გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2019
საქმის ნომერი
330210019002840769
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2255-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი“

წარმომადგენელი - გ-----------------

მოპასუხე - ი----- შ------ი

წარმომადგენელი - გ----------–-------ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი----- შ------ს სს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 28 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის ძირითადი თანხის 4910.36 ლარის, საპროცენტო სარგებლის 2 754.85 ლარის და პირგასამტეხლოს 927 ლარის გადახდა.

 

1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის 28 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5 700 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ჯიპ ლიბერტი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 363 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 11 თვის გადასახადია გადახდილი სრულად და ჯეროვნად, რაც შეეხება მე-12 თვის (28.03.18 წ.) ნაცვლად 363 ლარისა, გადახდილი აქვს 189 ლარი, რითაც არასრულად გაიქვითა მარტის სარგებლის წილი 265.86 ლარი და საიდანაც გადასახდელი დარჩა 76.86 ლარი. ეს დარჩენილი და მომდევნო თვეების გადასახადი მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 24.12.17 წელს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემის მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.

 

მოპასუხე ი----- შ------ს სს "მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ ერიცხება სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 08.10.18 წ. შსს მომსახურების სააგენტო“-ს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 09.10.18 წელს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა რა მისი მოძიება, მოსარჩელის ვარაუდით, იგი შესაძლოა აღარც არსებობდეს (იყოს დაშლილი ან განადგურებული).

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის(სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება, ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც. ვინაიდან სესხი 28.03.18 წლიდან ვადაგადაცილებაშია, მოპასუხე ი----- შ------ს რა "მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ ერიცხება - 2018 წლის 28 მარტის დარჩენილი 76.86 ლარი და ყოველი მომდევნო თვის 28 რიცხვისთვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4 %, რაც შეადგენს 265.15 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 5 თვე (28.04.18 წლიდნ ყოველი მომდევნო თვე 28.01.19 წლის ჩათვლით) და 3 კალენდარული დღე (2018 წლის 28 იანვრიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს 2 754.85 ლარს (76.86 + 265.15:10 + 3 დღის სარგებელი 26.49 ლარი). მოპასუხე ი----- შ------ს სს "მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2018 წლის 28 მარტიდან დღემდე გასულია 309 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 927 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი----- შ------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების წლიური სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია (ყველთვიური 5.4 %, წლიური 64.8 %). უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი მეტად მაღალია თუ იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე, გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა, ამორალურია და ბათილად უნდა ჩაითვალოს.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, 2017 წლის 28 მარტს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო სარგებელი ფიზიკური პირებისათვის 18.5 % იყო. შესაბამისად, სესხის წლიური სარგებლის დაანგარიშება სწორედ ამ ნიშნულის ფარგლებში უნდა მოხდეს.

 

ამდენად მხარის მიერ გადასახდელი თანხები უნდა დაანგარიშდეს შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით: საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რომ სესხის ოდენობა იყო 5700 ლარი. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მოცემული სესხის სარგებელი არ უდნა აღემატებოდეს 18.5 %. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს მიერ 12 თვის მანძილზე გადახდილ იქნა 4182 ლარი. საიდანაც 1054 ლარი (5700 ლარის 18.5 %) არის წლიური სარგებელი, ხოლო 3128 ლარი (4182-1054=3128) ძირი თანხა. შესაბამისად, პირველი 12 თვის შემდეგ ი----- შ------ს გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 2572 ლარი და მოცემული თანხის წლიური 18.5. მოსარჩელე, ითხოვს დამატებით 10 თვისა და 3 დღის სარგებელს, რაც შეადგენს 396 ლარს (გამოთვლა: 2572-ის 18.5%=476 ლარი (12 თვის სარგებელი). 476:12=39.6 თვიური სარგებელი; 39.6*10 თვე=396 ლარს ) და 3.96 ლარი სამი დღის სარგებელი (39.6 თვიური სარგებელი : 30 დღე +1.32 ლარი; 1.32 * 3 დღე = 3.96 ლარი). ამდენად, 10 თვის სარგებელი შეადგენს 396+3.96= 400.96 სულ : 2572 ლარი (ძირი თანხა) + 400.96 ლარი (მოთხოვნილი სარგებელი)= 2972.96 ლარი.

ასევე, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოს თანხა 927 ლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარი), არის შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვა მისი შემცირება 0.01 %-მდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 28 მარტს, შპს ,,მ---------------------ს“ და ი----- შ------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე თვეში 5.4 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გაიცა სესხი 5 700 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი 64.8%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო 228 ლარი, გირავნობის რეგისტრაციის საფასური 170 ლარი. კრედიტის ვადა 36 თვე. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ჯიპ ლიბერტი - T------.

ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა საკრედიტო შეთანხმებით. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყებოდა მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდებოდა თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდებოდა მისი რეალიზაცია.

 

ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოგირავნე ვალდებული იყო გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საშუალებით წერილობით გაეფრთხილებინა დამგირავებელი რეალიზაციის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობდა გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე. ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამგვარ გაფრთხილებას გაუთანაბრდებოდა დამგირავებლის მიერ მოგირავნისათვის ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემისას შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, რომლითაც დამგირავებელს კიდევ ერთხელ ეცნობებოდა მოგირავნის უფლებამოსილების შესახებ - ორი კვირის შემდეგ უზრუნველეყო ავტომობილის რეალიზაცია.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრა 30 000 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 მარტის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #T---------- (ს.ფ. 17-22);

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 28 მარტსს, შპს ,,მ--------------------- +“-ს და ი----- შ------ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #T----------, რომლის საფუძველზე, შპს ,,მ--------------------- +“-მა ი----- შ------ს სესხის სახით გადასცა 5 700 ლარი, ყოველთვიური სარგებლის 5.4%-ს დარიცხვით, 36 თვის ვადით. სესხის გადაცემისთანავე მსესხებელმა გამსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადაუხადა სესხის გაცემის საკომისიო 228 ლარის ოდენობით და აგრეთვე, ხელშეკრულების შესაბამისად გადასცა ავტომობილზე გირავნობის რეგისტრაციისთვის შსს ,,მომსახურების სააგენტოს“ მიერ დადგენილი საფასური 170 ლარის ოდენობით, შესაბამისად მსესხებელზე ხელზე დარჩენილმა თანხამ შეადგინა 5302 ლარი.

 

სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5.4 %-ს, შესაბამისად წლიური საპროცენტო განაკვეთი 64.8%-ს, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 98.3%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 23);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია არ მომხდარა, მისი მოუძიებლობის საფუძვლით, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის თანახმად, 2017 წლის 28 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ი----- შ------ის დავალიანებამ 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, შეადგინა 8742.21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31/01/2019 წლის ცნობა (ს.ფ. 42)

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები (მოპასუხე მხარის მიერ დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება სადავო არ გამხდარა, მითითება მოხდა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე).

 

3.1.4. სს ,,მ---------------------მა“ მსესხებელ ი----- შ------ს მიმართა წერილობით და გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფდა ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვას 2018 წლის 21 დეკემბრამდე, სს ,,მ---------------------ი“ იტოვებდა უფლებას, ხელშეკრულების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.12.2018 წლის წერილი (ს.ფ. 39);

- საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგნილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 64.8%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 62-ე, 325-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''მ---------------------ს'' და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

დადგენილია რომ მხარეებს შპს ,,მ---------------------"-სა და მოპასუხე ი----- შ------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ი----- შ------მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 2572 ლარის და საპროცენტო სარგებლის 400.96 ლარის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულების 2572 ლარის და საპროცენტო სარგებლის 400.96 ლარის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხის 2572 ლარის და საპროცენტო სარგებლის 400.96 ლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 64.8%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 28 მარტის სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5.4%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5.4%, რაც წლიური საპროცენტო განაკვეთით მისი დარღვევის შემთხვევაში 64.8%-ს შეადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5.4%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს ,,მ---------------------ი'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 64.8%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 28 მარტის ხელშეკრულების დებულება (მე-3 პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს სს ,,მ---------------------ი''-ს წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

დადგენილია, რომ ი----- შ------ის მიერ არ მომხდარა ვალდებულების სრულად შესრულება. საქმის გარემოებების შესაბამისად, მოპასუხე ი----- შ------ის მიერ დაიფარა დავალიანების ნაწილი, კერძოდ, 11 თვის გადასახდელი სრულად და მე-12 თვის გადასახდელი ნაწილობრივ 189 ლარი, ჯამში 4182 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24%. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება. შესაბამისად, სასამართლო თავად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად საპროცენტო სარგებლის გამოთვლა უნდა მოხდეს 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 29 იანვრამდე (10 თვე) არსებული პერიოდის მხედველობაში მიღებით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა საკრედიტო შეთანხმებით. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყებოდა მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდებოდა თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდებოდა მისი რეალიზაცია.

თუმცა ვინაიდან, წარმოდგენილ შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაციამ ვერ შეძლო დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია მისი მოუძიებლობის გამო, საპროცენტო სარგებელის გამოთვლა უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან 2018 წლის 28 აპრილიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე (აღნიშნულ პერიოდზე სარგებლის დარიცხვას სადავოს არ ხდის მოპასუხე მხარე). ბათილობა ეხება როგორ უკვე გადახდილ საპროცენტო სარეგებელს, ისე 12 თვის განმავლობაში გადახდილ სარგებლეს. შესაბამისად, გავლილი პერიოდზე გადახდილი სარგებლის მოცულობა უნდა განისაზღვროს 1368 ლარის სახით, ხოლო გადახდილი თანხიდან (4182 ლარი) მითითებული სარგებლის სხვაობა უნდა ჩაითვალოს ძირითადი თანხის ანგარიშში, რაც საბოლოოდ შეადგენს 2886 ლარს.

შესაბამისად, 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით გასულია 10 თვე და 3 დღე და მითითებულ პერიოდზე გამოთვლილი (თვიური 2%-ის გათვალისწინებით) სარგებელი უკვე შემცირებულ ძირითად თანხაზე ჯამში შეადგენს 582.97 ლარს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ი----- შ------მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 28 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის, სარგებლის ოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 309 ლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 28 მარტის მაისის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 2572 ლარის და საპროცენტო სარგებლის 400.96 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263 ლარის ნაწილი - 89.90 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ი----- შ------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის (იმ ნაწილის მიმართ, რაც მოპასუხემ არ ცნო) პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 28.68 ლარის გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების, კერძოდ, გირავნობის მოწმობისთვის გადახდილი 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. მოსარჩელე მხარეს აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს 15/10/2018 წლის საგადახდო დავალება #1--------- და 01.07.2017 წლის სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება #27. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი----- შ------ს მოსარჩელე სს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გირავნობის მოწმობისთვის გადახდილი 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,მ---------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ი----- შ------ს სს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3777.97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2886 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 582.97 ლარი და პირგასამტეხლო 309 ლარი.

 

3. სს ,,მ---------------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის სესხის ძირითადი თანხის სახით 2024.36 ლარის, სარგებლის სახით 2171.88 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 618 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ი----- შ------ს სს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის საფასურის 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

5. ი----- შ------ს სს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 28.68 ლარის ანაზღაურება.

 

6. სს ,,მ---------------------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ 07/02/2019 წლის №1--------- საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263 ლარის ნაწილი - 89.90 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე