გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6651-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ლ----------ე
წარმომადგენელი - ზ----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
წარმომადგენლები: ს----------–---ე, გ--------------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 16 ივლისის №0--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აგვისტოს №0--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
1.3. დაევალოს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს ქმედების განხორციელება, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე, ყოველგვარი საფასურის გარეშე, წერილობით გასცეს საჯარო ინფორმაცია - მოპასუხესთან დაცული №1566 ფონდის პირველი ამონაწერის №15 საქმისა და იმავე ფონდის მე-2 ამონაწერის №47 საქმის მიხედვით 1928-1931 წლებში თბილისში, რომელი ნოტარიუსები ახორციელებდნენ სახელმწიფო ნოტარიუსის საქმიანობას, მათი სამოქმედო უბნების მითითებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2019 წლის 17 მაისს მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, არქივში დაცული №1566 ფონდის (იუსტიციის სახალხო კომისარიატის ფონდიდან) პირველი ამონაწერის №15 საქმისა და იმავე ფონდის მე-2 ამონაწერის №47 საქმის მიხედვით, 1928-1931 წლებში თბილისში რომელი ნოტარიუსები იყვნენ დანიშნულნი ნოტარიუსის უფლება-მოვალეობის განსახორციელებლად, გვარების, სახელების და მათი სამოქმედო უბნების მითითებით.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 16 ივლისის №0--------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია საქართველოს იუსტიციის სახალხო კომისარიატის მასალებში არსებული ინფორმაცია 1928-1931 წლებში თბილისში მოქმედი ნოტარიუსების შესახებ. ამასთან, საქართველოს ეროვნული არქივი საცნობარო მომსახურებას ახორციელებს მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის საშუალებით. მომსახურება ფასიანია და რეგულირდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით. შესაბამისად, მის დაინტერესებაში არსებული ინფორმაციის - საარქივო ცნობის მიღება შესაძლებელი იყო საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში (მათ შორის, თბილისის იუსტიციის სახლში, მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2) ან საზოგადოებრივ ცენტრებში, საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან საშეღავათო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, შესაბამის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ----------ის წარმომადგენელის ზ----------–---–ის განცხადება და მისი მიღების ბარათი (ს.ფ. 18);
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 16 ივლისის №0--------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 19).
3.2. ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2019 წლის 8 აგვისტოს მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა 2019 წლის 17 მაისის განცხადებაში მითითებული ინფორმაციის გაცემა, ყოველგვარი თანხის მოთხოვნის გარეშე. მისი განმარტებით, იგი განცხადებით ითხოვდა არა არქივში დაცულ №1566 ფონდის 1-ლი ამონაწერის №15 და მე-2 ამონაწერის №47 საქმეებში არსებული დოკუმენტაციის ასლებს, არამედ, ამ დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი ინფორმაციას.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული არქივი მოკლებული იყო შესაძლებლობას საფასურის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის გარეშე გაეცა ინფორმაცია, თუ რომელი ნოტარიუსები ახორციელებდნენ სახელმწიფო ნოტარიუსის უფლებამოსილებას ქ. თბილისში, 1928-1931 წლებში, მათი გვარებისა და სამოქმედო უბნების მითითებით, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია იძებნება იმ დოკუმენტებში, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ საარქივო ფონდს. ამასთან, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა იმ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის გაწევისათვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილი იქნა საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ----------ის წარმომადგენელის ზ----------–---–ის განცხადება და მისი მიღების ბარათი (ს.ფ. 20-21);
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 16 ივლისის №0--------- და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აგვისტოს №0--------- წერილობითი პასუხები, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში ლ----------ის მიერ სასამართლოში სარჩელი, ასევე, აღძრულია დასახლებული მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მხარის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე, ყოველგვარი საფასურის გარეშე, წერილობით გაიცეს საჯარო ინფორმაცია - მოპასუხესთან დაცული №1566 ფონდის პირველი ამონაწერის №15 საქმისა და იმავე ფონდის მე-2 ამონაწერის №47 საქმის მიხედვით, 1928-1931 წლებში თბილისში რომელი ნოტარიუსები ახორციელებდნენ სახელმწიფო ნოტარიუსის საქმიანობას, მათი სამოქმედო უბნების მითითებით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განსაზღვრულია ინფორმაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ. 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.
ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის დაინტერესების სფეროს წარმოადგენს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული №1566 ფონდის პირველი ამონაწერის №15 საქმისა და იმავე ფონდის მე-2 ამონაწერის №47 საქმის მიხედვით, 1928-1931 წლებში თბილისში რომელი ნოტარიუსები ახორციელებდნენ სახელმწიფო ნოტარიუსის საქმიანობას, მათი სამოქმედო უბნების მითითებით.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა თანხმობა, თუმცა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილების გათვალისწინებით, ინფორმაციის გასაცემად შესაბამისი საფასურის გადახდა მოითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნას არ დაეთანხმა მოსარჩელე და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინფორმაცია, რომლის გაცემასაც ითხოვს მოსარჩელე, დაცულია სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში და წარმოადგენს ეროვნულ საარქივო ფონდს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს განსაზღვრავს სპეციალური კანონმდებლობა, კერძოდ, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამდენად, კანონმდებელი ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურების საფასურს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადები“. მითითებულ დადგენილებაში კონკრეტულად არის მითითებული ყველა ის მომსახურება, რომლითაც პირს შეუძლია ისარგებლოს, ასევე, დეტალურადაა განსაზღვრული თითოეული მომსახურება რა ვადაში და რა ოდენობის საფასურის სანაცვლოდ შეიძლება იქნეს მიღებული.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, საფასური გადაიხდევინება: ა) ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტის ამ დადგენილებით განსაზღვრული ფასიანი სარგებლობის შემთხვევაში; ბ) საინფორმაციო მომსახურებისათვის; გ) ხელშეკრულების საფუძველზე: გ.ა) დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისას და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისას გაწეული მომსახურებისათვის; გ.ბ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის; გ.გ) ეროვნული არქივის მიერ გაწეული სხვა მომსახურებისათვის (სკანირება, ელექტრონული კატალოგი და ა.შ.); დ) დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო პირთა დოკუმენტების შენახვისათვის, გარდა მუდმივად შესანახი დოკუმენტებისა. ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს ეროვნული არქივის (შემდგომში – ეროვნული არქივი) მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური (შემდგომში – საფასური) არის ეროვნული არქივის მიერ გაწეული ამ დანართით გათვალისწინებული სავალდებული გადასახდელი.
ამასთან, დადგენილების დანართი აკეთებს ამომწურავ ჩამონათვალს რა შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს პირი საფასურის გადახდისაგან, კერძოდ, მე-16 პუნქტის შესაბამისად, სოციალურ-უფლებრივი ხასიათის იმ ცნობების (დადებითი, უარყოფითი) მომზადება-გაცემის მომსახურებისათვის, რომლებიც უშუალოდ მათ ეხება, საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ე) იძულებით გადაადგილებული პირები; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ზოგადად ადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს, ხოლო „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უშუალოდ ეროვნულ არქივში/საარქივო ფონდში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს. აქედან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული ინფორმაციის გაცემა, მასზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც მომსახურების გაწევისათვის, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის აწესებს საფასურს და ამავე დრო იმპერატიულად ითვალისწინებს იმ გამონაკლისებს, რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ინფორმაცია უფასოდ, ყოველგვარი საფასურის გარეშე. აქედან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმა განსახილველ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი საფასურის სანაცვლოდ ლ----------ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასა და შესაბამისად, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისთვის ქმედების განხორციელების დავალებას. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე