულწლოვანობამდე და აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ასევე, არასრულწლოვანი ნია ნანავას სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხეს გასული დროის ალიმენტი 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით. ამასთან განმარტა, რომ მხარეები ერთად არ ცხოვრობენ 2015 წლიდან, ბავშვი იზრდება დედასთან, ხოლო მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილეობას არ ღებულობს; მიღებული იქნა ზომები რათა სარჩელის შეტანამდე მოპასუხეს გადაეხადა ალიმენტი თუმცა უშედეგოდ;
მოსარჩელე ვერიკო ბებია დაეთანხმა წარმომადგენლის პოზიციას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება; ამასთან, განმარტა, რომ მოპასუხე მუშაობს მასთან ერთად სმენაში და მისი ხელფასი შეადგენს 650 ლარს; ასევე მუშაობენ ოჯახის წევრები; ბავშვი ჯანმრთელობის მხრივ პრობლემურია და ხშირად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება; აქამდე სარჩელი არ შემოიტანა, რადგან არ უნდოდა ამ გზით საკითხის გადაწყვეტა;
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ბექა ნანავამ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. თანახმაა მისი არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარი, ორი თვეა, რაც მუშაობა დაიწყო, ხელფასის ოდენობაა 650 ლარი; ხელზე იღებს 560 ლარს; გააჩნია საბანკო სესხი და ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას აჭრიან სახელფასო შემოსავლიდან; მეორედ დაქორწინდა და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი; ამდენად მეტის გადახდის საშუალება არ გააჩნია; რაც შეეხება წარსული დროის საალიმენტო დავალიანებას, მოსარჩელე მხარეს ამ მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც შეეძლო შვილს უგზავნიდა, ხან ფულის, ხან კიდევ ტანსაცმლის სახით;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მხარეები განქორწინებულნი არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-განქორწინების მოწმობა N51192000071
4.2. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი: ნია ნანავა (დაბადებული 2014 წლის 26 ივნისს, პ/ნ 42750002875); რომელიც ცხოვრობს მოსარჩელე ვერიკო ბებიასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-ნია ნანავას დაბადების მოწმობა №51146001018
4.3. ბექა ნანავა ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ფოთში, დიდგორის ქ. N58-ში, დღეისათვის მუშაობს და გააჩნია შემოსავალი 650 ლარის ოდენობით, ხოლო ვერიკო ბებია ცხოვრობს ქ. ფოთში, ბარათაშვილის ქ. N72-ში, არასრულწლოვან შვილთან ნია ნანავასთან ერთად; მოსარჩელე მუშაობს და გააჩნია შემოსავალი 650 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-სარჩელი, შესაგებელი
-მხარეთა ახსნა განმარტებები
4.4 მოპასუხე ბექა ნანავა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მარიამ სიგუასთან, დაჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-ქორწინების მოწმობა N51191000121
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვერიკო ბებიას სარჩელი ბექა ნანავას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბექა ნანავას ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მისი არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩო - ალიმენტი 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან;
მოსარჩელე ვერიკო ნანავას მოთხოვნა მოპასუხე ბექა ნანავასათვის არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას სასარგებლოდ გასული დროის ალიმენტის - 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით დაკისრებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-ე, 103 მუხლებით, ბავშვთა უფლებათა შესახებ" კონვენციის მე-9 და მე-18 მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათაA განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-18 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე; (აქ მოიაზრება ბავშვის რჩენაც);
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების დანაწესებით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო; ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში; ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრიათ ორივე მშობელს, მიუხედავად იმისა ვისთან ცხოვრობს ბავშვი; ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
მხარეთა სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის, არასრულწლოვანი შვილის ასაკისა და საჭიროების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ყოველთვიური გადასახდელი სარჩო ალიმენტი უნდა განისაზღვროს 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარით შვილის სრულწლოვანებამდე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა მტკიცებულება მასზედ, რომ გააჩნია საბანკო ვალდებულება; თავის მხრივ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მასზედ, რომ სარჩელის წარდგენამდე მის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას; მაშინ როდესაც, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნული მოთხოვნები ასახულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების თაობაზე;
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის თანახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია საქმეები საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ;
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ვერიკო ბებიას სარჩელი ბექა ნანავას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბექა ნანავას (პ/ნ 42001040755) მისი არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას (დაბადებული 2014 წლის 26 ივნისს, პ/ნ 42750002875, წარმომადგენელი დედა - ვერიკო ბებია პ/ნ 4----------) სასარგებლოდ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა სარჩელის სასამართლოში შემოტანის დღიდან - 2019 წლის 14 მარტიდან.
3 მოსარჩელე ვერიკო ნანავას მოთხოვნა მოპასუხე ბექა ნანავასათვის არასრულწლოვანი შვილის ნია ნანავას სასარგებლოდ გასული დროის ალიმენტის - 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით, ყოველთვიურად, 150-150 ლარის ოდენობით დაკისრებაზე, არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;
4. მოპასუხე ბექა ნანავას (პ/ნ 42001040755) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით კეკენაძე