გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210118002661985
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28820-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - გ-------------------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------–---–ი

მოპასუხეები - კ----–------, წარმომადგენელი - რ---------------–----

ნ-----–----------------–--ლი

შ--------------------- ორგანიზაცია ,,ბ--------’’

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 სექტემბრის ნივთების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი ,,სამსუნგი’’, ორკარიანი, რუხი ფერის; 2. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი ,,სამსუნგი’’ შავი ფერის, პროცესორი/ქეისი, კლავიატურა და მაუსი შავი ფერის; 3. ტელევიზორი ,,სამსუნგი’’, თხევადკრისტალური, ბრტყელი ეკრანით, დიდი ზომის; 4. ძველი ტელევიზორი ,,ჯივისი’’ ვერცხლისფერი, ჩვეულებრივი, ოთხკუთხედი ეკრანით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ. თბილისი, ი-----------–------------–---ს ქუჩა (ყოფილი ნ-----–-----------ა) №----ში დაყადაღებული იქნა მოსარჩელის კუთნილი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი ,,სამსუნგი’’, ორკარიანი, რუხი ფერის; 2. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი ,,სამსუნგი’’ შავი ფერის, პროცესორი/ქეისი, კლავიატურა და მაუსი შავი ფერის; 3. ტელევიზორი ,,სამსუნგი’’, თხევადკრისტალური, ბრტყელი ეკრანით, დიდი ზომის; 4. ძველი ტელევიზორი ,,ჯივისი’’ ვერცხლისფერი, ჩვეულებრივი, ოთხკუთხედი ეკრანით.

 

აღნიშნული ნივთები დაყადაღებული იქნა მოსარჩელის მამის, მოვალე ნ-----–----------------–--ლის ფულადი ვალდებულების სანაცვლოდ კრედიტორ, მოპასუხე შ-- მისკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს სასარგებლოდ. აღნიშნული ქმედება კი კანონსაწინააღმდეგოა, რადგან დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს ნ-----–----------------–--ლის საკუთრებას. ისინი შეძენილია მოსარჩელის მიერ, ზოგი განვადებით და ზოგი ნაღდი ანგარიშსწრებით და განლაგებულია მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ 2-15, დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 39-51, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 11:21:52).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ-----–----------------–--ლმა შესაგებლით სარჩელი ცნო და აღნიშნული სასამართლო სხდომაზე დაადასტურა.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 67-66, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 11:24:25).

 

2.2. მოპასუხე კ----–------ს შესაგებლი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და სარჩელი ცნო.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 67-66, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 11:25:06).

 

2.3. რაც შეეხება მოპასუხე შ-- მ-----------------------------–-- ,,ბ--------’’-ს, ის პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2--------- წელს გაცემული №1--------------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება №A--------), რომლის მიხედვითაც მოპასუხე ნ-----–----------------–--ლს და კ----–------ს შ-- ,,მ-----------------------------–-- ,,ბ--------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრათ - 3271.01 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 05 ოქტომბერს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 30);

 

3.1.2. 2018 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ------------------მ, მოვალე ნ-----–----------------–--ლის ვალდებულების გამო, აღწერა და დააყადაღა ქ. თბილისში, ი-----------–------------–---ს ქუჩა (ყოფილი ნ-----–-----------ა) №----ში განთავსებული მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი ,,სამსუნგი’’, ორკარიანი, რუხი ფერის; 2. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი ,,სამსუნგი’’ შავი ფერის, პროცესორი/ქეისი, კლავიატურა და მაუსი შავი ფერის; 3. ტელევიზორი ,,სამსუნგი’’, თხევადკრისტალური, ბრტყელი ეკრანით, დიდი ზომის; 4. ძველი ტელევიზორი ,,ჯივისი’’ ვერცხლისფერი, ჩვეულებრივი, ოთხკუთხედი ეკრანით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (იხ. ს.ფ. 18-20).

 

3.1.3. ქ. თბილისში, ი-----------–------------–---ს ქუჩა (ყოფილი ნ-----–-----------ა) №----ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 114 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1/1 და №2/1 საერთო ფართით 54.74 (საკადასტრო კოდი 0---------------) რეგისტრირებულია გ-------------------–---–ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 16-17).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, მოწმეთა ჩვენების, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, დავის ფარგლებში ორი მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნების მატერიალურ და პროცესუალურ კომპონენტებს, ვინაიდან სამივე მოპასუხე წარმოადგენს აღნიშნულ დავაში სავალდებულო მოპასუხეებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო სამი მოპასუხის წინააღმდეგ კ----–------ს, ნ-----–----------------–--ლის და მ-----------------------------–-- ,,ბ--------ს’‘ მიმართ. კრედიტორი და მოვალე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის პოზიცია - სარჩელის ცნობა, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ი-----------–------------–---ს ქუჩა (ყოფილი ნ-----–-----------ა) №----ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 114 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1/1 და №2/1 საერთო ფართით 54.74 (საკადასტრო კოდი 0---------------) რეგისტრირებულია გ-------------------–---–ის საკუთრებად. შესაბამისად, ბინაში განთავსებული ნივთები ეკუთვნის მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე გ-------------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).

 

გ-------------------–---–ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, ორმა მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხოლო მესამეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

 

ამდენად, სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებელება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებით აღსრულების ფარგლებში დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულ იყო მოსარჩელის და მოვალის საცხოვრებელში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოძრავ ნივთთან დაკავშირებით აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფცია, იძულებით აღსრულებისას, აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადების დროს იცვლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი მუხლი კონკურენციაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა’’ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზუმფცია. იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის და იძულებით აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ქონების კუთვნილების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოვალეა და თითქმის ყოველთვის მოსარჩელესთან დაახლოებული სუბიექტია, ხოლო მეორე კრედიტორი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცნობდეს მოსარჩელეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია დაყადაღებული ნივთების წარმომავლობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალეები არიან ნ-----–----------------–--ლი და კ----–------, რის გამოც იძულებით აღსრულების ფარგლებში ყადაღა უნდა დაედოს მხოლოდ მოვალეთა საკუთრებაში არსებულ ქონებას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები:

 

მოწმე მ-------–---–------ განმარტავს, რომ არის მოსარჩელის, გ-------------------–---–ის და მოპასუხე ნ-----–-----------------------–---–ის მეზობელი. ცხოვრობს ქ. თბილისში, ნა----–--------------–-------------------ში. გიორგი მუშაობს და როდესაც სახლში ახალი ტექნიკა შეიძინა, კერძოდ ტელევიზორი, მაცივარი და კომპიუტერი, მას, როგორც უახლოეს მეზობელს დაუძახეს და აჩვენეს შენაძენი.

 

მოწმე მ------------–---–ი განმარტავს, რომ არის მოსარჩელე გ-------------------–---–ის მეზობელი, ცხოვრობს ქ. თბილისში, ძ------------–----------------ში. მოსარჩელის და მის საცხოვრებელ სახლს აქვს ერთი კედელი. გ-------------------–---–ის შვილი არის მისი შვილიშვილის ნათლია, დღეში შეიძლება ორჯერაც კი მივიდეს მათთან სტუმრად. დასახლებაში არის კერძო სახლები. მოსარჩელის სახლს აქვს ეზოც. გიორგი მუშაობს და ყველა ნივთი რაც სახლში აქვთ, არის მისი შეძენილი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქონება სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები არ არის მოვალეების კ----–------ს და ნ-----–----------------–--ლის საკუთრება. სასამართლოს მოსარჩელეთა ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არის გ-------------------–---–ის საკუთრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლო დაემტკიცებინა დაყადაღების აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა. ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება, ასევე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სარჩელში მითითებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ვინაიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი სარჩელზე და 50 (ორმოცდაათი) ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობისთვის, მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ გ-------------------–---–ის - 150 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს (სააღსრულებო წარმოება №A--------) 2018 წლის 25 სექტემბრის ნივთების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი ,,სამსუნგი’’, ორკარიანი, რუხი ფერის; 2. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი ,,სამსუნგი’’ შავი ფერის, პროცესორი/ქეისი, კლავიატურა და მაუსი შავი ფერის; 3. ტელევიზორი ,,სამსუნგი’’, თხევადკრისტალური, ბრტყელი ეკრანით, დიდი ზომის; 4. ძველი ტელევიზორი ,,ჯივისი’’ ვერცხლისფერი, ჩვეულებრივი, ოთხკუთხედი ეკრანით.

 

2. მოპასუხეებს - შ--------------------- ორგანიზაცია ,,ბ--------ს’’, კ----–------ს და ნ-----–----------------–--ლს გ-------------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 150 ლარის (100 ლარი სარჩელსა და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი თანხა) გადახდა;

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დარჩეს ძალაში;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე