გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
330210019003210973
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/24400-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბრი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - მ---------------

წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი

მოპასუხე - ე-–----------------

წარმომადგენელი - რ-----------------

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-–---------------ისთვის (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------ს დაბადებული ს-----------------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 800 (რვაასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე მ---------------ს და მოპასუხე ე-–----------------ს ჰყავთ საერთო შვილი 2----–-–----------ს დაბადებული ს-----------------ე. მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას და არ ზრუნავს შვილზე, არასრულწლოვანის ზრუნვის მთელი ტვირთი აწევს მოსარჩელეს. არაერთი მიმართვის მიუხედავად მოპასუხესთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრებას მოპასუხისთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელე იხდის სრულად მისი შვილის - ს-----------------ის სწავლის საფასურს. ბავშვი არის პირველ კლასში, ხოლო სწავლის საფასურის ნაწილი 1000 ლარი მას გადახდილი აქვს.

მოპასუხეს უყვარს თავისი შვილი და ზრუნავს მასზე, თანახმა არის თავად აღზარდოს შვილი. მის ყოფილ მეუღლეს არასოდეს მიუმართავს მისთვის ბავშვის საკითხებთან დაკავშირებით, ის ყოველთვიურად ბავშვისათვის აძლევდა 250 ლარს, ყიდულობდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. თუ ბავშვის წაყვანის ნებას მისცემს მოსარჩელე მიჰყავს დიდი სიამოვნებით, რადგან მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ძალიან უყვართ ბავშვი.

მოპასუხის სამი თვის დასაბეგრი შემოსავალი შედაგენს 1592,5 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 318,5 ლარს, მისი ხელზე ასაღები თანხა ივლისის თვეში შეადგენდა 500 ლარს, ხოლო აგვისტო-სექტემბრის თვეში - 392 ლარს, ამასთან, მას გააჩნია საბანკო ვალდებულებები, კერძოდ, სს ,,თ----------–-“ - 1487,15 ლარი, სს ,,ს----------–--------–-“ - 1017,68 ლარი და ერიცხება დავალიანება ,,ა----------------ის“ ბარათზე - 1279,22 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ---------------ს და ე-–----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული ს-----------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა აქტი # 0---------- (იხ.ს.ფ.18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეები, მ--------------- და ე-–---------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი - ს-----------------ე ცხოვრობს დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 2019 წლის 18 სექტემბერს, შპს თ---–-------------------------–---–-- სკოლა-ლიცეუმი ,,მ–----------------–--ის“ დირქტორის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით არასრულწლოვანი ს-----------------ე სწავლობს ამავე სკოლის პირველ კლასში, სკოლაში ყოველწლიური სწავლის ღირებულება შეადგენს - 4300 (ოთხიათას სამასი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2019 წლის 18 სექტემბერს, შპს თ---–-------------------------–---–-- სკოლა-ლიცეუმი ,,მ–----------------–--ის“ დირქტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 15)

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4 2019 წლის 17 სექტემბერს ერთის მხრივ ი/მ. მ. კ-----–---–-- (პ/ნ 2---------) და მეორეს მხრივ სკოლა-ლიცეუმ ,,მ–----------------–--ის“ პირველი კლასის მოსწავლის ს-----------------ის მშობელს - მ---------------ს შორის დაიდო ხელშკრულება სკოლა-ლიცეუმ ,,მ–----------------–--ში“ მოსაწავლის ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება ( იხ.ს.ფ.18-19)

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამასახურის 2019 წლის 25 ოქტომბრის #21-11/115022 ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელე მ--------------- მუშაობს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ საგენტოში და მისი ხელფასი 2019 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში შეადგენს 1300 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 254.80 ლარს შესაბამისად მისი დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენს - 1045,2 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამასახურის 2019 წლი ს 25 ოქტომბრის #21-11/115022 ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 41-45);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამასახურის 2019 წლი ს 25 ოქტომბრის # 21-11/115022 ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხე ე-–---------------- მუშაობს შპს ,,ლ-------------–-“, მისი დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის სექტემბრის თვემდე სულ შეადგენს - 11267.5 ლარს საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 2253.5 ლარი, შესაბამისად მისი საშუალო დარიცხული ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 429.23 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამასახურის 2019 წლი ს 25 ოქტომბრის #21-11/115022 ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 41-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.3 სს ,,თ-----------ს“ მიერ, 2019 წლის 28 ოქტომბერს გაცემული დავალიანების ცნობის #7057-ის მიხედვით, ე-–---------------ის საკრედიტო ჯამური დავალიანება 28/10/2019 წლის მდგომარეობით საკრედიტო ბარათზე prime card -ზე შეადგენს - 1487.15 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თ-----------ს“ მიერ, 2019 წლის 28 ოქტომბერს გაცემული დავალიანების ცნობა #7057 (იხ. ს.ფ.170)

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სს ,,ს----------–---------ს“ მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს გაცემული ცნობის #O----------- -ს მიხედვით, ე-–---------------ის საკრედიტო ჯამური დავალიანება 28/10/2019 წლის მდგომარეობით კრედიტზე შეადგენს - 918.30 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათზე შეადგენს - 1301.77 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ს----------–---------ს“ მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს გაცემული ცნობა #O----------- (იხ. ს.ფ.171

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამასახურის მიერ, 2019 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით, 29.10.2019 წ. მდგომარეობით მოპასუხე ე-–---------------ის 01.07.2019 წლიდან 30.09.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1592.5 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 318.5 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამასახურის მიერ, 2019 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ.173-174)

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.6. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ე-–----------------ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა 2----–-–----------ს დაბადებული ს-----------------ისა არ ეკისრება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 ოქტომბრის #21-11/115022 ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხე ე-–---------------- მუშაობს შპს ,,ლ-------------–-“, მისი დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის სექტემბრის თვემდე სულ შეადგენს 11267.5 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 2253.5 ლარი, შესაბამისად მისი საშუალო ხელზე მისაღები ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 429.23 ლარს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საშუალო ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილის - ს-----------------ისა ე-–----------------ს არ ეკისრება, შესწევს უნარი მისი შემოსავლების გათვალისწინებით შვილს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი.

 

3.2.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია მცირეწლოვან შვილს გადაუხადოს ალიმენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.

სასამართლოს მიერ, სს ,,თ-----------დან“ და სს ,,ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციებით, კერძოდ, ე-–---------------ის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით (იხ. ს.ფ. 32-38 და ს.ფ. 46-154) ნათლად ჩანს, რომ მოპასუხე ასრულებს ბანკების წინაშე არსებულ ვალდებულებებს, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მ---------------ს და ე-–----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული ს-----------------ე, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები, ე-–---------------- და მ--------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მოპასუხე ე-–---------------- მუშაობს შპს ,,ლ-------------–-“, მისი დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის სექტემბრის თვემდე სულ შეადგენს - 11267.5 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 2253.5 ლარი, ხოლო საშუალო ხელზე მისაღები ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 429.23 ლარს, შესაბამისად, მას აქვს უნარი და შესაძლებლობა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. გასათვალისწინებელია ფაქტი იმის თაობაზეც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც ზრუნავს შვილის რჩენა-აღზრდისათვის, რომლის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 1045,2 ლარს.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკების წინაშე, ვერ შეძლებს ალიმენტის თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის ნოემბრის თვისათვის (ბოლო მონაცემი) - 195.6 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი. ს-----------------ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 200 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 01 ოქტომბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 200 (ორასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ--------------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე ალიმენტის 100 ლარის დაკისრების ნაწილში დაეთანხმა მოთხოვნას შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე ე-–----------------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------ის სარჩელი ე-–---------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 ე-–----------------ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------ს დაბადებული ს-----------------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. ე-–----------------ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე