გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2019
საქმის ნომერი
330210019002904726
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5730-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 17 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - ქ. თბ--–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ბა--------------ე

მოპასუხე - ზა--–-----------–ი, ჰუ------------ი

წარმომადგენელი - თე------–-----–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ზა--–-----------–სა და ჰუ------------ს ქ. თბ--–----------–----–--------------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 84 130 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ს.ფ. 1-15):

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის N1-------- განაჩენით ზა--–-----------–ი ცნობილ ქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ზა--–-----------–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ქ. თბ--–------------ კუთვნილი 84 130 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქ. თბილისის მერიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის N1-------- განაჩენით ჰუ------------ი ცნობილ ქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ჰუ------------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ქ. თბ--–------------ კუთვნილი 84 130 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქ. თბილისის მერიას.

 

N092090512 სისხლის სამართლის საქმეზე 2009 წლის 30 ივლისს ქ. თბილისის მერია დაზარალებულად იქნა ცნობილი.

 

2015 წლის 6 აპრილის N1-------- და 2016 წლის 19 მაისის N 0------ განაჩენის თანახმად ზა--–-----------–ისა და ჰუ------------ის მიერ 2007-2009 წლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მისაკუთრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფულადი სახსრები. მოპასუხეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ქ. თბილისის მერიას მიადგა 84 130 ლარის მატერიალური ზიანი. ზა--–-----------–სა და ჰუ------------ს ქ. თბ--–------------ათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებიათ.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ არ ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან სარჩელი სასამართლოში აღძრულია განაჩენების დადგომიდან სამწლიანი ხანდაზმულობის დაცვით. მართალია მოსარჩელისთვის ზიანის ოდენობა ცნობილი იყო საბრალდებო დასკვნით, ასევე ცნობილი იყო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ ამ პერიოდში არსებობდა მხოლოდ სავარაუდო დამნაშავე, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სავარაუდო პირი, რომელიც მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზა--–-----------–მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, (შესაგებლის საფუძვლები ს.ფ. 251-259) და სარჩელი არ ცნო.

 

სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ როდესაც მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ აღიარეს ზიანის არსებობა, ეს იყო პერიოდი, როდესაც ხალხს პოლიტიკური შანტაჟის გამო უფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებებს. განაჩენში მითითებულ ადამიანებს, მათ შორის მოპასუხეებს თავისუფლების ფასად დაუჯდათ ის ზიანის ოდენობა, რაც მათ აღიარებინეს იძულების გზით. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბრალდებულები თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდნენ. ეს არის ერთი გარემოება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მეორე გარემოებას, დაკავშირებულია სარჩელის ხანდაზმულობასთან. მნიშვნელოვანია საკითხი, თუ როდის უნდა აითვალოს ზიანის დადგომა. საქმეში წარმოდგენილია საბრალდებო დასკვნა, რომელიც თარიღდება 2009 წლით, ხოლო განაჩენი დადგა 2015 წელს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ამ ზიანის ოდენობა ჯერ კიდევ საბრალდებო დასკვნის ეტაპიდან არის ცნობილი, ამდენად, ხანდაზმულობა უნდა დაიწყოს საქართველოს კოდექსის კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო პასუხისმგებელი პირის შესახებ, რომელსაც უნდა აენაზღაურებინა ეს ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განსახილველ შემთხვევაში 2009 წლიდან. ამდენად, სარჩლი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე ჰუ------------ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხეს დადგენილ ვადაში სარჩელთან მიმართებით წერილობითი პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის N1-------- განაჩენით ზა--–-----------–ი ცნობილ ქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1-------- განაჩენი (ს.ფ. 16-73)

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის N1-------- განაჩენით ჰუ------------ი ცნობილ ქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1-------- განაჩენი (ს.ფ. 75-85)

 

3.1.3. 2015 წლის 6 აპრილის N1-------- და 2016 წლის 19 მაისის 0------ განაჩენის თანახმად ზა--–-----------–ისა და ჰუ------------ის მიერ 2007-2009 წლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მისაკუთრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფულადი სახსრები. მოპასუხეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ქ. თბილისის მერიას მიადგა 84 130 ლარის მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1-------- განაჩენი (ს.ფ. 75-85)

- N1-------- განაჩენი (ს.ფ. 16-73)

- საბრალდებო დასკვნა (ს.ფ. 89-120)

-ცნობა სისხლის სამართლის საქმეზე (ს.ფ. 88)

 

3.1.4. N092090512 სისხლის სამართლის საქმეზე 2009 წლის 30 ივლისს ქ. თბილისის მერია დაზარალებულად იქნა ცნობილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1-------- განაჩენი (ს.ფ. 75-85)

- N1-------- განაჩენი (ს.ფ. 16-73)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზა--–-----------–სა და ჰუ------------ს ქ. თბ--–------------ათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებიათ. მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარულად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 84130 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას.

 

ამასთან, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

 

სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციასა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა (იხ. სუსგ, საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).

 

მოპასუხეების მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელების ფაქტი დადგენილია კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 6 აპრილის N1-------- და 2016 წლის 19 მაისის 0------ განაჩენით, რომელთა თანახმად ზა--–-----------–ისა და ჰუ------------ის მიერ 2007-2009 წლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მისაკუთრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფულადი სახსრები. მოპასუხეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ქ. თბილისის მერიას მიადგა 84 130 ლარის მატერიალური ზიანი.

 

წარმოდგენილი სარჩელი ემყარება დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს არა უშუალოდ გენერალური დელიქტის ნორმით, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის შესაბამისად.

 

სასამართლო იზიარებს საკასაციო პალატის განმარტებას (იხ, სუსგ, საქმეზე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი) რომლის თანახმადაც, 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“. (შდრ. სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 30916-ე მუხლის თანახმად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სასამართლო მიუთითებს განსხვავებაზე დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, რა დროსაც აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი, ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება’’ (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012).

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მოპასუხეთა მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, მოსარჩელისათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხეთათვის სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საკმარისი საფუძველია. აღნიშნული განაჩენით დგინდება მოპასუხეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

3.2.2 სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოპსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე. (იხ. დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170).

 

განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომელიც, დელიქტიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებისთვის ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რაც შეეხება 2010 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე), სახელმწიფოსათვის ან სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტისათვის დანაშაულით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების მიმართ, სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყება, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რა წესით ითხოვს დაზარალებული მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ დაზარალებული ითხოვს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა ზიანის მიმყენებლის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარვევის საქმეზე გამოცემული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული მოითხოვს დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საერთო სასარჩელო (და არა გამარტივებული სამართალწარმოების წესით) წესით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ (იხ. სუსგ 4.04.2019წ. საქმე №ას-1322-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

 

უშუალოდ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას კი სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები.

 

წარმოდგენილი სარჩელი ემყარება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ,,ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის’’ თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეთა მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარულად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 84130 ლარის ანაზღაურება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე. დავის საგნის ფასის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაანგარიშების პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ს 41-ე და 39-ე მუხლები), სსსკ-ის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 30921-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. თბ--–----------–----–--------------ის სარჩელი მოპასუხეების - ზა--–-----------–ის და ჰუ------------ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს - ზა--–-----------–ს და ჰუ------------ს მოსარჩელე ქ. თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 84130 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხეებს - ზა--–-----------–ს და ჰუ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 2523,90 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი