გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210019002977346
# 2-1342/2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: შპს ,,ჯე-------------–ს’’
წარმომადგენელი: ო-----–---–--ა
მოპასუხე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–---------------------–------–------------------------------------------
წარმომადგენელი: მა-–---------–----ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, ფულადი ვალდებულების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ჯე-------------–ს’’-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს დაეკისროს 23 484 ლარის გადახდა. ასევე დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო 79.85 ლარის ოდენობითა და ზიანის ანაზღაურების სახით 408.37 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- მოსარჩელე შპს ,,ჯე-------------–ს"-სა და მოპასუხე ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს შორის 2017 წლის 27 ნოემბერს ქ. ბათუმში დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 3------–------------–--------------------------- თარიღი: 02/11/2017) შესაბამისად. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მიწოდება, მეორე მხრივ, განისაზღვრა შემსყიდველის მიერ საქონლის მიღება და ღირებულების ანაზღაურება 23 484 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს ნასყიდობის საგანი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დაცვით მოსარჩელემ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის მიწოდება 2017 წლის 09 დეკემბერს (მათ შორის უზრუნველყო ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირება და ჩამოცლა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას, კერძოდ ქ. ბათუმში, კ--–------------ის #4ა-ში.
- მოსარჩელის მიერ დროულად განხორციელდა ვალდებულების შესრულება, ხოლო მოპასუხეს უნდა შეემოწმებინა აღნიშნული და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიეღო. ასეთი მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა ხელშეკრულების შესრულების დასტურს. მაგრამ მოპასუხემ არ მიიღო ვადამოსული შესრულება, უარი განაცხადა ნასყიდობის საგნის ჩაბარებაზე და არ გააფორმა შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტი, იმაზე მითითებით, რომ ნასყიდობის საგანი არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს.
იმის პარალელურად, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა შესრულების მიღების ვადის გადაცილებას, მოპასუხემ არ აუნაზღაურა ნასყიდობის ფასი 23 484 ლარი, რომლის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 22 დეკემბერი (მიწოდებიდან 10 სამუშაო დღე).
- მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 08 იანვარს ს-------------–---------------------–------–------------------------------------------ არამართლზომიერად გავიდა ხელშეკრულებიდან, რითაც შპს ,,ჯე-------------–ს’’-ს მიადგა მატერიალური ზიანი, რადგან მის მიერ გაწეულ იქნა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მთელი რიგი ხარჯები და ვერ მიიღო შესაბამისის შემოსავალი.
- რადგან მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულება, კერძოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის გადაცილებას და საბოლოო თანხის გადაუხდელობას. მოპასუხეს საქონელის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ფასი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 09 დეკემბერს, შესაბამისად გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2017 წლის 22 დეკემბერი. ამ ვადის ამოწურვიდან მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლამდე (2018 წლის 08 იანვარი) გავიდა 17 კალენდარული დღე. თითოეულ კალენდარულ დღეზე მოპასუხეს ეკისრება 4.69 ლარი პირგასამტეხლო, რაც 17 დღეზე შეადგენს 79.85 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 79.85 ლარის ოდენობით.
- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს ,,ჯე-------------–ს"-მა ფიზიკურ პირ ზვ--------–--ესთან დადო მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე მხარემ ისესხა 12 000 ლარი, რათა შეესრულებინა ტენდერით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე მხარეს ჰქონდა სახელშეკრულებო ნდობა და გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მეორე მხარე დროულად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური და არამართლზომიერად გავიდა ხელშეკრულებიდან. შედეგად კი, მოსარჩელე მხარეს მიადგა ზიანი 408.37 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 02 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ პროცენტს და საშემოსავლო გადასახადს, შესაბამისად მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 408.37 ლარის ოდენობით.
- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნასყიდობის საგანი - 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, რომლის მიღებაზეც უარი განაცხადა მოპასუხემ, ინახება მოსარჩელესთან და იგი მზადაა გადასცეს მოპასუხეს. მოსარჩელის კონტრაქტორმა შპს ,,თეგეტა მოტორსმა" უზრუნველყოიმ აღწერილობის ნასყოდობის საგნის ტრანსპორტირება, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის შესახებ, რაც ასევე დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის დასკვნით #----------, რომლის თანახმად მოპასუხისადმი წარდგენილი ნასყიდობის საგანი სრულად შეესაბამება და მოდის თანხვედრაში ხელშეკრულებითა და სატენდერო მოთხოვნებით განსაზღვრულ საგანთან, ასევე გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა და აღწერილობისა, დასკვნით დასტურდება ნასყიდობის საგნის სრული შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ესკიზთან.
ასევე შპს ,,ჯე-------------–ს"-ი მოითხოვს გაწეული საპროცესო ხარჯების დაკისრებას მოპასუხეზე.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. ს-------------–---------------------–------–------------------------------------------ სარჩელს არ ეთანხმება.
მოპასუხე თავის პოზიციას აფუძნებს შენდეგ გარემოებებზე მითითებით:
- მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩლემ გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში (02.11.2017, ტენდერის ნ------------------) და მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------------–-–---------------ს.
- მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ნასყიდობის საგანი, რადგან ჯაჭვები არ შეესაბამება დეპარტამენტის მიერ ესკიზით მოთხოვნილ ჯაჭვებს. მოსარჩელეს არ მოუწოდებია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა (------ და ელ. ტენდერით განსაზღვრული, შესაბამისი აღწერილობის ნასყიდობის საგანი.
- მოპასუხე უსაფუძვლოს, ზედაპირულსა და დაუსაბუთებელს მიიჩნევს 2018 წლის 23 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას N-----------.
- მოპასუხე მიუთითებს, რომ 2017 წლის 16 დეკემბრის N 2447 წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებული ჯაჭვები არ შეესაბამებოდა დეპარტამენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს. კერძოდ განსხვავებული იყო ჯაჭვების გადაბმულობის ფორმა და რაოდენობა, რასაც ამტკიცებს ჯაჭვის მწარმოებელი თურქული კომპანიის ,,ლა---------’-ის ოფიციალური ვებ-გვერდის წწწ.ლა--------–--- პირველი გვერდის ბეჭდურ ვერსიაზე მითითებით. მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ესკიზით განსაზღვრული ჯაჭვი არის ტყის ჯაჭვი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯაჭვი არის თოვლის ჯაჭვი.
- მოპასუხე განმარტავს, რომ მართალია არ მიიღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქონელი, მაგრამ მოპასუხეს ხელშეკრულება არ დაურღვევია, ვინაიდან საქონელი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს. ასევე მართალია, რომ არ გადაუხდია მოსარჩელისთვის საქონლის ღირებულება, ვინაიდან მის მიერ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს, და შესაბამისად, შესყიდვის კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ არსებობდა გადახდის ვალდებულება.
- ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარე 2018 წლის 08 იანვარს არამართლზომიერად გავიდა ხელშეკრულებიდან (------, - მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ შესრულდა ვალდებულება და აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს სრული უფლება ჰქონდა გასულიყო ხელშეკრულებიდან და ადგილი არ აქვს არამართლზომიერად ხელშეკრულებიდან გასვლას.
- რაც შეეხება ზიანის მიყენებას მოპასუხის მიერ, ამას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან დეპარტამენტი მოქმედებდა მართლზომიერად, შესყიდვების კანონმდებლობის სრული დაცვით. ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს ზვ--------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 2017 წლის 02 დეკემბერს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ისესხა 12 000 ლარი და მოპასუხის ბრალეულობით მიადგა ზიანი 408.37 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს დარიცხულ პროცენტსა და საშემოსავლო გადასახადს - მოპასუხე არ ეთანხმება, რადგან სესხის ხელშეკრულება დადებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, შპს ,,ჯე-------------–ს"-მა თანხა ისესხა მისი დამფუძნებლისა და 100 %-იანი წილის მფლობელისაგან, ფაქტობრივად, დამფუძნებელმა ფული დააბანდა საკუთარ ბიზნესში.
- მოპასუხე არცერთ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება, რადგან დეპარტამენტმა მოსარჩელეს შესთავაზა, რომ მიეწოდებინა ესკიზის შესაბამისი საქონელი, მოსარჩელემ კი უარი განაცხადა და მოითხოვა მის მიერ შეძენილი, შეუსაბამო საქონლის მიღება, რასაც დეპარტამენტი ვერ განახორციელებდა. მოპასუხისთვის ასევე მიუღებელია მოსაზრება, რომ ზიანის ოდენობა წარმოადგენს ნასყიდობის ფასს, რაც შეადგენს 23 484 ლარს, რადგან მოპასუხეს არ მიუღია საქონელი, ის იმყოფება მოსარჩელესთან და მას შეუძლია მისი რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ოდენობა არ წარმოადგენს ნასყიდობის ფასს, ვინაიდან საქონელი დარჩა მიუწოდებელი და ის იმყოფება მოსარჩელის საკუთრებასა და ფაქტობრივ ფლობაში.
- მოპასუხე აღიარებს, რომ ხელშეკრულებაში სრულად არ იყო განსაზღვრული ჯაჭვის მახასიათებლები, თუმცა ესკიზი იყო და ვიზუალურადაც აშკარაა, რომ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამება ესკიზს, წარმოდგენილი ჯაჭვები ნაკლები გადაბმისაა, ესკიზით კი 2-3-ჯერ მეტია გადაბმები. ესკიზით ჯაჭვების გადაბმის სტრუქტურის სპეციფიკა აშკარად სხვა, ვიდრე წარმოდგენილ ჯაჭვებს გააჩნია.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 უდავოა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, შპს ,,ჯე-------------–ს"-ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (-----, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯე-------------–ს’’-ს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტებები;
3.1.2. მოწოდებული საქონლის - ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს შპს ,,ჯე-------------–ს"-ისათვის უნდა გადაეხადა 23 484 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტებები;
3.1.3. ხელშეკრულების 5.2 მუხლით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოებისათვის ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ, სასაქონლო ზედნადების, ანგარიშფაქტურის წარმოადგენასა და მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
3.1.4. ხელშეკრულების 5.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მირ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე. ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
3.1.5. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება ხდება ორმხრივი შეთანხმებით, დანართის ფორმით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითო ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა. ხოლო 6.4 პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ა) მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
3.1.6. ხელშეკრულების 7.2 საფუძველზე განისაზღვრა, რომ შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის გადასახდელი თანხის 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
3.1.7. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების გარანტია არ მოითხოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
3.1.8. დადგენილია, რომ გამსესხებელს ზვ--------–--ესა და მეორე მხრივ მსესხებელს ,,ჯე-------------–ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 2017/1202, 2017 წლის 02 დეკემბერს, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა ასესხა მსესხებელს 12 000 ლარი. შპს ,,ჯე-------------–ს"-ის დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მფლობელი არის გამსესხებელი ზვ--------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 02 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება N 2017/1202.
- მხარეთა განმარტებები;
3.1.9. მოსარჩელეს ნასყიდობის საგანი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დაცვით მოსარჩელემ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის - 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მიწოდება 2017 წლის 09 დეკემბერს (მათ შორის უზრუნველყო ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირება და ჩამოცლა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას, კერძოდ ქ. ბათუმში, კ--–------------ის #4ა-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტებები;
- სასაქონლო ზედნადები;
3.1.10. ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------მა რამდენჯერმე მიმართა შპს ,,ჯე-------------–ს’’ განცხადებით, რომ მიწოდებული ჯაჭვები არ შეესაბამება დეპარტამენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს. მან ამ მიზეზით არ ჩაიბარა მიწოდებული ნასყიდობის საგანი, რომელიც ამჟამად ინახება მოსარჩელესთან, ხოლო მოპასუხე 2018 წლის 08 იანვარს გავიდა ხელშეკრულებიდან და მოსარჩელეს არ აუნაზღაურა ნასყიდობის ფასი 23 484 ლარი, რომლის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 22 დეკემბერი (მიწოდებიდან 10 სამუშაო დღე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 დეკემბრის მიმართვა;
- 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვა;
- 2018 წლის 08 იანვრის მიმართვა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა მოსარჩელემ შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად და დროულად, მაგრამ დეპარტამენტის მიერ არ იქნა მიღებული და ნასყიდობის ფასი - 23 484 ლარი არ იქნა გადახდილი. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას და ამტკიცებს, რომ ის მოსარჩელის ვალდებულებას შესრულებულად ჩათვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარუდგენდა დეპარტამენტის მიერ ესკიზით მოთხოვნილ ჯაჭვებს.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს სრულად შესრულებას, მეორე მხარე უარყოფს მას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი იყო უნაკლო, შეესაბამებოდა განსაზღვრულ მახასიათებლებს. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მისთვის შესაძლებელია. ის, რომ ნასყიდობის საგანი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილ საგანს, ამის მტკიცება მოპასუხესაც ევალება, რადგან წარდგენილი ნასყიდობის საგანი - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები იდენტიფიცირებულია, მხარეები ამაზე არ დავობენ, სადავოა მხოლოდ ის, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, ხელშეკრულებით, ასევე მასზე დართული ესკიზით, მოიაზრება როგორც ტყის, თუ თოვლის ჯაჭვები. აღნიშნულის მტკიცების ტვირთისაგან არც მოპასუხე-შემსყიდველი თავისუფლდება.
ასევე, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ გამსესხებელს ზვ--------–--ესა და მეორე მხრივ მსესხებელს ,,ჯე-------------–ს’’ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან (N 2017/1202, 2017 წლის 02 დეკემბერი) გამომდინარე, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯე-------------–ს"-მა ისესხა პროცენტით 12000 ლარი, აღნიშნული თანხა მან გამოიყენა 2017 წლის 27 ნოემბერს, შპს ,,ჯე-------------–ს"-ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულეით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (----- აღებული ვალდებულების შესასრულებლად.
3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი შპს ,,ჯე-------------–ს"-მა მოპასუხეს მიაწოდა სრულყოფილად, ჯეროვნად, მაგრამ შესრულება ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------მა უსაფუძვლოდ არ მიიღო და არ გადაუხადა მიწოდებული ნასყიდობის საგნის საფასური, არამართლზომიერად გავიდა ხელშეკრულებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ან არ გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად. საკითხი, ფაქტის დასადგენად რამდენად ვარგისია წარმოდგენილი მტკიცებულება, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.
წინამდებარე შემთხვევაში მთავარი პრობლემა ისაა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ საგნის დროულად მიწოდებისა, მოპასუხემ ის არ ჩაიბარა და არ გააფორმა შესაბამისის მიღება- ჩაბარების აქტი. საქონელი იმყოფება მოსარჩელესთან. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საქონლის მიწოდებიდან 5 დღის ვადაში წერილობით აცნობა, რომ არ შეესაბამებოდა საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს, რადგან საჭირო იყო ტყის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და არა თოვლის. მოპასუხე აღიარებს, რომ მახასიათებლები სრულიად არ იყო მითითებული, თუმცა ესკიზი იყო და ვიზუალურად აშკარაა, რომ მიწოდებული საქონელი ესკიზს არ შეესაბამება. აღნიშნული ჯაჭვები არის ნაკლები გადაბმებით, ხოლო ესკიზზე აღნიშნულია 2-3 ჯერ მეტი გადაბმები.
დასახელებული გარემოებების გამორკვევის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ჯე--------------–-"-ი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------თან. მყიდველმა ორგანიზაციამ არ ჩაიბარა მიწოდებული საქონელი იმ მიზეზით, რომ ჯაჭვები განსხვავებული გადაბმულობის ფორმისა და მათი რაოდენობა, არ შეესაბამება ესკიზს. ამასთან, ხელშეკრულებით, ტექნიკურ მონაცემებში არ არის განსაზღვრული თუ არა რაოდენობის გადაბმა უნდა ჰქონოდა მისაწოდებელ საქონელს, მითითებულია მხოლოდ, რო ჯაჭვები უნდა იყოს მოცურების საწინააღმდეგო, ხელშეკრულებაში არაა განსაზღვრული, რომ ეს უნდა თოვლში მოცურების საწინააღმდეგო, თუ ტყეში. საქონლის არჩაბარებით კი შპს ,,ჯე-------------–ს"-ი არის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვინაიდან პროდუქტს, კერძოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, რომელიც ადგილზე არის ჩამოტანილი და არ ახორციელებს დეპარტამენტი მათ მიღებას, მწარმოებელი კომპანია უკან არ იბრუნებს. ხოლო, მოსარჩელის მითითებით, აღიშნული ჯაჭვების ზომა იმდენად ინდივიდუალურია და იშვიათი სახეობის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მისი გაყიდვა სხვა პირებზე ფაქტიურად შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - 2017 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება, ტანდართული ესკიზი;
- - შპს ,,ჯე-------------–ს"-ის 2018 წლის 09 იანვრის მიმართვა.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 23 თებერვლის ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (N-----------, რომლის საფუძველზეც გამოსაკვლევად წარმოდგენილი საბურავის ჯაჭვები სრულ თანხვედრაში მოდის სატენდერო მოთხოვნებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წარუდგინოს დამკვეთს. მოპასუხის მოვალეობაა მიიღოს შესრულება. მოპასუხეს უფლება აქვს თავად მიიღოს ან ვინმეს მიანიჭოს უფლება შესრულების მიღებაზე. რათქმაუნდა, სასამართლოს განმარტება არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ დეპარტამენტმა სამუშაო უპირობოდ უნდა მიიღოს. ის შეამოწმებს ნასყიდობის საგნის ხარისხს, შეადარებს ხელშეკრულების პირობებს და შემდეგ მიიღებს შესრულებას ან მოითხოვს მის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მოყვანას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ საქონლის მიწოდებიდან 05 დღის ვადაში წერილობით აცნობა მიმწოდებელს, რომ ხელშეკრულებასა და ესკიზს არ შეესაბამებოდა საქონელი. რის გამოც მის მიღებაზე უარი უთხრა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე არის დამკვეთი, მან განსაზღვრა ხელშეკრულების პირობები, სატენდერო პირობები. მან ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო, გამაბათილებელი მტკიცებულებები.
სასამართლო, 2018 წლის 23 თებერვლის ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული N369 ხელშეკრულებით მოთხოვნილი ზომისა და ესკიზის გათვალისწინებით, გამოსაკვლევად წარმოდგენილი საბურავის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სრულ თანხვედრაში მოდის სატენდერო მოთხოვნებთან.
საქონლის არმიღებით, მოპასუხე არღვევს თავის ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N---------.
3.2.5. მოსარჩელე, გარდა ზეპირი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით ვერ ამტკიცებს, რომ გამსესხებელს ზვ--------–--ესა და მეორე მხრივ მსესხებელს ,,ჯე-------------–ს’’ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან (N 2017/1202, 2017 წლის 02 დეკემბერი) გამომდინარე, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯე-------------–ს"-მა ისესხა პროცენტით 12000 ლარი, აღნიშნული თანხა მან გამოიყენა 2017 წლის 27 ნოემბერს, შპს ,,ჯე-------------–ს"-ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (----- აღებული ვალდებულების შესასრულებლად. წარმოდგენილი 2017 წლის 02 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით N 2017/1202, არ ირკვევა სესხის მიზნობრიობა. ამდენად, სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 .საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ს-------------–---------------------–------–------------------------------------------ს დავალება შეასრულა დროულად და ჯეროვნად. ვალდებულების შესრულებისათვის მას ერგება ნასყიდობის საფასური 23 484 ლარი. ნასყიდობის საგანი დეპარტამენტმა უსაფუძვლოდ არ მიიღო, შესაბამისად შპს ,,ჯე-------------–ს"-ი ვერ ღებულობს ანაზღაურებას. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით წარმოადგინა სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა (ნასყიდობა), ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტს სურდა 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი - თავისი მიმაგრებით. ამ მიზნით მან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და მის საფუძველზე შპს ,,ჯე-------------–ს"-თან დადო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს ,,ჯე-------------–ს"-ი მოპასუხეს მიაწოდებდა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, ხოლო მეორეს მხრივ, შემსყიდველი გადაუხდიდა ანაზღაურებას 23 484 ლარის ოდენობით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს ,,ჯე-------------–ს’’-ს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტისათვის უნდა გადაეცა შესრულება. დეპარტამენტი კი მას აუნაზღაურებდა მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას. ნასყიდობის საგანი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.
საბოლოო ჯამში სიტუაციის სურათი ასეთია:
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი არის შემსყიდველი (დამკვეთი). შპს ,,ჯე-------------–ს"-ი მიმწოდებელია (შემსრულებელი). ანუ შპს ,,ჯე-------------–ს"-მა უნდა გადასცეს 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი თავისი მიმაგრებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტს. თავის მხრივ დეპარტამენტმა უნდა მიიღოს შესრულება და თანხა აუნაზღაუროს მოსარჩელეს. შესრულება უნდა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით, მიღება-ჩაბარების აქტით და ანგარიშ-ფაქტურით, მაგრამ დეპარტამენტმა არ მიიღო აღნიშნული საქონელი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დაცვით. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი თავისი მიმაგრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით, მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტს უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. შპს ,,ჯე-------------–ს"-ის ვალდებულებაა მიაწოდოს ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ შპს ,,ჯე-------------–ს"-მა მიაწოდოს ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების პირობების დაცვით. დეპარტამენტმა კი მიიღოს შესრულება და აანაზღაუროს მისი ღირებულება. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება და შესრულებისათვის დახარჯა გარკვეული თანხები. შესრულება უნდა მიეღო საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტს, რისთვისაც უნდა შეედგინა მიღება - ჩაბარების აქტი. ხოლო ამის შემდეგ უნდა აენაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოსარჩლის მიერ ვადის დაცვით წარდგენილ იქნა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, მაგრამ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა ეს არ მიიღო, შესაბამისად არ გააფორმა მიღება - ჩაბარების აქტი, და უკან დაუბრუნა მოსარჩელეს.
მოსარჩელემ წარმოადგინა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა და ამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულების პირობები შეასრულა სრულად.
მოპასუხე ანაზღაურებაზე უარს ამბობს იმ მოტივით, რომ ნასყიდობის საგანი არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს. ასეთი ქმედება გაგებული უნდა იქნას მოსარჩელისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმად, რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ს-------------–---------------------–------–------------------------------------------ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს მიწოდებული ნასყიდობის საგნის ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 23 484 ლარი.
6.6. მხარეთა შორის სადავო არაა შემდეგი: ხელშეკრულების 7.2 საფუძველზე განისაზღვრა, რომ შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის გადასახდელი თანხის 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 79.85 ლარის ოდენობით.
მოპასუხეს საქონელის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ფასი, მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 09 დეკემბერს, შესაბამისად გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2017 წლის 22 დეკემბერი. ამ ვადის ამოწურვიდან მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლამდე (2018 წლის 08 იანვარი) გავიდა 17 კალენდარული დღე. თითოეულ კალენდარულ დღეზე მოპასუხეს ეკისრება 4.69 ლარი პირგასამტეხლო, რაც 17 დღეზე შეადგენს 79.85 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს შეადგენს ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის გადასახდელი თანხის 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც უკვე აღინიშნა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არ წარმოადგენს შეუსაბამო თანხას.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი გადახდა 79.85 ლარის ოდენობით.
6.7. მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას 408.37 ლარის ოდენობით, რაც მისი მითითებით, გამომდინარეობს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს ,,ჯე-------------–ს"-სა და ფიზიკურ პირ ზვ--------–--ესთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომლითაც მოსარჩელე მხარემ ისესხა 12 000 ლარი, რათა შეესრულებინა ტენდერით ნაკისრი ვალდებულება. მიუთითებს, რომმოსარჩელე მხარეს ჰქონდა სახელშეკრულებო ნდობა და გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მეორე მხარე დროულად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური და არამართლზომიერად გავიდა ხელშეკრულებიდან. შედეგად კი, მოსარჩელე მხარეს მიადგა ზიანი 408.37 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 02 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხულ პროცენტს და საშემოსავლო გადასახადს, შესაბამისად მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 408.37 ლარის ოდენობით.
მხარეთა ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული ნორმა გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის ანაზღაურებისას.
ვინაიდან არ დგინდება,, რომ მოსარჩელემ სესხის თანხა გამოიყენა 2017 წლის 27 ნოემბერს, მასსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–---------------------–------–-----------------------------------------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (----- აღებული ვალდებულების შესასრულებლად. წარმოდგენილი 2017 წლის 02 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით N 2017/1202, - არ ირკვევა სესხის მიზნობრიობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამის დასადასტურებლად კი უფრო მყარი, პირდაპირი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, ვიდრე წარმოდგენილია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 394-ე-395-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი ზიანის დასაკისრებლად არ არსებობს.
7. საპროცესოხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 815.00 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ჯე-------------–ს"-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეს აჭარის ა.რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–----------------------–------–-------------------------------ს მოსარჩელის შპს ,,ჯე-------------–ს"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 23 484 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს აჭარის ა.რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–----------------------–------–-------------------------------ს მოსარჩელის შპს ,,ჯე-------------–ს"-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 79.85 ლარის ოდენობით.
4. შპს ,,ჯე-------------–ს"-ის სარჩელი ზიანის სახით 408.73 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეს აჭარის ა.რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ს-------------–----------------------–------–-------------------------------ს მოსარჩელის შპს ,,ჯე-------------–ს"-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 798 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ანაზღაურება 942,55 ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია (ეს პირობა ქ. ბათუმის მერიაზე არ ვრცელდება. მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში).
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასაამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე