გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2019
საქმის ნომერი
330310019003204264
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/7336-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

4 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - ზ------------–---–ი

წარმომადგენელი - მ------–------–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ-----------ა

მესამე პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი - ფ------------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №№----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ზ------------–---–ის სახელზე გაცემული ე-------- დიპლომის ნამდვილობისა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებულად დადასტურების თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 1996 წლის 28 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს წ-------------------------–-----------–---–--------–---------------------–------–--------------–---ის მიერ ზ------------–---–ზე გაიცა Д----------- დიპლომი, რომლის თანახმად, ზ------------–---–მა 1996 წელს დაამთავრა კოლეჯის სრული კურსი სამეურნეო-სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 

2003 წლის 17 სექტემბერს ზ------------–---–ის სახელზე გაიცა დიპლომი ე-------- მასზედ, რომ იგი 1999 წელს შევიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 2002 წელს სამართალმცოდნის სპეციალობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დიპლომი Д----------- (ს.ფ. 27);

- დიპლომი ე-------- (ს.ფ. 28)

 

4.2. 2019 წლის პირველ ოქტომბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული №-------------- ცნობის თანახმად, ზ------------–---–ი 1999 წელს (ბრძ. №------, 15.11.1999წ.) ჩაირიცხა და 2002 წელს (ბრძ. №------ 12.07.2002წ.) დაამთავრა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების სამართალმცოდნეობის განყოფილება სამართალმცოდნის სპეციალობით. სწავლის პერიოდში ჩაბარებული აქვს შემდეგი დისციპლინები:

 

I კურსი: 1. სამართალდამცავი ორგანოები - 4 (კარგი). 2. საზღვარგარეთის ქვეყნების სახ. და სამართლის ისტორია - 3 (დამაკმ.). 3. სამართლის ისტორია - 4 (კარგი). 4. სამართლის თეორია - 3(დამაკმ.). 5. სახელმწიფო სამართალი - ჩათვლა. 6. ადმინისტრაციული სამართალი - ჩათვლა. 7. სამოქალაქო სამართალი - ჩათვლა.

II კურსი: 1. სისხლის სამართალი 3 (დამაკმ). 2. სანივთო სამართალი - 4 (კარგი). 3. სისხლის სამართლის პროცესი - 4 (კარგი). 5. ინტელექტუალური სამართალი - 4 (კარგი). 5 სამოქალაქო სამართალი - ჩათვლა.

III კურსი: 1. სისხლის სამართლის პროცესი - 4(კარგი). 2. სისხლის სამართალი - 3 (დამაკმ.). 3. კრიმინალისტიკა - 3 (დამაკმ.). 4. სამოქალაქო სამართალი - 3 (დამაკმ.). 5. ადმინისტრაციული სამართალი - ჩათვლა.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის პირველი ოქტომბრის ცნობა (ს.ფ. 29-30);

 

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 27 სექტემბრის M---------------- ცნობა გაიცა ვიცე-პოლკოვნიკ ზ------------–---–ზე, მასზედ, რომ იგი მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1993 წლის 31 მაისიდან 1994 წლის 14 ივნისამდე, 1994 წლის 30 დეკემბრიდან 2002 წლის 2 დეკემბრიდან დღემდე. აქედან 2010 წლის 23 ივლისიდან დაკავებული აქვს მ–----------------- პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივი-გამომძიებლის თანამდებობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 27 სექტემბრის M---------------- ცნობა (ს.ფ. 31);

 

4.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №----------------- წერილით ზ------------–---–ს ეცნობა, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისა და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ 57-58);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №----------------- წერილი (ს.ფ. 74-75).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №----------------- წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

7.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანმათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურებს.

მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით.

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრი, მითითებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ფაქტს, პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. იმ შემთვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნული.

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტიების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2019 წლის 30 ივლისის №----------------- წერილით მიუთითა რა მხოლოდ დიპლომში ასახულ ინფორმაციაზე, განმარტა, რომ ე-------- დიპლომი არ წარმოადგენდა განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი არ გადაწყვიტა, მხარეს მხოლოდ მიუთითა, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისი დადასტურების საკითხზე. სასამართლოში დავის განხილვისას მოპასუხე მხარემ მიუთითა საქმეში დაცულ კორესპონდენციაზე, რომელიც ცენტრს სხვადასხვა დროს გაეგზავნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის მიერ. აღნიშნული კორესპონდენციასა და მათში ნახსენებ რექტორის 1991 წლის 31 იანვრის №71 ბრძანებაში ასახულია, რომ ფაკულტეტი შექმნიდან (1965 წლიდან) წლების განმავლობაში მისთვის დაკისრებული სხვადასხვა შინაარსის ფუნქციიდან გამომდინარე სხვადასხვა სახელს ატარებდა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, 1991 წლისათვის მიჩნეულ იქნა, რომ ფაკულტეტის არსი და ახალგაზრდობის რეალური მოთხოვნა ზუსტად და სრულად არის გამოხატული სახელწოდებაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამავე ბრძანებაში ასახულია, რომ ფაკულტეტი ახალგაზრდებისათვის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული განათლების მიღების არსს ატარებდა (ს.ფ. 71).

 

სასამართლო ვერ გაიზაირებს მოპასუხისა და მესამე პირის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2003 წლის 17 სექტემბერს ზ------------–---–ის სახელზე გაცემულ ე-------- დიპლომში მინიჭებული კვალიფიკაციის მიუთითებლობა ხსნის ფაკულტეტის არსობრივ მხარეს და ადასტურებს, რომ პირს აღნიშნული დიპლომით უმაღლესი განათლება არ მიუღია, არამედ აღნიშნულ დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ სერთიფიკატის მახასიათებლებს. მოპასუხე და მესამე პირი აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად მიუთითებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 15 ივლისის №68/01-01 ბრძანებაზე, რომლითაც დარეგულირდა უნივერსიტეტის მიერ სერთიფიკატებისა და აკადემიური ცნობების გაცემის საკითხი, მათ შორის სერთიფიკატი გაიცემოდა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების კურსდამთავრებულებზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი, როგორც უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაიცემა შესაბამისი კურსის დასრულების დასადასტურებლად. ის ფაქტი, რომ სადღეისოდ მოპასუხე და მესამე პირი ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მიიჩნევენ ჰუმანიტარული განათლების დამატებითი კურსის განმახორციელებელ სპეციალურ ფაკულტეტად, ვერ დგინდება მათ მიერვე მითითებული დოკუმენტების შინაარსით; თავად რექტორის 1991 წლის 31 იანვრის №71 ბრძანება ფაკულტეტის მიზანად ხელოვნებისა და ჰუმანიტარული განათლების მიღების არსს ასახელებს. შესაბამისად, თვად ფაკულტეტის შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით შეუძლებელია გაზიარებულ იქნეს მოპასუხის პოზიცია, რომ ზ------------–---–ზე გაცემული დიპლომი განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს არ წარმოადგენს. არც რაიმე ნორმატიული აქტი და არც თავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 15 ივლისის №68/01-01 ბრძანება არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ხსენებული სწავლების ფორმის დასადასტურებლად გაცემული დიპლომები უნდა მიჩნეულიყო სერთიფიკატად. თავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 15 ივლისის №68/01-01 ბრძანების მე-5 პუნქტით დადგინდა, რომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების: სერთიფიკატების და აკადემიური ცნობების (აგრეთვე მეორადი სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების დიპლომის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემოდა დუბლიკატი დიპლომის გაცემის დროს მოქმედი ფორმით. ამდენად, ხსენებული სამართლებრივი აქტი წლების წინ გაცემული დიპლომის სტატუსს არ ცვლის და მას სერთიფიკატად არ მიიჩნევს; არამედ ადგენს, რომ მხოლოდ ბრძანების გამოცემის შემდეგ დასრულებული კურსის დამადასტურებლი დოკუმენტები უნდა გაცემულიყო სერთიფიკატის სახით.

 

დადგენილია, რომ 2003 წლის 17 სექტემბერს ზ------------–---–ის სახელზე გაიცა დიპლომი ე-------- მასზედ, რომ იგი 1999 წელს შევიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 2002 წელს სამართალმცოდნის სპეციალობით. დადგენილია, რომ 2019 წლის პირველ ოქტომბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული №-------------- ცნობის თანახმად, ზ------------–---–ი 1999 წელს (ბრძ. №------, 15.11.1999წ.) ჩაირიცხა და 2002 წელს (ბრძ. №------ 12.07.2002წ.) დაამთავრა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების სამართალმცოდნეობის განყოფილება სამართალმცოდნის სპეციალობით. სწავლის პერიოდში ჩაბარებული აქვს შემდეგი დისციპლინები: I კურსი: 1. სამართალდამცავი ორგანოები - 4 (კარგი). 2. საზღვარგარეთის ქვეყნების სახ. და სამართლის ისტორია - 3 (დამაკმ.). 3. სამართლის ისტორია - 4 (კარგი). 4. სამართლის თეორია - 3(დამაკმ.). 5. სახელმწიფო სამართალი - ჩათვლა. 6. ადმინისტრაციული სამართალი - ჩათვლა. 7. სამოქალაქო სამართალი - ჩათვლა. II კურსი: 1. სისხლის სამართალი 3 (დამაკმ). 2. სანივთო სამართალი - 4 (კარგი). 3. სისხლის სამართლის პროცესი - 4 (კარგი). 5. ინტელექტუალური სამართალი - 4 (კარგი). 5 სამოქალაქო სამართალი - ჩათვლა. III კურსი: 1. სისხლის სამართლის პროცესი - 4 (კარგი). 2. სისხლის სამართალი - 3 (დამაკმ.). 3. კრიმინალისტიკა - 3 (დამაკმ.). 4. სამოქალაქო სამართალი - 3 (დამაკმ.). 5. ადმინისტრაციული სამართალი - ჩათვლა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------------–---–ზე გაცემულ დიპლომში მინიჭებული კვალიფიკაციის მიუთითებლობა ვერ ახსნის მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ დიპლომი ე-------- არ წარმოადგენს განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისი ნამდვილობის დადასტურების საკითხზე. სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.

 

ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №----------------- წერილით ზ------------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხის განხილვაზე უარი თქმით, ცენტრმა არათუ არ შეასრულა განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, დაედგინა საგანმანათლებლო ასახული სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, არამედ, ფაქტობრივად უკუძალა მიანიჭა დიპლომის გაცემის შემდეგ კონკრეტული ფაკულტეტისადმი წარმოშობილ დამოკიდებულებას. შესაბამისად, უნივერსიტეტის პოზიციის უპირობოთ გათვალისწინებით (რაც მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა) მოახდინა საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის დროისათვის არსებული სამართლებრივი მდგომაროების შეცვლა, რაც თავის მხრივ დიპლომის გამოყენების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს და მისი ძალმოსილების გაუქმებას იწვევს.

7.4 მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ზ------------–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 27 სექტემბრის M---------------- ცნობა გაიცა ვიცე-პოლკოვნიკ ზ------------–---–ზე, მასზედ, რომ იგი მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1993 წლის 31 მაისიდან 1994 წლის 14 ივნისამდე, 1994 წლის 30 დეკემბრიდან 2002 წლის 2 დეკემბრიდან დღემდე. აქედან 2010 წლის 23 ივლისიდან დაკავებული აქვს მ–----------------- პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივი-გამომძიებლის თანამდებობა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.

 

გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.

7.5. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი); ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) და გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა).

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №----------------- წერილით ზ------------–---–ს ეცნობა, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისა და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების თაობაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას მოპასუხე მხარე ვალდებულია შეაფასოს ზ------------–---–ის მიერ გავლილი პროგრამის შესაბამისობა იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გათვალისწინებით, გაიარა სამწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზეც, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. ამავე მუხლის 83 პუნქტის შესაბამისად, 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მეორე სპეციალობის ერთსაფეხურიანი, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი, რომლის მიზნებისთვისაც ხდებოდა პირველი სპეციალობის ფარგლებში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის შედეგების გათვალისწინება და რომელიც განიხილებოდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლის იმავე სპეციალობის 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად, გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

7.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №№----------------- წერილი და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის №№----------------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019 წლის 26 ივლისის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ------------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის ე-------- ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების საკითხის გადასაწყვეტად;

 

3. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ზ------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე