გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1198-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - სს „მ------------–------------ა“
წარმომადგენელი - მ----------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება №7---------8 საჩივარზე.
1.2 დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს განიხილოს სს „მ------------–------------ას“ 2018 წლის 15 ნოემბრის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 4 აპრილის №7--- ბრძანებით დაინიშნა სს „მ------------–------------ას“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2018 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №2---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს „მ------------–------------ას“ დამატებით დაერიცხა სულ 1162016 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 738575 ლარი და ჯარიმა 423441 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 4 აპრილის №7--- ბრძანება (ს.ფ.64);
- 2018 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ.12-63);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №2---- ბრძანება (ს.ფ.67-70).
3.2. სს „მ------------–------------ამ“ 2018 წლის 27 სექტემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „მ------------–------------ას“ 2018 წლის 27 სექტემბრის საჩივარი (ს.ფ.71);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.72-76).
3.3. სს „მ------------–------------ამ“ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 15 ნოემბერს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №3---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
საჩივრის თანხმად, გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა დამატებული ღირებულების გადასახადში, გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადსა და მოგების გადასახადში დამატებით დარიცხულ თანხების ოდენობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.
გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 21.11.2018 წლის №1---------04 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 25.10.2018 წელს და გადამხდელი გაეცნო 25.10.2018 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 14.11.2018 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 15.11.2018 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „მ------------–------------ას“ საჩივარი (ს.ფ.77-80);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ.81-83).
3.4. სს „მ------------–------------ას“ ერთადერთ აქციონერს წარმოადგენს სს „მ-----------------------------------------“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „მ------------–------------ას“ წესდება (ს.ფ.310-322).
3.5. 2018 წლის 16 ნოემბერს სს „მ-----------------------------------------ს“ წარმომადგენელმა მიმართა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს და აცნობა, რომ სს „მ-----------------------------------------სა“ და მის აფილირებულ კომპანიებში 2018 წლის 11 იანვარს დაფიქსირდა საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მართვის პროგრამების გამართული მუშაობის შეზღუდვა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „ორისის“ პროგრამის SQI სერვერში არსებული ყველა მონაცემი შეზღუდულია ე.წ. გამოსასყიდის (ფიდიე) ვირუსით. ასევე, შემდგომ მოხდა სათადარიგო შენახვის სერვერის და BACKUP აპარატის შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ QNAP-ში არსებული ფაილები იმავე ვირუსით იყო შეზღუდული. როდესაც სერვერების მიერ ეკრანზე დატოვებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომპანია დაუკავშირდა მათ, კოდების გახსნის სანაცვლოდ მოთხოვნილ იქნა 5BTC. გამოსასყიდის მომთხოვნ პირზე ან პირებზე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხის გაცემა არ მომხდარა. განხორციელებული სკანირების საფუძველზე მიღებული BACKUP-ის ფაილები აღმოჩნდა დაზიანებული, რის გამოც ვერ მოხდა მონაცემთა გადარჩენა. დისკები გაიგზავნა თურქეთის რესპუბლიკაში ლაბორატორიაში მონაცემთა შესაძლო აღდგენის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „მ-----------------------------------------ს“ 2018 წლის 16 ნოემბრის წერილი (ს.ფ.323-324).
3.6. შს სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 19 თებერვლის №MI------------ ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, აკრძალული შინაარსისა და პროგრამული მასალების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №0----------1 საქმეზე, სს „მ-----------------------------------------ს“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და აღნიშნულ კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების დაფარვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შს სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 19 თებერვლის №MI------------ ცნობა (ს.ფ.85).
3.7. სს „მ------------–------------ას“ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2019 წლის 29 მარტის ცნობის თანახმად, სს „მ------------–------------ა“, სს „მ------------“, ს-------–-------------რ“, სს „მ-------------------------------------ია“, სს „მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი“, სს „მეტრო ინტურისტ ბათუმი“, სს „მე--------------–---------------ი“, საბუღალტრო პროგრამაში მუშაობისთვის უკავშირდება - სს „მ--------------------------------------იას“ ოფისში მე-17 სართულზე განთავსებულ სასერვერო განყოფილებას. შესაბამისად, ამ სერვერზე განხორციელებული მოქმედება აისახება ყველა ამ ობიექტის მუშაობის უზრუნველყოფაზე. 2018 წლის 11 ნოემბერს აღნიშნულ სერვერზე კომპანიისათვის უცნობი პირების მიერ განხორციელებული ზემოქმედების შედეგად, სერვერზე განთავსებული ინფორმაცია გახდა ხელმიუწვდომელი. 2018 წლის 12 ნოემბრის სს „ს-----------–-----------–--–--–ერი“-ს YCP საინფორმაციო ტექნოლოგიების დასკვნითი ანგარიშის თანახმად სისტემა ვერ დაუბრუნდა მანიპულაციამდე მდგომარეობას. სისტემის სკანირების შედეგად, სერვერზე განთავსებული ინფორმაცია ნაწილობრივ ხელმისაწვდომი გახდა 2018 წლის 15 ნოემბერიდან. ინფორმაცია 2019 წლის 29 მარტის მდგომარეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ 2015 წლის შემდგომი პერიოდიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „მ------------–------------ას“ IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2019 წლის 29 მარტის ცნობა (ს.ფ.306);
- სს „ს-----------–-----------–--–--–ერის“ 2019 წლის 5 აპრილის სასამართლო ანალიზის ანგარიში, YCP საინფორმაციო ტექნოლოგიები დისკის მიმოხილვა, დასკვნითი ანგარიში (ს.ფ.278-305).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-8, 41-ე, 44-ე, 51-ე, 238-ე, 241-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე და 305-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს განიხილოს სს „მ------------–------------ას“ 2018 წლის 15 ნოემბრის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 4 აპრილის №7--- ბრძანებით დაინიშნა სს „მ------------–------------ას“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2018 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №2---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს „მ------------–------------ას“ დამატებით დაერიცხა სულ 1162016 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 738575 ლარი და ჯარიმა 423441 ლარი.
სს „მ------------–------------ამ“ 2018 წლის 27 სექტემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სს „მ------------–------------ამ“ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 15 ნოემბერს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის №3---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 21.11.2018 წლის №1---------04 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 25.10.2018 წელს და გადამხდელი გაეცნო 25.10.2018 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 14.11.2018 წელს. ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 15.11.2018 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
სასამართლო განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.
ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება, სწორედ, გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
ამასთან, სასამართლო დამატებით ამახვილებს ყურადღებას „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს „მ------------–------------ას“ პორტალზე შესვლით განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის გახსნა, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის ვებგვერდიდან. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდი მოსარჩელეს. შესაბამისად, დასტურდება, რომ სს „მ------------–------------ას“ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.10.2018 წლის №3---- ბრძანება ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2018 წლის 15 ნოემბერს.
მოსარჩელის წარმომადგენლი მიუთითებს, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს კომპანიაში მოხდა კიბერშეტევა, რის გამოც გადასახადის გადამხდელი მოკლებული იყო შესაძლებლობას საჩივარი დაესაბუთებინა სრულყოფილად, რამაც გამოიწვია შემდგომ მისი ერთი დღის დაგვიანებით წარდგენა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც დავების განმხილველ ორგანოს აძლევდა უფლებამოსილებას, აღნიშნული შემთხვევა მიეჩნია საპატიო მიზეზად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება საჩივრის განსახილველად უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ვადის აღდგენის საკითხის განხილვისას შესაბამისმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება. უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია. ამდენად, გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზად მიიჩნევა იმგვარი განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენას.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 2018 წლის 15 ნოემბერს წარდგენილ საჩივარში არ მიუთითებია რაიმე საპატიო გარემოებაზე. ამდენად, დავების განმხილველი ორგანო ვერ იმსჯელებდა გადასახადის გადამხდელის მიერ საპატიო გარემოების არსებობა/არ არსებობის ფაქტზე. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარი დათარიღებული აქვს 2018 წლის 14 ნოემბრით, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება საპატიო მიზეზზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გადამხდელს ყველა შესაძლო ზომა არ მიუღია, რათა ვადაში მომხდარიყო საჩივრის წარდგენა. ზემოხსენებული ცნობით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო საჩივრის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში პირადად ან ფოსტის მეშვეობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „მ------------–------------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე