განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100119003052415
საქმეN1-501/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.12.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: და------------ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: გი-------------ძე (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: ჯუ------
დაბადებული: 0--06.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქო----–---ი, შ. რუ-------–-------------
ბრალდებულის ადვოკატი - და---------–--–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1.აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი-------------ძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება,1.2. ბრალდების არსი:
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქო----–---ში, გი-------------ძემ თანქონილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ავ-------ლ ჭყ----ას მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
1.3. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, გი-------------ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ავ-------ლ ჭყ----ამ განაცხადა, რომ 2019 30 მარტს ქო----–---ის რაიონის სოფელი ქო----–---ში იმყოფებოდა ავტობუსის მოსაცდელში, იქ დალია, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ტა-----–---------ე და ემ--------------ე; გამოვიდნენ ქუჩაში, მათ გარდა სხვა არავინ იმ დროს იქ არ იყო; ისე, რომ მას არ დაუნახავს გაჩერდა ავტომანქანა ჩამოვიდა და ესროლა; მისთვის უცნობმა ესროლა და წავიდა; სატვირთო მიკროავტობუსი იყო, რა ადგილიდან, საიდან ჩამოვიდა არ დაუნახავს; საფანტი მოხვდა; გასროლა ორჯერ მოახდინა; მარტო იდგა ამ დროს განცალკევებით სიახლოვეს მასთან ამ დროს არავინ იდგა; არც მძღოლი დაუნახავს და არც თუ ვინმე იყო შიგნით, არავინ არ დაუნახავს, მანქანაში იყო თუ არა სხვა ვინმე არ იცის; ვინ ესროლა არ იცის;
სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ჩვენებასთან დაკავშირებით დაზარალებულმა კი განაცხადა, რომ ოქმზე ხელმოწერებს ადასტურებს; თუმცა არ ადასტურებს მასში მითითებულ ინფორმაციას, ერთი თვის შემდეგ შემთხვევიდან მისცა ასევე ჩვენება და გამოკითხეს, პირველი გამოკითხვისას და შემდეგაც იყო წამლების ზემოქმედების ქვეშ; ნამდვილად არ დაუნახავს ვინ ესროლა, გი-------------ძე აქვს მითითებული იქედან გამომდინარე, რომ უთანხმოება ჰქონდა და ვარაუდობდა, თორემ არ დაუნახავს, რომ ის იყო; ამდენად ადასტურებს, რომ გამოკითხვის ოქმებზე ხელმოწერა ნამდვილად მისია, მაგრამ შინაარსია არასწორი, როცა არ იცის ნამდვილად ვინ ესროლა, ვერც აჩვენებს; გი-------------ძესთან არსებული კონფლიქტის გამო ეგონა, რომ ის იქნებოდა; მასზე გაბრაზებულიც იყო(იხ სხდომის ოქმი 20.11.2019წ 17:18:04სთ-17:39:50სთ)
2.2. მოწმის სახით დაკითხვისას ტა-----–---------ემ განაცხადა, რომ არის ავ-------ლ ჭყ----ას მეზობელი, ასევე გი-------------ძის მეზობელია; მათთან ჩვეულებრივი ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და აქვს;
2019 წლის 30 მარტი იყო მოდიოდა სოფელ ქო----–---ი ცენტრიდან სახლში; მისი სახლისკენ ასახვევთან ავტობუსის მოსაცდელია; მოსაცდელში ავ-------ლ ჭყ----ა და ემ--------------ე მიირთმევდნენ სასმელს, დაუძახეს, რომ მისულიყო, არ უნდოდა , მაგრამ არ მოეშვნენ და დაჯდა მათთან ერთად; ისედაც ნასვამი იყო მაგრამ დააფიცეს და მივიდა ერთი ორი ჭიქა დალია და იმ დროს საუბრობდა, როცა მოულოდნელად გაისმა გასროლის ხმა და ავ-------ლ ჭყ----ა ჩავარდა ძირს, შეეცადა მის წამოწევას, მაგრამ ძალა არ ეყო, მოგროვდა ხალხი ხმაურზე; ეს ყველაფერი მოხდა წამებში და არ დაუნახავს ვინ იყო და ვინ გაისროლა, იმ დროს ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია, რადგან დახმარება ესაჭიროებოდა დაჭრილს; შემდეგ გაიგო, თითქოს გი-------------ძე იყოო, მაგრამ არ დაუნახავს არც მანქანა და არც პიროვნება; ამ სახით მისცა ჩვენება პოლიციის განყოფილებაშიც; (იხ სხდომის ოქმი 20.11.2019წ 17:39:17სთ-17:43:16სთ);
2.3. ემ--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2019 წლის 30 მარტს სვამდნენ სოფელ ქო----–---ში მოსაცდელში ალკოჰოლურ სასმელს; სოფლის ცენტრთან მისვლამდეა ეს მოსაცდელი, სვამდა ავ-------ლ ჭყ----ა და ტა-----–---------ე; იყო ნასვამ მდგომარეობაში და ვის მიერ მოხდა გასროლა და საიდან არ იცის; სავარაუდოდ გასროლა მოხდა სანადირო თოფიდან; ის ვინც გაისროლა არ იცის, სავარაუდოდ გასროლა მოხდა ორჯერ; ავ-------ლ ჭყ----ას მიმართულებით იყო გასროლა, დაუმიზნა და ისე გაისროლა თუ არა, არ იცის არ დაუნახავს და არც ახსოვს; იმ დროს ალბათ საუბრობდნენ, ან სადღეგრძელოს ამბობდნენ; იქ როცა სვამდნენ სხვა არავინ არ იყო; ავ-------ლ ჭყ----ამ დაზიანება ფეხის არეში მიიღო, ამბობდა თუ არა რაიმეს თავად ავ-------ლ ჭყ----ა, არ ახსოვს; ხელმოწერები გამოკითხვის ოქმებზე მისი შესრულებულია, მეორე დილით წაიყვანეს პოლიციაში, იყო მაღალი სიცხით და როდის გამოუშვებდნენ იმის განცდაში იყო და ეს არის შედეგი, ამის შემდეგ კიდე გამოიძახეს უნდოდა პროცესი ადრე დასრულებულიყო და გამოსული იყო, როცა მოვიდა აზრზე, გააცნობიერა, რომ არ მისცა სწორი ჩვენება და კიდეც გამოასწორა და მისცა ჩვენება; ბოლოს მის მიერ მიცემული ჩვენება სწორია და ამჟამადაც ეთანხმება; სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა (იხ სხდომის ოქმი 06.12.2019წ 17:15:45სთ);
2.4. საქმის მასალებში ტა-----–---------ის არსებული გამოკითხვის ოქმითაც, რომლის საჯაროდ გამოქვეყნება მოხდინა ბრალდების მხარე დაფიქსირებულია ანალოგიურად გარემოებებზე; რომ მას არ დაუნახავს და არ იცის ვინ მოახდინა გასროლა; არც საავადმყოფოში გაყოლია ავ-------ლ ჭყ----ას; (იხ ს.ფ.26-28)
2.5. იგივე სახითაა გამოკითხვის ოქმში ასევე ასახული ინფორმაცია ემ--------------ის მიერ გამოკითხვისას, გამოკითხვის ოქმით, რომელიც გამოაქვეყნა ბრალდების მხარემ საჯაროდ; მას არ დაუნახავს თუ ვინ და საიდან მოახდინა გასროლა, ავ-------ლი ჩაიკეცა და მანაც იგრძნო ტკივილი მუხლის არეში, მაგრამ დაზიანება იყო უმნიშვნელო და არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის (იხ ოქმი 29-31)
2.6. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით:
რა-----–-------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ის არის სამედიცინო ცენტრი ე-----ს კლინიკაში დასაქმებული, არის ქირურგი; 2019 წლის 30 მარტს საღამოს საათებში კლინიკაში მიყვანილი იქნა პაციენტი - ავ-------ლ ჭყ----ა, რომელსაც აღენიშნებოდა ძვლების მოტეხილობა, კერძოდ მარჯვენა წვივის ძვლის მოტეხილობა; მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, მარჯვენა ფეხიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ლითონის ფრაგმენტი (იხ ს.ფ.70-72)
2.7. და-----------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 მარტს სახლში იმყოფებოდა, მეზობელმა შეატყობინა, რომ ავ-------ლ ჭყ----ა იყო დაჭრილი; ის გადაიყვანეს საავადმყოფოში გზაში მსვლელობისას ის არ საუბრობდა, რამოდენიმეჯერ მან თანმხლებ პირებთან ერთად შეეკითხა თუ ვინ დაჭრა, მაგრამ ავ-------ლი იყო ძლიერი ნასვამი და და მის შეკითხვაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდა; (გამოკითხვის ოქმი ს.ფ.83-85);
2.8. ასევე უდავო მტკიცებულებით - მუ---------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 მარტს იქნებოდა დაახლოებით 17 საათი მისი კუთვნილი ავტომანქანით „ტ----------------ი“ სახელმწიფო ნომრით R------ იმყოფებოდა სოფელ ქო----–---ის ცენტრში; ცოტა ხნის შემდეგ წავიდა სახლის მიმართულებით, ასახვევში დაინახა მოსაცდელში თავმოყრილი ხალხი, შეაჩერა ავტომანქანა, ნახა, რომ ავ-------ლ ჭყ----ა იყო დაჭრილი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და აწუხებდა ძლიერი ტკივილები, იყო იმდენად ნასვამი, რომ საუბრის თავიც არ ჰქონდა; გადაიყვანა საავადმყოფოში, მისთვის უცნობია ვინ და რა დროს, რა საშუალებით დაჭრა ავ-------ლ ჭყ----ა; ის ამ დღის შემდეგ არც უნახავს; (იხ ს.ფ.160-162);
2.9. ვა---------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ის 2019 წლის 30 მარტს დაახლოებით 17 საათზე იმყოფებოდა სოფელ ქო----–---ის ცენტრში, მოსაცდელთან მისვლისას დაინახა რომ ავ-------ლ ჭყ----ა იყო დაჭრილი; ამის შესახებ შეატყობინა და-----------ას; და-------ან ერთად ისევ უკან დაბრუნდა ავ-------ლი დაჭრილი იყო მარჯვენა ფეხში და სდიოდა სისხლი, თავს გრძნობდა შეუძლოდ, ის იქვე მომავალმა მუ---------------ემ გადაიყვანა საავადმყოფოში თავისი მანქანით; არ იცის ვინ და რა საშუალებით მიაყენა დაზიანება ავ-------ლ ჭყ----ას, ასევე მისთვის უცნობია მიზეზიც; (ს.ფ.166-168)
საქმეში არსებული სადავო წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები
2.10. საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 მარტის ქო----–---ის სამედიცინო ჰოსპიტალის რეგისტრატორის მა------------–-ძის განმარტებით, საავადმყოფოში მიყვანილ იქნა ავ-------ლ ჭყ----ა 57 წლის, რომელიც ცხოვრობს სოფელ ქო----–---ში და რომელსაც აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა( იხ ს.ფ. 2) ;
2.11. 2019 წლის 30 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ქო----–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ქ. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქო----–---ის ცენტრალური საავტომობილო გზა, დათვალიერებისას გამოკვლეული იქნა შემდეგი სოფელ კოხის მიმართულებით საავტომობილო გზაზე დგას ალუმინის ნაკეთობის მოსაცდელი, რომელსაც აღენიშნება ნამსხვრევები, აღნიშნული ადგილი ძირიდან ექპერტის მერ ამოღებული იქნა 12 ცალი ლითონის ფრაგმენტი, მოსაცდელის ირგვლივ ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ოთხი პლასტმასის ფრაგმენტი, აღნიშნული ამოღებული საგნები დაილუქა სპეციალური ლუქით, აღნიშნული საგნებიდან ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქები, ორ ბიოლოგიურ ჩხირზე და ქვიშა რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა 4 ცალი კენჭი, რომელზეც ასევე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ პაკეტში და დალუქული იქნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ სხვა რაიმე საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთი არ ამოღებულა.(იხ, ს/ფ 4-10);
2.12. 30.03.2019 ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქო----–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ ქ. ქო----–---ში, სს სამედიცინო კორპორაცია ,,ე-----ს’’ პოლიკლინიკაში, რა-----–-------ისაგან იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ამოღებული ტანსაცმელი და სამი ცალი პატარა ზომის მეტალის ფრაგმენტები. (იხ.ს/ფ 11-15)
2.13 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 24/04/2019 დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთების მონაცემებით ავ-------ლ ჭყ----ა მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 30.03.2019წ. დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა წვივის ძვლის დიაფიზის ღია ნასხვროვანი მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა მენჯ-ბარძაყის წვივის, მარცხენა ტერფის და ქუსლის ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობები, დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ დასკვნა) ;
2.14. 06.04.2019 წლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქო----–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ გი-------------ძის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქო----–---ი რუსთაველის ქუჩა N 140 ვ, ბინა N71, ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა 2019 წლის 06 აპრილს 07:15 სთ-დან 08:00 სთ-მდე, რა დროსაც ბინიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა.
2.15. 06.04.2019 წლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქო----–---ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანდასწრებით, გი-------------ძის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქო----–---ი სოფელი ქო----–---ი, ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა 2019 წლის 06 აპრილს 07:20 სთ-დან 08:15 სთ-მდე, რა დროსაც ბინიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა.
2.16. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------- 13/06/2019 დადგენილია, რომ სამედიცინო საბუთების მონაცემებით ემ--------------ეს 30/03/2019წ მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები, მარჯვენა მუხლის სახსრის არეში და ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში,დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე აღენიშნებოდა ორი ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი-ნაკაწრი, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვირივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებთა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ დასკვნა);
2.17. ექსპერტიზის დასკვნით N 3------------------ 03/05/2019 დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავ-------ლ ჭყ----ას შარვალზე, ქამარზე და ერთ წყვილ წინდაზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლია და წარმოქმნილია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვებით (საფანტით).
ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების მიხედვით კონკრეტული იარაღის სახეობის დადგენა შეუძლებელია, შარვლის და ჯინსის შარვლის ტოტის ფრაგმენტების მთლიანობის დარღვევა, წარმოქმნილია გაჭრის შედეგად და შესაძლებელია განვითარებულიყო გახდის პროცესში.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ორ სვიტერზე ცეცხლნასროლი დაზიანებები და სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციაში ცვეთისა არ აღენიშნება,ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ემ--------------ის შარვალზე არსებული N1 დაზიანება სავარაუდოდ ცეცხლნასროლია, სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციაში ცვეთისა არ აღენიშნება (იხ დასკვნა);
2.18. სასამართლო არ მსჯელობს გამომძიებელთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე, რადგან რაიმე სახით საპირისპირო საქმის განხილვისას არ დაფიქსირებულა;
2.19. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.20 საქმის განხილვით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი-------------ძის მხრიდან განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან,ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის განზრახვას და ქმედებას განზრახვის სისრულეში მოსაყვანად;
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ედავება გი-------------ძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
საქმის განხილვისას არც გამოკვლეული და არც მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ პირდაპირ გი-------------ძის მიმართ წარდგენილ ბრალს;
3.2. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
დაზარალებული ავ-------ლ ჭყ----ა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ვინ მიაყენა დაზიანება; ავ-------ლ ჭყ----ას გვერდით შემთხვევის დღეს მყოფი მოწმეები ტა-----–---------ე და ემ--------------ე აჩვენებენ, რომ მათ არ დაუნახავთ ვინ გაისროლა და რა საშუალებით, ერთერთი მათგანი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია გასროლა მოხდა სანადირო თოფიდან;
დაზარალებული და მოწმეები შემდგომ ავ-------ლ ჭყ----ასთან ურთიერთობაში მყოფი პირები ( ტა-----–---------ე, ემ--------------ე, და-----------ა, მუ---------------ე) ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ, რომ იმ დროს მოსაცდელში მყოფი პირები იყვნენ ნასვამები და აგრძელებდნენ ალკოჰოლის მიღებას; ავ-------ლ ჭყ----ა ისე იყო ნასვამი, რომ და-----------ას შეკითხვებზე რეაგირება არ ჰქონია;
საქმის გახილვისას გამოკვლეულ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება, რომ გი-------------ძემ მოახდინა გასროლა, რომლის შედეგადაც ავ-------ლ ჭყ----ამ მძიმე დაზიანება მიიღო; გი-------------ძის მიმართ წარდგენილ ბრალს ასევე არ ადასტურებს სხვა მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები;
სასამართლო ასევე მომოიხილავს ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებულ ინფორმაციას, კერძოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 31 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილის 13:38 საათამდე პერიოდში ჩატარებულ - რეფერალური საავადმყოფოს მე-4 პალატაში განხორციელებულ ფარულ აუდიო ჩაწერას;
წარმოდგენილი კრებსების ანალიზით და შესწავლით პალატაში ამ პერიოდში განხორციელებული საუბრებით, სადაც დაუდგენელია მოსაუბრე პირთა ვინაობა და არ არის მათი იდენტიფიცირება მომხდარი, - საფუძველს მოკლებულია მისი განხილვა, როგორც არა თუ პირდაპირი, არამედ როგორც ირიბი მტკიცებულებაც; უფრო მეტიც საუბარში მოხსენიებულია ვინმე ირაკლი ჯაბნიძე რამდენჯერმე, მოცემული სახით სახელი და გვარი ასევე მითითებულია დაზარალებულის პირველი გამოკითხვის ოქმშიც, რომელიც ვიზუალურად ჩანს, რომ შემდეგ გადასწორებულია სახელით გიორგი; (აღნიშნულზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაბამისა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არსებითი განხილვის სხდომაზე აღარ მიიჩნია მისი გამოკვლევა საჭიროდ) ; ჩანაწერებით შემთხვევასთან დაკავშირებით რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ იძებნება;
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია ერთი და იგივე სტანდარტი ნებისმიერი სახის და კატეგორიის დანაშაულისათვის; არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
3.4. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
3.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
3.6. ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, - მიიჩნია, რომ გი-------------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის;
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გი-------------ძის მიერ ავ-------ლ ჭყ----აზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი-------------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში;
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად უნდა განიკარგოს საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - საგნები და ნივთები;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი-------------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს გი-------------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
გი-------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 12 ცალი ლითონის ფრაგმენტი და 4 ცალი პლასტმასის ფრაგმენტი, მოწითალო ფერის ლაქა და 4 ცალი ქვის კენჭი, ინახება შსს ქო----–---ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ავ-------ლ ჭყ----ას და ემ--------------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმები დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - ავ-------ლ ჭყ----ას ტანისამოსი, რომელიც ინახება შსს ქო----–---ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ემ--------------ის ტანისამოსი, რომელიც ინახება შსს ქო----–---ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ძებნის სამსახურს, საქართველოს შსს ქო----–---ის რაიონულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე