გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2019
საქმის ნომერი
330310119002870571
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310119002870571

საქმე №3--------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - მ------------------

წარმომადგენელი - ი---------–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმომადგენელი - ლ-–-------–--ე

 

მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ბ----------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანება „მ-----------------ის წარმომადგენლის ი---------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულება „მიწის ნაკვეთზე მ-----------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“;

 

1.5. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----------------ისთვის ქ-------–--–-----------------------ეთი №1------ზე, ს/კ: №0---------------, 36კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 02 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 1, ს.ფ. 303-307; 2019 წლის 05 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 1-14).

 

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილებით საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოქ. მ------------------ დაჯარიმდა 25000 ლარით ქ-------–--–-----------------------ეთი 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო ტერიტორიაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური ავტოფარეხის გამო (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) და დაევალა აღნიშნული ავტოფარეხის დემონტაჟი. მისივე განმარტებით, დადგენილება კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრებული იქნა თბილისის მერთან, სადაც მიუთითა, რომ ავტოფარეხის №3/1 კაპიტალური ნაგებობა 36.00 კვ.მ ფართის ლეგალიზებისათვის წარდგენილი იყო განცხადება №1------- (4.04.2017) სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად საჯარო რეესტრში, საიდანაც განცხადება გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრებია უფლების აღიარების კომისიას და მიმდინარეობდა საქმისწარმოება, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებული არ იყო. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ საჩივართან დაკავშირებით დაწყებულ ადმინისტრაციული დავის პერიოდში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებული დადგენილებით საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანა 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში და მ------------------ 25000 ლარის ნაცვლად დააჯარიმა 10 000 ლარით. აღნიშნული დადგენილებაც გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

ამასთან, მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულებას, რომლითაც მ------------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ.------–--------------------------------------------------------, საერთო ფართობი - 36კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წერილობითი ფორმით შესაგებელი მ-----------------ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის კონკრეტული მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.3. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, აეროპორტში (ნაკვ. 15/013) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2008 წლის 07 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 180842.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 15; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობები.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მრავალჯერადი დაყოფის შედეგად, ქ. თბილისში, აეროპორტში (ნაკვ. 1-----) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2019 წლის 03 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 49726.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 25-56).

 

3.1.2. 2017 წლის 04 აპრილს მ------------------მ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თ---–--–--------------------------–---, ს---–------------------ედ 36 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის №1----- წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა მ-----------------ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, აეროპორტი, ს---–------------------ედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ-----------------ის 2017 წლის 04 აპრილის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 202);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის №1----- წერილობითი მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 213).

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 იანვრის №60-0118030163 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მ-----------------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-5) ზონაში. ამასთან, კვეთს №0--------------- საკადასტრო ერთეულს და მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 იანვრის №60-0118030163 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 219).

 

3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულებით მ------------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ.------–--------------------------------------------------------, საერთო ფართობი - 36კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დადგინდა მ-----------------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 192-193).

 

სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----------------ის მიმართ 2018 წლის 04 ივნისს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ-------–--–-----------------------ეთი 1----- (ს/კ: №0---------------), მ-----------------ის მიერ უნებართვოდ მოწყობილია კაპიტალური ავტოფარეხი და ლითონის ნაგებობა. ამასთან, კაპიტალური ავტოფარეხი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ------------------ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის მითითება №0----- (ტომი 1, ს.ფ. 68-69).

 

3.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 22 ივნისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----------------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 04 ივნისის №0----- მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის შემოწმების აქტი №0----- (ტომი 1, ს.ფ. 64-65).

 

3.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 21 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს ზემოაღნიშნული ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ-----------------ის მიერ ლითონის ნაგებობა დემონტირებული იყო, ხოლო კაპიტალური ავტოფარეხი არ იყო დემონტირებული და ასევე არ იყო წარდგენილი განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 62).

 

3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, მ------------------ დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით ქ-------–--–-----------------------. 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე, X:0------; Y:4------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ავტოფარეხის (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით მ------------------ს დაევალა ქ. თბილისში, ქ-------–--–-----------------------. 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე, X:0------; Y:4------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური ავტოფარეხის (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) დემონტაჟი.

 

3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილებაში და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „მოქ. მ------------------ დაჯარიმდეს 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ-------–--–-----------------------. 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე, ჯიპიეს კოორდინატები: X:0------; Y:4------) უნებართვოდ კაპიტალური ავტოფარეხის (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობისთვის“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (ტომი 1, ს.ფ. 13-15);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (ტომი 1, ს.ფ. 19-20).

 

3.1.10. 2018 წლის 13 სექტემბერს მ-----------------ის წარმომადგენლმა ი---------–---–მა №1---------------, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილებების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ-----------------ის წარმომადგენლის ი---------–---–ის 2018 წლის 13 სექტემბრის №1--------------- და 2018 წლის 12 დეკემბრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ-----------------ის წარმომადგენლის ი---------–---–ის 2018 წლის 13 სექტემბრის №1--------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ 234-236);

- მ-----------------ის წარმომადგენლის ი---------–---–ის 2018 წლის 12 დეკემბრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ 239-241);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანება „მ-----------------ის წარმომადგენლის ი---------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ (ტომი 1, ს.ფ. 226-233).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანება „მ-----------------ის წარმომადგენლის ი---------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულება „მიწის ნაკვეთზე მ-----------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

6.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს „მიწის ნაკვეთზე მ-----------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მ-----------------ისთვის ქ-------–--–-----------------------ეთი №1------ზე, ს/კ: №0---------------, 36კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში და თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 04 აპრილს მ------------------მ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თ---–--–--------------------------–---, ს---–------------------ედ 36 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის №1----- წერილობითი მიმართვით გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.

 

6.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, მასზე არსებული შენობით, მოქცეულია №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, აღნიშნული საკადასტრო ერთეული წარმოიქმნა №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მრავალჯერადი დაყოფის შედეგად, ხოლო თავის მხრივ, ქ. თბილისში, აეროპორტში (ნაკვ. 15/013) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2008 წლის 07 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახელზე“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ შეიძლება მოიაზრებოდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს მითითებული ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მოპოვებისა და აღიარების წესს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმის მასალების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულება, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილებების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----------------ის მიმართ 2018 წლის 04 ივნისს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ-------–--–-----------------------ეთი 1----- (ს/კ: №0---------------), მ-----------------ის მიერ უნებართვოდ მოწყობილია კაპიტალური ავტოფარეხი და ლითონის ნაგებობა. ამასთან, კაპიტალური ავტოფარეხი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ------------------ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 22 ივნისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----------------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 04 ივნისის №0----- მითითების პირობები.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად (სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, მ------------------ დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით ქ-------–--–-----------------------. 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე, X:0------; Y:4------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ავტოფარეხის (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით მ------------------ს დაევალა ქ. თბილისში, ქ-------–--–-----------------------. 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე, X:0------; Y:4------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური ავტოფარეხის (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) დემონტაჟი, თუმცა მოგვიანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში და მ------------------ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ-------–--–-----------------------. 1-----, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე, ჯიპიეს კოორდინატები: X:0------; Y:4------) უნებართვოდ კაპიტალური ავტოფარეხის (რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობისთვის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ უნდა განახორციელოს და სამართალდარღვევის შემადგენლობა შეადაროს დადგენილების გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, მოცემულ შემთხვევაში - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ განსახილველი სამშენებლო სამუშაოების დაქვემდებარებას არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულებასთან, აღნიშნული საკითხი უნდა შეფასდეს ქმედების განხორციელების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით.

 

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდებოდა, თუ როდის განხორციელდა კონკრეტულად სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, სწორად იქნა მიჩნეული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომ დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდებოდა დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში და მ------------------ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ნაცვლად 25 000 (ოცდახუთი) ათასი ლარისა, სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ქონდა თუ არა მ-----------------ის მხრიდან ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთი სახეა: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად კი, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის გამცემ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლი მე-7 პუნქტის თანახმად, განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, მე-10 პუნქტის თანახმად კი, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ I კლასით გათვალისწინებული ობიექტების, მათ შორის, კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობა წარმოებს მშენებლობის ნებართვის გარეშე, თუმცა სავალდებულოა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის მოპოვება. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ იმ სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ესაჭიროებოდა ნებართვა/შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა ისე, რომ სახეზე არ იყო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენდა დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

რაც შეეხება სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტს, სასამართლო მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------------ს, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, სწორად დაეკისრა პასუხისმგებლობა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს ოქმიც, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და მანვე აღნიშნა, რომ კაპიტალური ავტოფარეხი განთავსებულია მის მიერ 2000 წელს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 250).

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობდა წარმოება სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წარმოების დასრულებამდე არ უნდა მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი (არქიტექტურის სამსახურში ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისგან განსხვავებით). ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, კაპიტალური ავტოფარეხი მაინც იქნებოდა უკანონო მშენებლობა, რადგან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია არ ნიშნავს უკანონო შენობა-ნაგებობის ლეგალიზებას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექცია უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ-----------------ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 ნოემბრის №ც----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მ-----------------ის წარმომადგენელს ი---------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 ივნისის №6-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.8. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს მ-----------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მ-----------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------------ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მ-----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი