გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
330310018002700616
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6828-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,რ-------–--ა’’

წარმომადგენელი - რ------–-------ე

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ----------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ე-----–------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება №6---------8 საჩივარზე.

 

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის 2018 წლის 20 ივნისის საჩივართან დაკავშირებით. (იხ. 2019 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილით შპს „ჯ-------------–-ს“ მიეცა თანხმობა ყადაღადადებული ქონების იჯარით გაცემის თაობაზე იმ პირობით, რომ იჯარის თანხა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის №0-------- დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, ყოველთვიურად, თანაბარი პროპორციით უნდა შეტანილიყო ბიუჯეტში საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილი (ს.ფ.17).

 

3.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, თბ--–--–--------------------–---–-------–-------------6-ში მდებარე უძრავი ქონების მთლიანი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2017 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 102 864აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით შეფასებელი პერიოდისათვის ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 259 900 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის №0-------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.93-101).

 

3.3. 2018 წლის 11 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით შპს „ჯ-------------–-მა“ შპს „რ-------–--ას“ იჯარით გადასცა უძრავი ქონება, საწარმოო და სასაწყობე ფართი და მასზე განთავსებული დანადგარები, რომელიც მითითებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის №0-------- დასკვნაში. ხელშეკრულებით საიჯარო ქირას შეადგენდა წელიწადში 102 864აშშ დოლარს, რაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის №0-------- დასკვნის შესაბამისად, შეადგენდა 259 900 ლარს. საჯარო ქირის გადახდის პირობად მიეთითა ყოველთვიურად არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტში მეიჯარის საგადასახადო ვალდებულების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 იანვრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ.18-21).

 

3.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 აპრილის №1--------------1 წერილის თანახმად, შპს ,,რ-------–--ას‘’ ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით (საქმე №2--------) დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „ჯ-------------–-ის“ მიმართ და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 11 იანვარს შპს „რ-------–--ასა“ (მოიჯარე) და შპს „ჯ-------------–-ს“ (მეიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოიჯარეს უფლება აქვს საიჯარო ქირა მეიჯარის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად პირდაპირ მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებულ იქნა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადახადოსი) დარიცხვა/გადახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რ-------–--ას“ ეთხოვა, მიმდინარე საიჯარო ქირის გადახდა განეხორციელებინა შპს „ჯ-------------–-ის“ შემდეგ ანგარიშზე: ანგარიშის მფლობელი: შპს „ჯ-------------–-“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 აპრილის №1--------------1 წერილი (ს.ფ.28);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინება №2-------- საქმე (ს.ფ.119-120).

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილისა და 2018 წლის 11 იანვრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „რ-------–--ამ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე შპს „ჯ-------------–-ის“ სასარგებლოდ გადაიხადა საიჯარო თანხა - 2018 წლის 30 იანვარს 12 500 ლარი, 2018 წლის 13 თებერვალს 10 500 ლარი, 2018 წლის 28 თებერვალს 10 700 ლარი, 2018 წლის 15 მარტს 10 455.30 ლარი, ხოლო 2018 წლის 11 იანვრის იჯარის ხელშეკრულებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 აპრილის №1--------------1 წერილის თანახმად, შპს „რ-------–--ამ“ შპს „ჯ-------------–-ს“ გადაუხადა საიჯარო თანხა - 2018 წლის 10 აპრილს 20 700 ლარი, 2018 წლის 10 მაისს 21 101.69 ლარი, 2018 წლის 11 ივნისს 21 189.13 ლარი, 2018 წლის 9 ივლისს 21 015.12 ლარი, 2018 წლის 9 აგვისტოს 20 979.12 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ.110-117);

- შპს „რ-------–--ას“ განცხადებები (ს.ფ.106-109).

 

3.6. სსიპ შემოსავლების სამსხურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №1---- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ჯ-------------–-ის“ მიმართ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილით მიცემული თანხმობა ყადაღადადებული ქონების იჯარით გაცემის თაობაზე. აღნიშნულ ბრძანებაში თანხმობის ძალადაკარგულად მიჩნევის საფუძვლად მიეთითა შპს „ჯ-------------–-ის“ მიერ წერილობითი თანხმობით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსხურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №1---- ბრძანება (ს.ფ.22).

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს „ჯ-------------–-ის“ მიერ დაყადაღებული ქონება შემოსავლების სამსახურის ნებართვის გარეშე უკანონოდ გადაცემულია იჯარის ხელშეკრულებით, რის საფუძველზეც შპს „ჯ-------------–-“ დაჯარიმდა 4000 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.91).

 

3.8. 2018 წლის 20 ივნისს შპს „რ-------–--ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №1---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

 

საჩივრის თანახმად, შპს „რ-------–--ამ“ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა, როგორ დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ საფუძველზე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანებით შპს „რ-------–--ას“ საჩივარი დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „რ-------–--ას“ 2018 წლის 20 ივნისის საჩივარი (ს.ფ.79-89);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება (ს.ფ.75).

 

3.9. 2018 წლის 16 ივლისს შპს „რ-------–--ამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 24.05.2018 წლის №1---- ბრძანებას შპს ,,ჯ-------------–-ისთვის‘’ ყადაღადადებული ქონების იჯარით გაცემის თაობაზე მიცემული თანხმობის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, ასევე, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 28.05.2018 წლის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რის მიხედვითაც შპს ჯ-------------–-ი საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულია 4000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურში, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში შემოტანილ საჩივარზე არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც დადასტურდება მომჩივნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „ჯ-------------–-ის“ მიმართ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „რ-------–--ას“ 2018 წლის 16 ივლისის საჩივარი (ს.ფ.135-147);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.23-27).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე და 305-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 53-ე და 96-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის საჩივრის განხილვის დავალება.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილით შპს „ჯ-------------–ს“ მიეცა თანხმობა ყადაღადადებული ქონების იჯარით გაცემის თაობაზე იმ პირობით, რომ იჯარის თანხა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის №0-------- დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, ყოველთვიურად, თანაბარი პროპორციით უნდა შეტანილიყო ბიუჯეტში საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

 

2018 წლის 11 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით შპს „ჯ------------ლკმა“ შპს „რ-------–--ას“ იჯარით გადასცა უძრავი ქონება, საწარმოო და სასაწყობე ფართი და მასზე განთავსებული დანადგარები.

 

სსიპ შემოსავლების სამსხურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №1---- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ჯ-------------–-ის“ მიმართ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილით მიცემული თანხმობა ყადაღადადებული ქონების იჯარით გაცემის თაობაზე. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს „ჯ-------------–-“ დაჯარიმდა 4000 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად.

 

2018 წლის 20 ივნისს შპს „რ-------–--ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსხურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №1---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანებით შპს „რ-------–--ას“ საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანება უცვლელი დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.

 

განსახილველ შემთხევაში, დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, ჰქონდა თუ არა შპს „რ-------–--ას“ უფლებამოსილება საჩივარი წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურში სსიპ შემოსავლების სამსხურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №1---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლოს იზიარებს მოსარჩელის წარმომდგენლის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს დანაწესებს დაინტერესებული პირის თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება ემსახურება მმართველობითი ღონისძიების ადრესატის ან მესამე პირის (დაინტერესებული პირის) უფლებების დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმდეს მმართველობითი ღონისძიების კანონიერება. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელია ის, რომ დაინტერესებულ მხარეს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასინჯვა თუ ეს აქტი პირდაპირ და უშუალოდ ეხება მის კანონიერ ინტერესს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ჯ-------------–-ს“ მიეცა უფლება ყადაღადებული ქონება განეკარგა წერილობით თანხმობაში განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული განკარგვის შედეგად მოცემული უძრავი ქონება იჯარით გაიცა შპს „რ-------–--აზე“, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მოცემული უძრავი ქონების გამოყენებით. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის №2----------- წერილით მიცემული თანხმობის ძალადაკარგულად გამოცხადება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემა პირდაპირ და უშუალოდ შეეხება შპს „რ-------–--ას“ კანონიერ ინტერესს. ამდენად, მას აქვს უფლებამოსილება სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართს სსიპ შემოსავლების სამსახურს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შპს „რ-------–--ას“ მიერ საჩივრის შეტანა სსიპ შემოსავლების სამსახურში განხორციელდა როგორც დაინტერესებული მხარის მიერ და არა როგორც შპს „ჯ-------------–-ის“ წარმომადგენელის მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-463-451(კ-13) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა ისე დატოვა გადასახადის გადამხდელის საჩივარი განუხილველი, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ უმსჯელია გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საგადასახადო კოდექსი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ დავის განმხილველ ორგანოებს აძლევს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, ასევე, საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებულ ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „რ-------–--ას“ საჩივრის განხილვის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „რ-------–--ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება №6---------8 საჩივარზე.

 

3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს მოსარჩელის 2018 წლის 20 ივნისის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში.

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე