გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210117001802886
#2/343-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.12.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ს----------–--------ი
წარმომადგენელი - გ--------–-----ა;
მოპასუხე - გ----------–-----ე;
წარმომადგენელი- ნ----------------–-ა;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ----------–-----ეს- სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს #2805696P ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე 2893,18 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1038,29 აშშ დოლარს, სარგებელი 847,71 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1007,18 აშშ დოლარს.
1.2. გ----------–-----ეს- სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 150 ლარის და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 14.06.2019წ სასამართლო სხდომაზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ს----------–--------ის და სს პ-----------ის შერწყმა, სს ს----------–--------ი წარმოადგენს სს პ-----------ის უფლებამონაცვლეს. 2013 წლის 14 აგვისტოს სს პ-----------სა და გ----------–-----ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 8000 ლარს, 1 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს. 2016 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით გ----------–-----ეს ერიცხება დავალიანება 2893,18 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1038,29 აშშ დოლარს, სარგებელი 847,71 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1007,18 აშშ დოლარს. მსესხებელს სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, ხოლო მოგვიანებით მსესხებელმა შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
2015 წლის 06 ოქტომბერს სს ს----------–--------ის მიერ გ----------–-----ის მიმართ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ გ----------–-----ის მხრიდან წარდგენილი იქნა პროტესტი. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 1038,29 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 14 აგვისტოს სს პ-----------სა და გ----------–-----ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 8000 ლარს, 1 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 14.08.2013 წლის ხელშეკრულება;
3.1.2. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ს----------–--------ს და სს პ-----------ის შერწყმა, სს ს----------–--------ი წარმოადგენს სს პ-----------ის უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, ხოლო მოგვიანებით მსესხებელმა შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
დადგენილია, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ----------–-----ის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 2893,18 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1038,29 აშშ დოლარს, სარგებელი 847,71 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1007,18 აშშ დოლარს.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვ სამართლებრივ შეფასებას.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტებისას მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რომელზედაც არაფერი იყო თქმული, არც სარჩელში და ასევე არც მოსამზადებელ სხდომაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოება, წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის განცხადებაც მხარეებს შეეძლოთ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე არ არის სასამართლოში საქმის მომზადებისას მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219- მუხლი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 868-ე, 400-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 408-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
მოპასუხე გ----------–-----ემ მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 1038,29 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებული თანხის დაფარვის ვადები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2013 წლის 14 აგვისტოს სს პ-----------ს ბანკს და გ----------–-----ეს შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000 ლარს/5000 აშშ დოლარს. 2016 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით გ----------–-----ის დავალიანება სს ს----------–--------ის მიმართ შეადგენს 2893,18 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1038,29 აშშ დოლარს, სარგებელი 847,71 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1007,18 აშშ დოლარს. ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გ----------–-----ე სარგებლობდა საკრედიტო ბართით. მსესხებლის მიერ სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა ანგარიშზე თანხის გადახდა. ბოლო გადახდა ბანკში განხორციელდა 2014 წლის 20 აგვისტოს.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას რომ, საპროცენტო სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დადგენილია, რომ სესხით სარგებლობაზე მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი 36%-ით წლის განმავლობაში. მხარეთა შორის 2013 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების ეს დებულება დადებული იქნა მათივე შეთანხმებით. მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს კრედიტორის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება. სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია.
ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, გ----------–-----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.4. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო ბარათი, რითაც სარგებლობდა მოპასუხე გ----------–-----ე, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - გ----------–-----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2013 წლის 14 აგვისტოს სს პ-----------ს და გ----------–-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 100 აშშ დოლარამდე.
6.6. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოსარჩელის მიერ სააპლიკაციო საფასურის - 150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპლიკაციო საფასურის - 150 ლარის მოპასუხისათვის დასაკისრებლად.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სსკ 49.1. მუხლის შესაბამისად და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 115,73 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ----------–-----ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1986 აშშ დოლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1038,29 შშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 847,71 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარს.
3. გ----------–-----ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 165,73 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 115,73 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. გ----------–-----ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სს ს----------–--------ის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის, სააპლიკაციო საფასურის ასანაზღაურებლად გადახდილი 150 ლარის გადახდა.
5. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 2017 წლის 13 თებერვალს სარჩელის აღძვრის გამო სს ს----------–--------ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 208,91 ლარი (საგადახდო დავალება №3--), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე