გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210119003268427
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27747-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - ი-----–-----------ე

წარმომადგენელი - გ---–--–------

 

მოპასუხე - მ-------–--------–ი

წარმომადგენელი - ი------–--------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ-------–--------–ს მოსარჩელის ი-----–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 9750 აშშ დოლარის და სარგებლის სახით 2017 წლის 5 დეკემბრიდან 2019 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდა, რაც შეადგენს 6900 აშშ დოლარს;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 5 დეკემბრის ხელწერილის საფუძველზე დასტურდება, რომ მ-------–--------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს ვალი 9750 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიური 300 აშშ დოლარის სარგებლით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად გადაეხადა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე.

 

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხეს სარჩელის წარმოდგენის დღემდე არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო. საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხემ ცნო მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხიდან 6000 აშშ დოლარის ნაწილში. მოპასუხემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა მოსარჩელისგან, რომელიც მისი თანამშრომელი იყო, 2014 წელს აეღო სესხი 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით, რაც წლიურად შეადგენს 60%-ს. აღნიშნული გარიგება სარგებლის ნაწილში ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასეთი შეთანხმება არის ბათილი. სარგებლის ოდენობა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის გაცემის დროისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ პროცენტთან, რაც წელიწადში 21,6%, ხოლო თვეში 1,8%-ია. პროცენტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ იგი უნდა შემცირებულიყო წლიურ 24%-მდე.

 

პროცენტის სახით მოპასუხე სრულად იხდიდა თვეში 300 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით - 225 აშშ დოლარს, ხოლო 2019 წლის მაისში - 100 აშშ დოლარი. სულ სარგებლის სახით გადახდილი აქვს 9700 აშშ დოლარი. შემდგომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო სესხის სრულად გადახდა ვერ შეძლო, გარდაეცვალა მეუღლე, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული. მოსარჩელემ იცოდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა ახალი ხელწერილით დაეწერინებინა, რათა გაეზარდა ძირი თანხის ოდენობა გადაუხდელი პროცენტის ხარჯზე. მოსარჩელემ აიძულა, ხელწერილი მისი ნების საწინააღმდეგო დაეწერა, თითქოს მ-------–--------–ს 2017 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით აქვს ძირითადი თანხა 9750 აშშ დოლარის ოდენობით გადასახდელი. ხელწერილი, რომელიც ნების გარეშე, მოტყუებით და ძალდატანებით არის დაწერილი, სასამართლოს მიერ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ წლიური პროცენტის შემცირების გათვალისწინებით, უკვე გადახდილი პროცენტის შესაბამისად, მის მიერ ზედმეტად არის სარგებლის სახით გადახდილი 3088 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ი-----–-----------ესა და მ-------–--------–ს შორის წლების განმავლობაში არსებობდა სასესხო ურთიერთობა, სადაც მსესხებელს წარმოადგენს მ-------–--------–ი, ხოლო გამსესხებელს - ი-----–-----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილი სესხის ხელწერილით სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 9750 აშშ დოლარს. ხოლო 2017 წლის 5 დეკემბრიდან 2019 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 6900 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის ტვირთი - სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სესხი ფორმასავალდებული გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფლები არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხისა და მისი ოდენობის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.

საქმეში წარდგენილია 2017 წლის 5 დეკემბრის ხელწერილი, რომლის თანახმად, სესხის თანხა განსაზღვრულია 9750 აშშ დოლარით. მოპასუხის განმარტებით, თანხის ამ ოდენობით განსაზღვრა მოხდა მანამდე არსებული გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის ხარჯზე და რეალურად სესხის თანხა 6000 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა გარდა ახსნა-განმარტებისა, მოპასუხეს სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება პროცენტის სახით დარიცხულ დავალიანებას - 6900 აშშ დოლარს, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსესხებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მიმართ ფულადი დავალიანების ნაწილი დაფარული აქვს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს (მოვალეს) თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში და არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ არ მიუთითებია.

 

3.2.2. 2017 წლის 5 დეკემბრის სესხის ხელწერილის დადებისას მოპასუხის მხრიდან ნება გამოვლენილი იქნა მუქარისა და იძულების გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ზოგადი წესით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და მატერიალური კოდექსის ნორმებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში განსაკუთრებული წესით. მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ესატყვისება იურიდიულ საპროცესო მეცნიერებაში არსებულ მოსაზრებებს.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალური სტანდარტის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ, სუსგ, №ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე, რასაც, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული (იხ, სუსგ, №ას-944-894-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).

 

ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება). გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პროცესის ერთ-ერთ მხარედ სახელმწიფო გვევლინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ხელწერილზე ხელმოწერა იძულებითა და მოტყუებით განხორციელდა, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება, რა გარემოება ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან ხელწერილის დადების დროს იძულებას ან მოტყუებას, საქმის მასალებით არ დასტურდება. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. წარმოდგენილ ხელწერილში კონკრეტულად არის მითითებული სესხად გაცემული თანხის ოდენობა და სარგებლის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა, რომლის სისწორესაც მსესხებელი ადასტურებს ხელმოწერით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–-----------ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადების დროისთვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე შედავებას ორ გარემოებაზე ახდენს: 1. რეალურად სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა არა 9750 აშშ დოლარს, არამედ 6000 აშშ დოლარს. 2. ყოველთვიური გადასახდელი პროცენტი შეადგენს 1.8%, რაც წლიური 21,6%-ია და უნდა განსაზღვრულიყო წლიური 24%-ით.

 

საპროცენტო სარგებლის ნაწილში მოპასუხე პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელე განმარტავს, რომ პროცენტი გამომდინარეობს ხელშეკრულების დადების დროს სამოქალაქო კოდექსით მოქმედ ნორმიდან, რომლის თანახმად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. შეთანხმებული პროცენტი კი ჯდებოდა ამ სტანდარტში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორი, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის წლიური სარგებლების ოდენობა. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კრედიტორი მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის შესაბამისად: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

 

სესხის ძირითადი თანხის ნაწილში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მისი ოდენობა 9750 აშშ დოლარით. უდავოა, რომ მსესხებელს სარგებლის სახით ყოველთვიურად 300 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, რაც ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3,07%-ს, ხოლო წელიწადში 36,92%-ს შეადგენს. დაგროვილი საპროცენტო სარგებელი 2017 წლის 5 დეკემბრიდან 2019 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდზე 6900 აშშ დოლარს შეადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ წლიური პროცენტის ოდენობა შესაბამისობაშია კანონთან (სესხის ხელწერილის დადების დროს წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდა 100%-ს), ასევე არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (ას-663-629-2015; 28.07.2015 წელი), აღნიშნული განმარტება შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისთვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს („.... თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშის საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“). ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. კონკრეტულ შემთხვევაში, კი წლიური საპროცენტო სარგებელი 36,92%-ია.

 

ამდენად, სამართლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 9750 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის სახით 6900 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ-------–--------–ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არის 1484 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. სარჩელის ფასი განსაზღვრულია 16650 აშშ დოლარით, რაც სარჩელის შეტანის დღეს ეროვნულ ბანკში არსებული კურსის შესაბამისად არის 49357,26 ლარი (16650X2.9644=49357.26), მისი შესაბამისი 3% სახ. ბაჟი კი არის 1480.72 ლარი, შესაბამისად მოსარჩელეს ზედმეტად აქვს გადახდილი 3.28 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს. მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხიდან 6000 აშშ დოლარის ნაწილში. აღნიშნული საფუძვლით ი-----–-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 266.8 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1213,92 ლარის და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ი-----–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მ-------–--------–ს მოსარჩელე ი-----–-----------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 16 650 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9 750 აშშ დოლარი და სარგებელი - 6 900 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხე მ-------–--------–ს მოსარჩელე ი-----–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 1213,92 ლარის გადახდა და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

 

4. მოსარჩელე ი-----–-----------ეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 06/11/2019 წ. N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (1484 ლარიდან) - 270,80 (ორასსამოცდაათი ლარი და 80 თეთრი) ლარი ( გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე