გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2019
საქმის ნომერი
330210019002924210
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7010-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 13 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოსსამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - ალ---------ე გ--–---–---–ი

წარმომადგენელი - პა----ა გუ-----–ი, გი---------ა

მოპასუხე - სს ,,ლი------------ი’’

წარმომადგენელი - გი------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ,,ლი------------ს’’ ალ---------ე გ--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10000 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ს.ფ. 1-17):

 

2014 წლის 11 დეკემბერს ნოტარიუს ბე------------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმად მოვალე შპს ,,GM-----O’’-ს (ს/კ 4--------), კრედიტორ ალ---------ე გ--–---–---–ის (პ/ნ 16---------) სასარგებლოდ, ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა 10000 ლარის გადახდა;

 

სააღსრულებო ფურცელი კანონით დადგენილი წესით წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება (საქმე A--------);

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 201--–-–---------------ის №94--- მიმართვით, მოპასუხეს დაევალა დაუყოვნებლივ ეცნობებინა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, ჰქონდა თუ არა გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიშები სს ,,ლი------------ში’’ შპს ,,GM-----O’’-ს. დადებით შემთხვევაში მოპასუხეს დაევალა რეგისტრაციაში გაეტარებინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღა მოთხოვნის ფარგლებში. მოპასუხეს ასევე დაევალა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ეცნობებინა ანგარიში და მასზე დაყადაღებული თანხის ოდენობა;

 

მოსარჩელის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი იქნა სააღსრულებო საქმე. საქმის მასალებში არ იძებნება სს ,,ლი------------ის’’ მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 201--–-–---------------ის N94--- წერილის პასუხად გაგზავნილი რაიმე დოკუმენტი და არც რაიმე ინფორმაცია აღნიშნული წერილით დავალებული მოქმედებების შესრულების შესახებ. შესაბამისად, სს ,,ლი------------ს’’ არც ყადაღა დაურეგისტრირებია შპს ,,GM-----O’’-ს ანგარიშზე და არც შესაბამისი ინფორმაცია მიუწოდებია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/-------) დადგენილია და სადავო არაა შემდეგი ფაქტები:

 

შპს ,,GM-----O’’-მ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლი------------ში’’ გახსნა საბანკო ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშზე მის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს ჩაირიცხა თანხა 33667.20 ლარი; საბანკო ანგარიშიდან აღნიშნული თანხის განკარგვა განხორციელდა იმავე დღეს - 2014 წლის 26 დეკემბერს.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა დაუყოვნებლივ გაუგზავნა ბანკს მიმართვა ანგარიშებზე ყადაღის დადების მოთხოვნით, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას, მოპასუხეს არ მიუცია შესაბამისი ინფორმაცია საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით და არც რაიმე ქმედება განუხორციელებია შეზღუდვის დასარეგისტრირებლად. შესაბამისად, მან მისცა შესაძლებლობა მოვალეს ანგარიშზე არსებული თანხა გაეტანა. აღიშნული თანხა კი სრულიად საკმარისი იქნებოდა კრედიტორების დასაკმაყოფილებლად. მოპასუხეს რომ კანონშესაბამისად ემოქმედა, 2014 წლის დეკემბრის ბოლოს მოსარჩელე თავის კუთვნილ თანხას მიიღებდა. აღნიშული თანხის მიღების შესაძლებლობა კი ბანკის ქმედებით მოესპო, შესაბამისად მას მიადგა ზიანი. თეორიულად კი არსებობდა თანხის ამოღების შესაძლებლობა, მაგრამ ყველაზე კარგი შესაძლებლობა ალ---------ე გ--–---–---–ს უკვე დაკარგული ჰქონდა სს ,,ლი------------ის’’ უმოქმედობით.

მოპასუხემ არ შეასრულა აღსრულების ეროვნული ბიუროს №94--- მიმართვით მასზე დაკისრებული მოვალეობა და ვერ აღსრულდა 2014 წლის 11 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რის შედეგადაც ალ---------ე გ--–---–---–ს მოპასუხის ქმედების გამო მიადგა ზიანი - 10000 ლარის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სრულიად აშკარაა მოპასუხის ბრალეული ქმედება. კერძოდ, ის ვალდებული იყო ეცნობებინა სააღსრულებო ბიუროსათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ანგარიშის გახსნა. მოპასუხეს რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა მისი მოვალეობა, სააღსრულებო ბიურო მოახდენდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და მოსარჩელეს არ მიადგებოდა ზიანი. როდესაც ანგარიშზე იყო თანხა, არ შეეცადა თავიდან აერიდებინა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნის დასტური, რაც მოწმობს, რომ შეტყობინება საერთოდ არ გაუგზავნია;

 

მოპასუხის უმოქმედობით მოსარჩელემ განიცადა ზიანი. მას რომ ემოქმედა კანონის დაცვით, არ მიადგებოდა ზიანი. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი სახეზეა. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, რითაც შეგნებულად დაუშვა და გულგრილად მოეკიდა მოსარჩელისთვის ზიანის დადგომას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით (ს.ფ. 57-67) სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ აღნიშნული სააღსრულებო საქმის შესახებ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენამდე არ იყვნენ ინფორმირებული და ალ---------ე გ--–---–---–ს რაიმე სახის პრეტენზია ბანკისთვის არ წაუყენებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ მიმართა ბანკს და შეეცადა აღნიშნული პრობლემის გარკვევას ან მოგვარებას თუნდაც მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა პრობლემის შესახებ. ზოგადად სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, საქმე აღსრულდა თუ არა და მიმდინარეობს თუ რაიმე მიზეზით შეწყდა. საქმეში არ მოიძებნება იმის მტკიცებულება, რომ აღმასრულებლის წერილი გამოიგზავნა და ჩაბარდა სს ,,ლი------------ს’’, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ცალსახად ბანკია დამნაშავე მოსარჩელის პრობლემებში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მიერ მითითებული გადაწყვეტილება ეხება სრულიად სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და წინამდებარე საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულა, რომ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აღმასრულებლის წერილი, რომელიც დავის საგანი იყო და წინამდებარე სარჩელზე დართული აღმასრულებლის წერილი ერთიდაიგივე დოკუმენტია და საერთოდ სხვა დოკუმენტი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული საქმეების ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ იმით, რომ მოვალე ერთიდაიგივეა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მხარის მიერ მითითება იმაზე, რომ 2019 წელს შეიტყო პრობლემის შესახებ საფუძველს არის მოკლებული და მიმართულია იმ პრობლემის დასაფარად, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან საქმე ეხება 2014 წლის მოვლენებს და მას შემდეგ გასულია კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. 2018 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება და თვითონ პრობლემის შესახებ მხარისთვის გაცილებით ადრე იყო ცნობილი.

 

მოპასუხის განმარტებით აღსრულების ეროვნული ბიუროს №94--- მიმართვით მათ დაევალათ დაუყოვნებლივ ეცნობებინათ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, ჰქონდა თუ არა გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიშები შპს ,,GM-----O’’-ს ანუ მიმართვაში საუბარი იყო იმ დროისათვის უკვე არსებულ ანგარიშზე და არა მომავალში გახსნილ საბანკო ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს განმეორებით უნდა გაეგზავნა მიმართვა ან უკვე გაგზავნილ მიმართვაში მიეთითებინა, რომ თუ შემდგომში შპს ,,GM-----O’’ გახსნიდა ანგარიშს, მასზე გავრცელებულიყო შეზღუდვა მოთხოვნის ფარგლებში. მოპასუხის განმარტებით ბიუროს ხელახალი მოთხოვნის გარეშე ყადაღა არ უნდა დადებოდა მომავალში გახსნილ ანგარიშებს.

 

მოპასუხის განმარტებით ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 22 იანვარს წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მან გამოიხმო სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით და მოითხოვა აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა სახის ღონისძიების გაუქმება. აღნიშნული კი მოწმობს იმას, რომ მოსარჩელემ თუნდაც დროებით უარი თქვა თავისი უფლების განხორციელებაზე, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეში არსებობს 2014 წლის 21 დეკემბრის ქონების დაყადაღების აქტი (ს.ფ. 142-143). ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოვალეს მის სახელზე გააჩნდა ქონება და ცალსახად მითითება იმაზე, რომ მოსარჩელემ იმიტომ გაიხმო სააღსრულებო ფურცელი, რომ აღსრულება მაინც ვერ მოხდებოდა, უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულზე აპელირება შეუძლებელია მანამ, ვიდრე აღმასრულებელი არ ამოწურავს ყველა ღონისძიებას და არ გადავა საქმე არაუზრუნველყოფილ ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.ნოტარიუს ბე------------ის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის თანახმადაც, კრედიტორად მითითებულია მოსარჩელე ალ---------ე გ--–---–---–ი, ხოლო მოვალედ შპს ,,GM-----O’’. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 20-22)

- ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ. 18-19)

 

3.1.2. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად დაწყებული აღსრულების პროცესში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ყველა საბანკო დაწესებულებას 2014 წლის 15 დეკემბერს გაეგზავნა №94--- მიმართვა, რომლის თანახმადაც, მათ დაევალათ დაუყოვნებლივ ეცნობებინათ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, ჰქონდა თუ არა გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიშები შპს ,,GM-----O’’-ს. დადებით შემთხვევაში კი რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული ყადაღა მოთხოვნის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა დანართით (ს.ფ. 24-30)

 

3.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №94--- მიმართვა სს ,,ლი------------ს’’ ჩაბარდა 2014 წლის 16 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 103)

 

3.1.4. სს ,,ლი------------ს’’ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №94397 მიმართვაზე არც პასუხი დაუბრუნებია და არც რაიმე ინფორმაცია მიუწოდებია სააღსრულებო ბიუროს წერილით დავალებული მოქმედების განხორციელების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი)

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 97)

 

3.1.5. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოვალის - შპს ,,GM-----O’’-ს მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლი------------ში’’ გაიხსნა საბანკო ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშზე მის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს ჩაირიცხა თანხა - 33 667.20 ლარის ოდენობით. საბანკო ანგარიშიდან აღნიშნული თანხის განკარგვა განხორციელდა იმავე დღეს - 2014 წლის 26 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/------- (ს.ფ. 31-19)

 

3.1.6. 2014 წლის 11 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) არ აღსრულებულა. აღნიშნული საქმის წარმოება მიმდინარეობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 201--–-–---------------იდან 2015 წლის 23 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული საქმის წარმოების განმავლობაში მოვალის ქონებიდან ვერ მოხერხდა ვერანაირი თანხის ამოღება და გადარიცხვა კრედიტორის ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ.92)

 

3.1.7. მოთხოვნის მიუხედავად, სს ,,ლი------------ს’’ 10 000 ლარის მოსარჩელისთვის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და სააღსრულებო ფურცლის აღსრულება არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 92)

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 117-120).

- ალ---------ე გ--–---–---–ის განცხადება (ს.ფ. 148)

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 149)

 

3.1.8. მოსარჩელე ალ---------ე გ--–---–---–მა 2015 წლის 22 იანვარს წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, გამოიხმო სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით და მოითხოვა აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა სახის ღონისძიების გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ალ---------ე გ--–---–---–ის განცხადება (ს.ფ. 148)

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვები (ს.ფ. 149-152)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,GM-----O’’-ს მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლი------------ში’’ ანგარიშის გახსნის თაობაზე მოპასუხეს არ უცნობებია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს №94--- მიმართვით მათ დაევალათ დაუყოვნებლივ ეცნობებინათ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, ჰქონდა თუ არა გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიშები შპს ,,GM-----O’’-ს ანუ მიმართვაში საუბარი იყო იმ დროისათვის უკვე არსებულ ანგარიშზე და არა მომავალში გახსნილ საბანკო ანგარიშზე. ბანკმა მიიღო წერილი, წერილში არსებულ შინაარსზე ხდება პასუხის გაცემა და ამით ეს წერილი დაიხურა. შესრულებულია იმ ნაწილში, რა შინაარსსაც მოიცავდა. ანუ იმ მომენტში ჰქონდა თუ არა შპს ,,GM-----O-ს’’ ანგარიში და თუ არსებობდა გავრცელებულიყო შეზღუდვა. ეს იყო ერთჯერადი მიმართვა. აღნიშნული წერილის შემდგომ მოხდა ანგარიშის გახსნა. არსებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება კი ბანკს არ გააჩნდა. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს განმეორებით უნდა გაეგზავნა მიმართვა ან უკვე გაგზავნილ მიმართვაში მიეთითებინა, რომ თუ შემდგომში შპს ,,GM-----O’’ გახსნიდა ანგარიშს, მასზე გავრცელებულიყო შეზღუდვა მოთხოვნის ფარგლებში. მოპასუხის განმარტებით ბიუროს ხელახალი მოთხოვნის გარეშე ყადაღა არ უნდა დადებოდა მომავალში გახსნილ ანგარიშებს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის დროს - 2014 წლის 16 დეკემბერს - მოვალეს ბანკში ანგარიში არ გააჩნდა, შესაბამისად, ამ მომართვის შესრულებას ან შეუსრულებლობას რაიმე შედეგი ვერ მოჰყვებოდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ცნობილი გახდებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ბანკში მოვალეს ანგარიში არ გააჩნდა.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროისათვის მოქმედ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-192 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახამადაც საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ი’’ ვალდებული იყო ზემოაღნიშნული მომართვის საფუძველზე შპს ,,GM-----O’’-ს მიერ სს ,,ლი------------ში’’ ანგარიშის გახსნის თაობაზე ეცნობებინა სააღსრულებო ბიუროსათვის, რაც მოპასუხეს არ თავისი ბრალეული ქმედებით არ განუხორციელებია, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.

 

3.2.2. მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აუცილებელია სახეზე გვქონდეს ნორმის დამფუძნებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ერთობლიობა.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოვალის საბანკო ანგარიშების დაუყადაღებლობის გამო მან ვერ შეძლო ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მას შეეძლო დაეკმაყოფილებინა ანგარიშზე ყადაღის დადების პირობებში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ .ნოტარიუს ბე------------ის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის თანახმადაც, კრედიტორად მითითებულია მოსარჩელე ალ---------ე გ--–---–---–ი, ხოლო მოვალედ შპს ,,GM-----O’’. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი არ აღსრულებულა, შესაბამისად, მოსარჩელისთვის ანგარიშის დაუყადაღებლობის გამო მიყენებული ზიანი შეადგენს - 10000 ლარს. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელისთვის მხოლოდ ზიანის მიყენების ფაქტი დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელ სხვა ელემენტთა ერთობლიობის გარეშე არ ქმნის ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს დელიქტური ვალდებულების სადამფუძნებლო ნორმიდან გამომდინარე სხვა ელემენტთა ერთობლიობაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-192 მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარეობს მოპასუხის ვალდებულება ანგარიშის გახსნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდების და ამასთანავე ამ ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი უდავოა, რომ მოპასუხემ არ აცნობა ანგარიშის გახსნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაც გულისხმობს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის ელემენტის არსებობას.

 

ქმედების შეფასების მართლწინააღმდეგობის კუთხით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუდასტურებელია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუხედავად სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის აღნიშნული დანაწესისა, სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის თანახმად მხოლოდ მის მიერ ხელმეორე მომართვის შემდეგ ხდება ანგარიშზე ყადაღის დადება. მოპასუხის ვალდებულება გაწერილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში, რასთან შესაბამისობაშიც უპირატესობა მხარეთა შორის დადგენილ პრაქტიკას (ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი) ვერ მიენიჭება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამასთან, ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სრულიად აშკარაა მოპასუხის ბრალეული ქმედება. კერძოდ, ის ვალდებული იყო ეცნობებინა სააღსრულებო ბიუროსათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ანგარიშის გახსნა. მოპასუხეს რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა მისი მოვალეობა, სააღსრულებო ბიურო მოახდენდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და მოსარჩელეს არ მიადგებოდა ზიანი. როდესაც ანგარიშზე იყო თანხა, არ შეეცადა თავიდან აერიდებინა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საპასუხო დოკუმენტის გაგზავნის დასტური, რაც მოწმობს, რომ შეტყობინება საერთოდ არ გაუგზავნია; მოპასუხის უმოქმედობით მოსარჩელემ განიცადა ზიანი. მას რომ ემოქმედა კანონის დაცვით, არ მიადგებოდა ზიანი. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი სახეზეა. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, რითაც შეგნებულად დაუშვა და გულგრილად მოეკიდა მოსარჩელისთვის ზიანის დადგომას.

 

შესაბამისად, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თანახმად, მიიჩნევს მოპასუხის ქმედებას ბრალეულად, რაც ასევე აუცილებელი ელემენტია დელიქტური ვალდებულების დასაკისრებლად.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის და მის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების ფაქტი. ასევე დადგენილია, იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების შემდეგ მოვალის ანგარიშზე მოსარჩელის მიმართ დაკისრებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი თანხის ჩარიცხვის ფაქტი. შესაბამისად, მიუხედავად, კრედიტორის მცდელობისა, მის მიერ ვერ განხორციელდა მოპასუხის ანგარიშზე ყადაღის დადება, აღნიშნული კი სწორედ მოპასუხის ქმედებით - მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობითაა გამოწვეული.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 22 იანვრის წერილით, რომლითაც მან გამოიხმო სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით და მოითხოვა აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა სახის ღონისძიების გაუქმება, უარი თქვა საკუთარი უფლების განხორციელებაზე და გამოიწვია ის შედეგი რაც დადგა, ანუ ვერ აღსრულდა სააღსრულებო ფურცელი. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ფურცლის გახმობის გადაწყვეტილება, არ არის კავშირში მის აღუსრულებლობასთან და ვერ გახდება მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.ზიანი, რომელიც განიცადა მოსარჩელემ უკავშირდება სწორედ იმ სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობას, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებდა მოპასუხეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

 

3.2.3. სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე. (იხ. დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170).

განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომელიც, დელიქტიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებისთვის ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იქნა გო--------–---–ი.

 

მოწმე გო--------–---–მა განმარტა, რომ დაბადებული და გაზრდილია დუ–---ის რაიონის სოფელ არ---------ში. მოსარჩელე ალ---------ე გ--–---–---–ი ცხოვრობს მეზობელ სოფელში და ასევე არის მისი მეგობრის სიძე. ხშირი ურთიერთობა არ აქვთ, წელიწადი შეიძლება ისე გავიდეს, ერთმანეთი ვერ ნახონ. საქმიანი ურთერთობა არ ჰქონიათ ერთამენთთან, გარდა პროექტისა, რომელიც განახორციელა შპს ,,GM-----O’’-მ დაახლოებით 2013-2014 წლებში და რომელშიც მისი მითითებით მოხდა მოსარჩელის ჩართვა. 2019 წლის იანვარში დაახლობით 10-დან 15 იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა არ---------ში, მეგობრის, შე----–ი კა--------ის სახლში, სადაც ალ---------ე გ--–---–---–იც იმყოფებოდა. სუფრასთან ყოფნის დროს მიიღო შეტყობინება, რომლითაც გაიგო, რომ მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება და თბილისის სააღსრულებო ბიურომ ჩაურიცხა თანხა. ამ დროს გაირკვა, რომ შპს ,,GM-----O’’-ს ალ---------ე გ--–---–---–ის ვალიც ჰქონია. ის დაინტერესდა დეტალებით და გო--------–---–ს სთხოვა მის ადვოკატებთან დაკავშირება. მოსარჩელემ იმ დღეს მოწმე გო--------–---–ისგან შეიტყო, რომ სს ,,ლი------------ის’’ ანგარიშზე არსებობდა თანხა და შესაძლებელი იყო მისი თანხის ამოღებაც. მანამდე არც გო--------–---–მა იცოდა ალ---------ე გ--–---–---–ის მიმართ შპს ,,GM-----O’’-ის არსებული ვალის თაობაზე და არც მოსარჩელე ფლობდა ინფორმაციას გო--------–---–ის მიმართ შპს ,,GM-----O’’-ის ვალდებულებების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა 2014 წელს თავისი ვალდებულება რომ არ შეასრულა აღნიშნული მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის იანვრის თვეში, სარჩელი კი აღძრა 2019 წლის 02 აპრილს, რაც გამორიცხავს მის ხანდაზმულობას.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, მე-8, 115-ე 1008-ე, 128-ე, მუხლები.

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-192 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

 

უშუალოდ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას კი სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სახეზეა მოპასუხისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა, რის შედეგადაც სასამართლოს მიერ დადგენილია, მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებრიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მართალია, უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესი. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ალ---------ე გ--–---–---–ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ლი------------ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე სს ,,ლი------------ს’’ ალ---------ე გ--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხე სს ,,ლი------------ს’’ ალ---------ე გ--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი