გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 051210019003154260
საქმე №2/105-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ება
საქართველოს სახელით
26.12.2019 წელი ქ. დედოფლისწყარო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - მარიამ ბაიაშვილი
მოსარჩელე: სს ,, ს----------–--------ი ”
წარმომადგენელი: მა---------------ა;
მოპასუხე: ეთ---------–-–---–ი;
დავის საგანი: საკრედიტო ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეს ეთ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის ” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 4078.14 (მათ შორის ძირითადი თანხა 2 980 ლარი, დარიცხული სარგებელი - 567,75 ლარი, პირგასამტეხლო 530,39 ლარი ) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ეთ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 123 ლარის, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.
1.3. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით სს ,,ს----------–--------ს “ და ეთ---------–-–---–ს შორის 2015 წლის 23 ივნისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაცემული იყო სესხი 2980 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 28.5% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ხოლო კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის და პირობების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მსესხებელზე გაცემული თანხა არ არის შემცირებული გადახდებით, პროცენტი დარიცხულია პირველივე ვადაგადაცილებიდან 2015 წლის 25 ივლისიდან. 2016 წლის 23 იანვარს მოსარჩელე მხარემ გაფრთხილების წერილით შეატყობინა მოპასუხე მხარეს, რომ 2 კვირის ვადაში შეწყდებოდა ხელშეკრულება თუ არ მოხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. იმის გამო, რომ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია, 2016 წლის 25 თებერვალს ბანკმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად და ამ დღიდან საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება. ბანკის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარგებელი დარიცხულია 2015 წლის 25 ივლისიდან 2016 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, გამარტივებული წარმოების დაწყებამდე.
მოსარჩელემ, მოპასუხის პოზიციის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ სესხის გაცემიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე მოხდა სარგებლის დარიცხვა და შესაძლოა თავდაპირველი მოთხოვნები ხანდაზმულია, მაგრამ ყველა არა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დაადასტურა ბანკიდან კრედიტის მიღების ფაქტი 2015 წლის ივნისის თვეში 2980 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 28.5% სარგებლის დარიცხვით, მაგრამ შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის მოტივით და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2015 წლის 25 ივლისს, როდესაც მას (მსესხებელს) უნდა გადაეხადა პროცენტის თანხა. არც ძირის და არც პროცენტის გადახდა არ მოხდა არც გრაფიკით და არც მისი დარღვევით. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის (20.08.2019წ) გასულია 3 წელზე მეტი ვადა. შესაბამისად მოპასუხეს მიიჩნია, რომ ვინაიდან გასულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის საფუძველზე.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 23 ივნისს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------სა “ და მოპასუხე ეთ---------–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება რომლის თანახმადაც თანხა გაცემული იყო 2980 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 28.5% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
3.2. მსესხებელს სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით 2015 წლის 25 ივლისიდან.
3.3. მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ სესხის გაცემის შემდეგ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა, სესხის გატანის შემდეგ სესხის თანხის არც ძირის და არც სარგებელის დაფარვა არ მომხდარა 2015 წლის 25 ივლისიდან.
3.4. სს ,, ს----------–--------მა “ მოპასუხის წინააღმდეგ 2016 წლის 23 თებერვალს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა განცხადება გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ არ ცნო დავალიანება და მოთხოვნაზე წარადგინა პროტესტი. შესაბამისად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 10 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება N16022607/234324 დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
3.5. გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყების მომენტისათვის ეთ----------–-–---–ს სს „ ს----------–--------ის “ წინაშე ერიცხებოდა დავალიანება 4078.14 ლარის (მათ შორის ძირითადი თანხა – 2 980 ლარი, დარიცხული სარგებელი - 567,75 ლარი, პირგასამტეხლო 530,39 ლარი ) ოდენობით.
3.6. 2019 წლის 20 აგვისტოს სს ,, ს----------–--------მა ” შეიტანა სარჩელი ეთ---------–-–---–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- საკრედიტო ხელშეკრულება N2805170;
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი; ამონაწერი პირადი ანგარიშიდან;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება N16022607/234324 დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ
- ბანკის ცნობა დავალიანების შესახებ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623 -ე, 626-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოდავე მხარეთა შორის ადგილი ქონდა საკრედიტო სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით: თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი იქნა, რომ სს ,,ს----------–--------ის “ და ეთ---------–-–---–ს შორის 2015 წლის 23 ივნისს დადებულ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხის სახით 2980 ლარი 36 თვის ვადით, წლიური 28.5% სარგებლის დარიცხვით და ამით მხარეებს შორის დაიწყო საკრედიტო სამართლებრივ ურთიერთობები. მიუხედავათ თანხის მიღებისა არც სესხის ძირი თანხის და არც სარგებლის დაფარვა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა, რის გამოც სს ,, ს----------–--------მა “ მოპასუხის წინააღმდეგ 2016 წლის 23 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების (გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე) შეტანით შეწყვიტა მევალესთან საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავოდ ის ფაქტი, რომ გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების მომენტისათვის მისი დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენდა 4078.14 ლარს, მაგრამ განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად მას უფლება აქვს უარი განაცხადოს სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდაზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამის გამო უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით:ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთირთობაში მოთხოვნის მიმართ მოქმედებს დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის “ წარმომადგენელმა პროცესზე განმარტა, რომ ბანკის მხრიდან მოთხოვნის უფლება ნამდვილად წარმოიშვა 2015 წლის 25 ივლისს, შესაბამისად ბანკის მხრიდან მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ამის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 23 თებერვალს გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მოპასუხე მხარის პრეტენზიის საფუძველზე 2017 წლის 10 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ 2015 წლის 25 ივლისიდან ბანკმა შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ და ამ დღიდან დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა. სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2019 წლის 20 აგვისტოს , ე.ი. მოთხოვნის წარმოშობის დღიდან ოთხი წლის და 25 დღის გასვლის შემდეგ. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების განხილვის პერიოდს მივიჩნევთ ხანდაზმულობის დენის შეჩერების საფუძვლად (2016 წლის 23 თებერვალი - 2017 წლის 10 თებერვალი), მოსარჩელეს მაინც გაშვებული აქვს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმის გამო, რომ სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, ს----------–--------ის ” სარჩელი მოპასუხე ეთ---------–-–---–ის მიმართ, სასესხო დავალიანების 4078.14 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში (გამარტივებული საქმის წარმოებისათვის) გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს, სარჩელის ხანდაზმულობის გამო.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. დედოფლისწყარო , ჰ.გონაშვილის ქ N2) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე