გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
330210118002526508
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/20045-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე(შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს „ ზა-----------------“

წარმომადგენელი - ნო-----------–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,ემ---------“, ანდ-------------ე

წარმომადგენელი - ბა-----------ა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თავდაპირველი სარჩელის ავტორის სასარჩელო მოთხოვნაა:

1.1. შპს ,,ემ---------ს“ და ანდ-------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 4 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო 96 899, 25 ლარის გადახდა.

1.2. შპს ,,ემ---------ს ’’და ანდ-------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 4 აპრილს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 68 904 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

1.3. შპს ,,ემ---------ს ’’ და ანდ-------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო 128 900 ლარის გადახდა.

1.4. შპს ,,ემ---------სა’’ და ანდ-------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 26 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

1.2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში

 

შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნაა:

 

1.2.1 მოპასუხე შპს ,,ზა-----------------ს“ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისროს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2.2 მოპასუხე შპს ,,ზა-----------------ს“ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისროს პირგასამტეხლოს 16 436 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შპს ,,ემ---------მ’’ და ანდ-------------ემ თავდაპირველ სარჩელზე ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნები იყო უსაფუძვლო, რადგან მათი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ საფასურის გადაუხდელობის გამო.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ზა-----------------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნები იყო უსაფუძვლო, რადგან ხელშეკრულება დარღვეულ იქნა თვით შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ. ამასთან, თანხის რიგ შემთხვევებში არადროული ჩარიცხვები განპირობებულია იმ მიზეზით, რომ დამკვეთი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და რიგი პროცედურების დაცვის გამო ვერ ხერხდებოდა თანხის დროული ჩარიცხვა, რაც შეთანხმებული იყო მენარდესთან. რაც შეეხება 20.12 2017 წელს და 10.01.2018 წელს გადასახდელ თანხებს, რაც ჯამში შეადგენდა 15 000 აშშ დოლარს, დამკვეთს არ ეკისრება მისი გადახდა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თავდაპირველ სარჩელზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 04 აპრილს შპს ,,ზა-----------------’’-სა და შპს ,,ემ---------ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, მენარდე კისრულობდა ვალდებულებას, დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა ორ სართულიანი სახლი და ღობე ელჭიშკარით, გაეკეთებინა აუზი, მოეპირკეთებინა ეზო და აღნიშნული მშენებლობის დასრულების შემდეგ განეხორციელებინა პროცედურები სახლის ქ. თბილისის მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-39)

 

3.1.2. ნარდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 108 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადახდა უნდა გადანაწილებულიყო 4 თვეზე ეტაპობრივად. დამკვეთის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დღეს ავანსის სახით გადახდილ იქნა ხელშეკრულების ღირებულების 35%, ანუ 37 800 აშშ დოლარის ექვივლენტი ლარში. მეორე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 18 მაისს ხელშეკრულების ღირებულების 25%, ანუ 27 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მესამე გადახდა - 2017 წლის 18 ივლისს ხელშეკრულების ღირებულების 20%, ანუ 21 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. მეოთხე გადახდა - 2017 წლის 18 ივლისს ხელშეკრულების ღირებულების 10%, ანუ 10 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო დანარჩენი 10%-ის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად, პირველი 5%, ანუ 5 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - 2017 წლის 4 აგვისტოს , მეორე 5%, ანუ 5 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - აშენებული სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ არაუგვიანეს 10 დღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 35-39)

 

3.1.3. ნარდობის ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავანსის გადახდის შემდგომ თუ მომდევნო გადახდამდე არ იქნებოდა გადახდილი თანხის შესაბამისი მოცულობის სამუშაოები შესრულებული და დამკვეთს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადახდილი თანხა მენარდის მიერ არ იხარჯებოდა მიზნობრივად, დამკვეთი იტოვებდა უფლებას, მენარდისთვის მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სრული მოცულობით. ეს უფლება დამკვეთს უნარჩუნდებოდა თანხის გადახდის ყველა ეტაპზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 35-39)

 

3.1.4 ნარდობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მენარდე ვალდებული იყო, მთლიანად დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის 18 აგვისტომდე, ხოლო სახლის ექსპლუატაციაში მიღება განეხორციელებინა სამუშაოების დასრულებიდან 30 დღის ვადაში, ანუ 2017 წლის 18 სექტემბრამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, მენარდე კისრულობს ვალდებულებას დროულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დროულად გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოებისათვის გაალისწინებული მხარეთა შორის შეთანხმებული თანხა.

 

ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, დამკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ხარისხი, ასევე საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის საფუძველზე მენარდეს მოსთხოვოს დამკვეთის მიერ გადახდილი თანხების მშენებლობაზე მიზნობრივად გახარჯული ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტები(ჩეკები და ზედნადებები) და მისცეს მენარდეს აუცილებელი მითითებანი.

 

ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, დამკვეთს უფლება აქვს შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოებით გამოწვეული უკმაყოფილებით, ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ამასთან იგი ვალდებულია გადაიხადოს ხარისხიანად შესრულებული იმ სამუშაოების ღირებულება, რომელიც შესრულებული იყო ხელშეკრულებაზე უარის თქმამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახამად, მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი გადახდილი თანხიდან, რომელიც ამ ხელშეკრულების თანახმად შეადგენს შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულების 35%-ს მომდევნო გადახდამდე არ იქნება გადახდილი თანხის შესაბამისი მოცულობის სამუშაოები შესრულებული და დამკვეთს გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ გადახდილი თანხა მენარდის მიერ არ იხარჯება მიზნობრივად დამკვეთი იტოვებს უფლებას მენარდეს მოსთხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სრული მოცულობით, ეს უფლება დამკვეთს უნარჩუნდება თანხის გადახდის ყველა ეტაპზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-39)

 

3.1.5. დამკვეთის მიერ გადახდილ იქნა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების 95%, ანუ 259 789, 62 ლარი. ამასთან, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა ჯეროვნად არც შეთანხმებულ ვადაში და არც მოგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 111-114)

- მხარეთა ახსნა-განმატებები.

 

3.1.6. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მენარდე ხელშეკრულებაში განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე საქმეზე სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე პერიოდით.

 

ამავე ხელშკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი თანხის გადახდის ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-39)

 

3.1.7. 2017 წლის 20 ოქტომბერს შპს ,,ზა-----------------’’-სა და შპს ,,ემ---------’’-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მენარდეს უნდა ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები მის მიერ 2017 წლის 4 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე აშენებულ მოსარჩელის კუთვნილ ორ სართულიან სახლში. მასში ასევე უნდა დაემონტაჟებინა გათბობისა და გაგრილების სისტემები, მოეწყო სააბაზანო შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით, მოეპირკეთებინა ეზოში არსებული საცურაო აუზი. სამუშაოები უნდა ყოფილიყო ევროსტანდარტის, ხოლო გამოყენებული მასალები უმაღლესი ხარისხის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 52-64)

 

3.1.8. 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკულების მეორე მუხლის თანახმად, სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა ერთ კვადრატულ მეტრზე 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ვინაიდან შენობის ფართი შეადგენდა 400 კვ.მ, შესაბამისად, საერთო ღირებულებამ შეადგინა 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნული თანხა დამკვეთის მიერ უნდა გადახდილიყო 3 თვეზე გადანაწილებით ეტაპობრივად: 30 000 აშშ დოლარი - ხელშეკრულების გაფორმების დღეს, 30 000 აშშ დოლარი - 2017 წლის 20 ნოემბერს, 10 000 აშშ დოლარი - 2017 წლის 20 დეკემბერს, 5 000 აშშ დოლარი - 2018 წლის 10 იანვარს, დარჩენილი 5 000 აშშ დოლარი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 52-64)

 

3.1.9. დამკვეთის მიერ გადახდილ იქნა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების ნაწილი: პირველ ეტაპზე - 74 589 ლარი, მეორე ეტაპზე - 73 800 ლარი, სულ ჯამში 148 389 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითრები (ს.ფ 115-116)

 

3.1.10. 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკულების 3.1. პუნქტის თანახმად, მენარდე ვალდებულია სრულად დაასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2018 წლის 20 იანვარს.

 

ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, მენარდე კისრულობს ვალდებულებას დროულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დროულად გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოებისათვის გაალისწინებული მხარეთა შორის შეთანხმებული თანხა.

 

ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, დამკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ხარისხი და მისცეს მენარდეს აუცილებელი მითითებანი.

 

ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მენარდე ხელშეკრულებაში განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ისა.

 

ამავე ხელშკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი თანხის გადახდის ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ 52-64)

 

შეგებებულ სარჩელზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.11. 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთს მენარდისათვის არ გადაუხდია 2017 წლის 20 დეკემბრის და 2018 წლის 10 იანვრის გადასახდელი თანხა (10 000 +5000) საერთო ჯამში 15 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 111-114)

- შეგებებული სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. თავდაპირველ სარჩელზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,შე---------–------ის“ მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ 2017 წლის 4 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საბაზრო ღირებულებამ 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 162 890,37 ლარი. შესაბამისად, გადახდილ თანხასა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობამ შეადგინა 259 789,62-162 890,37=96 899,25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეფასების დასკვნა #18/06-01 (ს.ფ 65-71)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

3.2.2. შპს ,,შე---------–------ის“ მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 20 489,95 ლარს. შესაბამისად, გადახდილ თანხასა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობამ შეადგინა 148 389-20 489,95=127 900 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეფასების დასკვნა #18/06-01 (ს.ფ 82-89)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

3.2.3. როგორც 2017 წლის 04 აპრილის ასევე 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებების 3.9 პუნქტებით განსაზღვრული იყო, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით მენარდის მიერ სამუშაოების ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მხარეებს შორის ასეთი მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, რაც დაადასტურებდა შესრულებული სამუშაოს მიღებას დამკვეთის მიერ. მოპასუხე მხარემ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის გათვალისწინებით ვერ დაადასტურა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებისა და დამკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტობრივი გარემოება.

 

შეგებებულ სარჩელზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.5. 2017 წლის 04 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის მე-3 ტრანში 10 800 აშშ დოლარი დამკვეთის მიერ უნდა ჩარიცხულიყო 2017 წლის 18 ივლისს, ნაცვლად ამისა ჩაირიცხა 2017 წლის 01 აგვისტოს 12 დღის დაგვიანებით. შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.2% შეადგენს (22 აშშ დოლარი X 12 დღეზე) 264 აშშ დოლარს.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მე-4 ტრანში 16 200 აშშ დოლარი უნდა ჩარიცხულიყო 2017 წლის 04 აგვისტოს, ნაცვლად ამისა ჩაირიცხა 76 დღის დღის დაგვიანებით 2017 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.2% შეადგენს (32 აშშ დოლარი X 76 დღეზე) 2 432 აშშ დოლარს.

 

2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, 30 000 აშშ დოლარი უნდა ჩარიცხულიყო 2017 წლის 20 ნოემბერს, ნაცვლად ამისა დამკვეთის მიერ თანხა ჩარიცხული იყო 29 დღის დაგვიანებით 2017 წლის 19 დეკემბერს.შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.2% შეადგენს (60 აშშ დოლარი X 29 დღეზე) 1740 აშშ დოლარს.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მე-3 ტრანში 10 000 აშშ დოლარი უნდა ჩარიცხულიყო 2017 წლის 20 დეკემბერს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა შეადგენს 8 000 აშშ დოლარს.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მე-4 ტრანში 5000 აშშ დოლარი, ანუ საბოლოო გადახდა უნდა ჩარიცხულიყო 2018 წლის 10 იანვარს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა შეადგენს 4 000 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 111-114)

- შეგებებული სარჩელი

- ნარდობის ხელშეკრულებები (ს.ფ.35-55)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,ზა-----------------ს“ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს „ემ---------ს“ შეგებებულ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე,405-ე, 361-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე, მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს“ემ---------ს“ იმ ფაქტობრივი გარემოების საპირწონე მტკიცებულება, რომ მენარდემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ფაქტობრივად სრულად შეასრულა სამუშაოები, რაც დამკვეთის მიერ მიღებულ მიღება_ჩაბარების აქტით და რომ შპს“ზა-----------------ს“ მიერ ჩარიცხული თანხა სრულად მოხმარდა ჩასატარებელ სამუშაოებს წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.4. და 3.1.8. პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 04 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მენარდის მიერ უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 18 აგვისტომდე, ხოლო 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 20 იანვარს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 04 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს გადაურიცხა 259 789, 62 ლარი. შპს ,,შე---------–------ის“ მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით მენარდემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად შეასრულა 162 890, 37 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს გადაურიცხა 148 389 ლარი. შპს ,,შე---------–------ის“ მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით მენარდემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად შეასრულა 20 489,95 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

 

აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის სიდიდეს განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად, გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის მიუხედავად სამუშაოები აღარ შესრულებულა, შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას აღნიშნულ ხელშეკრულებებზე.

 

ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, დამკვეთს უფლება აქვს შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოებით გამოწვეული უკმაყოფილებით, ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ამასთან იგი ვალდებულია გადაიხადოს ხარისხიანად შესრულებული იმ სამუშაოების ღირებულება, რომელიც შესრულებული იყო ხელშეკრულებაზე უარის თქმამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახამად, მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი გადახდილი თანხიდან, რომელიც ამ ხელშეკრულების თანახმად შეადგენს შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულების 35%-ს მომდევნო გადახდამდე არ იქნება გადახდილი თანხის შესაბამისი მოცულობის სამუშაოები შესრულებული და დამკვეთს გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ მის მიერ გადახდილი თანხა მენარდის მიერ არ იხარჯება მიზნობრივად დამკვეთი იტობებს უფლებას მენარდეს მოსთხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სრული მოცულობით, ეს უფლება დამკვეთს უნარჩუნდება თანხის გადახდის ყველა ეტაპზე.

 

მოსარჩელე შპს“ზა-----------------მ“ რეალურად შეწყვიტა შპს “ემ---------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები 2017 წლის 20 დეკემბერს, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-9 და მე-10 ტრანშის გადახდაზე უარი განაცხადა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შპს „ემ---------მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა სრულად და მიუხედავად სახელშეკრულებო ვადების ამოწურვისა სამუშაოები არ დაუსრულებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, ერთ შემთხვევაში, 96 899, 25 (259 789,62-162 890,37=96 899,25) ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 127 900 (148 389-20 489,95=127 900) ლარის ნაწილებში შესრულებული არ არის. აღნიშნული კი წარმოადგენს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში მოთხოვნილ იქნა მოპასუხისათვის 128 900 ლარის დაკისრება, თუმცა მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ჩარიცხვებსა და შპს“ შე---------–------ის“ მიერ შეფასებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა არა 128 900, არამედ 127 900. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მითითებული ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2017 წლის 4 აპრილის ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 პუქნტის შესაბამისად, მენარდე, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,2%-ის ოდენობით თვითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე საქმეზე სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე პერიოდით.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულება. კერძოდ, 4.1 პუქნტის შესაბამისად, მენარდე, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,2%-ის ოდენობით თვითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ისა.

 

როგორც სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით ორივე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და ნაცვლად 0,2%-ისა უნდა განისაზღვროს 0,05%-ით.

 

მოსარჩელე პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდად მიიჩნევს დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე. კერძოდ, 2017 წლის 4 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებით მენარდეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2017 წლის 18 აგვისტომდე, სარჩელი კი შეტანილია 2018 წლის 4 ივლისს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მოხდეს 319 დღეზე, რაც საბოლოოდ შეადგენს 17 226 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.

 

2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებით მენარდეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2018 წლის 20 იანვრამდე, სარჩელი კი შეტანილია 2018 წლის 4 ივლისს. შესაბამისად, პირგასამტეხლო დარიცხვა უნდა მოხდეს 165 დღეზე, რაც საბოლოოდ შეადგენს 6 600 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თანამოპასუხე ანდ-------------ემ მოსარჩელისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები გამოიყენა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით ანდ-------------ის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია შპს „ემ---------ს“ მიერ შეგებებულ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი საფასურის 15 000 აშშ დოლარის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მენარდეს არ შეუსრულებია შემკვეთის მიერ გადარიცხული თანხების შესაბამისი სამუშაოები. აღნიშნულის გამო შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე შპს ,,ზა-----------------მ’’ უარი თქვა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე. ამდენად, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ნარდობის დარჩენილი საფასურის 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდასთან დაკავშირებით.

 

6.5. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.6 და 3.1.10 პუნქტებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშკრულებების 4.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი თანხის გადახდის ვადების 10 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა მენარდისათვის თანხის დაგიანებით ჩარიცხვის ფაქტებს, რაც ხელშეკრულების ზემოთმითითებული პირობების შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე შპს ,,ზა-----------------ს“ მიერ ნარდობის საფასურის გადახდა ხდებოდა დაგვიანებით. შესაბამისად, არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით ორივე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და ნაცვლად 0,2%-ისა უნდა განისაზღვროს 0,05%-ით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ზა-----------------მ’’ მესამე გადარიცხვა ნაცვლად 2017 წლის 18 ივლისისა, განახორციელა 2017 წლის 1 აგვისტოს, ანუ 12 დღის დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 64.80 აშშ დოლარს ( 5.4 აშშ დოლარი X 12 დღეზე=64.80 აშშ დოლარი).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ზა-----------------მ’’ მეოთხე გადარიცხვა 2017 წლის 4 აგვისტოს ნაცვლად, განახოციელდა 2017 წლის 16 ოქტომბერს, ანუ 76 დღის დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 615.60 აშშ დოლარს ( 8.10 აშშ დოლარი X 76 დღეზე=615.60 აშშ დოლარი).

 

ამდენად, ვადაგადაცილეულ დღეთა რაოდენობამ 2017 წლის 04 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 88 დღე, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში 680,40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ზა-----------------მ’’ მეორე გადარიცხვა ნაცვლად 2017 წლის 20 ნოემბრისა, განახორციელა 2017 წლის 19 დეკემბერს, ანუ 29 დღის დაგვიანებით. შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 435 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის შემდგომ პერიოდს - 2017 წლის 20 დეკემბერს და 2018 წლის 10 იანვარს ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ დარჩენილი 15 000 აშშ დოლარის ექვივალნეტი ლარის გადახდის საფუძველი არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ამ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვიანიდან თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟი - 5 000 ლარის, ასევე აუდიტორული დასკვნის მომზადებისთვის გადახდილი 1834 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100,05 ლარის ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეზონილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ - 500 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ზა-----------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,ემ---------ს“ შპს ,,ზა-----------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 96 899, 25 ლარის გადახდა;

 

3. შპს ,,ემ---------ს’’ შპს ,,ზა-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 17 226 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;

 

4. შპს ,,ემ---------ს“ შპს ,,ზა-----------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 127 900 ლარის გადახდა;

 

5. შპს ,,ემ---------ს“ შპს ,,ზა-----------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 6600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;

 

6. შპს ,,ემ---------ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

7. შპს ,,ზა-----------------ს“ შპს ,,ემ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 04 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 680,40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 2017 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 435 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;

 

8. შპს ,,ემ---------ს“ შპს ,,ზა-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცლოდ 5 000 ლარის გადახდა;

 

9. შპს ,,ემ---------ს“ შპს ,,ზა-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს აუდიტორული დასკვნის მომზადებისთვის გადახდილი 1834 ლარის გადახდა;

 

10. შპს ,,ემ---------ს“ შპს ,,ზა-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 2 000 ლარის გადახდა;

 

11. შპს ,,ზა-----------------ს“ შპს ,,ემ---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100,05 ლარის გადახდა;

 

12. შპს ,,ზა-----------------ს“ შპს ,,ემ---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზაღაურება.

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი