გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
190210018002759130
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3200-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.11.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ვ----ი”

წარმომადგენლები თემურ პოპიაშვილი, დირექტორი მ----- ბ--–--ე

მოპასუხე შპს რ----------–---–ი

წარმომადგენელი მზია პატარაშვილი

დავის საგანი ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟი, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს რ----------–---–ს დაევალოს საკუთარი სახსრებით განახორციელოს შპს ვ----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან კოდი 0----------- ელექტროგადამცემი ხაზი საყრდენებისა და ელექტროხაზის დემონტაჟი;

1.2. შპს რ----------–---–ს დაეკისროს შპს ვ----ისათვის 80 000 ლარის გადახდა 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში მიწის ნაკვეთის უკანონო სარგებლობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

 

სარჩელის გარემოებები

 

მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 6 კვ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ბოძები, რომლითაც ელექტრონერგია მიეწოდება შპს რ----------–---–ის სატუმბ სადგურს. მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 2005 წლის 16 აგვისტოდან. გადამცემი ხაზების სისტემა მიწის ნაკვეთზე მესაკუთრესთან შეუთანხმებლად არის გაყვანილი 2009 წლიდან. მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს გასცა ქალაქ რუსთავის მერიამ, რომელმაც მიანიჭა ასევე ავტოსამრეცხაოს მშენებლობის ნებართვა. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების არსებობის გამო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა, რის გამოც მას კომერციული დანიშნულებით ვეღარ იყენებს, რითიც კარგავს შემოსავალს. მინიმალური ზიანი რასაც განიცდის შეიძლება განისაზღვროს ამ მიწის იჯარის ფასით, რაც ერთი კვადრატული მეტრისათვის 1-1,5 ლარს შეადგენს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები განთავსებული იყო, ვიდრე მიწა საკუთრებაში გადაეცემოდა მოსარჩელეს. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ორთოფოტოზე 2000 წლის მდგომარეობით ფიქსირდება ნაკვეთზე გადამცემი ხაზების არსებობა. გადამცემი ხაზები და მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარის ნაპირას, რის გამოც წყალდიდობის შედეგად მდინარის პირას მდებარე ბოძს საყრდენი გამოეცალა და 2014 წელს გადაიტანეს რუსთავის მერიის ნებართვით. ამ დროს მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად იყო რეგისტრირებული, რადგან შემდგომ როცა მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა, საჯარო რეესტრში დაფიქსირდა გადაფარვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ამ გარემოებების გამო, მოსარჩელეს ეკისრება მიწის ნაკვეთზე გადამცემი ხაზების არსებობის თმენის ვალდებულება. მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიაჩნია გადამცემი ხაზის გადატანის მოთხოვნა მოპასუხი ხარჯით, რადგან „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გადამცემი ხაზის გადატანის ხარჯები ეკისრება ამის ინიციატორს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მოპასუხე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ თავად მოსარჩელემაც მიუთითა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა ავტოსამრეცხაო, რომელიც რ----------–---–ის მოთხოვნით არ დანგრეულია, ხოლო ავტოსამრეცხაოს დანგრევის შემდეგ მოსარჩელეს არ მოუთხოვია მათგან ასეთი საქმიანობის ნებართვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა, რის გამოც საჭიროა მათი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით დადგენა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ვ----ი“ არის უძრავი ქონების - ქ. რუსთავში, ყოფილი პლატინის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (კოდი 0-----------) მესაკუთრე. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ხაზის საყრდენი ბოძები, რომლითაც ელექტროენერგია მიწოდება შპს რ----------–---–ის სატუმბ სადგურს.

 

2018 წლის 5 ივლისს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ვ----ის“ საკუთრებაშია ქ. რუსთავში, ყოფილი პლატინის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 0-----------. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2016 წლის 13 ოქტომბრიდან, ხოლო უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია 2016 წლის 18 თებერვალს.

 

უფლების რეგისტრაციის საფუძველია ქ. რუსთავის მერის 1995 წლის 24 ივლისის განკარგულება. ამ განკარგულებით, ფირმა „ლედის“, რომლის უფლებამონაცვლეა შპს ვ----ი, გამოეყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი ყოფილი პლატინის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანების სამრეცხაოსათვის. დადგენილებით განსაზღვრულია, რომ მიწის რენტის გადასახადი გადახდილი იქნეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. განკარგულების ძალაში შესვლის მომენტად განსაზღვრულია მხარეებს შორის მიწათსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების დღე.

 

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, შპს ვ----ის საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. რუსთავში, ყოფილი პლატინის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 0-----------. ამონაწერში მითითებულია უფლების რეგისტრაციის შესახებ განაცხადის თარიღი 16.08.2005წ. ამ ამონაწერით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრება რეგისტრირებულია 2005 წლის 16 აგვისტოდან, რადგან უფრო ადრე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2016 წლამდე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 15 დეკემბერს მიღებულია გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც შეჩერდა წარმოება შპს ვ----ის 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადებაზე რუსთავში, პლატინის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან ზედდება. კერძოდ, ზედდება ფიქსირდება მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის კოდი 0-----------, რომლის მესაკუთრეა თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. საქმეში წარმოდგენილია ზედდების ამსახველი ნახაზი, რომლის მიხედვით, აზომვით ნახაზზე გამოსახული მოსარჩელის მიწის ნაკვეთი კოდი 0----------- მთლიანად მოქცეულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

ამდენად, 2016 წლამდე მოსარჩელის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, ხოლო ამ მიწის ნაკვეთის მდებარეობა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული იყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული 513 191 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებში კოდი 0-----------.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- მერიის განკარგულება (ს.ფ. 28. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 21-22. 65. ტომი 1)

- გადაფარვის ამსახველი ნახაზი და სარეგისტრაციო წარმოების მასალები (ს.ფ. 49-51. ტომი 2)

- საჯარო რესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 47-48. ტომი 2)

 

3.2.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 6 კვტ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და გადამცემი ხაზის 4 ერთეული საყრდენი ბოძი. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა და საყრდენი ბოძები მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე. 1 ცალი საყრდენი ბოძი მიწის ნაკვეთზე განთავსდა 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქალაქ რუსთავის მერიის ნებართვით. ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის არსებობის გამო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ვრცელდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები .

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს მანაპეტის მიერ 2018 წლის 17 აპრილს შედგენილი სიტუაციური გეგმა, სადაც ასახულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზის და საყრდენი ბოძების განლაგების სქემა, ასევე მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვის ზონები.

 

ამ ნახაზით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 4 გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი და მაღალი ძაბვის საჰაერო გადამცემი ხაზი. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ საჰაერო გადამცემი ხაზი არის 6 კვტ სიმძლავრის. გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძები განლაგებულია მიწის ნაკვეთის სხვადასხვა მხარეს. კერძოდ, ერთი ბოძი განლაგებულია მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს საკადასტრო საზღვართან, ხოლო სამი ბოძი განლაგებულია მიწის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს, საიდანაც ერთ ბოძი მდებარეობს მიწის ნაკვეთის საზღვართან განაპირას, ხოლი ორი ბოძი მდებარეობს მიწის ნაკვეთის სიღრმეში.

 

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონები და ამ ზონებში არსებული შეზღუდვები. ამ დადგენილებით სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზისათვის სხვადასხვა მანძილის დაცვის ზონებია დადგენილი და შესაბამისად ამ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა შეზღუდვებია დადგენილი. კერძოდ, დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით:

ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი;

ა.ა.ბ) 150, 220 კვ-25 მეტრი;

ა.ა.გ) 110 კვ-20 მეტრი;

ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი;

ა.ა.ე) 1 – 20 კვ-10 მეტრი;

ა.ა.ვ) 1 კვ-მდე-2 მეტრი;

 

ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრეა 6 კვტ, რის გამოც მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან 10 მეტრის მანძილზე. შპს „მანაპეტის“ მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო სარგებლობისათვის შეზღუდული ფართია 1096,4 კვ.მ., შესაბამისად შეზღუდვა არ ვრცელდება მიწის ნაკვეთიდან 1403,6 კვ.მ ფართზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ საყრდენი ბოძები და შესაბამისად გადამცემი ხაზიც მიწის ნაკვეთის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართიც მიწის ნაკვთის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, რაც ამცირებს ამ ფართის დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

 

მოპასუხის განმარტებით, შეზღუდვისაგან თავისუფალია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნახევარზე მეტი, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ფართის დანიშნულების მიხედვით გამოყენების საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ბოძების განლაგების კონფიგურაცია. წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე არსებული ბოძებიდან 2 საყრდენი ბოძი განთავსებულია პერპენდიკულარულად - ისინი სიბრტყესთან სწორ კუთხეს ქმნიან, ამასთან, ერთი ბოძი განთავსებულია მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვართან განაპირას, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის სიღრმეში, რის გამოც ამგვარი განლაგების გამო ბოძებს შორის სივრცეში მოქცეულ მთელ მიწის ფართზე ვრცელდება შეზღუდვა. დანარჩენი ორი ბოძი განლაგებულია მიწის ნაკვეთის სიღრმეში განთავსებული ბოძის პარალელურად, მიმდევრობით ერთ ზოლზე, რის გამოც შეზღუდვა ვრცელდება ამ ორ ბოძს შორის სივრცეში მოქცეულ მთელ მიწის ნაკვეთზე. ეს ფართი მიწის ნაკვეთის დიდ ნაწილს მოიცავს და მდებარეობს ნაკვეთის სიღრმეში. შეზღუდვის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის სამხრეთ საზღვარს შორის დარჩენილია მიწის ფართის მცირე მანძილი. საყრდენი ბოძების ამგვარი განლაგების გამო შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართი მიწის ნაკვეთის სხვადასხვა მხარესაა და არა ბოძებისგან რომელიმე ერთ მხარეს ერთიანი ფართობის სახით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ გადამცემი ხაზი და ბოძები მის მიწის ნაკვეთზე განთავსდა მას შემდეგ, რაც მას წარმოეშვა ნაკვეთზე საკუთრების უფლება. მოსარჩელის განმარტებით, გადამცემი ხაზი მიწის ნაკვეთზე გაყვანილია 2009 წელს. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2019 წლის 17 სექტემბერს შპს ჯენერალ აუდიტის საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ერთვის სადაო ტერიტორიის ორთოფოტო, რომელზეც მითითებულია, რომ მასზე ასახულია მიწის ნაკვეთის მდგომარეობა 2000 წლის მდგომარეობით. ორთოფოტოზე გამოსახულია მიწის ნაკვეთზე მდებარე ელექროგადამცემი ხაზები, რის გამოც ამ ორთოფოტოთი დასტურდება, რომ 2000 წელს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზი და მისი საყრდენი ბოძები.

 

მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძებიდან 2014 წლის ოქტომბერში განხორციელდა ერთი ბოძის და შესაბამისად საჰაერო ხაზის რეკონსტრუქცია, რის შედეგად მდინარის ნაპირას მდებარე ავარული ბოძი გადმოიტანეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 აგვისტოს წერილით შპს რ----------–---–ს ეცნობა, რომ 2014 წელს დაგეგმილია ნაპირდაცვითი სამუშაოების ჩატარება ქ. რუსთავში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროს ზონაში. სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ზომების დასაცავად აუცილებელია ქვესადგური პატარა რუსთავიდან გამომავალი მეორე სატუმბი სადგურის მკვებავი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვა. წერილით მოთხოვნილია სათადარიგო გადამცემი ხაზის წესრიგში მოყვანა და მეორე სატუმბი სადგურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. ამ წერილის პასუხად შპს „რ----------–---–მა“ მერიას აცნობა, რომ შპს „რ----------–---–ი“ მოემზადება მიიღოს ელექტროენერგია მეტალურგიის ფიდერიდან.

 

რუსთავის მერიის 2014 წლის 4 სექტემბრის წერილით შპს „რ----------–---–ს“ საავტომობილი გზების დეპარტამენტის წერილის საფუძველზე ეთხოვა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოების დროს ელექტროგადამცემი ანძის უსაფრთხოება ან გადატანა. საქმეში წარმოდგენილია შპს რ----------–---–ის დირექტორის პირველი მოადგილის მ----- კანდელაკის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც მითითებულია, რომ ფიდერი N6-ის ე.გ.ხ. ანძა მდინარის კალაპოტის საყრდენ კედელთან ახლოსაა, მდინარემ საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, აგრეთვე წყალმა წაიღო მიწის გრუნტი, სადაც ანძები იყო დაბეტონებული, რამაც გამოიწვია საყრდენი კედლის ჩანგრევა, ანძები დარჩა ჰაერში დაკიდებული. ამ დროისათვის ფიდერი N6 ავარიულ მდგომარეობაშია, მოსალოდნელია მათი წაქცევა, რის გამოც მე-2 აწევის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტრომომარაგება და დარჩება მხოლოდ ფირედ N18-ზე. მოხსენებითი ბარათით მოთხოვნილია შპს GWP-ს და შპს რ----------–---–ის დირექტორებისგან თანხმობა ფიდერ N6-ის ანძის გადატანის სამუშაობისათვის საჭირო დაფინანსების გამოყოფაზე.

 

მდინარის ნაპირას მდებარე ავარიული გადამცემი ბოძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა ი.მ. დავით კობახიძის მიერ 2014 წლის ოქტომბერში. სამუშაოების ექსპლოატაციაში მიღების აქტის თანახმად, სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 28 ოქტომბერს.

 

სამუშაოების შედეგად გადამცემი ხაზის ერთი ბოძი მდინარის ნაპირიდან გადმოიტანეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრებში საზღვრის განაპირას.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- სიტუაციური გეგმა (ს.ფ. 102. ტომი 1)

- წერილების ასლები (ს.ფ. 110-116. ტომი 1)

- ორთოფოტო (ს.ფ. 176. ტომი 1)

 

3.2.3. მოსარჩელის მიწის ნაკვეთს გააჩნია კომერციული დანიშნულება, მას მიწის ნაკვეთი ქალაქ რუსთავის მერიამ გადასცა ავტოსამრეცხაოს მოსაწყობად, რასაც ახორციელებდა ფაქტობრივადაც. ამჟამად მიწის ნაკვეთზე ავტოსამრეცხაოს ნაგებობა აღარ არსებობს და იგი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვ6ის.

 

როგორ აღინიშნა, ქალაქ რუსთავის მერიის გადაწყვტეილებით მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი გადაეცა 1995 წელს ავტოსამრეცხაოს მოსაწყობად. ქ. რუსთავის გამგეობის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1995 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სამშენებლო პასპორტით ნებადართულია მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი შენობის აგება ავტოსამრეცხაოს მოსაწყობად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა ავტოსამრეცხაო, რომლის დემონტაჟი შპს რ----------–---–ს არ მოუთხოვია. ავტოსამრეცხო აღარ არსებობს დაახლოებით 7 წელია.

 

მოსარჩელე მიწის ნაკვეთის სარგებლობის შეზღუდვისათვის მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მისი მიწის ნაკვეთის გაქირავების საბაზრო ღირებულების საფუძველზე, რადგან მოსარჩელის განმარტებით, იგი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის გზით მიიღებდა მინიმალურ შემოსავალს, რაც ამ მიწის ნაკვეთის კომერციული დანიშნულებით გამოყენებით არის შესაძლებელი. ზიანის ოდენობის გაანგარიშებისათვის წარმოადგინა შპს ჯენერალ აუდიტის 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, შპს ვ----ის მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის გაქირავების საბაზრო ღირებულება 2016-2019 წლების მდგომარეობით, არსებულ ბაზარზე ანალოგიური საქონლის გაქირავების ფასების გათვალისწინებით, შესაძლებელია განისაზღვროს 1 ლარიდან 1,5 ლარამდე ოდენობით. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ეს ფასი არის მიწის ნაკვეთის ყოველთვიური გაქირავების ფასი, რაც განსაზღვრულია მისი ტერიტორიული მდებარეობის და კომერციული მახასიათებლების გათვალისწინებით.

 

ამ დასკვნის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის 1,5 ლარად იჯარის გაცემის შემთხვევაში ყოველთვიური საიჯარო ქირის საფასური შეადგენს 3750 ლარს, რაც წელიწადში 45 000 ლარია, ხოლო სარჩელი მოთხოვნილ სამწლიან პერიოდში არის 135 000 ლარი. იჯარის ფასის 1 ლარით განსაზღვრის შემთხვევაში ყოველთვიური საიჯარო ფასია 2500 ლარი, რაც წელიწადში 30 000 ლარია, ხოლო სარჩელით მოთხოვნილ 3 წლიან პერიოდში შეადგენს 90 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს დასადგენ გარემოებასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ეს ნორმა განსაზღვრავს სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი, შეჯიბრებითობის პრინციპის არსს, რომლის მიხედვით მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის საფუძვლად არსებული გარემოებების დადასტურების ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ უნდა დაადასტუროს სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა თავისი შინაარსით საექსპერტო დასკვნაა, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ღირებულება. ამ საკითხზე სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მოპასუხეს ამ მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი ნაკვეთის იჯარით გაცემის ფასი ამ დასკვნის საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სამშენებლო პასპორტი (ს.ფ. 23-44. ტომი 1)

- შპს ჯენერალ აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 170-178. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზები არსებობდა ამ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობამდე, რის გამოც მოსარჩელემ უნდა ითმინოს მიწის ნაკვეთზე ამგვარი ზემოქმედება. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ელექტროგადამცემი ხაზის არსებობისათვის აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 170-ე, მე-1000, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 180-ე მუხლი, მე-5 მუხლი

· „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა სამეზობლო სამართლებრივი ხასიათისაა, რადგან შეეხება მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთზე მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემი ხაზიდან მომდინარე ზემოქმედებას და ამგვარი ზემოქმედებით წარმოშობილი შეზღუდვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სისტემა უძრავი ნივთი არ არის, თუმცა განსაკუთრებული სამეურნეო დანიშნულებისა და მომეტებული საფრთხის გამო გადამცემი ხაზის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები. იგი როგორც ხაზოვანი ნაგებობა ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველაზე მსგავი ურთიერთობაა სამეზობლო სამართლებრივი ურთიერთობა და დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 174-ე და და 180-ე მუხლების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ნივთის მესაკუთრეები, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

აღნიშნული ნორმით დამკვიდრებულია სამეზობლო სამართლის ზოგადი პრინციპი იმის შესახებ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთის ინტერესებს და გაუმართლებლად, დაუსაბუთებლად არ ხელყონ ერთმანეთის უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

ამ ნორმის საფუძველზე საკუთრებით სარგებლობის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის და მესაკუთრის უფლებამოსილებების შეზღუდვა დასაშვებია სხვა კერძო პირთა ინტერესების ან საჯარო ინტერესების გამო იმ პირობით, რომ ამით უგულებელყოფილი არ იქნება საკუთრების ძირითადი არსი.

 

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სისტემა მომეტებული საფრთხის შემცველი ნაგებობაა, რის გამო ნორმატიული აქტით სპეციალურადაა დადგენილი მისი ექსპლოატაციის წესები და მის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთებზე გავრცელებული შეზღუდვები.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის. ამ ნორმის 1-ლი-მე-3 ნაწილების თანახმად, 1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

 

ამ ნორმის მიხედვით მომეტებული საფრთხის მქონე ნაგებობას წარმოადგენს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის დაზიანების შედეგად სხვა პირისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ეკისრება ხაზის მფლობელს მისი ბრალის მიუხედავად, რადგან ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს დაუძლეველი ძალის მოქმედება.

 

იმის გამო, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია, შესაბამისი ნორმატიული აქტითაა დადგენილი მისი დაცვის წესები და დაცვის ზონების რეგულირების პირობები. ამ ნორმების მიზანი სწორედ ელექტროგადამცემი ხაზიდან მომდინარე, ასევე მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებაა და ამ მიზანს ემსახურება დაცვის ზონების განსაზღვრა და ამ ზონაში საქმიანობისათვის შეზღუდვების დაწესება.

 

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების 1-ლი მუხლის მიხედვით, 1. ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. 2. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. 3. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.

 

დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ვ) ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ახდენს საჰაერო ან/და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე; თ) მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება.

 

ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, 6 კვტ სიმძლავრის გადამცემი ხაზის დაცვის ზონის მანძილში ექცევა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 10 მეტრით. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა თითოეული ანძიდან და ანძებზე გაჭიმული საჰაერო ხაზიდან ორივე მხარეს 10 მეტრის მანძილზე.

 

დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში არსებული შეზღუდვები, ამ ნორმის მიხედვით, სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზისათვის დაწესებულია შეზღუდვის გავრცელების სხვადასხვა მანძილი, ასევე საქმიანობისათვის დაწესებულია შეზღუდვები, რაც ყველა შემთხვევაში საერთოა ყველა ტიპის გადამცემი ხაზის შემთხვევაში. დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, მათ შორისაა „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ჭავლსატყორცნი სარწყავი სისტემის მოწყობა, ასევე სარწყავების მოწყობა გაშხეფების გზით.

 

მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რაც ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია. კერძოდ, ნებართვის გარეშე აკძალულია - ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; ბ) გეოლოგიურ-დაზვერვით და საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოება; გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.; დ) ავტოტრანსპორტის და სხვა მანქანა-მექანიზმების სადგომების და გადასასვლელი გზების მოწყობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არაგაბარიტული ტვირთების გატარება; ე) მცურავი საშუალებების ნავსადგომების მოწყობა, ფსკერის დაღრმავებისა და მიწის ამოღების, მცურავი საშუალებების დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოთა წარმოება, ღუზის ჩაშვება, ჩაშვებული ღუზით მოძრაობა, თევზისა და წყლის მცენარეების რეწვა; ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება. შესაბამისად, ამ სამუშაოების წარმოება სრულად აკრძალული არ არის, თუმცა მათი შესრულება დასაშვებია მხოლოდ ელქტრნულ ქსელის მფლობელის ნებართვით, ამასთაბნ, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი.

 

ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები, თუმცა ეს გარემოება გადამცემი ხაზის და მისი საყრდენი ბოძების დემონტაჟის საკმარისი საფუძველი არ არის. სარჩელის საფუძვლიანობის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს, თუ როდის გაიყვანეს მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხაზის გაყვანის დროის დადგენაზე დამოკიდებულია ის, არსებობს თუ არა გადამცემი ხაზის დემონტაჟის გზით ხელშეშლის აღკვეთის საფუძველი. მოსარჩელე გადამცემი ხაზის დემონტაჟს მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეშლის აღკვეთის გზით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა არის ნეგატორული სარჩელი და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვ.) სადავო სამართლებრივ სიკეთესთან მიმართებით, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრებას. 172-ე მუხლის II ნაწილი არის I ნაწილის განმავრცობელი დებულება. კანონმდებლის კონცეფციის მიხედვით, მესაკუთრის უფლებამოსილებები დაცული უნდა იყოს საკუთრების ხელყოფისაგან, რომელიც არ უკავშირდება მფლობელობის დაკარგვას. ზოგადად, საკუთრების ხელშეშლა არის საკუთრების შინაარსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება. მიუხედავად ხელშეშლის ცნების ფართო გაგებისა, იგი მაინც 172-ე მუხლის სიტყვასიტყვით მნიშვნელობაში უნდა მოიაზრებოდეს (სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის კომენტარი გვ.85-86 )

 

სადაო შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებები ხელშეშლის აღკვეთის საფუძველი შეიძლება იყოს და მოთხოვნა შინაარსის მიხედვით უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა არ არის, რადგან ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო მოსარჩელეს ნივთი არ ჩამორთმევია. ამ ნაკვეთის მფლობელობას მოპასუხე კი არ ახორციელებს, არამედ ელექტროგადამცემი ხაზის გამო მომდინარე ზემოქმედების გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს მიწის ნაკვეთით.

 

172-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა არის საკუთრების შინაარსის საწინააღმდეგო ჩარევა მესაკუთრის ფაქტობრივ ან სამართლებრივ უფლებამოსილებებში. საკუთრების ხელშეშლა გამოწვეული უნდა იყოს მესამე პირის ქცევის შედეგად. ნორმის მოქმედება არ ვრცელდება მხოლოდ ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ხელშეშლის მდგომარეობაზე. ტრადიციულად, ხელშემშლელი არის პირი, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქმედებით, ან უკანონო უმოქმედობით გამოიწვევს საკუთრების ხელშეშლას ან ხელყოფას. ასევე, ხელშემშლელია იმ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი პირი, რომლისგანაც მომდინარეობს საკუთრების ხელშეშლა (სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის კომენტარი გვ.85-86 ).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების არსებობით მოპასუხე არამართლზომიერ ხელშეშლას არ ახორციელებს, რადგან გადამცემი ხაზები მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობამდე არსებობდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2005 წელს, ხოლო ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება მიწის ნაკვეთზე გადამცემი ხაზი არსებობა 2000 წლის მდგომარეობით. შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე ამ ნაკვეთზე უკვე არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების მიხედვით ეს ნაკვეთი რეგისტრირებული იყო ქალაქ რუსთავის თვითმმართველობის საკუთრებად.

 

მართალია საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორის პრეზუმფციის პრინციპის საფუძველზე მესამე პირის მიმართ ეს პრინციპი მოქმედებს, რაც რეგისტრირებული უფლების მფლობელის და უფლების შინაარსის მიმართ მესამე პირის ნდობის საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი გადაეცა დროებით სასყიდლიანი სარგებლობისათვის, ხოლო საკუთრების უფლება წარმოეშვა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლითაც კერძო საკუთრების უფლება მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2014 წელს გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძის სამონტაჟო სამუშაოების წარმოების დროს მოსარჩელე პროტესტს გამოხატავდა მის მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოების გამო. საქმეში არ არის წარმოდგენილი შპს ვ----ის წერილი, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შპს რ----------–---–ისათვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთზე შპს ვ----ის უფლებების შესახებ და მას გააჩნდა საფუძველი ეჭვქვეშ დაეყენებინა მიწის ნაკვეთზე რუსთავის თვითმმართველობის საკუთრების რეგისტრაციის სისწორე.

 

მოსარჩელემ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით მისი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა 2014 წლის 12 დეკემბერს, რა დროსაც გამოვლინდა ზედდება ქალაქ რუსთავის თვითმმართველობის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ამ დროისათვის ელექტროგადამცემი ხაზი უკვე არსებობდა მიწის ნაკვეთზე და ამასთანავე 2014 წლის ოქტომბერში დასრულებული იყო მდინარის ნაპირიდან სადაო მიწის ნაკვეთზე საყრდენი ბოძის გადმოტანის სამუშაოები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე Nას-1306-2017 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაში მითითებულია სააპელაციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გადატანის შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 2007 წლის 19 ივლისს, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 მარტს და ექსპლუატაციაში შევიდა 2007 წლის 9 მარტს. ამრიგად, მოპასუხემ ელექტროხაზები არა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიყვანა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზედაც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი მიწის ნაკვეთი, ელექტროსადენების გადატანის ვალდებულება მოპასუხეს თავისივე ხარჯებით არ ეკისრებოდა. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის 964-ე ბრძანებულების თანახმად, მოპასუხეს თავისი ხარჯით არ აქვს ელექტროსადენების გადატანის ვალდებულება. პალატამ განმარტა, რომ მოპასუხემ გაწია ხარჯები მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების განთავსებისას, შესაბამისად, მესაკუთრის შეცვლის, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ამ ნაკვეთის გადასვლის შემთხვევაში, მოპასუხე არ არის ვალდებული, მიიღოს ახალი მესაკუთრისაგან ნებართვა ან, მისი მოთხოვნისამებრ, საკუთარი ხარჯებით გადაიტანოს ელექტროხაზები სხვა ადგილას. ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, მათი გადატანა შესაძლებელია მიწის მესაკუთრის ხარჯებით, თუკი ტექნიკურად შესაძლებელია“.

 

ამდენად, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის სწორი, ზუსტი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაცია მოითხოვა მას შემდეგ, რაც დასრულდა საყრდენი ბოძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო მანამდე ამ სამუშაოების შესახებ წერილობითი პრეტენზია არ განუცხადებია. ამდენად, გადამცემი ხაზი მიწის ნაკვეთზე არსებობს იმ დროიდან, როცა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ჯერ მოსარჩელე არ იყო, შესაბამისად, მესაკუთრის შეცვლის გამო ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელს არ ევალება ახალი მესაკუთრისგან ნებართვის მიღება ამ ნაკვეთზე გადამცემი ხაზის ექსპლოატაციისათვის.

 

აღნიშნული გარემოების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს წარმოეშვა მის მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების არსებობის თმენის ვალდებულება და მისი მიწის ნაკვეთის დატვირთვა აუცილებელი გზით. 180-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. 2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

 

ამ ნორმის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს ნაკვეთის მესაკუთრეს ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე Nას-1306-2017 2018 წლის 30 იანვრის განჩინება).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ურთიერთობის მოწესრიგებისათვის კანონის ანალოგიის წესით გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექის 180-ე მუხლი ამავე კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). 180-ე მუხლი ადგენს მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნისათვის სხვა მიწის ნაკვეთის დატვირთვას, მაგრამ რადგან ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება თავად ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ და არა მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთიდან მასზე განლაგებული გადამცემი ხაზიდან მომდინარე ზემოქმედებას, ყველაზე მსგავსი 180-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობაა.

 

180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზის უფლება დაინტერესებულ პირს ანიჭებს უფლებას მესამე პირის ანუ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი გამოიყენოს საჯარო საკომუნიკაციო ქსელებთან სათანადო კავშირისათვის, რაც საკუთრების უფლების კანონისმიერი შეზღუდვის ერთერთი ფორმაა. აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვის მიზანია სხვა ქონებისათვის საჯარო გზებთან, ელექტრო ან სხვა საკომუნიკაციო ქსელებთან შეუფერხებელი და აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგია მიეწოდება შპს რ----------–---–ის სატუმბ სადგურს, რის გამოც მოპასუხის სასარგებლოდ აუცილებელი გზის უფლებით დატვირთულია მოსარჩელის უძრავი ქონება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 180-ე მუხლის საფუძველზე აუცილებელი გზით დატვირთვა შეზღუდვის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას მიიღოს კომპენსაცია აუცილებელი გზის თმენისათვის, რადგან 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 80 000 ლარის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლების საფუძველზე, რაც დელიქტური ვალდებულების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, რადგან 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი დელიქტი - ანუ არამართლზომიერი და ბრალეული ქმედება არ არის და მოსარჩელეს თანხა უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი გზის უფლებით მისი მიწის ნაკვეთის თმენის ვალდებულებისათვის.

 

მოპასუხის განმარტებით, რადგან მიწის ნაკვეთის ნახევარზე მეტი შეზღუდვისაგან თავისუფალია, ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ფულადი კომპენსაცის გადაწყვეტის დროს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაში საქმე N1306-1226-2017. ამ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ შეზღუდვის გავრცელების ფართობის პროპორციულად შეამცირა თანხის ოდენობა შემდეგი დასაბუთებით. კერძოდ, "17. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, საჰაერო ხაზების განთავსების გამო, 30 პროცენტით ნაკლები იყო ჩვეულებრივ საბაზრო ღირებულებაზე. პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა თანხის ანაზღაურება მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ელექტროხაზები გადის მიწის ნაკვეთის ნაწილზე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მთლიანად 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა, არამედ მისი მხოლოდ 30 პროცენტი, რომელიც 450 კვ.მ-ს შეადგენს“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი აუცილებელი გზის ვალდებულებით დატვირთულ მიწის ნაკვეთს აქვს კომერციული დანიშნულება, თმენისათვის კომპენსაცია შესაძლოა განისაზღვროს მისი გაქირავების ფასით, რადგან იჯარით გაცემა არის უძრავი ქონების ჩვეულებრივი სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის გამო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვების გამო მიწის სათანადო დანიშნულებით გამოყენება შეზღუდულია, რის გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს თმენის ფულადი კომპენსაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ შეზღუდვის გავრცელების ფარგლების საფუძველზე უნდა განისაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, რის გამოც შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას, მიწის ნაკვეთზე სრულად თუ ნაწილობრივ ვრცელდება შეზღუდვა.

 

ამ შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის გამო წარმოშობილი შეზღუდვები ვრცელდება მიწის ნაკვეთის ნაწილზე, ხოლო მოსარჩელეს ნებადართული ჰქონდა ნაკვეთზე ავტოსამრეცხაოს ექსპლოატაცია. მართალია შეზღუდვა ვრცელდება მიწის ნაკვეთის ნახევარზე ნაკლებ ფართზე, მაგრამ გადამცემი ხაზის საყრდენი ბოძების განლაგების კონფიგურაციის გამო შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართი იმგვარადაა განლაგებული, რომ არ იძლევა მისი სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, შეუზღუდავი ფართი მიწის ნაკვეთის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს, რის გამოც მთელი ფართის სათანადოდ გამოყენება შესაძლებელი არ არის. მიწის ნაკვეთის სარგებლობის საკითხის შეფასებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, თუ შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართს საჯარო გზასთან როგორი მდებარეობა აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის ერთის მხრივ მდინარეს ესაზღვრება, რის გამო ამ მხარეს მდებარე შეუზღუდავი ფართის გამოყენების შესაძლებლობა მცირეა. კერძოდ, შეზღუდვისაგან თავისუფალ სხვა ფართზე მესაკუთრეს საქმიანობა არ ეზღუდება, მაგრამ მდინარის პირას მდებარე ფართი ვერ იქნება გამოყენებული ავტოსამრეცხაოსათვის. შესაბამისად, შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართის სრულად გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტოსამრეცხაოს დანიშნულების მქონე ნაგებობის მშენებლობა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დასაშვებია ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის ნებართვის და შესაბამისი ტექნიკური პირობების დაცვით, თუმცა ეს გარემოება მოპასუხეს ფულადი კომპენსაციის გადახდისაგან არ ათავისუფლებს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე აუცილებელი გზის თმენისათვის დაინტერესებულმა პირმა მესაკუთრეს უნდა გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ფულადი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა ამ ფართის განლაგების კონფიგურაციის გამო შეუძლებელია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფულად მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ვ----ის სარჩელი;

1.1. არ დაკმაყოფილდეს შპს ვ----ის მოთხოვნა მისი მიწის ნაკვეთიდან ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟის შესახებ;

1.2. შპს რ----------–---–ს დაეკისროს შპს ვ----ისათვის 80 000 ლარის გადახდა;

 

2. შპს რ----------–---–ის დაეკისროს შპს ვ----ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 2400 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი