გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/26507-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - მ------ ა---–---
წარმომადგენელი - თ---------- ბ--------
მოპასუხე - შპს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’
წარმომადგენელი - ლევან ბოჭორიშვილი
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების და გაუცემელი ანაზღაურებადი საშვებულებო თანხის - 4 820.37 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი სახელფასო დავალიანების და საშვებულებო თანხის - 4 820.37 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება - 2019 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების - 1 344.09 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის 25 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.37 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
(იხ: სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მ------ ა---–--- (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) 2013 წლის 24 სექტემბრიდან დასაქმებული იყო სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ში (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი) ამბულატორიის მცირე საოპერაციო ე------ თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს. 2019 წლის 01 აპრილიდან მოსარჩელეს შეუთავსდა ამბულატორიის შესახვევის ე------ თანამდებობა და ყოველთვიური დასარიცხი შრომის ანაზღაურება განესაზღვრა 750 ლარით. ამავე წლის აგვისტოში დამსაქმებელმა მოსარჩელეს დროებით შეუთავსა სხვა თანამდებობრივი ფუნქციებიც, რის გამოც აღნიშნული თვის ხელფასმა შეადგინა 819.05 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით. 2019 წლის 16 სექტემბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით - 17 სამუშაო დღის განმავლობაში მოსარჩელე იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში, თუმცა მოპასუხეს არ აუნაზღაურებია საშვებულებო თანხა - 630.46 ლარი.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე წელია დამსაქმებელი დაგვიანებით უხდის მოსარჩელეს შრომის ანაზღაურებას, რის შედეგადაც გადაუხდელი სახელფასო დავალიანების და ანაზღაურებადი შვებულების თანხა შეადგენს 4 820.37 ლარს. აღნიშნული თანხა დაანგარიშებული შემდეგნაირად : 2019 წლის აპრილის, მაისის, ივნისის და ივლის ანაზღაურება - თითოეულ თვეზე 750 ლარი, აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანება - 819.05 ლარი, სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანება - 370.86 ლარი და გაუცემელი საშვებულებო ანაზღაურება 630.46 ლარი. დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის დროისთვის დავალიანებული თანხის 4 820.37 ლარის ყოველდღიური კანონისმიერი პირგასამტეხლო კი შეადგენს 1 344.09 ლარს.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას სახელფასო და ასანაზღაურებელი საშვებულებო დავალიანების არსებობის თაობაზე. ასევე მიუთითა კომპანიის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და თანხის გადახდის შეუძლებლობაზე და იშუამდგომლა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ცნობდა სასარჩელო მოთხოვნას სახელფასო დავალიანების და ანაზღაურებადი საშვებულებო თანხის - 4 820.37 ლარის დაკისრების ნაწილში.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია 2013 წლის 24 სექტემბრიდან.
2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დასაქმდა ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის საოპერაციო ე------ თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 500 ლარით.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელფასი გაიცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ან მისი უფლებამონაცვლის) მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების დამსაქმებლისათვის სრულად ანაზღაურებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17);
- ცნობა (ს.ფ. 19);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 01 აპრილის ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს დაევალა ს------–---- დაწესებულების ამბულატორიის შესახვევი ე------ მოვალეობის შესრულება (შეთავსება) ნახევარ განაკვეთზე, 2019 წლის პირველი აპრილიდან. ამავე ბრძანების თანახმად განისაზღვრა რომ მოსარჩელეს შეთავსებული პოზიციის გათვალისწინებით აუნაზღაურდებოდა ამბულატორიის შესახვევი ე------ შრომის ანაზღაურება ნამუშევარი საათების პროპორციულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.18);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მოსარჩელე იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.52);
- ახსნა -განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დამსაქმებელს მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი აქვს 2019 წლის აპრილიდან 2019 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისთვის გასაცემი სახელფასო დავალიანება, ისევე როგორც 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის გასაცემი ანაზღაურებადი შვებულების თანხა ჯამში - 4 820.37 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის ცნობა (ს.ფ. 19), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენს 4 250 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დამსაქმებელმა არათუ უარყო მითითებული ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი, არამედ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას დავალიანების ოდენობასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა -განმარტება;
- ცნობა (ს.ფ.19);
- ამონაწერი (ს.ფ.20-23).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 21-ე, 34-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულებების დადების და მისგან წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობების არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გასახდელი ხელფასის ოდენობა და გაცემის წესი. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება მოთხოვნილი ოდენობით სახელფასო დავალიანება და საშვებულებო თანხა. ზემო აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.
გასათვალისწინებელია, რომ დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ხსენებული ნორმების საფუძველზე და არა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სსსკ-ის მე-3, 208-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის ცნობის გათვალისწინებით. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის წარმომადგენლის მინდობილობები (ს.ფ. 41;88) სსსკ-ის 98-ე მუხლის დანაწესის თანახმად არ ითვალისწინებს წარმომადგენლისათვის გადაცემულ სპეციალურ უფლებამოსილებას სარჩელის ცნობის უფლების შესახებ.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების წარმოშობიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების და გადასახდელი ანაზღაურებადი საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე. მართალია მხარეთა შორის შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა და ისინი აღარ ასრულებენ შრომით მოვალეობებს, თუმცა აუნაზღაურებელი სახელფასო და საშვებულებო დავალიანების პირობებში, ისინი წარმოადგენენ შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტებს. აღნიშნული კი განაპირობებს დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.07% წარმოადგენს არა მხარეთა შეთანხმებულ, არამედ ე.წ. ,,კანონისმიერ პირგასამტეხლოს’’, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი სსკ-ის 420-ე მუხლის ფარგლებში იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობასა და მისი შემცირების აუცილებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არსებობს მოპასუხის მიმართ სახელფასო და საშვებულებო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 181.51 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ა---–---- სარჩელი მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს მოსარჩელე მ------ ა---–---- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების და გაუცემელი ანაზღაურებადი საშვებულებო თანხის - 4 820.37 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს მოსარჩელე მ------ ა---–---- სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი სახელფასო დავალიანების და საშვებულებო თანხის - 4 820.37 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება - 2019 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების - 1 344.09 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის 25 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.37 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 181.51 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია