გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2019
საქმის ნომერი
330310019003266196
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8323-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ზა--- ნა-------ე

წარმომადგენელი - ნა---- ჯა---–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წარმომადგენლები - გერმანე გვარამია, მარიამ ბეროზაშვილი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ოქტომბრის №1----- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზა--- ნა-------ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) III მთავარი სამმართველოს (რეგიონალური), II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსარჩელე ზა--- ნა-------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის ოქტომბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

მოპასუხემ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელე ზა--- ნა-------ე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდა 2015 წლიდან, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) III მთავარი სამმართველოს (რეგიონალური), II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე იგი მსახურობდა 2019 წლიდან.

 

2019 წლის 19 ივლისს, მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მიმართ, საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის - პატრულ-ინსპექტორის მიერ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი იმის გამო, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს.

 

აღნიშნული შემაკავებელი ორდერით, მოსარჩელე ზა--- ნა-------ეს აეკრძალა, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, აგრეთვე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ამასთან, მოსარჩელე ზა--- ნა-------ეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა.

 

მოსარჩელე ზა--- ნა-------ეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და გამოკითხული იქნა მოსარჩელე ზა--- ნა-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, რის შედეგადაც ორივემ მიიღეს ფიზიკური დაზიანებები და ამის საფუძველზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი მის მიმართ და დაიწყო გამოძიება.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2019 წლის 9 ოქტომბერს დამტკიცდა დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, სადაც აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკმა - ზა--- ნა-------ემ არ გაითვალისწინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-2 თავის 3.4 (მოსამსახურე უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რითაც ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ზ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სამსახურიდან დათხოვნის სახით.

 

მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, 2019 წლის 9 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) III მთავარი სამმართველოს (რეგიონალური), II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან მოსარჩელე ზა--- ნა-------ის დათხოვნის შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე (ს.ფ.22-23);

- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ.56);

- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 72-73);

- ,,დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ოქტომბრის №1----- ბრძანება (ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზა--- ნა-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, წარადგენს მას სახელმწიფო ჯილდოზე, აგრეთვე პირის მიმართ იყენებს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ოქტომბრის №1----- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნა---- იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და მისი მოხსნის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზა--- ნა-------ე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდა 2015 წლიდან, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) III მთავარი სამმართველოს (რეგიონალური), II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე იგი მსახურობდა 2019 წლიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებით დამტკიცებული კოდექსის პირველი თავის 1.1. და 1.2. პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურე ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. მოსამსახურე, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. ამასთან, მე-3 თავის 3.4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურე უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება; ზემოთ აღნიშნული სტანდარტები მოსამსახურემ უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა).

 

მითითებული კოდექსის მე-8 თავის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივლისს, მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მიმართ, საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის - პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი იმის გამო, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს. ამასთან, აღნიშნული შემაკავებელი ორდერით, მოსარჩელე ზა--- ნა-------ეს აეკრძალა, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, აგრეთვე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ამასთან, მოსარჩელე ზა--- ნა-------ეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა. მოსარჩელე ზა--- ნა-------ეს, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-2 მუხლების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს, ფიცის გატეხვა, შრომის დისციპლინის წესის დარღვევა, ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. იმავე წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-12 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს წერილობითი ფორმით (წარდგინება) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს გადაცდომის დამადასტურებელი ფაქტი/გარემოება. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტსა და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელთა მიხედვით, მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია. სამსახურის გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავლენს სამსახურში მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მიმართ, ოჯახური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და გამოკითხული იქნა მოსარჩელე ზა--- ნა-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, რის შედეგადაც ორივემ მიიღეს ფიზიკური დაზიანებები და ამის საფუძველზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი მის მიმართ და დაიწყო გამოძიება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2019 წლის 9 ოქტომბერს დამტკიცდა დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, სადაც აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკმა - ზა--- ნა-------ემ არ გაითვალისწინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-2 თავის 3,4 (მოსამსახურე უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რითაც ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ზ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სამსახურიდან დათხოვნის სახით.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ამოცანას იმის შეფასება წარმოადგენს, თუ როგორ განახორციელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მიმართ, სწორად იქნა, თუ არა ბალანსი დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არის დადგენილი ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მიმართ, ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, კანონით დადგენილი წესით იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და იგი ძალაშია.

 

სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების დარღვევას გულისხმობს, რაც დარღვევის მძიმე ხარისხს განაპირობებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ფიზიკური ძალადობაა განხორციელებული.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოსარჩელე ზა--- ნა-------ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) III მთავარი სამმართველოს (რეგიონალური), II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსი ინსპექტორი და დადასტურებული იყო მის მიერ, ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, ხოლო ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მას ეკრძალებოდა რაიმე სახის ძალადობა და თავშეკავება მოეთხოვებოდა, სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებობდა ობიექტური საფუძველი იმის მიჩნევისათვის, რომ მოსარჩელე ზა--- ნა-------ემ ჩაიდინა ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი და მან თავისი ქმედებით შელახა სამსახურის ავტორიტეტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად, რაც განაპირობებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სტანდარტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე ზა--- ნა-------ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურისათვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც საზოგადოებაში შესაძლებელია ნეგატიური განცდა გააჩინოს მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2679194 ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

6.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ,,დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ოქტომბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.7. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზა--- ნა-------ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) III მთავარი სამმართველოს (რეგიონალური), II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე დაითხოვეს სამსახურიდან, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

6.8. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე დაითხოვეს სამსახურიდან სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნაც.

 

7. საპროცესო ხარჯები

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-24-ე 32-ე-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზა--- ნა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი