განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119003329829
№1/392-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------.
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ----- ჯ-------,მამის სახელი: კ---–--,დაბადებული: 1--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლობა: მქონე,მცხოვრები: ქ. ხ----, სოფელი ძ---–- ხ-----–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ძ---–- ხ-----–-- ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ----- ჯ-------- თავის დედას, ლ------ ჯ-------- ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ არის ქალი და არ გააჩნია უფლებები, ერთხელ დაარტყა ფეხი ქვედა ტანის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულმა რ----- ჯ-------- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ლ------ ჯ------- არის ბრალდებულ რ----- ჯ-------- დედა.
ის, რომ ბრალდებულმა რ----- ჯ-------- 2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ძ---–- ხ-----–--ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, თავის დედას - ლ------ ჯ-------- ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ არის ქალი და არ გააჩნია უფლებები ერთხელ დაარტყა ფეხი ქვედა ტანის არეში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ რ----- ჯ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ლ------ ჯ--------, მ--------- ჯ-------- და ლ---- შ--------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ბრალდებულ რ----- ჯ-------- დაკავების ოქმით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ რ----- ჯ-------- მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- ჯ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
რ----- ჯ-------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ვინაიდან რ----- ჯ------- წარსულში ნასამართლევია განზრახი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის და დღეის მდგომარეობით გასული არ არის კანონით გათვალისწინებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, ის იმყოფება გამოსაცდელი ვადის პერიოდში, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ რ----- ჯ------- ოჯახში ძალადობის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, რ----- ჯ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს).
რ----- ჯ-------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, ჩადენილი ქმედების გულწრფელ მონანიებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გარემოებების და ბრალდებულის მიმართ შერაცხული მუხლის სანქციის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----- ჯ-------- სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, ამავე დროს უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს საბოლოო სასჯელი, რაც იქნება თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ჯ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების საფუძველზე, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ჯ-------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ რ----- ჯ-------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ნოემბრის 21:12 საათიდან.
3. მსჯავრდებულ რ----- ჯ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე