განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2752-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ა------–----ის
ბრალდებულ – გ--–- ო–------–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
- გ--–- ა--------ს ძე ო–------–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-------–----------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------–-------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- ო–------–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის და სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;
მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი);
მასვე წარედგინა ბრალდება ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- ო–------–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მაისს, ქ-------–--–-------–-------------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ--–- ო–------–მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - თ------- ო–------–ზე და შვილზე - თ----- ო–------–ზე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჯერ თ------- ო–------–ს, ხოლო შემდეგ თ----- ო–------–ს მოუჭირა ხელი ყელზე და მძლავრად ჰკრა ხელი, რის გამოც თ----- ო–------–ი დაეცა. აღნიშნული ქმედებებით თ------- ო–------–მა და თ----- ო–------–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- ო–------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.
გარდა ამისა, 2019 წლის 14 მაისს, ქ-------–--–-------–-------------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ--–- ო–------–მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, მეუღლეს - თ------- ო–------–ს, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ------- ო–------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- ო–------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 14 მაისს, ქ-------–--–-------–-------------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ--–- ო–------–მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილს - თ----- ო–------–ს, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისას, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ----- ო–------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- ო–------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით, გ--–- ო–------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 14 მაისს, ქ-------–--–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი გ--–- ო–------–ი უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ დანას.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–- ო–------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება გ--–- ო–------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასება ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით, კერძოდ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის, ქმედებების განხორციელების დროისა და ხასიათის გათვალისწინებით აშკარაა, რომ გ--–- ო–------–მა ერთდროულად განახორციელა მუქარა ორი პირის - თ------- ო–------–ის და თ----- ო–------–ის მიმართ. რამდენადაც მუქარა ერთდროულად მიმართული იყო ორი პირის მიმართ, აღნიშნული ქმედება ცალ-ცალკე კვალიფიკაციით არ უნდა შეფასდეს. ამდენად, თ------- ო–------–ის და თ----- ო–------–ის მიმართ მუქარა უნდა დაკვალიფიცირდეს ერთიანად სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე ეს მუქარა მიმართული იყო ორივე პირის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რის გამოც ბრალდების დადგენილებაში ზედმეტია მითითება ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაზე. ასევე საქმის მასალებით არ გამოიკვეთა თ------- ო–------–ისათვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენება და დადასტურდა მის მიმართ მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ჩადენა, რის გამოც ასევე უსაფუძვლოა ბრალდების დადგენილებაში სისტემატურ შეურაცხყოფაზე მითითება.
ბრალდებულმა გ--–- ო–------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო და არ შეესაბამება სინამდვილეს. მისი თქმით, შემთხვევის დღეს - 2019 წლის 14 მაისს, იყო ნასვამი და მხოლოდ უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მეუღლეს და შვილს და მისი მხრიდან ძალადობას ან რომელიმე მათგანის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ ვინაიდან იყო ნასვამი, მისი ოჯახის წევრები არ უშვებდნენ გარეთ, ხოლო დანასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დანით მოიგერია თავისი ძაღლი და ამ დანის გამოყენებით მუქარის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- ო–------–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა თ------- ო–------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 14 მაისს, სამსახურში ყოფნისას დაურეკა მეუღლემ - გ--–- ო–------–მა და უთხრა, რომ ,,ჯერ შენ მოგკლავ და მერე შენს შვილსო“, რის გამოც იგი სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე, რომელიც მათ საერთო შვილს - თ----- ო–------–ს ეჩხუბებოდა. მეუღლე შეეცადა გ--–-ს დაწყნარებას, რა დროსაც გ--–-მ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ თ-----ს წაუჭირა კისერზე ხელი. გ--–- მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. იმის გამო, რომ მისი მეუღლე იყო არაადეკვატური, მუქარა აღიქვა რეალურად, ძალიან შეეშინდა და დასახმარებლად გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის და თ-----ი შეშინებულები გაიქცნენ სახლიდან, ხოლო გ--–- გამოეკიდა მათ დანით და ყვიროდა „დაგხოცავთო“. სწორედ ამ დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც დააგდებინეს გ--–-ს ხელიდან დანა, თუმცა იგი მაინც იგინებოდა და იმუქრებოდა მათი მისამართით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ ინსპექტორები - ნ-----–---- კ---------–---–ი დ----–-- მ------–---–ი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2019 წლის 14 მაისს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, გამოძახების საფუძველზე, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გამოცხადდნენ ქ-------–--–-------–-------------------------ში. საცხოვრებელი ბინა მდებარეობდა მეცხრე სართულზე, სადაც ასვლისთანავე შემოესმათ ჩხუბისა და გინების ხმა. ქვემო სართულებიდან ისმოდა ქალბატონების ყვირილისა და მამაკაცის გინების ხმა. ჩასვლისთანავე შენიშნეს მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა მოზრდილი დანა და მისდევდა აღნიშნულ ქალბატონებს, თან ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უყვიროდა, რომ „არ გაცოცხლებთო“. მოწმეებმა განმარტეს, რომ მათ მოწოდებას - შეჩერებულიყო, მამაკაცი დაემორჩილა მათ და ხელიდან გააგდებინეს დანა. ეს პიროვნება აღმოჩნდა გ--–- ო–------–ი, რომელიც დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ქალბატონები აღმოჩნდნენ ბრალდებულის მეუღლე - თ------- ო–------–ი და შვილი - თ----- ო–------–ი, ისინი იყვნენ აღელვებულები და შეშინებულები. მათ პატრულის თანამშრობლებს განუმარტეს, რომ გ--–- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ, აგრეთვე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–----------------–- ბ--- დ--------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 15 მაისს, მოქალაქე თ----- ო–------–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 15 მაისს, მოქალაქე თ------- ო–------–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ცხვირის მარცხენა ფრთაზე ნაჭდევის და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2019 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელ ბ--- დ--------–---–ის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების - შ--–-- გ-------ის და ნ---- ლ----ის, ასევე დამსწრე თ------- ო–------–ის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, ქ-------–--–-------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. შემთხვევის ადგილი მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე. საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე კიბის უჯრედის წინ, კედლის შვერილიდან ამოღებულ იქნა დანის მაგვარი საგანი, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, შეიფუთა, დაილუქა სპეციალურ პაკეტში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები.
2019 წლის 17 ივნისის ცივი იარაღის ექსპერტიზის #-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით, გ--–- ო–------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს ცნობის თანახმად, გ--–- ო–------–მა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაასრულა 2018 წლის 12 აგვისტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულების ჩადენის დროს გ--–- ო–------–ი იყო ნასამართლევი და სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
2019 წლის 14 მაისს, გ--–- ო–------–ის მიერ მეუღლის - თ------- ო–------–ის და შვილის - თ----- ო–------–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რამდენადაც ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილია დაზარალებულ თ------- ო–------–ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე გარკვევით აღნიშნა, რომ 2019 წლის 14 მაისს, მას და თ----- ო–------–ს გ--–- ო–------–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იძალადა მათზე, რა დროსაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი. გარდა აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებისა, სასამართლოში დამატებით წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ თ------- ო–------–ის ჩვენების ნამდვილობას, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, თ----- ო–------–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთების სახით (დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს), ხოლო თ------- ო–------–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ცხვირის მარცხენა ფრთაზე ნაჭდევის და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე ნაჭდევის სახით (დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს). სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ასევე პატრულ-ინსპექტორები: ნ-----–---- კ---------–---–ი დ----–-- მ------–---–ი, რომლებიც პირადად შეესწრნენ იმ კონფლიქტურ სიტუაციას, რაც არსებობდა გ--–- ო–------–სა და მისი ოჯახის წევრებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- ო–------–მა 2019 წლის 14 მაისს, ოჯახის ორი წევრის მიმართ - მეუღლისა და შვილის მიმართ ნამდვილად განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ გარემოებას ოჯახში ძალადობისათვის.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია გ--–- ო–------–ის მიერ მეუღლის - თ------- ო–------–ის და შვილის - თ----- ო–------–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, კერძოდ: დაზარალებულმა თ------- ო–------–მა განმარტა, რომ გ--–- ო–------–ი ემუქრებოდა მას და თ----- ო–------–ს სიცოცხლის მოსპობით, მისი თქმით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო მას და მის შვილს ძალიან შეეშინდათ და სახლიდან გაიქცნენ. საგულისხმოა, რომ ბრალდებული იმ მომენტში იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და იყო აგრესიული, რაც მსხვერპლებს საფუძვლიანად უჩენდა მუქარის განხორციელების შიშს.
შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული იმწუთიერად არსებული გარემო (კონფლიქტური სიტუაციის არსებობა), მუქარის გამოხატვის ფორმა (ხელში დანამომარჯვებული ბრალდებული მისდევს შიშისაგან გაქცეულ პირებს) და ბრალდებულის პიროვნება (მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და აგრესიულობა), რაც ერთობლიობაში ქმნის მუქარის სისრულეში მოყვანის რეალურ საფრთხეს და დაზარალებულებში საფუძვლიანად იწვევს მუქარის განხორციელების შიშს.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის მუქარის სისრულეში მოყვანა, არამედ საკმარისია მისი რეალურობის აღქმა და ისიც, რომ ვისაც ემექრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულები მართლაც რომ შეშინებულები იყვნენ, გარდა თ------- ო–------–ის ჩვენებისა, დადასტურებულია დანაშაულის შემსწრე მოწმე პოლიციელების ჩვენებით, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მუქარის ფაქტს. მათი გამოცხადება შემთხვევის ადგილზე მოხდა მყისიერად, მაშინ, როცა მსხვერპლებს მუქარისაგან განცდილი შიში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განელებული და გარბოდნენ. უფრო მეტიც, პოლიციელები პირადად შეესწრნენ, როგორ მისდევდა გ--–- ო–------–ი მათ მოზრდილი დანით ხელში და როგორ იმუქრებოდა მათი მისამართით. იგი უყვიროდა მათ, რომ „არ აცოცხლებდა“. დაზარალებულები კი იყვნენ შეშინებულები და აღელვებულები. ამდენად, მუქარის ნაწილში პოლიციელები წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ----- ო–------–მა ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია გ--–- ო–------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით, გ--–- ო–------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს ცნობის თანახმად, გ--–- ო–------–მა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაასრულა 2018 წლის 12 აგვისტოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ--–- ო–------–მა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მოიხადა 2018 წლის 12 აგვისტოს, მისთვის ნასამართლობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს აღნიშნული თარიღიდან, შესაბამისად, გ--–- ო–------–ს ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა 2019 წლის 12 აგვისტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 14 მაისს, გ--–- ო–------–ი იყო ნასამართლობის მქონე. შესაბამისად, ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი გ--–- ო–------–ი ქ-------–--–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ დანას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ასევე ადასტურებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ: დაზარალებულ თ------- ო–------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ--–- ო–------–ი, მას და მის შვილს დანით ხელში მისდევდა უკან, ასევე, აღსანიშნავია პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ გ--–- ო–------–ის მიერ დანით დევნის ფაქტს, ხოლო 2019 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ყ---–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე, კიბის უჯრედის წინ, კედლის შვერილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ამოღებულ იქნა დანის მაგვარი საგანი, რომელიც 2019 წლის 17 ივნისის ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–- ო–------–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის და შვილის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
ე.ი. გ--–- ო–------–მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ--–- ო–------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
ყურადსაღებია, რომ ბრალდებულის გაღიზიანება და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა გამოწვეული იყო უმნიშვნელო მიზეზითა და ალკოჰოლური თრობით, რაც მიუთითებს ძალადობის განმეორების მაღალი რისკის არსებობაზე, ვინაიდან თ------- ო–------–ის განმარტებით, მისი ქმარი პერიოდულად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მასზე და წარსულშიც არაერთხელ მიუყენებია ოჯახის წევრებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის გ--–- ო–------–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ნასამართლობა წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას (გარდა 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის), ხოლო რაც შეეხება ძალადობის და მუქარის ბრალდებას, მათთან მიმართებით სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, გ--–- ო–------–ის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათისა და ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რის გამოც გ--–- ო–------–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–- ო–------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (თ------- ო–------–ის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (თ----- ო–------–ის ეპიზოდი) გაერთიანდეს და გ--–- ო–------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. გ--–- ო–------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- ო–------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ გ--–- ო–------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 მაისიდან.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, გ--–- ო–------–ს 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.
7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი