გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160210019003216621
N 2/751-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.12.2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე - შპს ,,საქ--------–-------–------ცია"
მოსარჩელის წარმომადგენელი - სო---------------–--ლი
მოპასუხე - ტა----------------ვი
თარჯიმანი -ნა--–------------ვა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ტა----------------ვს შპს ,,საქ--------–-------–------ციის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 4392 ლარის გადახდა.
1.2. ტა----------------ვს შპს ,,საქ--------–-------–------ციის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 4469 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „საქ--------–-------–------ცია“ (შემდგომში - „კომპანია“) წარმოადგენს სახელმწიფო (100%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაა წყალმომხარებლებისათვის წლის მიწოდებისა და ჭარბი წყლის მოცილების მომსახურების გაწევა.
2015 წლის 5 ივნისს ტახ----------------ვმა განაცხადით N3-5-4740 მიმართა საქ--------–-------–------ციას და მოითხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა 20 ჰა მიწის ფართობზე, გადასახდელმა თანხამ კი შეადგინა 1500 ლარი. აღნიშნული დავალიანება მოპასუხეს უნდა დაეფარა 2015 წლის 31 აგვისტომდე, როგორც განაცხადშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო. ვინაიდან მოპასუხის მიერ არ იქნა ვალდებულება შესრულებული მას სტანდარტული პირობების მე-10 მუხლის თანახმად, მას დაერიცხა პირგასამტეხლოს თანხა მომსახურების საფასურის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2015 წლის 1 სექტემბრიდან სარჩელის მომზადების დღეზე 2019 წლის 3 სექტემბრამდე, 1464 ვადაგადაცი9ლებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლოს თანხა 2196 ლარი.
2016 წლის 25 აპრილს N50139529 განაცხადით მოგვმართა მოპასუხემ და 2.73 ჰა მიწის ფართობზე მოითხოვა მომსახურების გაწევა, გადასახდელმა თანხამ კი შეადგინა 204.75 ლარი. გრაფიკში აღნიშნული თარიღის მიხედვით, მოპასუხეს დავალიანება უნდა დაეფარა 2016 წლის 31 აგვისტომდე. ვინაიდან მის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული 2016 წლის 31 აგვისტოდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრამდე, 1098 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 224.82 ლარს.
2016 წლის 25 აპრილს ტა----------------ვმა მიმართა საქ--------–-------–------ციას კიდევ შვიდი განაცხადით: N50139486, N50139489, N50139524, N50139515, N50139517, N50139492, N50139533. მოცემული განაცხადების საფუძველზე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 1241 ლარი. სტანდარტული პირობების თანახმად, მოპასუხეს აღნიშნული თანხა უნდა დაეფარა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან მის მიერ არ მოხდა დავალიანების თანხის დაფარვა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრისთვის, 1068 ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1325.669 ლარი.
2016 წლის 04 აგვისტოს შპს „საქ--------–-------–------ციის“ გენერალური დირექტორის N98 ბრძანებით გაუქმდა 2015 წლის 12 მარტის გე. დირექტორის N40 ბრძანება და ახლიდან დამტკიცდა წყალმომხმარებლისათვის სარწყავი წყლის მიწოდების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები და მასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმა. 2017 წლის 9 ივნის ტა----------------ვან გაფორმდა 8 განაცხადი: N50217103, N50217110, N50217114, N50217121, N50217127, N50217118, N50217134, N50217118. 2017 წლის დავალიანებამ სულ შეადგინა 1446 ლარი. სტანდარტული პირობების თანახმად, მოპასუხეს დავალიანებ ა უნდა დაეფარა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან, მის მიერ არ მოხდა დავალიანების დაფარვა 2016 წლის ბრძანების მე-10 პუნქტის თანახმად, მას დაერიცხა პორგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% ოდენობით. ხოლო დარიცხვა შეწყდა როდესაც თანხამ მიაღწია დავალიანების საფასურის 50%.
შესაბამისად 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრამდე 703 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგინა 723 ლარი.
2019 წლის 17 დეკემბერს Nგ-3497 წერილით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა მისი დავალიანების შესახებ და მიეცა ვადა აღნიშნული დავალიანების დაფარვისათვის ამავე წლის 25 დეკემბრამდე, რაც მოპასუხის მხრიდან დღემდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 თებერვლის N 2 დადგენილებით განისაზღვრა სამელიორაციო მომსახურების ტარიფები, რომლის საფუძველზეც სამელიორაციო წყლის მომსახურებაზე - ირიგაცია შეადგენს 1 ჰა ფართობზე 75 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2015 წელს მოპასუხემ მართლაც მიმართა მოსარჩელეს განცხადებით და თხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა 20 ჰა მიწის ნაკვეთზე, რის საფასურადაც უნდა გადაეხადა 1500 ლარი, მაგრამ მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება და არ მიაწოდა მოპასუხეს სარწყავად წყალი და მოურწყაობის გამო გაუფუჭდა მოსავალი, რის შესახებაც მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს და შესაბამისად, მათ თანხის გადახდა აღარ მოუთხოვიათ მთელი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნაც, მითუმეტეს, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების მიხედვით.
იმ იმედით რომ მოსარჩელე 2016 წელს მაინც მიაწვდიდა სარწყავ წყალს მოპასუხეს, 2016 წელსაც მიმათრა მათ განაცხადებით და ითხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა 2.73 ჰა მიწის ნაკვეთზე, რის საფასურადაც მიპასუხეს უნდა გადაეხადა 204.75 ლარი, მაგრამ მოსარჩელემ ისევ მაგრამ მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება და არ მიაწოდა მოპასუხეს სარწყავად წყალი და მოურწყაობის გამო გაუფუჭდა მოსავალი, რის შესახებაც მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს და შესაბამისად, მათ თანხის გადახდა აღარ მოუთხოვიათ მთელი 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნაც, მითუმეტეს, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადაც, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების მიხედვით.
იმ იმედით რომ მოსარჩელე 2016 წელს მაინც მიაწვდიდა სარწყავ წყალს მოპასუხეს, 2016 წლის 25 აპრილს (მე-4 ფაქტობრივ გარემოებში მითითებულ განცხადებასთან ერთად) მიმათრა მათ განაცხადებით და ითხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა 16.5 ჰა მიწის ნაკვეთზე, რის საფასურადაც მიპასუხეს უნდა გადაეხადა 1241 ლარი, მაგრამ მოსარჩელემ ისევ მაგრამ მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება და არ მიაწოდა მოპასუხეს სარწყავად წყალი და მოურწყაობის გამო გაუფუჭდა მოსავალი, რის შესახებაც მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს და შესაბამისად, მათ თანხის გადახდა აღარ მოუთხოვიათ მთელი 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნაც, მითუმეტეს, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადაც, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების მიხედვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 5 ივნისს ტახ----------------ვმა N3-5-4740 განაცხადით მიმართა საქ--------–-------–------ციას და მოითხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა 20 ჰა მიწის ფართობზე, გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1500 ლარი. აღნიშნული დავალიანება მოპასუხეს უნდა დაეფარა 2015 წლის 31 აგვისტომდე.
სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობების მე-102 მუხლის თანახმად, მას დაერიცხა პირგასამტეხლოს თანხა მომსახურების საფასურის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 2015 წლის 1 სექტემბრიდან სარჩელის მომზადების დღემდე 2019 წლის 3 სექტემბრამდე, 1464 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 2196 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ N 3-5-4740 (ს.ფ. 51)
-სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები (ს.ფ. 40-50)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. 2016 წლის 25 აპრილს N50139529 განაცხადით მოპასუხემ მიმართა მოსარჩელე ორგანიზაციას და 2.73 ჰა მიწის ფართობზე მოითხოვა მომსახურების გაწევა, გადასახდელმა თანხამ შეადგინა 204.75 ლარი. გრაფიკში აღნიშნული თარიღის მიხედვით, მოპასუხეს დავალიანება უნდა დაეფარა 2016 წლის 31 აგვისტომდე. მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. 2019 წლის 3 სექტემბრამდე, 1098 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხა 224.82 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ N 3-5-4740 (ს.ფ. 53)
-სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები (ს.ფ. 40-50)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. 2016 წლის 25 აპრილს ტა----------------ვმა მიმართა შპს ,,საქ--------–-------–------ცია“-ს შვიდი განაცხადით: N50139486, N50139489, N50139524, N50139515, N50139517, N50139492, N50139533. მოცემული განაცხადების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა 1241 ლარი. სტანდარტული პირობების თანახმად, მოპასუხეს აღნიშნული თანხა უნდა დაეფარა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე. მოპასუხეს თანხა არ აქვს გადახდილი. 2016 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრისთვის, 1068 ვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 1325.669 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 54-60)
-სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები (ს.ფ. 40-50)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. 2016 წლის 04 აგვისტოს შპს „საქ--------–-------–------ციის“ გენერალური დირექტორის N98 ბრძანებით გაუქმდა 2015 წლის 12 მარტის გენერალური დირექტორის N40 ბრძანება და დამტკიცდა წყალმომხმარებლისათვის სარწყავი წყლის მიწოდების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები და მასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმა. 2017 წლის 9 ივნისს ტა----------------ვთან გაფორმდა 8 განაცხადი: N50217103, N50217110, N50217114, N50217121, N50217127, N50217118, N50217134, N50217118. 2017 წლის დავალიანებამ შეადგინა 1446 ლარი.
2016 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობების მე-10 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს გადასახდელი მომსახურების საფასურის 0.1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრამდე, 703 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 723 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 69-76)
-სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები (ს.ფ. 63-68)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 თებერვლის N 2 დადგენილებით განისაზღვრა სამელიორაციო მომსახურების ტარიფები, რომლის საფუძველზეც სამელიორაციო წყლის მომსახურებაზე - ირიგაცია საფასური შეადგენს 1 ჰა ფართობზე 75 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 1 თებერვლის N 2 დადგენილება (ს.ფ. 79)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სამელიორაციო მომსახურების შესახებ 2015 წლის 5 ივნისის, 2016 წლის 25 აპრილის განაცხადების საფუძველზე არსებული დავალიანების დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 5 ივნისს გაფორმებული N3-5-4740 განაცხადის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანებაა 1500 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეფარა 2015 წლის 31 აგვისტომდე. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული დავალიანების და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 2196 ლარის დაკისრებას.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 აპრილის N50139529 განაცხადის საფუძველზე გადასახდელმა თანხამ შეადგინა 204.75 ლარი. გრაფიკში აღნიშნული თარიღის მიხედვით, მოპასუხეს დავალიანება უნდა დაეფარა 2016 წლის 31 აგვისტომდე. ვინაიდან მის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული 2016 წლის 31 აგვისტოდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრამდე, 1098 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 224.82 ლარს.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 25 აპრილს ტა----------------ვმა მიმართა საქ--------–-------–------ციას კიდევ შვიდი განაცხადით: N50139486, N50139489, N50139524, N50139515, N50139517, N50139492, N50139533. მოცემული განაცხადების საფუძველზე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 1241 ლარი. სტანდარტული პირობების თანახმად, მოპასუხეს აღნიშნული თანხა უნდა დაეფარა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე. ვინაიდან მის მიერ არ მოხდა დავალიანების თანხის დაფარვა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის მომზადების დღისთვის 2019 წლის 3 სექტემბრისთვის, 1068 ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1325.669 ლარი.
მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნების ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ტა----------------ვს შპს ,,საქ--------–-------–------ციისათვის“ მათ შორის დადებული განაცხადების საფუძველზე მომსახურების საფასური არ გადაუხდია, ასევე მას მოსარჩელის მიმართ მოთხოვნის არსებობა არ უღიარებია. მხარეების მიერ სასამართლოში საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ 2015 წლის 5 ივნისის N3-5-4740 განაცხადის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება მოპასუხეს უნდა დაეფარა 2015 წლის 31 აგვისტომდე.
მოპასუხეს 2016 წლის 25 აპრილის N50139529 განაცხადის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება უნდა დაეფარა 2016 წლის 31 აგვისტომდე.
2016 წლის 25 აპრილის N50139486, N50139489, N50139524, N50139515, N50139517, N50139492, N50139533 განაცხადების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 1 ოქტომბრამდე. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოადგინა 2019 წლის 3 ოქტომბერს, შესაბამისად გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 130-ე, 137-ე, 138-ე, 144-ე, 316-317-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე, 417-ე-420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 5 ივნისის, 2016 წლის 25 აპრილის განაცხადების საფუძველზე არსებული დავალიანების და შესაბამისად პირგასამტეხლოს მოთხოვნით ხანდაზმულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წ.).
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით, ან სხვაგვარად აღაირებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში ვალდებული პირის მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილებები ვალდებულების შესრულების თაობაზე, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მიერ ვალდებულების აღიარებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მსჯელობა სსკ-ის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით გათვალისწინებულ აღიარებებზე მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე. ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებაში, სასამართლო მიუთითებს: „სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე – კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ.ას-383-364-2015 27 მაისი, 2016 წელი).
მოსარჩელე არ უარყოფს, რომ 2015 წლის 5 ივნისის N3-5-4740 განაცხადის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება მოპასუხეს უნდა დაეფარა 2015 წლის 31 აგვისტომდე. აღნიშნული თარიღიდან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამწლიანი ვადა გავიდა 2018 წლის 31 აგვისტოს. მოსარჩელე ასევე არ უარყოფს, რომ 2016 წლის 25 აპრილის N50139529 განაცხადის საფუძველზე მოპასუხეს დავალიანება უნდა დაეფარა 2016 წლის 31 აგვისტომდე. აღნიშნული თარიღიდან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამწლიანი ვადა გავიდა 2019 წლის 31 აგვისტოს. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 25 აპრილის N50139486, N50139489, N50139524, N50139515, N50139517, N50139492, N50139533 განაცხადების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნული თარიღიდან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამწლიანი ვადა გავიდა 2019 წლის 1 ოქტომბერს.
ვინაიდან მოცემულ ნაწილში სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ (2019 წლის 3 ოქტომბერს), ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, შპს ,,საქ--------–-------–------ცია“-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე აღნიშნულ ნაწილში.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2017 წლის 9 ივნისის N50217103, N50217110, N50217114, N50217121, N50217127, N50217118, N50217134, N50217118 განაცხადების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივნისს ტა----------------ვმა მიმართა შპს ,,საქ--------–-------–------ცია“-ს და მოითხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა. ტა----------------ვთან გაფორმდა 8 განაცხადი: N50217103, N50217110, N50217114, N50217121, N50217127, N50217118, N50217134, N50217118. მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა განისაზღვრა 1446 ლარით. მოპასუხეს აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე. დადგენილია, რომ მას აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
დადგენილია, რომ აღნიშნული განაცხადების გაფორმების შემდეგ ტა----------------ვს მოსარჩელე ორგანიზაციისათვის მომსახურების მიუღებლობის თაობაზე არ მიუმართავს. დადგენილია, რომ მას მომსახურეობა გაეწია.
ამდენად, მოპასუხე ტა----------------ვს მოსარჩელე შპს ,,საქ--------–-------–------ცია“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების 1446 ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი, სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი მომსახურების საფასურის 0.1 %.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
კანონის თანახმად (სკ-ის 418.1 მუხლი), მართალია, პირგასამტეხლო შესაძლოა აღემატებოდეს ზიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამგვარი დათქმა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ჩაითვლებოდა, თუმცა, იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). ამდენად, მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 723 ლარის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 48.38 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,საქ--------–-------–------ციის“ სარჩელი მოპასუხე ტა----------------ვის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ტა----------------ვს შპს ,,საქ--------–-------–------ციის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1446 ლარის და პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა;
1.2. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. ტა----------------ვს შპს ,,საქ--------–-------–------ციის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 49.38 ლარის გადახდა. (მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე