გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2602-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ანა რობაქიძე
მოსარჩელე - შ---------------------------------–-----------–--
წარმომადგენელი - თ----------------
მოპასუხე - ნ-----–-----–-----–---–-
წარმომადგენელი - თ----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს - 15 273 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის გადახდა - ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 9000 აშშ დოლარის 3%-ის ანუ 270 აშშ დოლარის გადახდა 18.05.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ 2016 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 9000 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.07%.
1.4. ვალდებულების დაფარვის მიზნით დადგენილ იქნეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ხ----------------------------, საკადასტრო კოდი: 03.01.03.289.01.0--, რომელიც წარმოადგენს ნ-----–-----–-----–---–-ს (პ/ნ 60001071060) საკუთრებას.
1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” მიმართ არსებულ ვალდებულებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხე ნ-----–-----–-----–---–-ს საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
1.6. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2048 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
1.7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 14 აგვისტოს შპს მისო „ბ------–სა“ და ნ-----–-----–-----–-ილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N24-14, რომლის თანახმადაც მოპასუხეს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზის ლიმიტი 9000 აშშ დოლარზე. 2014 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა N235 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო „ბ------–მა“ ნ-----–-----–-----–-ილს სესხის სახით გადასცა 9000 აშშ დოლარი 3%-იანი სარგებლით. პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულებით ნ-----–-----–-----–---–-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 19 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N24-2, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ხ---------------------------- (ს/კ 03.01.03.289.01.0--). აღნიშნული ხელშეკრულებებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სესხის ხელშეკრულების დანართის სახით თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა ყოველთვიურად დარიცხული პროცენტი და ძირი თანხის ნაწილი. მოპასუხეს არაერთხელ მიმართეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა ის არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვს თანხის დაკისრებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 9000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0.001%-ით სარჩელის შემოტანამდე, ხოლო სარგებელი წლიური - 9.7%.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელემ კაბალურ პირობებში ჩააყენა მოპასუხე, არ გამოიყენა მისი უფლებამოსილება, რომ დროულად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ჩასაფრების პრინციპით მოექცა მას, დააგროვებინა გადასახდელი თანხა და მერე მოითხოვა. მას დაინტერესება აქვს უძრავი ქონების და სწორედ ამიტომ იქცევა ასე, თავის დროზე არ მოახდინა სესხის რესტრუქტურიზაცია, რისი უფლებაც აქვს. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არანაირი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ მას რაიმე ზიანი მიადგა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 19 აგვისტოს შპს მისო „ბ------–სა“ და ნ-----–-----–-----–-ილს შორის გაფორმდა N24_14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 9000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 19 აგვისტოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
3.1.2. 2014 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო სესხის N235 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ისესხა 9000 აშშ დოლარი 60 თვით. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად: საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 3%. სესხის ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).
3.1.3. სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ნ-----–-----–-----–---–-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 19 აგვისტოს გაფორმდა N24-N2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-----–-----–---–-ს (პ/ნ 60001071060) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ხარებავას ქუჩა (ყოფ. სამხრეთ დასახლება) N19, ბინა N7, საკადასტრო კოდი: 03.01.03.289.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 19 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება (ს. ფ. 26-31).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 32-33).
3.1.4. ნ-----–-----–-----–-ილმა იკისრა ვალდებულება სესხის ხელშეკრულების დანართის სახით თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად 60 თვის განმავლობაში ყოველი თვის 25 რიცხვში გადაეხადა 325 აშშ დოლარი და 20 ცენტი, რომლითაც დაიფარებოდა როგორც საპროცენტო სარგებელი ასევე მოაკლდებოდა ძირ თანხას. მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი პირველივე შეტანისას. მსესხებლის მიერ მოცემულ სესხზე 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით პროცენტის სახით შეტანილი იქნა ჯამში 610 აშშ დოლარი. მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა 2016 წლის 18 მაისს. 2016 წლის 18 მაისის მდგომარეობით მსესხებელ ნ-----–-----–-----–---–-ს დავალიანება შპს მისო „ბ------–ის“ მიმართ შეადგენს 15 273 აშშ დოლარს. საიდანაც ძირი თანხა არის 9000 აშშ დოლარი, დარიცხული და გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი - 4886 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1387 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).
- 2014 წლის 19 აგვისტოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
- დარიცხული და გადახდილი პროცენტის გრაფიკი; პირგასამტეხლოს დარიცხვა (იხ. ს.ფ. 34-35);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 127-128).
3.1.5. მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება, მოპასუხეს არაერთხელ მიმართეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მსესხებლის მიერ ქმედითი ნაბიჯების განხორციელება ვალდებულების შესრულების მიზნით არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას, მის მოცულობას და კანონიერებას და მიიჩნევს, რომ სარგებელი წლიური 36% ძალიან ბევრია და უნდა შემცირდეს 9,7%-მდე, რადგან არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის“ მონაცემებს, რის გამოც ბათილია მხარეთა შორის პროცენტზე შეთანხმება. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის (ახალი რედ.) დანაწესი უნდა გავრცელდეს ამ სესხზე და უნდა მიეცეს უკუქცევითი ძალა.
დადგენილია, რომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის სარგებელი არის თუ არა გონივრული და პირგასამტეხლო წარმოადგენს თუ არა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-317-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 403-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის - 9000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სარგებელი - წლიური 9,7%-ის ოდენობით. შესაბამისად, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო სესხის N235 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ისესხა 9000 აშშ დოლარი 60 თვით. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად: საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 3%. სესხის ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს შპს მისო „ბ------–სა“ და ნ-----–-----–-----–-ილს შორის გაფორმდა N24_14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 9000 აშშ დოლარი.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა მსესხებელმა სრულად მიიღო. მას სესხი უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–თან“ დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა“ და ნ-----–-----–-----–-ილს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული N235 სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებლის ოდენობა - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის - 3%-ის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო - 2019 წლის 25 აგვისტომდე. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ნ-----–-----–-----–-ილმა სარგებლის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და მას გადასახდელი აქვს 4886 აშშ დოლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პროცენტზე შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც არის დარღვეული. ასევე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტზე. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მისოს მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ იყო გათვალისწინებული პროცენტი ვალდებულების დარღვევისათვის, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის ივლისიდან მხარეთა შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებას უნდა დაერიცხოს საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ნაწილის 3%-ის ოდენობით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს N235 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 9000 აშშ დოლარის 3%-ის ოდენობით ყოველთვიურად 270 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 0,07%-ის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადახდის ვადის მეორე დღიდან. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე და ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ 2014 წლის 26 აგვისტოს №235 სესხის ხელშეკრულებაზე 2016 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 9000 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლო 0.03 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.7 აშშ დოლარს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. ე.ი. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს” და ნ-----–-----–-----–-ილს შორის 2014 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული №24-14 საკრედიტო ხაზისა და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 19 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს” და ნ-----–-----–-----–-ილს შორის გაფორმდა №24-N2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-----–-----–---–-ს (პ/ნ 60001071060) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ხ----------------------------, საკადასტრო კოდი: 03.01.03.289.01.0--.
ამასთან, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–სა“ და ნ-----–-----–-----–-ილს შორის 2014 წლის 19 აგვისტოს გაფორმებულ საკრედიტო ხაზისა და 2014 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებების 3.1. პუნქტების თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, ხოლო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ნ-----–-----–-----–-ილს შორის გაფორმებული N24-N2 იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.19. პუნქტის თანახმად, კი იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ არის საკმარისი მოვალის ვალდებულებების დასაფარად, მისო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დანარჩენი თანხა მოვალისაგან. ასევე მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე დარჩენილი უკვე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ მოთხოვნა არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, ნ-----–-----–-----–---–-ს საკუთრებაში არსებული ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევისა და ამოღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების ნ-----–-----–-----–---–-ს ქონებაზე მიქცევის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს შპს,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ნ-----–-----–-----–-ილს შორის დადებული საკრედიტო ხაზის N24-14 ხელშეკრულების 7.9 პუნქტის, 2014 წლის 26 აგვისტოს N235 სესხის ხელშეკრულებების 8.10 პუნქტის და 2014 წლის 19 აგვისტოს N24-N2 იპოთეკის ხელშეკრულებების 7.12 პუნქტების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სრულად ცნო სარჩელი, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში - ნაწილობრივ. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და აყენებდა მოპასუხეს კაბალურ მდგომარეობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2048 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სესხის ძირითადი თანხის (9000 აშშ დოლარის), სარგებლის (წლიური 9.7%) და პირგასამტეხლოს (63 აშშ დოლარის), სულ - 10 383.54 აშშ დოლარის ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ - 728.92 ლარის ოდენობით (10 383.54 აშშ დოლარი X 2.34 ლარზე = 728.92 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (03.08.2016წ.) ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი შეადგენდა - 2,34 ლარს.
ამდენად, მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1042.36 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ხოლო დარჩენილი ნაწილი - 276.72 ლარი (პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო - 9000 აშშ დოლარი X 0.04% = 3,6 დოლარი X1095 დღეზე =3942 X2,34=9224.28 ლარი, რომლის 3% შეადგენს 276.72 ლარს) - ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ.
7.3. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3431.53 ლარის ოდენობით, ვინაიდან დაუსწრებელ გადაწყვეტილების საჩივარზე არ ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 15273 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4886 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1387 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის (პროცენტის) გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 9000 აშშ დოლარის 3%-ის ოდენობით, ანუ ყოველთვიურად 270 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ 2016 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 9000 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლო 0.03 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.7 აშშ დოლარს.
2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ (იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით) მიექცეს ნ-----–-----–-----–---–-ს (პ/ნ 60001071060) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ხ----------------------------, საკადასტრო კოდი: 03.01.03.289.01.0--.
3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ მიმართ არსებულ ვალდებულებას, აღსრულება მიექცეს ნ-----–-----–-----–---–-ს საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
4. მოპასუხე ნ-----–-----–-----–-ილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1042.36 ლარის ოდენობით, ხოლო 276.72 ლარი - ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ს” უარი ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 728,92 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2048.00 ლარი, საგადახდო დავალება №578, თარიღი: 22/ივლისი/2016წ, შესრულების თარიღი: 25/ივლისი/2016წ, გადამხდელი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ი”, გადამხდელის ბანკი: სს ,,ტერა ბანკი“).
7. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3431.53 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (3431.53 ლარი, საგადახდო დავალება №55, გადახდის თარიღი: 02/აპრილი/2019წ, გადამხდელი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ი”, გადამხდელის ბანკი: სს ,,ტერა ბანკი“).
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე