გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
160210019003244924
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160210019003244924

N 2/789-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.12.2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ტა---------–---ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - ჯე---------------ი

მოპასუხე - შა--–------------ი

წარმომადგენელი- ომ----------------–---ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შა--–------------ისათვის 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებული ზარ----------------ს და 2012 წლის 31 დეკემბერს დაბადებული რა---–----------ს რჩენა - აღზრდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეებს ჰყავთ ორი შვილი - 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებული ზარ---------------- და 2012 წლის 31 დეკემბერს დაბადებული რა---–----------. დაახლოებით ერთ წელზე მეტია მხარეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და მოსარჩელე ცხოვრობს მშობლების სახლში. მოპასუხე არ ასრულებს მშობლის ვალდებულებას. მოსარჩელეს არ გააჩნია არანაირი მუდმივი შემოსავალი ან სხვა სახის ქონება. მოპასუხე მატერიალურად საკმარისად შეძლებული და უზრუნველყოფილია. იგი თავს არიდებს არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის მოვალეობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა თავისი შვილების რჩენა-აღზრდისათვის გადაიხადოს ყოველთვიურად ალიმენტი 180 ლარის ოდენობით. კანონის თანახმად შვილებზე ზრუნვა ორივე მშობლის ვალდებულებაა. მოსარჩელე თავის მხრივ ვალდებულია თვითონაც შეასრულოს კანონით დაკისრებული შვილის რჩენის მოვალეობა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ თანახმაა ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გადაიხადოს 100 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი - 2010 წლის 19 ოქტომბერს - ზარ---------------- და 2012 წლის 31 დეკემბერს - რა---–----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. );

- მხარეთა ახსნა- განმარტება (იხ.სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე ტა---------–---ა შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კა-----–--ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი,სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხე შა--–------------ი მონაწილეობას არ იღებს შვილების რჩენა -აღზრდის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შა--–------------ს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შესწევს უნარი თითოეულ ბავშვზე ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოსდ 250 ლარი. მაგრამ შა--–------------ი არის შრომისუნარიანი, მას აქვს უნარი მიიღოს მატერიალური შემოსავალი და გაუწიოს მატერიალური დახმარება შვილებს ზარ----------------ს და რამალ მეხტიევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მხარის ახსნა-განმარტება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებაა, მაგრამ როდესაც მას უპირისპირდება მეორე მხარის ახსნა-განმარტება, მხოლოდ ეს ამა თუ იმ გარემოების დასადასტურებლად საკმარის და სათანადო მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რომ მას აქვს შესაძლებლობა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს 250 ლარი. ამასთანავე არც ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია და არც საქმის განხილვის დროს გამოვლენილა, რომელიც სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე შეუქმნიდა თავისი ინიციატივით მტკიცებულებების გამოთხოვის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შა--–------------ი არის შრომისუნარიანი, მას შესწევს უნარი დასაქმდეს და მიიღოს შვილის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური შემოსავალი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ტა---------–---ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

კანონმდებელი ბავშვის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შა--–------------ი მონაწილეობას არ იღებს შვილების რჩენა-აღზრდაში, იგი არ არის დაოჯახებული, მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები. შა--–------------ი არის შრომისუნარიანი პირი. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი მისთვის 100 ლარის დაკისრების ნაწილში ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე, რაც ამ ნაწილში სარჩელის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მოპასუხის საქმიანობისა და შემოსავლის ოდენობის შესახებ, ასევე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბავშვებისათვის ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ზარ----------------ს და რა---–----------ს მშობლები არიან შრომისუნარიანნი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც როგორც ერთი ასევე მეორე მხარის დასაქმებას და მატერიალური შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა. ორივე მშობლის შრომისუნარიანობა მიუთითებს მასზედ, რომ ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შვილების მატერიალურ უზრუნველყოფაში.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ბავშვების საჭიროებებისა და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ზარ----------------ს და რა---–----------ს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 120 (ასოცი) ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, თითოეულ ბავშვზე, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 120 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 14.40 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ტა---------–---ას სარჩელი მოპასუხე შა--–------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შა--–------------ს არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებული ზარ----------------ს (პნ 2----------) და 2012 წლის 31 დეკემბერს დაბადებული რა---–----------ს (პნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე შა--–------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 14.40 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე