გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
330210019003257573
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/27153-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ფ------- თ------ ჰ-----’’

წარმომადგენელი - ი--- ა------–---–-

მოპასუხე - მ------ ნ----------

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 1 ლარი.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 2019 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი).

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

შპს ,,ფ------- თ------ ჰ-----’’ (შემდგომში მოსარჩელე/დამსაქმებელი) და მ------ ნ----------ს (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი) შორის 2019 წლის 11 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე დაინიშნა ნახევარგანაკვეთიანი კონსულტანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 7.6 პუნქტის მიხედვით დასაქმებულმა 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილოს დამსაქმებელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ კი ყოველგვარი შეტყობინების და გაფრთხილების გარეშე - 2019 წლის 07 აგვისტოს ხელფასის აღებიდან მეორე დღეს თვითნებურად, გაფრთხილების გარეშე მიატოვა სამუშაო ადგილი და აღარ გამოცხადებულა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნულის თაობაზე სუპერმარკეტის გენერალურმა მენეჯერმა აცნობა კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილებას. დამსაქმებლის ბრძანების შესაბამისად, მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად, მოპასუხის ერთი თვის ხელფასი განისაზღვრა 312.50 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად დადგენილი 30 დღიანი ვადის დაუცველობის გამო, მას ეკისრება პირგასამტეხლო ერთი თვის სახელფასო სარგოს - 312.50 ლარის ოდენობით. შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის სახით კი მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო - 1 ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი ცნო.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 11 ივნისს მხარეებს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე მოსარჩელე კომპანიაში დასაქმდა ნახევარგანაკვეთიანი კონსულტანტის პოზიციაზე.

ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად, მოპასუხის ერთი თვის ხელფასი განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით განისაზღვრა 312.50 ლარით.

ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.18-21);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2019 წლის 07 აგვისტოდან მოპასუხე არ გამოცხადდა შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად სამსახურში. მას შრომითი ხელშეკრულების საკუთარი ინიციატივით შეწყვეტის შესახებ არ უცნობებია დამსაქმებლისთვის შრომითი ხელშეკრულების 7.6 პუნქტით დადგენილი 30 კალენდარული დღით ადრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტება;

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 22).

 

3.1.3. მოსარჩელე კომპანიის გენერალური დირექტორის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანების თანახმად, მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.23);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. შრომის კოდექსის მე-2, 37-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ შრომითი ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ერთი თვის ხელფასის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ მოპასუხე აღნიშნული ვადის დაუცველად - 2019 წლის 07 აგვისტოდან უარი განაცხადა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ვინაიდან აღარ გამოცხადდა სამსახურში. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც ხელშეკრულების დანაწესითვე მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. ამასთან, დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებული არ არის ვალდებული, დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას ეკისრება ერთადერთი ვალდებულება - არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების თაობაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, რაც გახდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ამასთან, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის შემცირებული პირგასამტეხლოს სახით 1 ლარის დაკისრებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა თავის მხრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი (ს.ფ. 27).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფ------- თ------ ჰ-----’’-ს სარჩელი მოპასუხე მ------ ნ----------- მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე მ------ ნ----------ს მოსარჩელე შპს ,,ფ------- თ------ ჰ-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1 ლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე შპს ,,ფ------- თ------ ჰ-----’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკი’’-ში 13.09.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი (საგადახდო დავალება N597);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია