გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210118002467346
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15565-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - ნ------------–---–ი

მოპასუხეები - სს ,,ფ----------------------–ო“, წარმომადგენელი - ლ-–---------

ვ-–--–-------–---–ი, წარმომადგენელი - დ--------------–---–ი

ქ-----------–------ე,გ------–----–---–ი

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის საღსრულებო ბიუროს ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №----- აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი სამსუნგი, ლედ ეკრანით, შავი ფერის; 2. სამეული: დივანი და ორი სავარძელი, ხის, ნაჭრით გაწყობილი; 3. კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი სამსუნგი შავი ფერის, შავი ქეისი, კლავიატურა და მაუსი; 4. სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი; 5. მაცივარი LG-ის ფირმის, ვერცხლისფერი; 6. ჟურნალების მაგიდა, ხის ყავისფერი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმე №A-------- გ------–----–---–ის, ვ-–--–-------–---–ის და ქ-----------–------ის წინააღმდეგ სს ,,ფინკა ბანკის საქართველოს“ მიმართ არსებული ვალდებულებების გამო. ერთ-ერთი მოვალე გ------–----–---–ი არის მოსარჩელე ნ------------–---–ის ყოფილი მეუღლე, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის კუთვილ ბინაში, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–------------–---------------------------------------------ში.

 

თბილისის სააღრულებო ბიურომ დააყადაღა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი სამსუნგი, ლედ ეკრანით, შავი ფერის; 2. სამეული: დივანი და ორი სავარძელი, ხის, ნაჭრით გაწყობილი; 3. კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი სამსუნგი შავი ფერის, შავი ქეისი, კლავიატურა და მაუსი; 4. სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი; 5. მაცივარი LG-ის ფირმის, ვერცხლისფერი; 6. ჟურნალების მაგიდა, ხის ყავისფერი.

 

აღნიშნული ნივთები მოსარჩელის მიერ სესხით და განვადებით არის შეძენილი, საგარანტიო ფურცლებიც მოსარჩელის სახელზეა, ნივთები მის საკუთრებაშია და მათ მხოლოდ მოსარჩელე და მასთან მცხოვრები შვილი ფლობენ. დაყადაღების აქტის შედგენისას ნ------------–---–ის შვილმა განუმარტა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, რომ ნივთები მოპასუხეს არ ეკუთვნოდა.

 

მოსარჩელის განმარტებით მუშაობდა ძიძად და აღნიშნული ნივთები შეძენილია მის მიერ გამომუშავებული ხელფასით, ნაწილი კი შეიძინეს მისმა მშობლებმა. ბინაც მშობლებმა უყიდეს, როდესაც გათხოვდა. ამჟამად არ მუშაობს და არის დიასახლისი. მეუღლე დაახლოებით 10 წელია მათთან აღარ ცხოვრობს და ფაქტობრივად განქორწინებულები არიან, თუმცა ოფიციალურად იუსტიციის სამინისტროში ქორწინება - შეწყდა 2017 წელს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას.

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ 1-16, 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 10:29:39).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. ვ-–--–-------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ------------–---–ი და გ------–----–---–ი განქორწინდნენ 2017 წელს. დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, რომელზეც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მოპასუხე გ------–----–---–ს, მით უმეტეს, რომ ნივთები შეძენილია ჯერ კიდევ მათი ქორწინების პერიოდში 2015 წელს. მოპასუხე გ------–----–---–ი დღესაც რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე. მოპასუხის განმარტებით მის მიერ სესხად აღებული თანხა მის სახელზეა და თავდებად მითითებულია გ------–----–---–ი, თუმცა სინამდვილეში სესხის თანხა 2500 ლარი მათ შორის თანაბრად გაიყო და მის გადახდაზე ორივე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გ------–----–---–ი თავიდან თანხას იხდიდა წესისამებრ, დაახლოებით 1900 ლარი დაფარეს, მაგრამ შემდგომ გადახდა ვეღარ შეძლო და ვ-–--–-------–---–ს უთხრა, რომ დაიმალებოდა, მას ვერ გადაახდევინებდნენ ვალს და უმჯობესი იყო თავად გადაეხადა.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 62-70, 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი, მოპასუხეს ახსნა-განმარტება 10:33:45).

 

2.2. სს ,,ფ----------------------–---’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შესახებ’’ კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, რაც გულისხმობს რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან ეკუთვის მას. შესაბამისად, არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის ნ------------–---–ს და არა გ------–----–---–ს. მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 73-79, 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი, მოპასუხეს ახსნა-განმარტება 10:31:54).

 

2.3. რაც შეეხებათ მოპასუხეებს ქ-----------–------ეს და გ------–----–---–ს ისინი პროცესზე არ გამოცხადებულან და არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, შესაბამისად, მათი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ორი სააღსრულებო საქმე №A-------- და №A--------, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სს ,,ფ----------------------–---‘’, ხოლო მოვალეებსს წარმოადგენენ: ვ-–--–-------–---–ი, გ------–----–---–ი და ქ-----------–------ე. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 06 მაისს განხორციელდა მოვალის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება (აღწერა დაყადაღების აქტი 61331).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 7-8);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 28 მაისს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 21).

 

3.1.2. 2015 წლის 06 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გიორგი ჩხიტუნიძემ, კრედიტორ სს ,,ფ----------------------–---’’ მიმართ მოვალე ვ-–--–-------–---–ის, ქ-----------–------ის და გ------–----–---–ის ვალდებულების გამო, აღწერა და დააყადაღა ქ. თბილისი, 3-------, ზ-------–---------------------------------ში განთავსებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი სამსუნგი, ლედ ეკრანით, შავი ფერის; 2. სამეული: დივანი და ორი სავარძელი, ხის, ნაჭრით გაწყობილი; 3. კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი სამსუნგი შავი ფერის, შავი ქეისი, კლავიატურა და მაუსი; 4. სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი; 5. მაცივარი LG-ის ფირმის, ვერცხლისფერი; 6. ჟურნალების მაგიდა, ხის ყავისფერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი №----- (იხ. ს.ფ. 17-18).

 

3.1.3. ქ. თბილისში, 3-------, ზ-------–-------------------------------- ფართით 26.00 კვ.მ. რეგისტრირებულია ნ------------–---–ის საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0---------------------3).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19-20).

 

3.1.4 ნ------------–---–ს და გ------–----–---–ს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2017 წლის 19 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 22).

 

3.1.5. 2014 წლის 29 დეკემბრის №1------------- საბანკო კრედიტის ხელშკრულების თანახმად, ნ------------–---–ზე გაიცა კრედიტი 685,855 ლარის ოდენობით, 738 დღის ვადით, ტელევიზორი სამსუნგი, ლედ ეკრანით, შავი ფერის, ღირებული 579 ლარად შესაძენად.

 

2012 წლის 20 ოქტომბრის NT------------- საბანკო კრედიტის ხელშკრულების თანახმად ნ------------–---–ზე გაიცა კრედიტი 838.83 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი სამსუნგი შავი ფერის, შავი ქეისი, კლავიატურა და მაუსი-შესაძენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება N1------------- (იხ. ს.ფ. 23-28).

- ხელშეკრულება NT------------- (იხ. ს.ფ. 29-36).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება;

- ხელშეკრულებები (ს.ფ. 28-23, 29-36);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, მოწმეთა ჩვენების, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1151-ე, 1158-ე, 1170-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ოთხი მოპასუხის წინააღმდეგ - სს ,,ფ----------------------–---“, ვ-–--–-------–---–ის, ქ-----------–------ის და გ------–----–---–ის მიმართ. კრედიტორი და მოვალე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, 3-------, ზ-------–-------------------------------- ფართით 26.00 კვ.მ. რეგისტრირებულია ნ------------–---–ის საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0---------------------3).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ნ------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).

 

ნ------------–---–ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

ამდენად, სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებელება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებით აღსრულების ფარგლებში დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულ იყო მოსარჩელის საცხოვრებელში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოძრავ ნივთთან დაკავშირებით აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფცია, იძულებით აღსრულებისას, აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადების დროს იცვლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი მუხლი კონკურენციაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა’’ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზუმფცია. იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის და იძულებით აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ქონების კუთვნილების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოვალეა და თითქმის ყოველთვის მოსარჩელესთან დაახლოებული სუბიექტია, ხოლო მეორე კრედიტორი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცნობდეს მოსარჩელეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია დაყადაღებული ნივთების წარმომავლობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალეები არიან გ------–----–---–ი, ქ-----------–------ე და ვ-–--–-------–---–ი, რის გამოც იძულებით აღსრულების ფარგლებში ყადაღა უნდა დაედოს მხოლოდ მოვალეთა საკუთრებაში არსებულ ქონებას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულნი იქნენ მოწმეები:

 

მოწმე ნ---------–-------–-–---–ი განმარტავს, რომ არის მოსარჩელის, ნ------------–---–ის მეზობელი, ცხოვრობს იმავე სადარბაზოში, იმავე სართულზე, სადაც მოსარჩელე. აქვთ ერთი საერთო კედელი. 3 წელია მითითებულ ბინაში ცხოვრობს გირით. აქვს ახლო ურთიერთობა მოსარჩელესთან, ხშირად შედის მასთან ყავის დასალევად. მოწმისთვის ცნობილია, რომ მოსარჩელე ვალებს იხდის ყოფილი მეუღლის გ------–----–---–ის ნაცვლად. სწორედ მისი ვალების გამო დააყადაღეს ნ------------–---–ის კუთვნილი მოძრავი ნივთები. გ------–----–---–თან ახლო ურთიერთობა არ ქონია, მას რამდენჯერმე შეხვდა, დაახლოებით 2 წელია არ უნახავს, ბოლოს ნახა კორპუსის ლიფტში, როდესაც ბავშვი მიჰყავდა გასასეირნებლად, საღამოს საათებში. ნ------------–---–ის პრობლების შესახებ მოწმისთვის კორპუსში გადასვლიდან მალევე გახდა ცნობილი, მაშინ, როდესაც კარზე დაუკაკუნეს და დაუტოვეს შეტყობინება მოსარჩელისთვის გადასაცემად. თუმცა ვიზიტის შინაარსი მოწმისთვის არ უცნობებიათ. მათი დანაბარები გადასცა ნ------------–---–ს. ვინაიდამ მეზობლებს აქვთ საერთო კედელი, მათი ბინიდან ესმოდა ხმამაღალი საუბარი და კონფლიქტური სიტუაცია. რამდენჯერმე ნინო ნახა აღელვებული და განერვიულებული. რამდენადაც მისთვის ცნობილი გახდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლე იყო რაღაც სესხზე თავდები, მათ გამო მივიდნენ მოსარჩელესთან სააღსრულებო ბიუროდან და დაუყადაღეს ქონება. ნ------------–---–ის ქონების დაყადაღება მოხდა მოწმის საცხოვრებლად ზემოაღნიშნულ კორპუსში გადასვლამდე.

 

მოწმე ნ--------------–---–ი განმარტავს, რომ ცხოვრობს მოსარჩელის მეზობლად იმავე კორპუსში, მოსარჩელის ბინის ქვემოთ. მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დაახლოებით 1990 წლიდან. დაახლოებით 20 წელია რაც იცნობს მოსარჩელეს. ნ------------–---–ი შეძლებული ოჯახიდან არის. ჰყავს კარგი ძმა. მას მშობლებმა უყიდეს ბინა. აღნიშნულ ბინაში არსებული ნივთები ძირითადად შეძენილია მოსარჩელის დედის მიერ, ხოლო ნაწილი ნივთები შეიძინა თვითონ მოსარჩელემ. მართალია მოსარჩელის მეუღლეც შრომობდა, მაგრამ ძირითადად იყვნენ მოსარჩელის მშობლების კმაყოფაზე. დედამ უყიდა დაბადების დღეზე მაგიდა და სკამები, ნაწილი ნივთების მოსარჩელემ იყიდა განვადებით. ზოგიერთი ნივთის განვადებით შესაძენად მოწმე გაჰყვა მოსარჩელეს. დაახლოებით 10 წელია მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის კონფლიქტური სიტუაცია ხშირად იყო, მაგრამ განქორწინება არ უნდოდა მოსარჩელეს, რადგა ჰყავდა შვილი და არ უნდოდა ოჯახი დაენგრია, თუმცა მას შემდეგ რაც გიას მოვალეებმა შეაწუხეს და სიმშვიდე აღარ ჰქონდა, გადაწყვიტა მასთან ოფიციალურად განქორწინება. გია იშვიადათ მიდიოდა მათთან, ისიც შვილის სანახავად. დაახლოებით ორი წლის წინ ნახა უბანში მაღაზიასთან. სახლში არ უნახავს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ვ-–--–-------–---–ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან გ------–----–---–ი და ნ------------–---–ი იყვნენ მეუღლეები, მოძრავი ნივთები წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას და შესაბამისად უნდა მოხდეს მათი რეალიზაცია.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქონწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანსაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში; აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ------–----–---–ი წარმოადგენდა თავდებს, თავდებობის შინაარსის გათვალისწინებით - არ დგინდება ის გარემობა, რომ გ------–----–---–ის მიერ ვალდებულების აღება ემსახურებოდა ოჯახის საერთო ინტერესებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოადგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ მივიჩნევთ, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს თანასაკუთრებას, ამ შემთხვევაშიც 1170-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მოხდება მითითებული ნივთების რეალიზაცია. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ მოვალეებს წარმოადგენენ ასევე ვ-–--–-------–---–ი და ქ-----------–------ე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ არის მოვალეების საკუთრება. სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტების და მოწმეების ჩვენების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არის ნ------------–---–ის საკუთრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლო დაემტკიცებინა დაყადაღების აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა. ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება, ასევე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სარჩელში მითითებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი სარჩელზე და 50 (ორმოცდაათი) ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობისთვის. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის საღსრულებო ბიუროს ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №----- (შედგენის თარიღი: 0----------------------–----–----------------------) აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი სამსუნგი, ლედ ეკრანით, შავი ფერის; 2. სამეული: დივანი და ორი სავარძელი, ხის, ნაჭრით გაწყობილი; 3. კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი სამსუნგი შავი ფერის, შავი ქეისი, კლავიატურა და მაუსი; 4. სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი; 5. მაცივარი LG-ის ფირმის, ვერცხლისფერი; 6. ჟურნალების მაგიდა, ხის ყავისფერი.

 

2. მოპასუხეებს - სს ,,ფ----------------------–---’’, ვ-–--–-------–---–ს, ქ-----------–------ეს და გ------–----–---–ს ნ------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 150 ლარის (100 ლარი სარჩელსა და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) ანაზღაურება;

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე