გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23111-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - შპს ,,ს----------–-----------ა“
წარმომადგენლები - მ------------–---, დ---------–-------
მოპასუხე - გ------- მ-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- მ-------–---–ს შპს „ს----------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4 206.77 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
გ------- მ-------–---–მა შპს „ს----------–-----------ას“ თბილისის ტერმინალიდან 2016 წლის 29 სექტემბერს გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა „ს---–------“. გადაზიდვა განხორციელდა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით
მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადად მოპასუხეს განესაზღვრა 2016 წლის 30 სექტემბერი, თუმცა მოპასუხეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია და მისი დავალიანება შპს „ს----------–-----------ის“ მიმართ შეადგენს 4 206.77 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
გ------- მ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ წარმოადგენს მოვალეს და გადახდის ვალდებულება არა აქვს.
საქმის მომზადების დასრულებამდე მოპასუხემ განმარტა, რომ ხელი სხვისი დავალებით მოაწერა და გზავნილი მისი არ იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. სს „ს----------–-----------ასა“ (შემსრულებელი, მოსარჩელე) და შპს „ს---–-------ს“ (დამკვეთი) შორის 31.01.2015 წელს დაიდო ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1.1.1 პუნქტით, დამკვეთის ვალდებულებაა საქონელის სატვირთო ავტომობილით საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაზიდვა და შემსრულებლისათვის დანიშნულების პუნქტში მიტანა-ჩაბარება.
2.1.2 პუნქტის თანახმად, შემსრულებლის ვალდებულებაა გასამრჯელოს სანაცვლოდ გაუწიოს დამკევთს მომსახურება, რაც გულისხმობს : საქართველოს მიმართულებით გადმოზიდული საქონლის დანიშნულების პუნქტში მიღება-ჩაბარებას, სატვირთო ავტომობილებიდან საქონლის ჩამოტვირთვას და საცავში შეტანას, დამკვეთის მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოსვლის, აგრეთვე საქონლის მიღების ადგილისა და დროის შესახებ მიმღების ინფორმირება, დანიშნულების პუნქტში მიმღებისათვის საქონლის გადაცემის პროცესის ორგანიზება, მიმღებისაგან საქონლის გადაზიდვისათვის ამ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული ღირებულების მიღება, აგრეთვე მიღებული ღირებულების (კუთვნილი გასამრჯელოს გამოკლებით) გამომგზავნისათვის გადაცემა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 31.01.2015 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-33)
3.1.2. 2016 წლის 29 სექტემბერს გ------- მ-------–---–მა შპს „ს----------–-----------ის“ თბილისის ტერმინალიდან გაიტანა ტვირთი, რომლის გადაზიდვა განხორციელდა 2015 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში. ტვირთის მიმღებად დაფიქსირებულია გ------- მ-------–---–ი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- შპს „ს----------–-----------ის“ ინვოისი (ს.ფ. 34);
- შემოსავლების სამსახურის დეკლარაცია (ს.ფ. 35).
3.1.3. გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრა 4206.77 ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო 2016 წლის 30 სექტემბრამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შპს „ს----------–-----------ის“ ინვოისი (ს.ფ. 34);
- შპს „ს----------–-----------ის“ ცნობა (ს.ფ.37)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ------- მ-------–---–ი ვალდებულია შპს „ს----------–-----------ას“ გადაუხადოს გადაზიდვის საფასური - 4 206.77 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.
სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ს---–-------მა“ განახორციელა თურქეთის რესპუბლიკიდან ტვირთის გადაზიდვა. ტვირთის მიმღებად აღნიშნულია გ------- მ-------–---–ი. შპს "ს----------–-----------ამ" 31.01.2015 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ს---–-------ს“ გაუწია მომსახურება და ტვირთი განათავსა მის ტერმინალში. ტვირთი ტერმინალიდან გაიტანა გ------- მ-------–---–მა. აღნიშნული დასტურდება, საგადასახადო დეკლარაციით და ანგარიშის ბარათით, რომლის მიხედვითაც პროდუქტის მიმღებს წარმოადგენს გ------- მ-------–---–ი.
გ------- მ-------–---–ს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მან მხოლოდ მიუთითა, რომ არ წარმოადგენს მოვალეს და გადახდის ვალდებულება არა აქვს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ტვირთის მიღებაზე ხელი სხვა პირის დავალებით მოაწერა, რომელიც სანაცვლოდ ფულს უხდიდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გ------- მ-------–---–მა მესამე პირთან დადებული რაიმე ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო ტვირთი, ეს გარემოება გავლენას არ ახდენს მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- მ-------–---–მა საკუთარი სახელით იკისრა ვალდებულება გადამზიდავის მიმართ და თავად მიიღო ტვირთი.
საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაზიდვის საფასური გადახდილია. ამ გარემოებაზე მოპასუხე არც მიუთითებს, შესაბამისად მან შპს „ს----------–-----------ის“ სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს დავალიანება 4 206.77 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 668-ე, 672-ე, 677-ე, 319-ე, 629-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
ამავე კოდექსის 672-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით, ხოლო 677-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები)არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
დადგენილია, რომ შპს „ს---–-------მა“ განახორციელა თურქეთის რესპუბლიკიდან ტვირთის გადაზიდვა. ტვირთის მიმღებად აღნიშნულია გ------- მ-------–---–ი.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ხოლო 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
დადგენილია, რომ შპს „ს---–-------სა“ და შპს „ს----------–-----------ას“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს----------–-----------ამ“ იკისრა ვალდებულება, რაც მოიცავდა საქართველოს მიმართულებით გადმოზიდული საქონლის დანიშნულების პუნქტში მიღება-ჩაბარებას, სატვირთო ავტომობილებიდან საქონლის ჩამოტვირთვას და საცავში შეტანას, დამკვეთის მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოსვლის, აგრეთვე საქონლის მიღების ადგილისა და დროის შესახებ მიმღების ინფორმირება, დანიშნულების პუნქტში მიმღებისათვის საქონლის გადაცემის პროცესის ორგანიზება, მიმღებისაგან საქონლის გადაზიდვისათვის ამ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული ღირებულების მიღება, აგრეთვე მიღებული ღირებულების (კუთვნილი გასამრჯელოს გამოკლებით) გამომგზავნისათვის გადაცემა.
ამრიგად, ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს----------–-----------ა“ უფლებამოსილია, გ------- მ-------–---–ისაგან მოითხოვოს გადაზიდვის საფასურის ანაზღაურება შპს „ს---–-------სათვის“ შემდგომში გადარიცხვის მიზნით მისი კუთვნილი საზღაურის გამოკლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია და გადაზიდვის საფასური არ გადაუხდია, შესაბამისად, შპს "ს----------–-----------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე გ------- მ-------–---–ს შპს „ს----------–-----------ის“ სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს----------–-----------ის“ სარჩელი მოპასუხე გ------- მ-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. გ------- მ-------–---–ს შპს ,,ს----------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4206.77 ლარის გადახდა.
3. გ------- მ-------–---–ს შპს ,,ს----------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 64 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია