გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 160210019003121287
N2/564-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.12.2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური, ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ვა-–-----------ი
წარმომადგენელი - ნან---------–---–ი
მოპასუხე - თა---–-–---------–---ა
წარმომადგენელი - თა------–-----ა, გი---------------ა
დავის საგანი - ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ვა-–-----------ს და თა---–-–---------–---ას შორის 2009 წლის 9 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება რეგისტრაციის ნომერი 2645.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობეივ გარემოებებს:
1993 წლის 28 ივნისიდან 2013 წლის 16 აგვისტომდე ვა-–-----------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თა--------------ასთან, რაც დასტურდება ქორწინებისა და განქორწინების მოწმობით. ვა-–-----------მა თა--------------ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მეორე ცოლად შეირთო თა---–-–---------–---ა. ვა-–-----------ის და თა---–-–---------–---ას ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2009 წლის 9 ოქტრომბერს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თა---–-–---------–---ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ თა--------------ას და ვა-–-----------ს შორის რეგისტრირებული იყო ქორწინება. თა---–-–---------–---ა იმ პერიოდში ცხოვრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მას არ ჰქონდა ინფორმაცია ვა-–-----------ის რეგისტრირებული ქორწინების შესახებ. მოცემულ ეტაპზე არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან ვა-–-----------ის ყოფილი მეუღლე გარდაცვლილია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვა-–-----------ის და თა---–-–---------–---ს ქორინება რეგისტრირებულია 2009 წლის 9 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 63-65);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. ვა-–-----------ი თა--------------ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1993 წლის 28 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15-16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. ვა-–-----------ს და თა--------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2013 წლის 16 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.3. სასამართლო არ იზიარებს ვა-–-----------ის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თა---–-–---------–---ამ იცოდა ვა-–-----------თან ქორწინების რეგისტრაციის დროს დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე ფაქტიურად მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მან ასევე წარმოადგინა სა-------------ას დაბადების მოწმობის ასლი და განმარტა, რომ სა-------------ა არის ვა-–-----------ის და თა--------------ას შვილი, დაბადების მოწმობის თანახმად სა-------------ას მამად მითითებულია ალ----------------ი, ხოლო დედა თა--------------ა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1120-ე, 1122-ე, 1140-ე, 1143-ე, 1122-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება: იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.
განსახილველ შემთხვევაში ვა-–-----------ი ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად ითხოვს მასსა და თა---–-–---------–---ას შორის 2009 წლის 9 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობას.
ზემოაღნიშნული ნორმა იცავს ერთქორწინების პრინციპს. არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს ის პირი, რომელიც უკვე იმყოფება სხვა პირთან ქორწინებაში. ახალი ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ადრინდელ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანამად კი, ქორწინება წყდება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით, კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით ან განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გი-------ა 1993 წლის 28 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თა--------------ასთან. ვა-–-----------ი და თა--------------ა განქორწინდნენ 2013 წლის 16 აგვისტოს. 2009 წლის 9 ოქტომბერს ვა-–-----------ი თა--------------ასთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის გარეშე, ოჯახის შექმნის მიზნით, რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა თა---–-–---------–---ასთან.
საქმის განხილვის დროისათვის ვა-–-----------ს და თა--------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილია განქორწინებით, ამასთანავე თა--------------ა გარდაცვლილია.
სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება). იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.
სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა ვა-–-----------ს და თა--------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2013 წლის 16 აგვისტოს და საქმის განხილვის დროისათვის თა---–-–---------–---ას და ვა-–-----------ს შორის რეგისტრირებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება აღარ არსებობს.
სამოქალაქო კოდექის 1122-ე მუხლის ,,გ'' პუნქტით, ქორწინება წყდება - განქორწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.
ამდენად სასამართლომ შეძლება ბათილად ცნოს ისეთი ქორწინება, რომელიც გაფორმდა იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი სხვა ქორწინებაში იყოფებოდა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, მისი გაბათილების უდავო საფუძველს არ წარმოადგენს. სასამართლოს უფლება აქვს და არაა ვალდებული ყველა შემთხვევაში გააბათილოს ქორწინება, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლო დარწმუნდება გაბათილების აუცილებლობაში.
ვინაიდან, ვა-–-----------ს და თა--------------ას შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია განქორწინებით და ვა-–-----------ს და თა---–-–---------–---ას შორის რეგისტრირებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება აღარ არსებობს, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს 2009 წლის 9 ოქტომბერს ვა-–-----------ს და თა---–-–---------–---ას შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვა-–-----------ის სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ფხალაძე