გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
010210018002348546
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002348546

საქმე №2-1056/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2019 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ს----- მ--–--ე

წარმომადგენელი - რ--------------------ე, თ-----------------ე

მოპასუხე - თ----- ქ-------ე

წარმომადგენელი - ნ-------–-----ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - ხ---------------–---–ი

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. არასრულწლოვანი შვილების თ------ მ--–--ის და შ----- მ--–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ს----- მ--–--ის საცხოვრებელი ადგილი. (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა. იხ. სხდომის ოქმი 13.12.2019წ).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თ----- ქ-------ე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს----- მ--–--ე და თ----- ქ-------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2005 წლის 17 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი ვაჟიშვილი: 2006 წლის 15 ივნისს დაბადებული თ------ მ--–--ე და 2014 წლის 02 აგვისტოს დაბადებული შ----- მ--–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ქორწინების მოწმობის ასლი.

- ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

 

3.1.2. სასამართლო დავის პერიოდში მხარეებმა მიმართეს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ერთობლივი განცხადებით და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2019 წლის დეკემბერში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ. სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თ----- ქ-------ე 2017 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ბავშვებთან და ს----- მ--–--ესთან ერთად მოსარჩელე ს----- მ--–--ის ოჯახში. 2017 წლის სექტემბრის თვიდან თ----- ქ-------ე წამოვიდა ს----- მ--–--ის ოჯახიდან და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, ხოლო არასრულწლოვანი შვილები შ----- მ--–--ე და თ------ მ--–--ე საცხოვრებლად დარჩნენ მამის მისამართზე - ქ. ბათუმი, გ---–-–---–-ს 1-ლი ჩიხი, N3 ბ.52ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.

 

3.2.2. 2018 წლის მარტში ს----- მ--–--ემ სარჩელით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე თ----- ქ-------ესთან რეგისტირებული ქორწინების შეწყვეტა და არასრულწლოვანი შვილების საცოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის მარტის თვის ბოლოს მოპასუხემ შვილის შ----- მ--–--ის მონახულების დროს წაიყვანა ბავშვი თავისთან და აღარ დააბრუნა, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ს----- მ--–--ის წარმომადგენლის შუამდგომლობა და გამოტანილი იქნა განჩინება დროებითი განკარგულების მიღების შესახებ, რომლის თანახმადაც საქმის განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მცირეწლოვანი შ----- მ--–--ე აღსაზრდელად გადაეცა მამას ს----- მ--–--ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

- ბათუმის საქალაქო სასამართოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დროებითი განკარგულების მიღების შესახებ.

 

3.2.3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ასევე დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა თ----- ქ-------ის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 07 მარტის დასკვნის თანახმად: თ----- ქ-------ე ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი. თ----- ქ-------ის ამჟამინდელი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, გაუწიოს სათანადო მოვლა-პატრონობა მცირეწლოვან ბავშვებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი.

- ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 07 მარტის დასკვნა.

- ექსპერტთა ჩვენება.

 

3.2.4.როგორც ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნით, გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის დასკვნით და მხარეთა განმატებით დგინდება, თ----- ქ-------ე მუშაობს თბილისში სამოდელო სააგენტოში ფოტო მოდელად მისი ხელფასი შეადგენს 1500 ლარს, ღამის სმენაში მუშაობს რესტორანში მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. მოსარჩელე ს----- მ--–--ე არის საცურაო აუზების ტექნოლოგი, მუშაობს რამოდენიმე ობიექტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.

- გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის დასკვნა.

- მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.5. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს II განყოფილების მიერ ს----- მ--–--ის მიმართ 2019 წლის 03 მაისს გამოიცა N018124 შემაკავებელი ორდერი,რომლის თანახმად ს----- მ--–--ე წარმოადგენს მოძალადეს, ყოფილი მეუღლის, თ----- ქ-------ის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში. 2019 წლის 13 მაისს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N171130519010 საქმეზე, თ----- ქ-------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური შესაძლო ძალადობის ფაქტზე. პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული იქნა ს----- მ--–--ე და თ----- ქ-------ე, რა დროსაც მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით კი არ დაკმაყოფილდა ს----- მ--–--ის სარჩელი თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს II განყოფილების მიერ ს----- მ--–--ის მიმართ 2019 წლის 03 მაისს გამოცემული N018124 შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 03 მაისის N018124 შემაკავებელი ორდერი.

- 2019 წლის 13 მაისის გამოკითხვის ოქმები.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

 

3.2.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე თ----- ქ-------ის შუამდგომლობა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბერს მიღებული დროებითი განკარგულება და საქმის განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არასრულწლოვანი შვილები შ----- მ--–--ე და თ------ მ--–--ე აღსაზრდელად გადაეცა დედას, თ----- ქ-------ეს.

 

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დგინდება. ზ/აღნიშნული დროებითი განკარგულება თ------ მ--–--ის აღსაზრდელად დედაზე გადაცემის ნაწილში ვერ აღსრულდა, ვინაიდან თ------ მ--–--ე, რომელიც არის 13 წლის, წინააღმდეგი იყო დედასთან საცხოვრებლად გადასვლის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.

- ფსიქოლოგის განმარტება.

- არასრულწლოვან თ------ მ--–--ესთან გასაუბრება.

 

3.2.7. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N2124 დასკვნის მიხედვით, ს----- მ--–--ის ოჯახში ამჟამად ცხოვრობს ოთხი წევრი: ს----- მ--–--ე, მისი დედა დ-------- მ--–--ე, ს----- მ--–--ის შვილები: შ----- მ--–--ე და თ------ მ--–--ე. ს----- მ--–--ის საკუთრებას წარმოადგენს კეთილმოწყობილი ბინა (75კვ.მ) მე-10 სართულზე. ბინა აღჭურვილია ავეჯით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. საძინებელი ოთახები არის ნათელი, სანიტარულ -ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. თ------ მ--–--ე არის მე-18 საჯარო სკოლის მე-7 კლასის წარმატებული მოსწავლე, შაბათ-კვირას სწავლობს კომაროვის სკოლაში, კარგად არის ადაპტირებული გარემოსთან. თ------ მ--–--ე ღიად გამოხატავს მამასთან ყოფნის/ცხოვრების სურვილს, მას მიჯაჭვულობა აქვს მამასთან, მის გარშემო თავს გრძნობს მშვიდად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N2124 დასკვნა.

- მოწმეთა ჩვენება.

- თ------ მ--–--ის ფსიქოლოგიური შეფასება.

- არასრულწლოვანთან გასაუბრება.

 

3.2.8. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N2124 დასკვნის და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 05 ნოემბერის N24050 დასკვნის მიხედვით, თ----- ქ-------ის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ს. ჭ----–-–---–-ს N1. დასკვნის შედგენის დროისათვის მცირეწლოვანი შ----- მ--–--ე იმყოფებოდა დედასთან. საცხოვრებელი წარმოადგენს კერძო სახლის ორ ოთახს, სანიტარულ - ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სველი წერტილი მოწესრიგებულია, სახლს აქვს პატარა ეზო. საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N2124 დასკვნა.

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 05 ნოემბერის N24050 დასკვნა.

- მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.9. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვნების შ----- მ--–--ის და თ------ მ--–--ის მიმართ არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან; ამგვარი ფაქტობრივი გარემოების დასტურად რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----- მ--–--ე ვერ ახორციელებს შვილების - შ----- მ--–--ის და თ------ მ--–--ის სათანადო ზრუნვას და აღზრდას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს შედგენილი დასკვნის მიხედვით, მ--–--ეების ოჯახი კომფორტულ ბინაში ცხოვრობს, საცხოვრებელში არის ბავშვების აღზრდისთვის მშვიდი და ჯანსაღი გარემო, რაც შეეხება ს----- მ--–--ეს ის აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში, მას აქვს რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა, სრულფასოვნად იზრუნოს შვილებზე, ს-----ს შვილების აღზრდაში ეხმარება დედა დ-------- მ--–--ე, დ-------- მ--–--ე არის თბილი და მზრუნველი ადამიანი.

 

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის მიერ 2018 წლის 18 ივლისს და 2019 წლის 25 ნოემბერს შედგენილი დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვნები ცალსახად და მკაფიოდ გამოხატავენ მამასთან ცხოვრების სურვილს და ორივე არასრულწლოვანის შემთხვევაში არ გამოკვეთილა ის ნიშნები, რაც დამახასიათებელია ძალადობის და ზეწოლის შემთხვევებში.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო პოზიცია ან რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ს----- მ--–--ეს არ შეუძლია, არ აქვს სათანადო პირობები და არ ახორციელებს შვილების სათანადო ზრუნვას და აღზრდას არ წარმოუდგენია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვნების კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიჩნია რომ მამის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები ბავშვების აღზრდისათვის სავსებით შესაბამისია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.

- ფსიქოლოგიური შეფასებები.

- არასრულწლოვნებთან გასაუბრება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიზანშეწონილია არასრულწლოვანების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რის გამოც, ს----- მ--–--ის სარჩელი, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცით, ბავშვის უფლებათა კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებით, ასევე ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197 მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის საკითხი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200 მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1201 მუხლის შესაბამისად თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის დროს დავას წყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202 მუხლის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199 მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

6.2. სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ორივე მშობელს აქვს მისაღები პირობები საცხოვრებელი ფართის, საცხოვრებელ ადგილას საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, არსებითია ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვროს მათი საცხოვრებელი ადგილი, საუკეთესო ინტერესების განხორციელების მიღწევის მიზნით. ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვების საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედის გარემოსთან დაშორებას. ამასთან, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვების მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვების ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვების ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა.

 

ფსიქოლოგიური დაკვირვების თანახმად დგინდება, რომ ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს და სურვილს, ისინი ცალსახად და მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ორივე არასრულწლოვანმა ცალსახად გამოთქვა მამასთან ცხოვრების სურვილი. თ------ მ--–--ის სურვილი იყო არგუმენტირებული, დასაბუთებული და დეტალებით შევსებული, ხოლო არასრულწლოვანი შ----- მ--–--ის მხრიდან საუბარი არ იყო არგუმენტირებული ასაკიდან გამომდინარე, თუმცა, იგი დადებით ემოციურ კავშირს გამოხატავდა მამის და ძმის მიმართ და გამოხატავდა მათთან ცხოვრების სურვილს. ორივე არასრულწლოვანის შემთხვევაში არ გამოკვეთილა ის ნიშნები, რაც დამახასიათებელია ძალადობის და ზეწოლის შემთხვევაში.

 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები.

 

შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის დაკვირვებით გამოკვლეული ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული მნიშვნელობა.

 

არასრულწლოვანთა სურვილი მამასთან დარჩენაზე დადასტურდა სასამართლო სხდომაზე მათ მიერ მიცემული განმარტებებითაც. ბავშვები სასამართლო სხდომაზე თავისუფალი თხრობით გადმოსცემდნენ ფაქტობრივ გარემოებებს, არ იკვეთებოდა მათ საუბარზე სხვა პირის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის კვალი. შ----- მ--–--ისა და თ------ მ--–--ის კატეგორიული პოზიციაა საცხოვრებლად მამასთან დარჩენა. გასათვალისწინებელია, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე, არასრულწლოვანებზე არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი ს----- მ--–--ის მხრიდან, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს არასრულწლოვანის მიმართ მშობლების მხრიდან ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუღებლობის შესახებ, რადგან მსგავსი პროვოცირებით იქმნება რისკი ბავშვების არასწორი ფსიქო-ემოციური განვითარებისა და გამოუსწორებელი ზიანისა.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ფსიქოლოგიური დაკვირვების და არასრულწლოვნების განმარტებებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ბავშვებს მამის მიმართ გააჩნიათ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, სურთ მასთან საცხოვრებლად დარჩენა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ბავშვების საკუთარ შეხედულებას.

 

საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი შ----- მ--–--ის და თ------ მ--–--ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მამის საცხოვრებელი ადგილი) შეცვლის აუცილებლობა და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშოწილია, მათ, მიმდინარე პერიოდისათვის არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით ითვალისწინების იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გარეთიანებისაკენ, მაგრამ ამასთან, მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, შესაბამისად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის მეორე მშობელთან დაბრუნების აუცილებლობა.

 

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხეს უნარჩუნდება ბავშვებთან ურთიერთობის უფლება და ს----- მ--–--ე მოვალეა, ასევე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს დედას ამ უფლების განხორციელებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია).

 

ამდენად, ს----- მ--–--ის მოთხოვნა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დასაბუთებული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლო ზ/აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საქმეში არსებული მასალების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების შესაბამისად, რომლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, განმარტავს, რომ მართალია კანონი არ ცნობს მამის ან დედის რაიმე უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვების სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ არ მოხდეს ბავშვების განცალკევება და მათი ასაკის და ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით არასრულწლონი შვილები საცხოვრებლად უნდა იყვნენ მამასთან და არ უნდა მოხდეს მათი დაშორება, ხოლო ბავშვების დედას - თ----- ქ-------ეს თავის არასრულწლოვან შვილებთან - 2006 წლის 15 ივნისს დაბადებულ თ------ მ--–--ესთან და 2014 წლის 02 აგვისტოს დაბადებულ შ----- მ--–--ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები შემდეგი გრაფიკით: თ----- ქ-------ეს შესაძლებლობა მიეცეს არასრულწლოვანი შვილები - თ------ მ--–--ე და შ----- მ--–--ე კვირაში 2 (ორი) დღე - შაბათ-კვირას, ასევე ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ მისამართზე ღამით დარჩენის უფლებითა და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს - 100 ლარს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ს----- მ--–--ის მიერ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში მოთხოვნაზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----- მ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. არასრულწლოვანი თ------ მ--–--ის (დაბადებული 2006 წლის 15 ივნისს) და შ----- მ--–--ის (დაბადებული 2014 წლის 2 აგვისტოს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ს----- მ--–--ის საცხოვრებელი ადგილი.

 

3. დავალდებულდეს ს----- მ--–--ე, რომ ხელი არ შეუშალოს თ----- ქ-------ეს თავის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობაში. ამასთან ბავშვების დედას - თ----- ქ-------ეს თავის არასრულწლოვან შვილებთან - 2006 წლის 15 ივნისს დაბადებულ თ------ მ--–--ესთან და 2014 წლის 02 აგვისტოს დაბადებულ შ----- მ--–--ესთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს ნახვის დღეები იმგვარად, რომ თ----- ქ-------ეს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილები - თ------ მ--–--ე და შ----- მ--–--ე კვირაში 2 (ორი) დღე - შაბათ-კვირას, ასევე ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ მისამართზე ღამით დარჩენის უფლებითა და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;

 

4. თ----- ქ-------ეს დაეკისროს ს----- მ--–--ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გაუქმდეს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 ივნისს მიღებული განჩინება დროებითი განკარგულების მიღების შესახებ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე