გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2019
საქმის ნომერი
330310019003118400
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5889-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია

 

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - მ------ ე-------ი

წარმომადგენელი - მ------ ნ------ე

 

მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მ------ ე-------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით.

1.2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მ------ ე-------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 55 500 (ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

(იხ. მ------ ე-------ის წარმომადგენლის 2019 წლის 5 დეკემბრის განცხადება, სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება _ 2019 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი (14:05:38-14:06:43) და 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი (14:49:54-14:51:2-)).

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2. საქმეში მესამე პირად ჩართულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 9 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, მ------ ე-------ი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 9 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი (ს.ფ.14-19).

 

3.2. „პირის ბრალდების შესახებ“ 2017 წლის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, მ------ ე-------ს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-1 მუხლებით.

 

აღნიშნულ ბრალდებას წერილობით დაეთანხმა მ------ ე-------ი. ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მ------ ე-------ი აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ეთანხმება ბრალდებას და ითხოვს პატიებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „პირის ბრალდების შესახებ“ 2017 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება (ს.ფ. 20-22).

 

3.3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით მ------ ე-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 22 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი ოქტომბრის განჩინება (ს.ფ.29-31).

 

3.4. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გორის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმიდან ამონაწერის (№1/458-17 საქმეზე) თანახმად, მ------ ე-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი ღონისძიებით _ გირაოთი. გირაოს თანხად განისაზღვრა 2000 ლარი. ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის სხდომის ოქმიდან ამონაწერი №1/458-17 საქმეზე (ს.ფ. 27-28).

 

3.5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მ------ ე-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნდა მის შემტანს დადგენილი წესით.

 

განაჩენის თანახმად, არც ერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება სწორედ მ------ ე-------ის მიერ ო---- ე-------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, თუნდაც დასაშვები იყოს მისი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, უტყუარად, აშკარად და დამაჯერებლად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მ------ ე-------ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი (ს.ფ.33-36);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 37-43).

 

3.6. 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით მ------ ე-------ის ანგარიშზე სს „ლიბერთი ბანკში“ ჩაირიცხა სულ 1 203 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლის ორდერები (ს.ფ.52-94).

 

3.7. 2017 წლის 9 ოქტომბრის №34 ხელშეკრულებით მაგული გოგოლაძემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა მ------ ე-------ის ინტერესები წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოში. საადვოკატო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარი.

 

„საკონსულტაციო და საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2017 წლის 7 დეკემბრის №12 ხელშეკრულების თანახმად, ადვოკატმა ნ---- შ--–-–---–მა იკისრა ვალდებულება, დაეცვა და წარმოედგინა მ------ ე-------ის ინტერესები მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საადვოკატო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 5 000 ლარი.

 

2018 წლის 20 დეკემბერს ნ---- შ--–-–---–სა და მ------ ე-------ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმად, ნ---- შ--–-–---–მა აიღო ვალდებულება, მ------ ე-------ის ინტერესები დაეცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მომსახურების ანაზღაურებად განისაზღვრა 5000 ლარი.

 

2018 წლის 10 აპრილის №1 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, მ------ ე-------მა ნ---- შ--–-–---–ს გადაუხადა 5000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 9 ოქტომბრის №34 ხელშეკრულება (ს.ფ.182);

- „საკონსულტაციო და საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2017 წლის 7 დეკემბრის №12 ხელშეკრულება (ს.ფ.96-98);

- 2018 წლის 10 აპრილის №1 სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.95);

- 2018 წლის 20 დეკემბრის კონტრაქტი (ს.ფ.181-182).

 

3.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მ------ ე-------ის საკუთრებაში ირიცხება შემდეგი უძრავი ნივთები:

1) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, ფართობი 2516კვ.მ, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვ------ი, ს/კ 66.4--1--1--;

2) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, ფართობი 5527კვ.მ, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვ------ი, ს/კ 66.4--09.2--;

3) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვ------ი, ფართობი 2017კვ.მ, ს/კ 66.4--092-5;

 

მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მ------ ე-------ისა და ლ--–- ჯ-------–---–ის თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე, მდებარე: გორი (კოდი 66), სოფელი ვ------ი (კოდი 03), კვარტალი 09, ნაკვეთი 019. დაზუსტებული ფართობი 2316.5კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.162-163, 165-166, 168-169);

- საკადასტრო გეგმები (ს.ფ.164, 167, 170);

- მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ.171-172).

 

3.9. მ------ ე-------ის სახელზე რეგისტრირებულია სატვირთო ფურგონი MERCEDES_BENZ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ს.ფ.173).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.), თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“

 

6.2. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „პირის ბრალდების შესახებ“ 2017 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით მ------ ე-------ს ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით მ------ ე-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 22 ნოემბერს. 2017 წლის 22 მარტს პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მ------ ე-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას იმ ფაქტზე, რომ რადგანაც „პირის ბრალდების შესახებ“ 2017 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებას წერილობით დაეთანხმა მ------ ე-------ი, ეს გარემოება ერთ-ერთი გამომრიცხველი საფუძველია მ------ ე-------ისათვის უკანონო პატიმრობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

6.4. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის მიზნით სასამართლო მხედველობაში იღებს მ------ ე-------ისათვის წაყენებულ ბრალდებას, მ------ ე-------ის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში გატარებულ ვადას, უკანონო ბრალდების საერთო ხანგრძლივობას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 4000 (ოთხი ათასი) ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა.

 

6.5. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

მოსარჩელე ითხოვს 1500 ლარის ანაზღაურებას, როგორც პატიმრობაში ყოფნისას საკვები პროდუქტებისათვის გაწეული ხარჯის.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით მ------ ე-------ის ანგარიშზე სს „ლიბერთი ბანკში“ ჩაირიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხა.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. მე-3 ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით. მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

 

ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველჰყოს თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის, მათ შორის არასრულწლოვანისათვის, აუცილებელი სოციალური თუ პირადი უფლებების დაცვა, უზრუნველჰყოს იგი საცხოვრებლით, კვებითა თუ პირადი ჰიგიენით. ამდენად სახელმწიფო, პირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ვალდებულია, იზრუნოს მასზე და უზრუნველყოს იგი კანონით დადგენილი აუცილებელი პირობებით. შესაბამისად, ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულისათვის სხვა დამატებითი პირობების უზრუნველყოფის მიზნით საკვებისა და სხვა პირადი ნივთების შეძენა სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში ხორციელდება ინდივიდუალურად, ოჯახის შეხედულების და შესაძლებლობის მიხედვით. ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას აუცილებელია შეფასდეს, რეალურად საჭირო იყო თუ არა ამ ხარჯის გაწევა და უშუალო კავშირშია თუ არა ბრალდებულის სახით წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ პატიმრობაში ყოფნის გამო მოუწია რაიმე ისეთი სახის პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა, რასაც თავისუფლების შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში არ საჭიროებდა. შესაბამისად, ამ ნაწილში ზიანის ფაქტი არ დასტურდება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. მატერიალური ზიანის სახით მ------ ე-------ი ითხოვს, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის ხარჯის 10 500 ლარის ანაზღაურებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველჰყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი გაწეული ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც გაღებულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნითა და მოპასუხის ქმედების უკანონობით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბრის №34 ხელშეკრულებით მაგული გოგოლაძემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა მ------ ე-------ის ინტერესები წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოში. საადვოკატო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარი.

 

„საკონსულტაციო და საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2017 წლის 7 დეკემბრის №12 ხელშეკრულების თანახმად, ადვოკატმა ნ---- შ--–-–---–მა იკისრა ვალდებულება, დაეცვა და წარმოედგინა მ------ ე-------ის ინტერესები, მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. საადვოკატო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 5 000 ლარი.

 

2018 წლის 20 დეკემბერს ნ---- შ--–-–---–სა და მ------ ე-------ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმად, ნ---- შ--–-–---–მა აიღო ვალდებულება, მ------ ე-------ის ინტერესები დაეცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მომსახურების ანაზღაურებად განისაზღვრა 5000 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების სამი ხელშეკრულება, რომელთა ღირებულებაც ჯამში შეადგენს 10 500 ლარს, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი (იხ. 3.7 ფაქტობრივი გარემოება). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მ------ ე-------ისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯი დასტურდება 5000 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

 

6.7. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით 30 000 ლარის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მ------ ე-------ი მოკლებული იყო შესაძლებლობას, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დაემუშავებინა მის საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მიეღო შემოსავალი, ამასთან, მ------ ე-------ი ვერ ახორციელებდა მის სახელზე რეგისტრირებული სატვირთო ფურგონით საკვები პროდუქტების გადაზიდვასა და ამის საფუძველზე შემოსავლის მიღებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების დადასტურება წარმოადგენს მოსარჩელის ვალდებულებას, აღნიშნული მოსარჩელეს ევალება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რამდენიმე უძრავი ნივთის მ------ ე-------ის საკუთრებაში არსებობის ფაქტს, ასევე, წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ მ------ ე-------ის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა აღნიშნული ქონების საშუალებით მის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტს _ თუნდაც დაპატიმრებამდე ან პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ. შესაბამისად, მხოლოდ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ვერ გახდება საფუძველი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისათვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

7.2. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1500 ლარის ანაზღაურება, რომელიც მან გასწია მიმდინარე საქმის წარმოების მიზნებისთვის (იხ. მ------ ე-------ის წარმომადგენლის 2019 წლის 5 დეკემბრის განცხადება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

2019 წლის 18 ივნისს მ------ ე-------სა და მ------ ნ------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 1500 ლარი (იხ. 2019 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება ს.ფ.161).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია საქმეში არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების მიზნით მ------ ნ------ისათვის თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი, რომლის მომსახურებაც როგორც წესი, სასყიდლიანია და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება წარმოდგენილია სასამართლოში, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურების ღირებულება, როგორც საპროცესო ხარჯი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას წარმოეშვა, უნდა აუნაზღაურდეს გონივრული ოდენობით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტს, რომ მომსახურების ღირებულება არ უნდა ანაზღაურდეს, რადგანაც ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი საქმეში არ არის წარმოდგენილი. ფულადი ვალდებულების წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სამომავლო გადახდის პირობასთან, შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რომლის მიმართაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სარჩელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს“ (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). მსგავსი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 09.02.2012 წლის (№ბს-1330-1315-კ11 საქმეზე) გადაწყვეტილებით, (იხ. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 09.06.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ განაცხადის №55723/00).

 

ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. (იხ. მ------ ე-------ის წარმომადგენლის 2019 წლის 5 დეკემბრის განცხადება).

 

მოსარჩელე შუამდგომლობს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

 

საქმეში წარმოდგენილია საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი 60 ლარის გადახდაზე (იხ. სალარო აპარატის ქვითარი ს.ფ.1751), თუმცა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ სწორედ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში იქნა გაწეული მოცემული ხარჯი, არ დასტურდება, მოხდა თუ არა აღნიშნული თანხით საწვავის შეძენა, თუ მოხდა, რომელ სატრანსპორტო საშუალებას მოხმარდა საწვავი, ვის მიერ იყო გაწეული ხარჯი, რა მანძილზე დასჭირდა გადაადგილება მოსარჩელის წარმომადგენელს და რამდენად შეესაბამება გაწეული ხარჯი არსებულ საჭიროებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა აღნიშნული მოთხოვნა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურება თავისი არსით მოიცავს ასევე იმ დანახარჯის გაწევას, რაც შუამდგომლობაშია მითითებული. ამდენად, აღნიშნული ხარჯი საადვოკატო მომსახურების ხარჯში მოიაზრება და მათი ცალკე სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ------ ე-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ------ ე-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

1.2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ------ ე-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

1.3. მ------ ე-------ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ------ ე-------ის სასარგებლოდ დაეკისროს განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი გრ.რობაქიძის გამზ.№7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია