განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
190100119003186209
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-737-19

(№012170819004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი 2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: კონსტანტინე კუპატაძე, პირადი ნომერი: №12001089642; დაბადებული: 02.07.1981 წელი; საქართველოს მოქალაქე, განათლება: საშუალო განათლებით ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრაციის მისამართი გარდაბანი მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართი: ქ. რუსთავი, ლეონიძის ქუჩა N26/33;

 

ადვოკატი - ნანა ჯახველაძე

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

- 2019 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე ქ. რუსთავში, ლეონიძის ქუჩა N26-33-ში მდებარე ივანე კუპატაძის საცხოვრებელ ბინაში პირად საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს ივანე კუპატაძეს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა შვილმა, კონსტანტინე კუპატაძემ, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში რის შედეგადაც ივანე კუპატაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩა N26-33-ში მდებარე ივანე კუპატაძის საცხოვრებელ ბინაში პირად საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს ივანე კუპატაძეს შვილი კონსტანტინე კუპატაძე დაემუქრა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით და იწევდა მისკენ დანით, რის გამოც ივანე კუპატაძეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2019 წლის 17 აგვისტოს საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს N 012170819004 საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

კერძოდ: 2019 წლის 17 აგვისტოს ქ. რუსთავში, ლეონიძის ქ. N26/23-ში მცხოვრებმა 25.08.1956 წელს დაბადებულმა ივანე კუპატაძემ განაცხადა, რომ მ/წლის 17 აგვისტოს ზ/ აღნიშნულ მისამართზე მისმა შვილმა 02.07.1981 წელს დაბადებულმა კონსტანტინე კუპატაძემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ცივი იარაღით ,,დანით" სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულ ფაქტზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

3.2. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ბექა ტატაშიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 აგვისტოს ქ. რუსთავის პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შვილის მხრიდან მამის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ის თავის თანამშრომლებთან - სოსო მურღულიასთან და გიორგი ასლამაძესთან ერთად გავიდა გამოძახებაზე, ლეონიძის 26 ნომერში, სადარბაზოში მათ შეხვდათ დაზარალებული, რომელმაც დაუდასტურა აღნიშნული ფაქტი და დაამატა, რომ მისი შვილი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით. ამის შემდეგ, დაზარალებულმა სამართალდამცავები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე შეიყვანა და უფრო დეტალურად აუხსნა ფაქტის შესახებ. აღნიშნა რომ შვილის მხრიდან მსგავსი საქციელი პირველი არ იყო, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ბრალდებულის- კონსტანტინე კუპატაძის აგრესია, თუმცა მოწმე აღნიშნავს, რომ უშუალოდ ფაქტს, რომ შვილი მამას დანით გამოეკიდა ის არ შესწრებია და არც დანა უნახავს. ადგილზე მოვიდა აგრეთვე საპატრულო პოლიცია. მოწმე აგრეთვე აღნიშნავს, რომ ფანჯარაზე იდგა მარიხუანას ნერგი, რომელიც ბრალდებულმა გადააგდო, მოხდა მხოლოდ ღეროს ამოღება. ყოველივე ამის მიუხედავად აგრესია გრძელდებოდა. სიტუაცია არ წყნარდებოდა, რის შედეგადაც მოხდა კონსტანტინეს დაკავება მისსავე საცხოვრებელ სახლში. ამ ფაქტს მოჰყვა წინააღმდეგობა მისი მეუღლის მხრიდან, რომელიც არ აძლევდა ბორკილების დადების საშუალებას სამართალდამცავებს. მოწმე აღნიშნავს რომ დაზარალებული გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებდა. ის ასევე ადასტურებს რომ დაკავების ოქმი შედგენილია მის მიერ, მისი შედგენა დაასრულეს განყოფილებაში, ოქმის ასლები გადაეცა ბრალდებულს, თუმცა ხელის მოწერაზე მან უარი განაცხადა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო გამომძიებელმა- შოთა ლომიძემ .

 

3.3. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გიზო შალვაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს, პოლიციის პირველ განყოფილებაში დაწყებული იყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულად დაკავებულ -კონსტანტინე კუპატაძეს 2019 წლის 19 აგვისტოს გაეცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და მოხდა მისი გამოკითხვა აღნიშნულ საქმეზე. სხვა არანაირი საგამოძიებო მოქმედება მას არ შეუსრულებია. მისი განმარტებით დადგენილების გაცნობისას, ბრალდებულს ინტერესების დამცველი ადვოკატი არ ჰყავდა, მას განემარტა ბრალდებულის უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება.

 

ბრალდებულს პირველად შეხვდა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ქ. რუსთავში. 19.01 2020 წელს და გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სხვა დროს მის მიერ კონსტანტინე კუპატაძე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. ბრალდებულს ბრალის გაცნობისას აგრესია არ გამოუხატავს. ბრალდებულად გამოკითხვისასაც მან ისარგებლა დუმილის უფლებით, რაც დაფიქსირებულია გამოკითხვის ოქმში. მოწმე ადასტურებს მის მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორეს, ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის, მტკიცებულებათა გაცვლის ოქმის და მტკიცებულებათა გადაცემის ნამდვილობას. მისი განმარტებით მტკიცებულებები გადასცა ბრალდებულს, ვინაიდან მას არ ჰყავდა ადვოკატი.

 

3.4. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ნუგზარ ჯავახიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აგვისტოს ღამის საათებში შემოვიდა შეტყობინება მის სამორიგეო ტელეფონზე, რომ ლეონიძის 26 ნომერში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემთხვევის ადგილი იყო დასათვალიერებელი, რასთან დაკავშირებითაც თანამშრომელთან - სოსო ზარნაძესთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გამომძიებელი- სერგო ჯანელიძე, ქალბატონი და ბატონი (რომელთა სახელებსაც ვერ იხსენებს). მათ მოახდინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გადაიღეს ფოტო-სურათები. საცხოვრებელ ბინაში ამოღებულ იქნა სავარაუდოდ პლინტუსის ნატეხები და ქოთანში მოთავსებული მწვანე მცენარეული ღერო სავარაუდოდ მარიხუანა.

 

მოწმის ინფორმაციით სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას, კერძოდ ოჯახის წევრებს შორის ჩხუბს. მოწმის მიერ სახლის მთლიანად დათვალიერება მოხდა დაზარალებულის თანხმობით, რის შედეგადაც დანის აღმოჩენა არ მომხდარა.

 

მოწმე ადასტურებს რომ გაეცნო მისი მონაწილეობთ შედგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.

 

3.5 სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გიორგი ასლამაძე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში გამომძიებლად. 2019 წლის 17 აგვისტოს ღამის საათებში დაახლოებით 22:00 საათზე, მისი მორიგეობის დროს, შევიდა შეტყობინება შვილის მხრიდან მამის მიმართ ძალადობის ფაქტზე. გიორგი ასლამაძე თავის თანამშრომლებთან - ბექა ტატაშიძესთან და სოსო მურღულიასთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე ლეონიძის ქ. N26, ბინა N33-ში. შეტყობინების ავტორი - ივანე კუპატაძე მათ სადარბაზოსთან დახვდათ შეშინებული, აღელვებული, არ აღენიშნებოდა გარეგნულად არანაირი დაზიანება. მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა მომხდარი ფაქტი. სამართალდამცავებთან ერთად ავიდა მისსავე საცხოვრებელ სახლში სადაც იმყოფებოდა მისი შვილი - კონსტანტინე კუპატაძე მეუღლესთან ერთად, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში. დანა, რომელზეც იყო მითითება, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო სამზარეულო ოთახში, ბრალდებულს ჯიბეში დანა არ ჰქონია. დანის ამოღების საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია, და არც კონსტანტინე კუპატაძესთან ჰქონია რაიმე შეხება. მამის დანახვის შემდეგ კონსტანტინე კუპატაძე გახდა კვლავ აგრესიული, განაგრძობდა შეურაცხყოფის მიყენებას, აგინებდა, ცდილობდა მასთან მიახლოებას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მოწოდებისა რომ დამშვიდებულიყო, ის არ ითვალისწინებდა და მოხდა მისი დაკავება. დაკავების პროცესში ბრალდებული მათ უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც საჭირო გახდა იძულების ღონისძიების გამოყენება, მოხდა მისი განეიტრალება ხელების შეკავებით, ყველანაირი საგნის გამოუყენებლად, აგრესიული იყო მისი მეუღლეც. ადგილზე იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც, ისინიც მონაწილეობდნენ დაკავების პროცესში. ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები ბექა ტატაშიძის მიერ და გაეცნო დაკავების ოქმი. რაიმე სახის დაზიანება იმ დროისათვის პირს გარეგნულად არ აღენიშნებოდა. დაკავების ოქმი შედგენილ იქნა დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ- ბექა ტატაშიძის მიერ. მათ მიერ არ მომხდარა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის პოლიციის პირველ განყოფილებაში. მოწმის განმარტებით საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი -შოთა ლომიძე .

 

3.6. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი სოსო მურღულია , რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 22:00 საათზე მისი მორიგეობისას განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი მისი, ასლამაძე გიორგის და ტატაშიძე ბექას შემადგენლობით, ისინი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ლეონიძის N26/33-ში. სადარბაზოში დახვდათ კონსტანტინეს მამა, მან განმარტა, რომ შვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. სამართალდამცავები დაზარალებულთან ერთად შევიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, იქ იყო ბრალდებულის მეუღლე, თავად კონსტანტინე იყო ბინაში, ხელმარცხნივ ოთახში ძალიან გაბრაზებული, არ ეცვა ტანს ზემოთ, იყო ნასვამ მდგომარეობაში. მათი შესვლის და მამის დანახვის შემდეგ კონსტანტინე გახდა კვლავ აგრესიულ, იქამდე სახლიდან ხმაური არ ისმოდა. დაიწყო გინება მამის მისამართით, გაიწია მისკენ მიმართავდა უშვერი სიტყვებით, ემუქრებოდა მოკვლით, არ გაითვალისწინა მათი მოწოდება, არ დაემორჩილა და მოხდა მისი დაკავება და პირველ განყოფილებაში გადაყვანა, დაკავებისას წინააღმდეგობა გამოიჩინა ბრალდებულმა გაძალიანებით, მოხდა მისთვის ხელბორკილების დადება, აგრეთვე მისმა მეუღლემაც.

 

დაზარალებულს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, საქმეში აღნიშნული დანა არ უნახავს, და არც დაზარალებულისგან სმენია ამის შესახებ.

 

დაკავებულს განემარტა, თუ რატომ ხდებოდა მისი დაკავება, უფლებები განუმარტა და დაკავების ოქმიც შეავსო ბექა ტატაშიძემ, განყოფილებაში გადაყვანის დროს ბრალდებულს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მოწმე ამბობს რომ შემაკავებელ ორდერზე მას ინფორმაცია არ აქვს. მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს ვინ იყო შეტყობინების ავტორი. მოწმეს სხვა დროს ბრალდებული კანონსაწინააღმდეგო სიტუაციაში შემჩნეული არ ჰყავს.

 

3.7 2019 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 01:00 საათზე და დასრულდა 01:40 საათზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. რუსთავში, ლეონიძის 26/33-ში მე-9 სართულზე ხელმარჯვნივ მდებარე საცხოვრებელ ბინაში. შესასვლელი კარის მარცხნივ მდებარეობს საძინებელი ოთახი, სადაც ოთახის ბოლოში მდებარე ფანჯარაზე ლურჯი ფერის ქოთანში მოთავსებული იყო მცენარის ღერო დაახლოებით ნახევარი მეტრი სიმაღლის, იქვე ახლოს იყო მწვანე ფერის მცენარის ფოთლები. სახლში შესასვლელი კედლის მარცხნივ მდებარეობს სამზარეულო, რომლის დასასრულს იყო ერთი პატარა ოთახი. სამზარეულოს ბოლოში და აღნიშნული პატარა ოთახის დასაწყისში მარცხენა მხარეს კედელთან დაყრილი იყო ყავისფერი, კედლის კანტი, რამდენიმე ნატეხად. ასევე ნათლად ჩანს, რომ პატარა ოთახში შესასვლელი კედლის კანტი იყო მოტეხილი. სხვა ოთახში, მათ შორის პატარა ოთახში და აბაზანაში სხვა რაიმე კვალი და დაზიანება არ შეინიშნებოდა.

 

3.8. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემ ქართლის სამსახურის მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N4016სქ-3627ქრ. დასკვნის მიხედვით კონსტანტინე კუპატაძის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, გამომშრალ მარიხუანას, წონით-0, 98 გრამს. მომწვანო ფერის მცენარის ერთი ძირითადი ღერო, ფესვთან ერთად, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით 2,80 გრამი, წარმოადგენს კანაფის მცენარის ღერის, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას.

 

3.9. პატრულ-ინსპექტორის გრიგოლ ანთიძის მიერ 2019 წლის 17 აგვისტოს შედგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმის და შემაკავებელი ორდერის მიხედვით ივანე კუპატაძეს თავისმა შვილმა კონსტანტინე კუპატაძემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით დანით. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას აქვს სისტემატიური ხასიათი. მოძალადე განრიდებულ იქნა მსხვერპლისგან და მას აეკრძალა მასთან, მის საცხოვრებელ, სამუშაო ან სხვა ადგილებთან, სადაც ის იმყოფება, მიახლოება და მასთან სატელეფონო ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კონტაქტი.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ივანე კუპატაძემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (შვილის) კონსტანტინე კუპატაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.11. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა კონსტანტინე კუპატაძემ ისარგებლა დუმილის უფლებით

 

3.12. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, რადგან დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოს ჩვენება, სხვა პირები რომლებიც შეიძლება შესწრებოდნენ ფაქტს არ არსებობენ, პოლიციელები, რომლებიც გამოძიების დროს გამოკითხა ბრალდების მხარემ არიან მხოლოდ ირიბი მოწმეები და მათი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალადობას კონსტანტინე კუპატაძის მხრიდან ივანე კუპატაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ბრალდების მხარის მიერ არ არის ამოღებული დანაშულის იარაღი - დანა.

 

3.13. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა კონსტანტინე კუპატაძის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს.

 

3.14. მოწმეების ბექა ტატაშიძის, სოსო მურღულიას, გიორგი ასლამაძის ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, ისინი საქმეში არსებულ სხვა შეთანხმებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორიც არის ივანე კუპატაძის შეტყობინება, მისი ახსნა-განმარტება მიცემული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისადმი, შემაკავებელი ორდერი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ცალსახად ადგენენ კონსტანტინე კუპატაძის ბრალეულობას და ეჭვი არ აჭარბებს დასაშვებ - გონივრულ ზღვარს.

 

3.15. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პირები რომც განვიხილოთ ირიბ მოწმეებად, ეს მაინც არ ნიშნავს ამ პირთა ჩვენებების სრულ უგულებელყოფას, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“ (ასევე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1ბ/122-18 23 მარტი, 2018 წელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1/ბ710-17 21 თებერვალი, 2018 წელი).

 

3.16. მოწმეების მიერ დაკითხვისას გაჟღერებული ინფორმაციის სანდობასთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზარალებულს არ უარყვია მომხდარი ფაქტი, მან მხოლოდ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, რაც სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, თითქოს დაზარალებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი სასამართლოს მიერ უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

3.17. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ბევრი სხვა ფაქტორით, რომელიც განაპირობებს მის ასეთ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში. ძალიან ხშირად მოძალადე ბრალდებულები დაზარალებულს ადანაშაულებენ და საყვედურობენ პოლიციისთვის მიმართვის გამო, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც კონსტანტინე კუპატაძის მხრიდან საქმის განხილვის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გაჟღერდა ფრაზა - ,,როგორ გაიმეტა მამამ ციხისთვის“. რამდენჯერმე შეეცადა მის დისკრედიტაციას. ასეთი დამოკიდებულება დაზარალებულისადმი ამყარებს ერთის მხრივ ბრალდებულის ნეგატიურ დამოკიდებულებას მამისადმი და მეორეს მხრივ დაზარალებულის შიშს. ამ დამოკიდებულებას კონსტანტინე კუპატაძე ავლენდა დაკავებამდეც, პოლიციელების თანდასწრებით, როდესაც დაზარალებულის გამოძახებისთანავე მივიდნენ ადგილზე, პოლიციელთა განმარტებით კონსტანტინე კუპატაძე, არ მოერიდა პოლიციელების იქ ყოფნას, არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა დამშვიდებულიყო და მათივე თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას ივანე კუპატაძეს, გამოთქვამდა უკმაყოფილებას პოლიციის გამოძახების გამო და მათივე თანდასწრებით ემუქრებოდა მოკვლით ჩადენილის გამო. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პირველი, მუქარას იგი არ მოერიდა პოლიციელთა თანდასწრებით და როდესაც სახლში მამასთან მარტო იმყოფებოდა, მას არ შეუშლიდა ხელს არაფერი იგივე განეხორციელებინა, და მეორე - რეალურია, რომ დაზარალებულს ამ ქმედებით გასჩენოდა შიში, რამაც აიძულა უარი ეთქვა ჩვენების მიცემაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა პირველად, შემაკავებელი ორდერის მიხედვით ივანე კუპატაძეს მითითებული აქვს, რომ შვილისგან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს აქვს სისტემატიური ხასიათი, კონფლიქტის არსებობა არ უარყო არც კონსტანტინე კუპატაძემ სხდომების მიმდინარეობისას და განაცხადა ერთ-ერთ სხდომაზე, რომ ,,მამას სურს მისი სახლიდან გაშვება და მარტო ცხოვრება“, მას კი ჰყავს სამი შვილი და ვერ წავა ვერსად“ (იხ. სხდომის ოქმი). ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ქონებრივი დავა აქვთ მამა-შვილს.

 

3.18. სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან დაზარალებულს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანების ნიშნები და იგი არ აძლევს ჩვენებას განცდილი ფიზიკური ტკივილის და მუქარისგან გამოწვეული შიშის შესახებ, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის და 151-ე მუხლის შემადგენლობა.

3.19. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს დაზარალებულის ფიზიკური დაზიანებების არსებობა, სწორედ ეს განასხვავებს მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა (მაგ: 117-ე, 118-ე და 120-ე) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებისგან. ფიზიკური ტკივილის განცდა ინდივიდუალური შეგრძნებაა და თითოეული ადამიანი მას აღიქვამს მისი ემოციების, მგრძნობელობის თუ ანატომიური აგებულების შესაბამისად. პირის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში ან ცოტა ხნით შეუძლოდ ყოფნაში გამოიხატოს.

3.20. თუ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დარჩა დაზიანებები, ისინი უნდა შეფასდეს სიმძიმის ხარისხის ზოგადი წესების შესაბამისად. სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის წესების თანახმად, თუ ძალადობის შედეგად, სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ რჩება, მაშინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს დაზარალებულის ჩივილებს, მიუთითებს, რომ ობიექტური ნიშნები აღმოჩენილი არ არის და სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს არ განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენა და ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

3.21. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ივანე კუპატაძემ შვილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა როგორც პატრულ-ინსპექტორებთან ასევე გამომძიებელთან.

3.22. ანალოგიურად უნდა განიმარტოს დაზარალებულის მხრიდან შიშის აღქმის და მისი გადმოცემის შემთხვევაც, მოწმეთა განმარტებით, დაზარალებული, რომ შეშინებული იყო ეს აშკარად ეტყობოდა მას, როდესაც მივიდნენ ადგილზე, შიშმა განაპირობა მისი ქცევა, რომ მან დატოვა თავისი საცხოვრებელი სახლი და გარეთ სადარბაზოში ელოდებოდა პოლიციელებს, ის ფაქტი, რომ დაზარალებულის მიერ ხსენებული დანა ვერ იქნა ამოღებული, როგორც დანაშაულის იარაღი, არ მიუთითებს იმაზე, რომ დანით დამუქრებას არ ექნებოდა ადგილი. შესაძლებელია, მას შემდეგ რაც გაიგო კონსტანტინე კუპატაძემ, რომ მამამ პოლიცია გამოიძახა, თავიდან მოიშორა ეს მტკიცებულება, ისე როგორც ეს გააკეთა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის შემთხვევაში, მან ეს მცენარე გადააგდო ფანჯრიდან პოლიციელთა დანახვაზე.

3.23. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

3.24. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

3.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

3.26. დაზარალებულის ივანე კუპატაძის პოზიციის მიუხედავად, 2019 წლის 17 აგვისტოს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმე პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლის ჩვენებების, შემაკავებელი ორდერის, ივანე კუპატაძის შეტყობინებით, ამოღებული ნივთიერი და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ივანე კუპატაძის მიმართ შვილის კონსტანტინე კუპატაძის მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა. სწორედ მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ივანე კუპატაძე დახმარებისთვის დაერეკა 112-ში და ეთხოვა თავდაცვის მიზნით დახმარება.

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2019 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე ქ. რუსთავში, ლეონიძის ქუჩა N26-33-ში მდებარე ივანე კუპატაძის საცხოვრებელ ბინაში პირად საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს ივანე კუპატაძეს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა შვილმა, კონსტანტინე კუპატაძემ, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში რის შედეგადაც ივანე კუპატაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საზოგადოდ ცნობილია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული. მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით.

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზე გვაქვს მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმით არამედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ეს ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, ან წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არა ერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ.) ხოლო სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებაში უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში.

 

ამდენად დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.

 

განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩა N26-33-ში მდებარე ივანე კუპატაძის საცხოვრებელ ბინაში პირად საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს ივანე კუპატაძეს შვილი კონსტანტინე კუპატაძე დაემუქრა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით და იწევდა მისკენ დანით, რის გამოც ივანე კუპატაძეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის კონსტანტინე კუპატაძის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ბრალდებულის კონსტანტინე კუპატაძის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, კონსტანტინე კუპატაძის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი კონსტანტინე კუპატაძის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კონსტანტინე კუპატაძეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი)თვის ვადით:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმადაც თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კონსტანტინე კუპატაძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

კონსტანტინე კუპატაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: 2019 წლის 18 აგვისტოს დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.კონსტანტინე კუპატაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი)თვის ვადით:

 

2.კონსტანტინე კუპატაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კონსტანტინე კუპატაძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით,4.კონსტანტინე კუპატაძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან- 2019 წლის 17 აგვისტოდან 21:55 საათიდან;

 

5.კონსტანტინე კუპატაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: 2019 წლის 18 აგვისტოს დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი