გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4941-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ--------------–-“
წარმომადგენელი - ლ---------------–--
მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - გ---------–--–---
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე-----------–---–-
მესამე პირი - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
წარმომადგენელი - ნ------–-–--------
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ბ--------------
დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №51 დადგენილების მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებას: ,,მე-19 მუხლის შემდეგ დამატებული მე-19 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები, ასევე, ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.2. მესამე პირის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.3. მესამე პირის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2013 წლის 21 თებერვალს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა N36 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31-ე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
აღნიშნული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
შპს ,,ჯ--------------–-ი“ წარმოადგენს მითითებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ ერთ-ერთ პირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული იქნა დადგენილების პროექტი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2017 წლის 18 იანვრის N317 წერილით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, სამართლებრივი შენიშვნები არ გააჩნია.
2017 წლის 23 იანვარს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა N01/3488 წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, წარუდგინა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი და ითხოვა აღნიშნული პროექტის საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეტანა.
2017 წლის 26 იანვარს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა N01/4574 წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ხელმოსაწერად წარუდგინა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი. აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში მიეთითა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის შედეგად, მასში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს, კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებების (რევიზიის აქტი - სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“, კონტროლის აქტი - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“) საფუძველზე, წარმოეშობათ მთელი რიგი, საკმაოდ მოცულობითი ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, არასწორად მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნების ვალდებულება და პროგრამის პირობების დარღვევის გამო - დამატებითი საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულება. ორივე მათგანს პროგრამა განიხილავს საჯარიმო სანქციებად. კომპეტენტური ორგანოს აქტის (რევიზიის აქტი/შემოწმების აქტი) გასაჩივრებისას ადმინისტრაციული საჩივრით, მისი განხილვა მოითხოვს გარკვეულ, გახანგრძლივებულ ვადებს. საკითხის სპეციფიურობიდან და გასაანალიზებელი მონაცემების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ასეთი დავების განხილვა ხანგრძლივად მიმდინარეობს სასამართლოებშიც. ამასთან, ამ გზით კომპეტენტური ორგანოს აქტის ირგვლივ დავის დასრულების მიუხედავად, მიმწოდებლის მიმართ სანქციების აღსრულების (ფაქტობრივად გადახდევინების) მიზნით, განმახორციელებელს, ამჯერად, თავის მხრივ, უწევს სასამართლოში მიმართვა და დავის ხელახალი წარმოება სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო მიმწოდებლისათვის ზემოაღნიშნული აქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების მოთხოვნით. ამის შემდგომ, ხორციელდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების (მათ შორის იძულებით აღსასრულებლად) შესაბამისი ღონისძიებების გატარება (2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის სახ. პროგრამების ფარგლებში 2014-2016წწ. დაწყებული და დასრულებული საქმეებიდან სასამართლოში განხილვის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 200 დღე, ხოლო იმავე საანგარიშგებო პერიოდში დაწყებული სასამართლო დავები 100-ზე მეტ საქმეზე დღემდე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კლინიკების მიმართ დასრულებულ დავებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სხვადასხვა გარემოებების გამო თანხის ამოღების პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 25%, რაც მნიშვნელოვანი წინაღობაა საბიუჯეტო თანხების დროული და სრული მიმოქცევისათვის, საფრთხეს უქმნის საბიუჯეტო პარამეტრების დაცვას და ხელს უშლის პროგრამის მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილ რეალიზაციას. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მოცემულ საკითხებზე ოპტიმალური მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე დაწესებულებებსა და პროგრამის მიმწოდებლებს შორის სადავო შემთხვევების დროულ გადაწყვეტას.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 18 იანვრის N317 წერილი (ტ.2, ს.ფ. 61);
-2017 წლის 23 იანვრის N01/3488 წერილი (ტ.2, ს.ფ. 53);
-2017 წლის 26 იანვრის N01/4574 წერილი (ტ.2, ს.ფ. 29);
-,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი და მისი განმარტებითი ბარათი (ტ.2, ს.ფ. 30-51);
4.3. 2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა N51 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნა ცვლილება და მე-19 მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირება
1. მიმწოდებლის მიმართ პროგრამის ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოყენებული საჯარიმო სანქციები განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის/სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (გადასახდელი).
2. ამ მუხლის საფუძველზე, განისაზღვრება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოებისა და მიმწოდებლის შეთანხმება, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება, ოქმი, აქტი) გასაჩივრების, განხილვისა და აღსრულების პირობებზე, მათ შორის:
ა) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მისი გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად, ამ აქტის აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წარმოების დაწყებისა, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა;
ბ) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივარი შეაჩერებს მის აღსრულებას;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიმწოდებლისათვის გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, თუ სასამართლოს განჩინებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და/ან მასთან დაკავშირებული, მიმწოდებლის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
ე) მიმწოდებელი უფლებამოსილია, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან, საჯარიმო სანქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული თანხა ან მისი დარჩენილი ნაწილი.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, რეგულირების სააგენტო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებას 10 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის განმახორციელებელს.
4. რეგულირების სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს მიმწოდებლის მხრიდან სადავოდ ქცეული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერების ან/და ასეთი შეჩერების გაუქმების, ამ აქტთან დაკავშირებული დავის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, მასზე მიმდინარე აღსრულების შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის მიზნით, აგრეთვე მიმწოდებლის მხრიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.
5. პროგრამის განმახორციელებელი ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხის 50%-იდან საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20%-ის დაკავების გზით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. თუ საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20% აღემატება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, სანქციების აღსრულება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის დაკავების გზით, ვალდებულების საბოლოო შესრულებამდე. აღნიშნული პირობა მიმწოდებლის მიმართ მოქმედებს პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან საჯარიმო სანქციების ერთდროულად დაკისრების მიუხედავად. ამ პუნქტის შესაბამისად, დაკავება განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რა პერიოდის მომსახურების ღირებულებას მოიცავს თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმწოდებლისათვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებს შორის უპირატესად დაკავდება უკან დასაბრუნებელი თანხების სახით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.
7. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანო უფლებამოსილია, ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსასრულებლად აგრეთვე მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ზომებს.
8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით, მოითხოვოს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადება არა უმეტეს 12 თვეზე, ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავების გზით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული, მისთვის მისაღები პირობებით.
9. საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სადავოდ არ ხდის საჯარიმო სანქციების დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს დაკისრებული თანხის გადახდაზე და საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს:
ა) საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობით მოთხოვნას და არა უმეტეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების შემოთავაზებულ პირობებს;
ბ) ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფას (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს განაწილვადების პერიოდს.
10. დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების განაწილვადებისათვის მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავების დაწყებისთანავე ერთჯერადად, დამატებით, დაუკავდება დაკისრებული ჯამური საჯარიმო სანქციის 1%, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, რის შემდეგაც დაკავება განხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დაცვით.
11. საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების თაობაზე მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება (ვალდებულების შესრულების განაწილვადების შეთანხმება).
12. იმ შემთხვევაში, თუ სრულად ან ნაწილობრივ ვერ ხერხდება რეგულირების სააგენტოსაგან მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმახორციელებლის კომპეტენციის ფარგლებში აღსრულება, მიმწოდებლის სტატუსის ცვლილების ან სხვა, განმახორციელებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, აღნიშნულის თაობაზე განმახორციელებელი წერილობით აცნობებს რეგულირების სააგენტოს.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 19-27).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილება
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მთავრობის რეგლამენტით.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული დადგენილება აკმაყოფილებს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალური, ისე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას, აფასებს მხოლოდ აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი, სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ კანონიერების კონტროლი ემსახურება იმ მიზანს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული იყოს საჯარო წესრიგი, რასაც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების შესრულება. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მყარი და სტაბილური სამართლებრივი წესრიგისა და სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურას და შესაბამისად, აქტის ფორმალურ კანონიერებას. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებას და მიაჩნია, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.
7.4. სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-5 მუხლის ,,ო“ პუნქტის თანახმად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით მმართველობის ორგანოების აღჭურვის მიზანია, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობას. ამასთან, სპეციფიკური და წვრილმანი საკითხების მოწესრიგებისაგან კანონმდებლის გამოთავისუფლება მას შესაძლებლობას აძლევს, სრულყოფილად მოაწესრიგოს ქვეყნის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები. სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ამ ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც უნდა განხორციელდეს ამგვარი უფლებამოსილების რეალიზაციისას კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის აუცილებლობით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამდენად, ნორმატიული აქტი (მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება) უნდა შეესაბამებოდეს არამხოლოდ იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა, არამედ იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობასაც და წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს მასზე იერარქიით მაღლა მდგომ სხვა საკანონმდებლო აქტებთან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 21 თებერვალს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა N36 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილებით, ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში. მათ შორის, სხვა ცვლილებებთან ერთად, დადგენილებას მე-19 მუხლის შემდეგ დაემატა 191 მუხლი (საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირება).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ასევე ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების კანონიერებას.
სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის საფუძველზე, განისაზღვრება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოებისა და მიმწოდებლის შეთანხმება, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება, ოქმი, აქტი) გასაჩივრების, განხილვისა და აღსრულების პირობებზე, მათ შორის: ა) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მისი გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად, ამ აქტის აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წარმოების დაწყებისა, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა; ბ) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივარი შეაჩერებს მის აღსრულებას; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიმწოდებლისათვის გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, თუ სასამართლოს განჩინებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ მიუხედავად პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს მიერ მიმწოდებლისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წარმოების დაწყებისა, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა, ამ აქტის აღსრულება დაიწყება მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 ლარს, ხოლო 10 000 ლარს ქვემოთ საჯარიმო სანქციის დაკისრების შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ განსაზღვრა ასეთი აქტის აღსრულების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის დროს. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დადგინდა, რომ საჯარიმო სანქციის აღსრულება დაიწყება ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიმწოდებლისათვის გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, თუ სასამართლოს განჩინებით სხვა რამ არ იქნა დადგენილი.
მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლებს, რომლებიც ადგენენ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას როგორც ადმინისტრაციული საჩივრის, ისე სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ამდენად, აღნიშნული ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, თუკი კანონით ან კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, მითითებული ნორმა უშვებს გამონაკლისს ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის საფუძველზე აქტის მოქმედების შეჩერების ზოგადი წესიდან (სუსპენზიური ეფექტი) და მიუთითებს ამგვარი გამონაკლისი შემთხვევის კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში გაწერის თაობაზე. ამასთან, შემთხვევებს, რომლის დროსაც ადმინისტრაციული საჩივარი არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას, ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას; ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე; დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტმა გაითვალისწინა სწორედ გამონაკლისი შემთხვევა, რომლის დროსაც მიუხედავად ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა, მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, მოხდება აქტის აღსრულება, თუ ამ აქტით დაკისრებული სანქციის ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 ლარს. ამასთან, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია, რომ ამგვარი დანაწესის შემოღება განხორციელდა აქტის (დაკისრებული ჯარიმის) გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, იმ შემთხვევაში თუ კანონით ან კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი, სუსპენზიური ეფექტისგან განსხვავებული წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის გათვალისწინებით, სწორედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტითაა დადგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების ის დანაწესი, რომელიც აქტით დაკისრებული საჯარიმო სანქციის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სპეციალურ რეგულაციას (თუ დაკისრებული საჯარიმო სანქცია აღემატება 10 000 ლარს, მისი აღსრულება დაიწყება მიმწოდებლისათვის აქტის გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ ჯარიმის ოდენობა 10 000 ლარზე ნაკლებია, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა აჩერებს მის აღსრულებას), სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებთან და წინააღმდეგობაში არ მოდის მათთან. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება, ზემოაღნიშნული ნორმების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლთან შესაბამისობას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების ისეთ სახეს, როგორიცაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. მითითებული მუხლი განსაზღვრავს სასამართლოში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს იმ გამონაკლის შემთხვევათა ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მხოლოდ სასამართლოში სარჩელის შეტანა ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას. კერძოდ, 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების ის დანაწესი, რომელიც აქტით დაკისრებული საჯარიმო სანქციის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს, რომ მიუხედავად სასამართლო წარმოებისა, გასაჩივრებული აქტის აღსრულება დაიწყება მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ პუნქტთან. მოსარჩელის პოზიციით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ ჩერდება მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, ამგვარი დანაწესის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში გაწერა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ პუნქტს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიმართ პროგრამის ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოყენებული საჯარიმო სანქციები განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის/სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (გადასახდელი). ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან. ამდენად, ცალსახაა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციების დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ვინაიდან იგი განეკუთვნება სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებულ აქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დანაწესი საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებული აქტების აღსრულების შესახებ (სასამართლო წარმოების შემთხვევაში), უკავშირდება არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, არამედ ამავე ნორმის ,,ა“ პუნქტს. გასაჩივრებულ მთავრობის დადგენილებაში არსად არ არის მითითებული, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე მიიღო, როგორც ამას მოსარჩელე მხარე მიუთითებს. ამასთან, ის გარემოება, რომ ,,ვ“ პუნქტი ითვალისწინებს სუსპენზიური ეფექტისგან გამონაკლისი ერთ-ერთი შემთხვევის კანონში გაწერას, არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი გამონაკლისი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ვერ იქნება ასახული, ამგვარ აკრძალვას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტში მისი გაწერა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული ,,ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად და ვერ გახდება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ავტომატურად შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული პირობები არ გულისხმობს მათ კუმულატიურად არსებობას იმისთვის, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ შეჩერდეს. აღნიშნული ნორმა ადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, ალტერნატიულ შემთხვევებს, რომელთაგან თუნდაც ერთის არსებობა საკმარისია იმისთვის, რომ გამოირიცხოს მხოლოდ სარჩელის წარდგენის საფუძველზე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერება. ამდენად, აღნიშნული ნორმა არ გულისხმობს სუსპენზიური ეფექტისგან გამონაკლისი ყველა შემთხვევის მხოლოდ კანონში გაწერას, კანონში მითითება ამგვარი გამონაკლისი შემთხვევის მხოლოდ ერთ-ერთი საფუძველია.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე თუ რატომ გახდა აუცილებელი საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო წარმოების დროს, გასაჩივრებული აქტის აღსრულების სპეციალური წესის გათვალისწინება, თუკი ასეთი აქტი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სხვა საფუძვლით ისედაც არ ექვემდებარებოდა ავტომატურად შეჩერებას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილების საფუძველზე, 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებას დამატებული მე-191 მუხლი დასათაურებულია, როგორც ,,საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირება“. ამდენად, მითითებულ მუხლში თავმოყრილია საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული არსებითი ნორმები. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიმართ პროგრამის ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოყენებული საჯარიმო სანქციები განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის/სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (გადასახდელი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად კი, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება თუ იგი დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილების მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დანაწესი (სასამართლო წარმოების შესახებ) არსებითად უკავშირდება ამავე მუხლის პირველ პუნქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტის გათვალისწინებით, აკონკრეტებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების ორგანოების მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღსრულების წესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების ის დანაწესი, რომელიც ეხება სასამართლო წარმოების ეტაპზე, მიმწოდებლისათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღსრულებას, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლთან და არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
7.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და/ან მასთან დაკავშირებული, მიმწოდებლის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ნორმის ის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ნორმა მხოლოდ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიაქციოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის დაწესებით კი მხარის მოსაზრებით, სასამართლოს უფლებამოსილება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეითავსა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილთან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში არსად არ არის მითითებული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცევს ადმინისტრაციული ორგანო და არა სასამართლო. კონკრეტულ შემთხვევაში, ამგვარი ცალკეული ფაქტის არსებობა ვერ გახდება გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. ამასთან, მოცემული დავის საგანს სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების კონკრეტული ჩანაწერის კანონიერების კვლევა წარმოადგენს და არა ამ დადგენილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებების კანონიერების შეფასება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამასთან, სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებას (ხელშეკრულებას) და მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. შესაბამისად, დადგენილებაში (შეთანხმებაში) ამგვარი პირობის მითითება, რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე სრულად შეესაბამება როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილს, ისე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილებები შეტანილი იქნა მას შემდეგ, რაც შპს ,,ჯ--------------–-ი“ როგორც მიმწოდებელი უკვე შეუერთდა პროგრამას და აიღო გარკვეული ვალდებულებები, სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე. ამდენად, 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ დამატებით გაითვალისწინა, რომ შესაძლოა მიმწოდებლები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ პროგრამას, არ დაეთანხმონ მიღებულ ცვლილებებს და მისცა მათ საშუალება უარი თქვან პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე დადგენილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში კი დადგინდა, რომ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან. გასათვალისწინებელია, რომ შპს ,,ჯ--------------–-ს“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში არ მიუმართავს პროგრამის განმახორციელებლისთვის და უარი არ უთქვამს პროგრამაში მონაწილეობაზე, ამასთან, მის მიერ პროგრამიდან გასვლასთან დაკავშირებით არც 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილების მე-2 მუხლის ნორმატიული შინაარსია სადავოდ გამხდარი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ის დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლს და წინააღმდეგობაში არ მოდის მასთან, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
7.6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებს. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროგრამის განმახორციელებელი ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხის 50%-იდან საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20%-ის დაკავების გზით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. თუ საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20% აღემატება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, სანქციების აღსრულება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის დაკავების გზით, ვალდებულების საბოლოო შესრულებამდე. აღნიშნული პირობა მიმწოდებლის მიმართ მოქმედებს პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან საჯარიმო სანქციების ერთდროულად დაკისრების მიუხედავად. ამ პუნქტის შესაბამისად, დაკავება განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რა პერიოდის მომსახურების ღირებულებას მოიცავს თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმწოდებლისათვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებს შორის უპირატესად დაკავდება უკან დასაბრუნებელი თანხების სახით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები ადგენენ მიმწოდებლისათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულების წესებს მას შემდეგ, რაც „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დაიწყება მათი აღსრულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, გასაჩივრებულ ნორმებს მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი რეგულაციების თანმდევ ნორმებს და მათი გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებიც უნდა გაუქმდეს. სხვა დამატებითი არგუმენტაცია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებით არც წარმოდგენილ წერილობით სარჩელში და არც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლომ უკვე იმსჯელა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ ისინი სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს, მასზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებს, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აღნიშნული მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (გასაჩივრებულ ნაწილში) არ იქნა დადგენილი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი რაიმე პროცედურის დარღვევა. ამგვარი დარღვევის თაობაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა.
7.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-815-807(კ-16)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მათი შემოღება ხშირად თავად აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტების მიერ, სახელმწიფო-მმართველობითი საქმიანობის პროცესში და მისი მიზნების მისაღწევად ხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მოთხოვნილება ეფექტურ მმართველობაში ობიექტურად განაპირობებს მის აღჭურვას ნორმის დამდგენი უფლებამოსილებებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გადაცემული სამართალშემოქმედების უფლებამოსილება. ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, მათ შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმა, წარმოადგენს სამართალშემოქმედებით აქტს. ამასთანავე, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამართალშეფარდებითი საქმიანობა, მათი ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა იმავე მიზანს ისახავს. ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმაშეფარდებითი საქმიანობაა, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და ამ ფუნქციით არის დეტერმინირებული.“
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის განჩინებაში (საქმე Nბს-622-610(კ-12)) აღნიშნულია, რომ ,,მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი ნორმების გამოცემა, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერისიფიკაციის გამოვლინებაა. დელეგირებული ნორმაშემოქმედების სახელმწიფოებრივ- სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზებული პროფესიული ცოდნა, დელეგირების არსი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური ცოდნის და კომპეტენციის გამოყენებაში მდგომარეობს..“
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა გასაჩივრებული დადგენილების კონკრეტული დებულებების, ისევე როგორც დადგენილების გამოცემა შეესაბამება მასზე იერარქიულად მაღლამდგომ ნორმატიულ აქტებს. რაც შეეხება, სადავო ნორმების მიღების მიზანშეწონილობას, აღნიშნული საკითხის შემოწმება სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს. კონკრეტული ნორმატიული აქტის (მისი ნაწილის) მიზანშეწონილობის განსაზღვრა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაა და სასამართლო მის შეფასებას ვერ მოახდენს.
7.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ--------------–-ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს არაქონებრივ დავაზე 100 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 400 (ოთხასი) ლარი, საიდანაც 300 (სამასი) ლარი, როგორც შეცდომით გადახდილი თანხა, უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, ხოლო 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ დამატებით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ჯ--------------–-ს“ სარჩელზე 2017 წლის 17 ივლისს გადახდილი (გადამხდელის დასახელება: შპს ,,ჯ--------------–-“, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე) სახელმწიფო ბაჟიდან - 400 (ოთხასი) ლარიდან 300 (სამასი) ლარი დაუბრუნდეს უკან, ხოლო დარჩენილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი