გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19044-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი მარიამ კალატოზიშვილი
მოსარჩელე - სს „თი---------ი”
წარმომადგენელი - თა------------ე
მოპასუხე - და-------------ე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე და-------------ისათვის მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 02 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 5940 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 2970 ლარი, პირგასამტეხლო - 2970 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ სს „თი---------სა“ და და-------------ეს შორის 2018 წლის 02 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 2970 ლარი, კრედიტის ვადა - 365 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 02 რიცხვში 249,4 ლარის გადახდით.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 2,00 ლარი და დავალიანების 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხეს თანხა საერთოდ არ გადაუხდია. 2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით და-------------ის დავალიანება შეადგენს 9 817,95 8824,47 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2970 ლარი, პირგასამტეხლო - 5854,47 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს „თი---------სა“ და და-------------ეს შორის 2018 წლის 02 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1721755-9581907, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2970,00 ლარის ოდენობით, 365 დღის ვადით.
კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 249,4 ლარის გადახდით (12 გადახდა).
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 2,00 ლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და დავალიანების 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18).
3.1.2. და-------------ეს სს „თი---------ის“ წინაშე 2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, №1721755-9581907 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 2970,00 ლარი, რასაც მოპასუხე ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 55-57).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 18).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. და-------------ეს სს „თი---------ის“ წინაშე 2019 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, №1721755-9581907 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება პროცენტის სახით - 5854,47 ლარი (საიდანაც მოსარჩელე ითხოვს 2970,00 ლარს).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 18).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 19).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს “თი---------სა” და და-------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა. დადგენილია, რომ მსესხებელს დავით ძაბირაძეს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, სს ”თი---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხის 2970,00 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თი---------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 2970,00 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2970,00 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 1,5% თვეში (30 დღე) შეადგენს 45%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 540%-ს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი უნდა შემცირდეს 0,15%-მდე და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 297,00 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 178,2 ლარი (ს.ფ. 27). მოპასუხემ სარჩელი ცნო 2970,00 ლარის ნაწილში, რა ოდენობის შესაბამისი ბაჟი - 89,1 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8,91 ლარის გადახდა, ხოლო 80,19 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელე სს „თი---------ი“ ითხოვს ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას 237,60 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება (ს.ფ. 26). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოსარჩელეს აუნაზღაურდეს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი - 130,68 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ :
1.1. და-------------ეს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3267,00 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2970,00 ლარი, პირგასამტეხლო - 297,00 ლარი.
2. მოპასუხე და-------------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ღირებულების 130,68 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე და-------------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 98,00 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე