გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
330210019002925104
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7097-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - რ/კ „პი-----–-------------------–---ი“

წარმომადგენელი - თა----------ია

მოპასუხე - შა-–----------–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს შა-–----------–---–ს 2018 წლის 14 ნოემბრის მორიგების აქტის საფუძველზე დაეკისროს 18 603 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 11155 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 7448 ლარი) გადახდა.

 

სარჩელი მიხედვით, რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2----------–-–------- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ ლიკვიდაციის პროცესი.

 

შა-–----------–---–ი წარმოადგენდა რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ მსესხებელს, რომლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. მსესხებელს ლიკვიდატორის მიერ მიეცა შესაძლებლობა ნებაყოფლობით შეესრულებინა არსებული ვალდებულება და 2018 წლის 14 ნოემბერს შა-–----------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მსესხებელმა აღიარა ვალდებულების არსებობა კრედიტორის წინაშე 18 603 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა 2019 წლის თებერვლის ბოლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ორგანიზაციიდან გამოტანილი ჰქონდა სესხი 2014 წლის 6 თებერვალს 1010 ლარის ოდენობით, რომელიც დაფარა ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხა 1500 ლარი. 2015 წლის 24 სექტემბერს აიღო სესხი 8000 ლარი, საიდანაც დაფარა 5000 ლარი. შესაბამისად გადასახდელი დარჩა 3000 ლარი.

 

2018 წლის ნოემბრის თვეში მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, დაეწერა რომ შა-–----------–---–ს გააჩნდა ვალდებულება 11 000 ლარი. იქვე განუმარტეს, რომ ამ თანხას არავინ მოსთხოვდა და ხელწერილი ჭირდებოდათ მხოლოდ იმის გამო, რომ დაკარგული ქონდათ სესხის ხელშეკრულებები და მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ქვითრები.

 

მოპასუხის განმარტებით, მორიგების აქტის გაფორმების დროს მისთვის ცნობილი იყო, რომ დარჩენილი ვალი იყო ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2----------–-–------- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ ლიკვიდაციის პროცესი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2----------–-–------- განკარგულება

 

3.1.2. 2014 წლის 6 თებერვალს რ/კ „პი-----–-------------------–---სა“ და შა-–----------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სეხის თანხა განისაზღვრა 1010 ლარით, სესხის გაცემის ვადა 6 თვით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 6 თებერვლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.52-53)

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.54)

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.67)

 

3.1.3. 2015 წლის 14 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 8125 ლარით, სესხის გაცემის ვადა 12 თვით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება, გრაფიკი(ს.ფ.55-56)

 

3.1.4. 2014 წლის 06 აგვისტოს შა-–----------–---–თან გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება,სესხის თანხა განისაზღვრა 3030 ლარით, სესხის გაცემის ვადა 12 თვით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი შა-–----------–---–ის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.67-70)

 

3.1.5.2014 წლის 24 სექტემბერს ზუ------------–---–ზე გაიცა სესხის თანხა 8125 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ზუ-------------–---–ის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.71-75)

 

3.1.6. მსესხებელს შა-–----------–---–ს წერილობითი გაფრთხილება დავალიანების დაფარვის შესახებ გაეგზავნა ორჯერ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 5 მარტის შეტყობინება (ს.ფ 20-22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მსესხებელმა აღიარა ვალდებულების არსებობა კრედიტორის წინაშე 18 603 ლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11 155 ლარი, დარიცხული პროცენტი 7448 ლარი), რომელიც უნდა გადაეხადა 2019 წლის თებერვლის თვის ბოლომდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.11.2018 წლის მორიგების აქტი (ს.ფ.18)

 

3.2.2. მორიგების აქტის გაფორმების დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 11 000 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.6.11.2019 წლის სხდომის ოქმი)

 

3.2.3. მოპასუხის მორიგების აქტით აღიარებული ვალდებულება შეიცავს როგორც პირადად შა-–----------–---–ის შესასრულებელ ვალდებულებას, ასევე მისი ძმის ზუ------------–---–ის სესხის ხელშეკრულებით შესასრულებელ ვალდებულებას.

 

ზუ------------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა შა-–----------–---–ის პირად ვალს, რის გამოც 2018 წლის 14 ნოემბრის მორიგების აქტით აღიარებული ვალდებულება მოიცავს როგორც შა-–----------–---–ის ასევე ზუ------------–---–ის სასესხო დავალიანებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ზუ-------------–---–ის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.71-75)

 

3.2.4. მორიგების აქტის გაფორმების დროისათვის ზუ-------------–---–ის მიმართ მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შა-–-----------–---–-ს შესაგებელი, ახსნა-განმარტება( იხ.სხდომის ოქმი 6.11.2019 წელი)

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

 

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად კი ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლო შენიშნავს რომ, შა-–----------–---–ს 2014 წლის 06 აგვისტოს სესხზე , რომელიც დადებული იყო 12 თვით, თანხის ბოლო გადახდა(პროცენტის სახით) უფიქსირდება 2016 წლის 22 აპრილს. ზუ------------–---–ს 2014 წლის 24 სექტემბრის სესხზე, რომელიც დადებული იყო 24 თვის ვადით. თანხის ბოლო გადახდა უფიქსირდება 2016 წლის 06 იანვარს.

 

მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ შა-–----------–---–ის სესხზე მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2015 წლის 07 აგვისტოდან (დადებული იყო 12 თვის ვადით). სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 14 ნოემბერს შა-–----------–---–ს მორიგების აქტით აღიარებული აქვს არსებული დავალიანება. ამდენად, ზემოაღნიშნული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნა მორიგების აქტის გაფორმების დროისათვის არ წარმოადგენდა ხანდაზმულს.

 

რაც შეეხება ზუ------------–---–თან გაფორმებულ სესხზე (2014 წლის 24 სექტემბერი დადებული 24 თვის ვადით) მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 25 სექტემბრიდან, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 14 ნოემბერს შა-–----------–---–ის მორიგების აქტით აღიარებული აქვს არსებული დავალიანება. ამდენად, ზემოაღნიშნული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნა მორიგების აქტის გაფორმების დროისათვის ასევე არ წარმოადგენდა ხანდაზმულს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე 137-ე, 130-ე, 341-ე, 327-ე, 371-ე, 319-ე, 52-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი, აბსოლუტური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას, იგი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობა საკმარისია, რომ დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა და საჭირო აღარაა ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლების კვლევა.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალიწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხეშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული იქნა შეთანხმება, ან/და რომლებიც ასეთად არის მიჩნეული კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 14 ნოემბრის მორიგების აქტი, დავალიანების გადახდის შესახებ, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს როგორც ვალის არსებობის აღიარებად, რომლის თანახმადაც შა-–----------–---–მა აღიარა რომ მას გააჩნია დავალიანება რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ მიმართ 18 603 ლარის ოდენობით და აიღო ვალდებულებას, აღნიშნული დავალიანების 2019 წლის თებერვლის ბოლომდე გადახდის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. მოცემულ შემთხვევაში ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე მესამე პირმა შა-–----------–---–მა ასევე აღიარა მისი ძმის ზუ------------–---–ის შეუსრულებელი ვალდებულება რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ მიმართ, რამაც ჯამში სულ შეადგინა 18 603 ლარი.

 

სასამართლო ვალის აღიარების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა ასეთ შემთხვევაში ვალის აღიარება არ არსებობს.

 

სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლისა და საქმეზე დადგენილი საადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ შა-–----------–---–მა მიმართ აღიარა როგორც პირადი ასევე ზუ------------–---–ის დავალიანება რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ მიმართ. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარებამ შა-–----------–---–ს დამოუკიდებლად წარმოუშვა შესრულების ვალდებულება, ხოლო კრედიტორს მიანიჭა მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებების მიმართ გულისხმიერებას.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თანხის დაკისრებისათვის და სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სახეზეა კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა: ვალის აღიარების შეთანხმების არსებობა და ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე. დავის საგნის ფასის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაანგარიშების პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ს 41-ე და 39-ე მუხლები), სსსკ-ის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შა-–----------–---–ს რ/კ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 603 ლარის გადახდა;

 

3. შა-–----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 558.09 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი