გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/738-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 იანვარი, 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - ნ---- ი--------ე
წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი
მოპასუხე - დ------- გ------ე
წარმომადგენელი - ც---------------ე
დავის საგანი: განქორწინება და ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ნ---- ი--------ე ითხოვს შეწყდეს მასსა და მოპასუხეს შორის 2009 წლის 07 აპრილიდან რეგისტრირებული ქორწინება ( აქტის ჩანაწერიN5----------).
1.2. მოპასუხეს მათი შვილების მ------ი გ------ის და თ-----ი გ------ის, რჩენისათვის ალიმენტის სახით მასზე გადასახდელად დაენიშნოს თვეში თითოეული ბავშვისათვის 500-500 ლარის გადახდა, მათ სრულწლოვნებამდე.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2009 წლის 07 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე დ------- გ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 2----–-–---------------ს მ------ი გ------ე და 2----–-–---------–--ს თ-----ი გ------ე.
ოჯახში არსებული ხშირი უთანხმოების გამო ორი წელია ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ---- ი--------ე შვილებთან ერთად გადავიდა ა------ის რაიონის სოფ. ა----------ში, მისი მშობლების სახლში.
მოპასუხე, მუშაობს ა----------ში სამშენებლო სამუშაოებზე და აქვს შემოსავალი ასევე. იგი ეწევა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, სახლი აქეს გაქირავებული, ასევე ყავთ შინაური პირუტყვი. იგი საერთოდ არ ზრუნავს შვილებზე და მათზე ზრუნვა უწევს ნ---- ი--------ეს მარტო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმა შეწყდეს მასსა და ნ---- ი--------ეს შორის არსებული ქორწინება. ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციის შესაძლებელი იყო სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით რაზეც წინაარმდეგი არ იქნებოდა რადგან მოპასუხე ისე წავიდა ოჯახიდან, რომ ოჯახის წევრებისათვის და მისთვის როგორც მეუღლისათვის არ უცნობებია.
2.2. მოპასუხე დ------- გ------ე არ არის წინააღმდეგი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი, მაგრამ მოთხოვნილი თანხა 500-500 ლარი არის ძალიან ბევრი, ვინაიდან არის უმუშევარი, არა აქვს სტაბილური შემოსავალი, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, ასეთი თანხის დაკისრების შემთხვევაში იგი ვერ უზრუნველყოფს ვერც ალიმენტის გადახდას და ვერც საკუთარი თავის რჩენას (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი). დ------- გ------ე თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 100-100 ლარი, რათა მისმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა მისცეს იმისი საშუალება, რომ ირჩინოს თავიც და გადაიხადოს ალიმენტიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლის 07 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე დ------- გ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 2----–-–---------------ს მ------ი გ------ე და 2----–-–---------–--ს თ-----ი გ------ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობები.
3.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ორი წელია ფაქტიურად შეწყვეტილია ქორწინება. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელე ნ---- ი--------ესთან ერთად მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში ა------ის რაიონის სოფ. ა----------ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეს არ გააჩნია სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი. კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ შეისწავლა საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ ნ---- ი--------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა შეწყდეს მოსარჩელესა და დ------- გ------ეს შორის ქორწინება, ასევე დ------- გ------ეს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის თვეში 100 და 120 ლარის ოდენობით,მათ სრულწლოვნებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: “განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით”.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად “განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა”.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ვინაიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რაც გამორიცხავს მეუღლეებს შორის ერთად ცხოვრებას და ოჯახის შენარჩუნებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად “განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1138-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად “სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით”.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნ---- ი--------ის და დ------- გ------ის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, უნდა შეწყდეს მოსარჩელე ნ---- ი--------ესა და მოპასუხე დ------- გ------ეს შორის 2009 წლის 07 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო ასევე მიაპყრობს ყურადღებას მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით რომ მოპასუხეს არა აქვს სტაბილური შემოსავალი, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც მას უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის, იქნება თვეში 100 და 120 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ”პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ”სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 12,4 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო kodeqsis 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 248-249-ე, 257-ე, 352-ე 356-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ---- ი--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მოსარჩელე ნ---- ი--------ესა (პ/ნ 0----------) და მოპასუხე დ------- გ------ეს (პ/ნ 4----------) შორის 2009 წლის 07 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდეს სააქტო ჩანაწერი №5---------- ქორწინების შესახებ.
3. დ------- გ------ეს (პ/ნ 4----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა ნ---- ი--------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ - 2----–-–---------------ს დაბადებული მ------ი გ------ის (პ/ნ 4----------) რჩენისათვის ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან, ხოლო, 2----–-–---------–--ს დაბადებული თ-----ი გ------ის (პ/ნ 4----------) რჩენისათვის ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან;
4. მოსარჩელე ნ---- ი--------ეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 13.11.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
5. მოპასუხე დ------- გ------ეს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 12,40 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი