გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
190210019002920389
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/532-2019წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.2019წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე ნ---- მ-----–-–---–ი

წარმომადგენელი მარიკა ჟორდანია

მოპასუხე გ------- კ--------–--ე

არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილება

წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე

დავის საგანი განქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

II აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს ნ---- მ-----–-–---–სა და გ------- კ--------–--ეს შორის 2015 წლის 19 ივნისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (აქტის ჩანაწერი N01153004091) რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით.

1.2. არასრულწლოვანი შვილების თ---–- კ--------–--ის (დაბ.16.07.2011წ. პ/ნ0----------); გ------- კ--------–--ის (დაბ.11.10.2012წ. პ/ნ 5----------), ი-–-- კ--------–--ის (დაბ. 29.08.2016 წ. პ/ნ ნ0----------) და მ---- კ--------–--ის (დაბ. 2019 წლის 23 ივლისს პ/ნ 0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი;

1.3. გ------- კ--------–--ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების: თ---–- კ--------–--ის (დაბ.16.07.2011წ. პ/ნ0----------); გ------- კ--------–--ის (დაბ.11.10.2012წ. პ/ნ 5----------) და ი-–-- კ--------–--ის (დაბ.29.08.2016 წ. პ/ნ0----------) და მ---- კ--------–--ის (დაბ. 2019 წლის 23 ივლისს) სასარგებლოდ ყოველთვიურად თითოეულისთვის 125 ლარის, სულ 500 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ქორწინებაში 8 წელია. ჰყავთ 4 არასრულწლოვანი შვილი-თ---–- კ--------–--ე, გ------- კ--------–--ე, ი-–-- კ--------–--ე და მ---- კ--------–--ე, რომელიც დაიბადა სარჩელის შემოტანის შემდეგ. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლესთან 8 წლიანი თანაცხოვრება მისთვის და მისი შვილებისთვის საკმაოდ მძიმე და ბოლოს აუტანელიც გახდა. მეუღლის მხრიდან სისტემატიურად განიცდიდა აგრესიას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოპასუხე ხშირად აგდებდა სახლიდან მოსარჩელეს და ბავშვებსაც უფულოდ, სახლის ფორმაში. ბავშვებს, ისევე როგორც მოსარჩელეს, აქვთ ფსიქოლოგიური სტრესი გადატანილი. ბოლო პერიოდში ცოტა სიმშვიდეს გრძნობს, მიუხედავად სხვადასხვა პრობლემისა - მოუწიათ ბინის, სკოლის და ბაღის შეცვლა. ამჟამად ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში, იკრიბებიან კათარზისში, არიან სოციალურად დაუცველები. 2018 წლის 01 დეკემბერს, მოსარჩელემ მიმართა პოლიციის განყოფილებას და მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 5 თვის ვადით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არის ხელოსანი, სამშენებლო სამუშაოების შესრულებით იღებს შემოსავალს, ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს. ბოლო დროს მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ხელფასი ჰქონდა თვეში 700 ლარი.

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 70-75. ტომი 1)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელის ოჯახში, სადაც მათზე სათანადოდ ზრუნავენ. მოსარჩელე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ერთოთახიან გასარემონტებელ ნაქირავებ ბინაში. ოჯახი იღეს სოციალურ დახმარებას, რაც მათი ერთადერთი შემოსავალია. ოჯახს ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაცია და ეკლესია საკვებით, ტანსაცმლით და სხვა საჭიროებებით. მოპასუხე მათ ხშირად არ ნახულობს. უფროსი შვილის სწავლობს სკოლაში, ბავშვების ფსიქოემოციური მდგომაროება სტაბილურია, კითხვებზე ადექვატურად პასუხობენ. არ შეიმჩნევა ზრუნვის და ზედამხედველობის ნაკლებობას.

(26.12.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. ნ---- მ-----–-–---–ი და გ------- კ--------–--ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ნ---- მ-----–-–---–თან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-8. ტომი 1)

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 63-65. ტომი 1 )

 

3.1.2. ნ---- მ-----–-–---–ი და მისი არასრულწლოვანი შვილები იღებენ საარსებო შემწეობას თვეში 450 ლარს. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 35430. საარსებო შემწეობას ოჯახი იღებს 2019 წლის ოქტომბრიდან. მოპასუხე გ------- კ--------–--ე საარსებო შემწეობას სახელმწიფოსგან არ იღებს.

 

- მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება (26.12.219წ ოქმი CD დისკი)

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 63-65. ტომი 1 )

 

3.1.3. მოპასუხე გ------- კ--------–--ე პერიოდულად დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე. მას არა აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დასაქმების შესაძლებლობას უზღუდავს. მისი შემოსავალია თვეში 700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (26.12.2019წ ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ნ---- მ-----–-–---–სა და გ------- კ--------–--ეს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2015 წლის 19 ივნისს . მათ ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი.

 

საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2015 წლის 19 ივნისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება ნ---- მ-----–-–---–სა (პირადი N0----------) და გ------- კ--------–--ეს (პირადი N0----------) შორის. სააქტო ჩანაწერი N01153004091.

 

მხარეებს ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი. წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, თ---–- კ--------–--ე დაბადებულია 201 წლის 16 ივლისს, გ------- კ--------–--ე - 2012 წლის 11 ოქტომბერს, ი-–-- კ--------–--ე - 2016 წლის 29 აგვისტოს და მ---- კ--------–--ე - 2019 წლის 23 ივლისს. ბავშვების მშობლებად რეგისტრირებული არიან: დედა ნ---- მ-----–-–---–ი, მამა – გ------- კ--------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 20-22. ტომი 1).

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19. ტომი 1)

 

3.2.2. ნ---- მ-----–-–---–ის ოჯახში შექმნილია ბავშვების აღზრდისათვის მზრუნველი და ყურადღებიანი გარემო. გ------- კ--------–--ე მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილების აღზრდაში ნაკლები სიხშირით მონაწილეობს.

 

მხარეთა ოჯახური მდგომარეობა და საცხოვრებელი გარემო, ასევე ბავშვებსა და მშობლებს შორის დამოკიდებულება შესწავლილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ.

 

სოციალური მუშაკის 2019 წლის 4 ივნისის დასკვნაში მითითებულია შემდეგი გარემოებები: ნ---- მ-----–-–---–სა და გ------- კ--------–--ეს 9 წლიანი თანაცხოვრებისას შეეძინათ სამი შვილი. დასკვნის შედგენის დროს ნ---- მ-----–-–---–ის იყო ორსულად, ფეხმძიმობის მე-7 თვეში. სასამართლო აღნიშნავს, რომ უმცროსი შვილის მ---- კ--------–--ე დაიბადა სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის შემდეგ.

 

ნ----ს ინფორმაციით ოჯახი შექმნა სიყვარულით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეუღლე იყო ალკოჰოლის ხშირის მომხმარებელი. ამ მიზეზით ხშირად იცვლიდა სამსახურს. ნასვამ მდგომარეობაში იყო აგრესიული. ამასთან, მათ არ ჰქონდათ სტაბილური საცხოვრებელი, გარკვეული პერიოდით მოუწია დედამთილთნ ერთად ცხოვრება, სადაც მეუღლის ოჯახის წევრები აგრესიულად ექცეოდნენ, მათგან და მეუღლისგან განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოპასუხის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მიეცა უფლება ბავშვები ნახოს კვირაში სამი დღე 3 საათით. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ გ------- კ--------–--ემ ისევ გააგრძელა ძალადობა, დააზიანა სახლის კარები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ვადის გაგრძელება, რაც დაკმაყოფილა.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ ნ---- მ-----–-–---–ი ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ერთოთახიან გასარემონტებელ საცხოვრებელ ბინაში. ქირას ვერ იხდის და ამ ეტაპზე გადასახდელი აქვს 600 ლარი. საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართ რუსთავის მერიას, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ქალაქში ცხოვრების 20 წელზე ნაკლები დროის გამო. ბინა სარემონტოა, გამართული არ არის ელექტროგაყვანილობა, შესაცვლელია კარ-ფანჯარა. ნ---- მ-----–-–---–ი დასაქმებული არ არის, მისი შემოსავალია სოციალური დახმარება, რაც მწირია სამშვილიანი ოჯახისათვის. ბავშვებს სჭირდებათ ნუტრიციული საკვები, მაგრამ ოჯახს ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაცია და ეკლესია საკვებით, ტანსაცმლით და სხვა საჭიროებებით.

 

გ------- კ--------–--ე მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბავშვებს ნახულობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ბავშვებისთვის ყიდულობს წვენს, ტკბილეულს, რაც ბავშვებისთვის საკმარისი არ არის.

 

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები არიან ჯანმრთელები, თ---–- სწავლობს რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში, მისი აკადემიური მოსწრება დადებითია, ბავშვი არის მშვიდი და გონიერი. გ------- სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელია. ბავშვების განვითარება ასაკის შესაბამისია, ისინი ადექვატურად პასუხობენ კითხვებს. ი-–--ს სჭირდება ფეხებზე მასაჟები, რისი მატერიალური შესაძლებლობა დედას არა აქვს. ბავშვებს აცვიათ სუფთად და ასაკის შესაბამისად, დაცულია მათი ჰიგიენა.

 

შეფასების პროცესში ვერ მოხერხდა გ------- კ--------–--ესთან გასაუბრება, იგი სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს და არ ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე. ბავშვებმა მამის შესახებ განმარტეს, რომ მამა ხშირად სვამდა და ბევრს ჩხუბობდა, ძირითადად უმიზეზოდ. ამის გამო მუდმივად შიშის ქვეშ იყვნენ. გ-------სა და თ---–-ს სურთ მამასთანაც ურთიერთობა, რადგან უყვართ მშობელი და მისგან შორს მყოფებს არა აქვთ შიშის განცდა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზია მოპასუხის მხრიდან ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით 1. ნ---- მ-----–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; 2. გამოცემული იქნა დამცავი ორდერი მოძალადე გ------- კ--------–--ის მიმართ, შემდეგი პირობებით: გ------- კ--------–--ეს აეკრძალას მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ---- მ-----–-–---–ი იმყოფება; მასვე აეკრძალოს სატელეფონო კონტაქტი და სხვა რაიმე სახის მიმოწერა; გ------- კ--------–--ემ არასრულწლოვან შვილებთან 2011 წლის 16 ივლისს დაბადებულ თ---–- კ--------–--ესთან, 2012 წლის 11 ოქტომბერს დაბადებულ გ------- კ--------–--ესთან და 2016 წლის 29 აგვისტოს დაბადებულ ი-–-- კ--------–--ესთან, ურთიერთობა იქონიოს კვირაში სამი დღე 03-03 საათით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით; 3. დამცავი ორდერი გამოიცა 05 (ხუთი) თვის ვადით. გადაწყვეტილება გ------- კ--------–--ეს არ გაუსაჩივრებია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ბავშვები რამდენიმე თვეა დედასთან ერთად ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ბავშვებს დედის ოჯახში არ ემუქრებათ რაიმე საფრთხე, დაცულია მათი უფლებები. აქვთ თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი გარემო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად სოციალური გაჭირვებისა, მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფილია ბავშვების აღზრდისათვის სათანადო პირობები. კერძოდ, ოჯახში არის მშვიდი გარემო, ბავშვები იღებენ განათლებას, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოსარჩელე გამოირჩევა ყურადღებიანი დამოკიდებულებით, ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე, ბავშვების მიერ განათლების უფლების რეალიზაციაზე. ბავშვები დადიან სკოლაში და საბავშვო ბაღში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ზრუნავს ბავშვისათვის შესაფერისი სოციალური გარემოს შექმნაზე, მათ სწავლა-განათლებაზე.

 

ბავშვებს მამის მიმართ აქვს ოჯახური დამოკიდებულება, უყვართ მამა და სურთ მასთან მშვიდ გარემოში ურთიერთობა.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მიუხედავად მატერიალური გაჭირვებისა მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ბავშვების რჩენაში და დაეხმაროს მათ ფინანსურად. მოპასუხეს პირად ჩაბარდა სარჩელი და თანდართული საბუთები, ასევე დაზუსტებული სარჩელი, თუმცა შესაგებელი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მას სარჩელში მითითებული არცერთი ფაქტის მიმართ საწინააღმდეგო მოსაზრება არ წარმოუდგენია და შესაბამისად სადაოდ არ გაუხდია. ამდენად, დამტკიცებულად ითვლება, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი, პერიოდულად დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე და გამოიმუშავებს თვეში 700 ლარამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით მოპასუხე საარსებო შემწეობას არ იღებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 63-65. ტომი 1 )

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებები (05.10.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- სარჩელი (ს.ფ. 3-5 )

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მათ საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტის 100-100 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 1199-ე, 1201-ე, 20-ე, 1205-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები,1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი

- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1123-ე მუხლის მიხედვით, 1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. 2. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია ??????????? ?????????? ????????? ????????? ????????. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- მ-----–-–---–სა და გ------- კ--------–--ეს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, რადგან მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად 1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლენის ნებაყოფლობითობას. ამ მუხლით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.

 

”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვეციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა საყოფელთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება, ამ მუხლის თანახმად, სრულწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება დასაქორწინებელი პირების ნებყოფლობას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ საერთო მიზნები და ინტერესები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარებს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს, რადგან მათ შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, ხოლო მხარეებს საერთო ინტერესები აღარ აქვთ, მოსარჩელეს აღარ სურს მოპასუხესთან ერთად ოჯახური თანაცხოვრება. ქორწინება და ოჯახი არის მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე არსებული ერთობა, შესაბამისად ქორწინების არსებობისათვის აუცილებელია მეუღლეთა ერთობლივი გაცნობიერებული ნება ერთად ცხოვრების შესახებ. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვის უფლებაა ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობელთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა. ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სრულფასოვნად ვერ განხორციელდეს თუ ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამდენად, კონვენციითვე განსაზღვრულია რა შემთხვევაში ვერ განხორციელდება ბავშვის მშობელთან ურთიერთობის უფლება - თუ ეს ეწინააღმდეგება მის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლების განქორწინება არის ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როცა აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ერთერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის აღზრდის საკითხში მთავარი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გულისხმობს ბავშვის ერთერთ მშობელთან ცხოვრებას. შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელეს აქვს თუ არა უნარი და შესაძლებლობა სათანადოდ იზრუნოს შვილის აღზრდაზე, მასთან ბავშვის გაზრდა შეესაბამება თუ არა ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, სასამართლოს მიერ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვების ინტერესები, უნდა გამოირკვეს თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ იზრუნოს შვილებზე და რომელ მშობელთან უკეთესი იქნება შვილების აღზრდა როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, 1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. 2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა –მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

ამ შემთხვევაში მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მოსარჩელესთან მას შემდეგ, რაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მოსარჩელე სათანადო ყურადღებას იჩენს შვილების აღზრდის საკითხებისადმი, უზრუნველყოფილია ბავშვების მიერ განათლების მიღების უფლება. მოსარჩელე სათანადოდ ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლების მიღების საკითხებზე.

 

ამასთან, ბავშვები მცირეწლოვნები არიან, მათი აღზრდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდ, უკონფლიქტო გარემოში ცხოვრება, რაც მოსარჩელის ოჯახში უზრუნველყოფილია. ამასთან, უმცროსი შვილი მ---- კ--------–--ე რამდენიმე თვისაა, რის გამოც დედის მიერ მასზე ზრუნვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩვილი ასაკის გამო. შესაბამისად, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მათ საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს,უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“.

 

არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფატები:

მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობენ, რის გამოც მის აღზრდაში ყოველდღიურად წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა მოსარჩელეს უწევს და ბავშვებზე ყოველდღიურ ზრუნვაში მოპასუხე ჩართული არ არის. მოსარჩელე და ბავშვები სახელმწიფოსაგან იღებენ საარსებო შემწეობას, ხოლო მოპასუხე ასეთ დახმარებას სახელმწიფოსგან არ იღებს. ამასთან, მოპასუხეს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა არა აქვს, რის გამოც შრომისუნარიანია, შრომის უნარი შეზღუდული არა აქვს, რის გამოც შეუძლია დასაქმდეს და გამოუმუსაობს შვილების რჩენისათვის აუცილებელი შემოსავალი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უდაოა ის ფაქტი, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, მოზარდი ასაკის გამო სწორი ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო ბავშვს აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ორივე მშობლის ვალდებულებაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ჯანმრთელობა და მატერიალური მდგომარეობა ბავშვის რჩენაში რეალური წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელთა შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია. ალიმენტის განსაზღვრისას მშობლების ფინანსური შესაძლებლობების შეფასების აუცილებლობა ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმად მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. შესაბამისად, მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ყოველთვიურად 125-125 ლარი არაგონივრულია და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამოა, რადგან მოპასუხე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არ არის და ყოველთვიურად მაღალი ხელფასი არა აქვს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გამოუმუშავებს 700-800 ლარს თვეში, ხოლო ალიმენტის სახით მოითხოვს ჯამში 500 ლარის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლის არასტაბილური წყაროს და შემოსავლის ოდენობის გამო მოპასუხეს ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის განსაზღვროს დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე საარსებო შემწეობას იღებს, რაც მის განსაკუთრებულად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს, იგი ზრდის 4 მცირეწლოვან ბავშვს, მათ შორის ჩვილ ბავშვს, რის გამოც არ შეუძლია დასაქმდეს და შემოსავალი ამ გზით მიიღოს. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელეს სჭირდება მატერიალური დახმარება ბავშვების რჩენაში, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის მსგავსი მძიმე მატერიალური მდგომარეობა არა აქვს. საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოსარჩელეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი, რითიც შვილების და საკუთარი თავის უკეთ რჩენას შეძლებს.

 

აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული ოდენობაა 100-100 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქმიანობის ხასიათის გამო შეუძლია 4 შვილის სარჩენად ყოველთვიურად გადაიხადოს 400 ლარი.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 29 მარტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამასთან, მ---- კ--------–--ის სარჩენად ალიმენტის 100 ლარის გადახდა უნდა დაიწყოს ამ მოთხოვნის აღძვრის დღიდან 2019 წლის 4 დეკემბრიდან,7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 4800 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა განქორწინების და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნებზე, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებულია ამ მოთხოვნებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე; ამდენად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი არ არის განქორწინების მოთხოვნა, თუკი ამავდროულად მოთხოვნილია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რაც სახეზეა განსახილველ საქმეში. ამდენად, განქორწინების მოთხოვნაზე სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი არ ნახევრდება. შესაბამისად, საერთო ჯამში მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტის ზემოთდასახელებულ ანგარიშზე უნდა გადაიხადოს 150 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ---- მ-----–-–---–ის სარჩელი;

1.1. შეწყდეს 2015 წლის 19 ივნისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება ნ---- მ-----–-–---–სა (პირადი N0----------) და გ------- კ--------–--ეს (პირადი N0----------) შორის. სააქტო ჩანაწერი N01153004091;

1.2. არასრულწლოვანი ბავშვების თ---–- კ--------–--ის (დაბ.16.07.2011წ. პ/ნ 0----------); გ------- კ--------–--ის (დაბ.11.10.2012წ. პ/ნ 5----------), ი-–-- კ--------–--ის (დაბ. 29.08.2016 წ. პ/ნ 0----------) და მ---- კ--------–--ის (დაბ. 2019 წლის 23 ივლისს პ/ნ 0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელე ნ---- მ-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი;

1.3. გ------- კ--------–--ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების: თ---–- კ--------–--ის (დაბ.16.07.2011წ. პ/ნ0----------); გ------- კ--------–--ის (დაბ.11.10.2012წ. პ/ნ 5----------) და ი-–-- კ--------–--ის (დაბ.29.08.2016 წ. პ/ნ0----------) და მ---- კ--------–--ის (დაბ. 2019 წლის 23 ივლისს) სარჩენად ყოველთვიურად თითოეულისთვის 100 ლარის, სულ 400 ლარის ოდენობით.

1.4. თ---–-, გ------- და ი-–-- კ--------–--ეების სარჩენად ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 29 მარტიდან, ხოლო მ---- კ--------–--ის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 4 დეკემბრიდან;

 

2. გ------- კ--------–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი