გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22942-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
11 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ი---------ი’’
წარმომადგენელი - მარ------------ე
მოპასუხე - შპს ,,ნი------’’
წარმომადგენელი - ზუ---------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2018 წლის 31 ივლისიდან შეწყვეტილად იქნეს აღიარებული შპს ,,ნი------’’-ს და შპს ,,ი---------ი’’-ს შორის 2018 წლის 25 დეკემბერს დადებული მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულება.
1.2. მოპასუხე შპს ,,ნი------’’-ს მოსარჩელე შპს ,,ი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 833.38 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის 2018 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა მარკეტინგული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისგან შესყიდული პროდუქციის სარეალიზაციოდ განთავსება და წარდგინება მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე. აღნიშნულის სანაცვლოდ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 2000 ლარი. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულებით ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ამისათვის საჭირო იყო მხარეთა შორის გაგრძელებულიყო პროდუქციის მიწოდების ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულება;
ხელშეკრულების 4.4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ან დამკვეთთან პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთს უფლება აქვს გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გადახდრილი თანხის უკან დაბრუნება შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად;
იქედან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებია ერთწლიანია, ხოლო მყიდველის მხრიდან შეკვეთები აღარ განხორციელებულა 2019 წლის 08 ივლისიდან, შესაბამისად, გამყიდველმა და დამკვეთმაც ვეღარ განახორციელეს პროდუქციის მიწოდება, ავტომატურად შემსრულებლის მხრიდან აღარ შესრულებულა ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, ამდენად, ფაქტობრივად შეწყდა როგორც პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულება, ასევე 2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული ხელშეკრულება. შედეგად მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შესასრულებელი დარჩა 5 თვის ვალდებულება, შესასრულებლად დარჩენილი ვალდებულების პროპორციული თანხა კი დამკვეთის მიერ გადახდილი თანხის (2000 ლარი) გათვალისწინებით შეადგენს 833.38 ლარს.
მხარეთა შორის 2018 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რომელიმე კონკრეტული სახეობის ლუდზე მითითებას, მაგ. ,,ლო-------უზე’’, არამედ მითითებული იყო ზოგადად უცხოური ლუდი, განსხვავებით 2015-2016-2017 წლებში დადებულ იგივე სახის ხელშეკრულებაზე, სადაც ნათლად ჩანს ,,ლო-------უს“ დასახელება; შესაბამისად, მხარემ ვალდებულება მითითებული ხელშეკრულებით აიღო ზოგადად უცხოურ ლუდზე, კერძოდ, მხარეებს რომ მხოლოდ ,,ლო-------უ’’-ზე ნდომებოდათ მომსახურების გავრცელება, წინა წლების მსგავსად განახორციელებდნენ და იგივე პირობებით გააგრძელებდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობას; წინაპირობა ამ ხელშეკრულების კი ის იყო, რომ ,,ლო-------უ’’-ს წარმომადგენლობას სურდა საქართველოში ქართულ კომპანიაზე (ლომისზე) გაეცა ლიცენზია საქართველოში მის წარმოებაზე, რეალურად ბაზარზე ახალი სუბიექტი შემოდიოდა, რომელიც აწარმოებდა იგივე ლუდს შედარებით იაფად, მყიდველმა წინასწარ ეს იცოდა და სწორედ ამიტომ ხელშეკრულება ზოგადად უცხოურ ლუდზე დაიდო; მას შემდეგ რაც უკვე ლომისთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორც ჩანს იაფი გზა ნახა ლუდის შესყიდვის და მოსარჩელესთან ზოგადად, ლუდის შესყიდვაზე განაცხადა უარი. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით რომ „ლო-------უ“ უნდა მიაწოდოს, ყოველგვარ აზრს მოკლებულია არსებული გარემოებებიდან და დადებული ხელშეკრულებიდან; ასევე ყურადსაღებია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე პროდუქციის მიწოდებისას ხდება სხვადასხვა დასახელების ლუდის შეტანა;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხის მხრიდან დარღვეულია მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება, რისთვისაც შპს ი---------ი’’ მოითხოვს შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად, წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ნი------’’-ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის შპს ,,ი---------ი’’ იყო გერმანული ლუდის ,,ლო-------უ’’, ,,ბექს’’-ი, ,,შპატენ’’-ი, ,,ფარნზისკანერ’’-ი, ,,ვასტეინერ’’-ი, ჩეხური წარმოების ლუდი ,,ჰოლბა’’-ს და არყების ,,გრადუსი’’, ,,ისტინა’’ და ,,5 კაპელ’’ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. შპს ,,ი---------ი’’ ქართველ მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობდა მსოფლიოში ცნობილ და ყველასთვის საყვარელ გერმანული და ჩეხური წარმოების ლუდს. შპს ,,ი---------ი’’ კვების პროდუქტების, უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური, გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელების იმპორტს 2004 წლიდან ეწევა. მის პარტნიორებს შორის მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქციის მწარმოებელი მსხვილი საწარმოები არიან. მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ დაურღვევია. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამასთან, 2019 წლის ივლისში ლუდის იმპორტის ბაზარზე მოხდა სერიოზული ცვლილება, საქართველოში დაიწყო ლო-------უს ჩამოსხმა მესამე პირის - ნატახტარის მიერ. ზუსტად ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ საკუთარი აღიარებით, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაში მიწოდების შეწყვეტის დღედ დაასახელა 2019 წლის 08 ივლისი.
მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა იყო მარტივი: მოსარჩელეს მიჰქონდა მის ხელთ არსებული ექსკლუზიური ლუდი და მოპასუხე მას ყიდდა და განათავსებდა სარესტორნო ობიექტში, მდებარე თბილისი, გორგასლის N1-ში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პირდაპირ მდებარე ერთ-ერთ სარესტორნო ობიექტში. მოსარჩელემ ვეღარ შეძლო ლუდის მიწოდება და ამ პრობლემით ცდილობს პირიქით დასდოს ბრალი მოპასუხეს ხელშეკრულების დარღვევაში. თუ მოსარჩელეს არ შეაქვს მოპასუხესთან პროდუქცია ეს არის მისი და არა მოპასუხის პრობლემა. მოსარჩელეს შეეძლო მოპასუხისთვის შეეტყობინებინა, რომ 2019 წლის 05 ივლისიდან მას აღარ გააჩნდა ლუდ ლო-------უს მიწოდების უფლებამოსილება და მოპასუხე მას შესთავაზებდა ხელშეკრულების მისადაგებას ახალი რეალობისთვის. თუ მხარეები ვერ შეძლებდნენ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებზე მისადაგებას ან მეორე მხარე ამას არ დაეთანხმებოდა, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ი---------ი’’-ს (დამკვეთი) და შპს ,,ნი------’’-ს (შემსრულებელი) შორის გაფორმდა მარკეტინგული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველის პროდუქციის პოპულარიზაციის და გაყიდვების სტიმულირების მიზნით დამკვეთი უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, დამკვეთს გაუწიოს მარკეტინგული მომსახურება.
ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად მარკეტინგულ მომსახურებაში იგულისხმება: ა) შემსრულებლის მიერ დამკვეთისგან შესყიდული პროდუქციის სარეალიზაციოდ განთავსება და წარდგინება მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე, მყიდველის იმ ობიექტ(ებ)ზე, სადაც ხორციელდება დამკვეთის მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაცია; ბ) შემსრულებლის მიერ უცხოურ ლუდებში მხოლოდ დამკვეთის მოწოდებული ლუდის რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მარკეტინგული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება N2--------- (ს.ფ 18-20)
3.1.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად გაწეული მარკეტინგული მომსახურეობისთვის დამკვეთმა შემსრულებელს ერთჯერადად გადაუხადა 2000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მარკეტინგული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება N2--------- (ს.ფ 18-20)
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 21)
3.1.3. მოსარჩელემ გაფრთხილების წერილები გაუგზავნა შპს ,,ნი------’’-ს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. 26);
- ჩაბარების დასტური (ს.ფ. 27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ნი------’’-ის მხრიდან პროდუქციის შეკვეთები აღარ განხორციელებულა 2019 წლის 8 ივლისიდან, შესაბამისად მისი მხრიდან ხელშეკრულება ვერ შესრულდა სრულად და ჯეროვნად, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტა.
მხარეთა შორის გაფორმებული მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მთავარი საგანი იყო დამკვეთისგან შესყიდული პროდუქციის სარეალიზაციოდ განთავსება და წარდგინება მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, დროულად და სრულად. იქედან გამომდინარე, რომ მთავარი ვალდებულება იყო შემსრულებლის მიერ მხოლოდ დამკვეთის მიწოდებული უცხოური ლუდის რეალიზაცია და თვალსაჩინოდ წარმოდგენილ ადგილზე განთავსება და ვინაიდან არ არსებობდა შეკვეთა, შესაბამისად არ არსებობდა შესყიდული პროდუქციაც, რამაც გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის განხორციელება მიბმული იყო მოპასუხის მხრიდან ამ პროდუქციის შესყიდვაზე. შესყიდვა კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხოლოდ 2019 წლის 8 ივლისამდე ხორციელდებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ანგარიშის ბრუნვიდან ჩანს, რომ შპს ,,ნი------’’-ის მიერ პროდუქციის შეკვეთა/მიწოდება ხორციელდებოდა მხოლოდ 2019 წლის 08 ივლისამდე, მანამდე კი შემსრულებლის მხრიდან ხდებოდა პროდუქციის შეკვეთა საშუალოდ 5-7 დღის ინტერვალით; შესაბამისად, დამკვეთმა ვერ განახორციელა პროდუქციის მიწოდება და ავტომატურად შემსრულებლის მხრიდან აღარ შესრულდა ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება. ამდენად, ფაქტობრივად შეწყდა როგორც პროდუქციის მიწოდების, ისე მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ,,ლო-------უ’’-ს მიწოდება. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის 2015, 2016, 2017 წლებში გაფორმებულ მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით ანალოგიური მომსახურება ხორციელდებოდა მხოლოდ „ლო-------უს“ პროდუქციაზე (ს.ფ. 120-128), ხოლო განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მხარეებს მზაობა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მყიდველისგან ზოგადად უცხოური ლუდი უნდა შეესყიდათ და არა კონკრეტული ბრენდი, შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მათ გამოავლინეს ნება აღნიშნულზე; მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩლის მიერ პროდუქციის მიწოდებისას ხდება სხვადასხვა დასახელების ლუდის შეტანა (იხ. სასაქონლო ზედნადებები);
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხის მხრიდან დარღვეულია მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშის ბრუნვა (ს.ფ. 22-23);
- ანგარიშის ბრუნვა (ს.ფ. 90-91);
- შეკვეთების მოძრაობის აქტი (ს.ფ. 92)
3.2.2. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 833.38 ლარს, რაც წარმოადგენს დამკვეთის მიერ წინასწარ გადახდილი მომსახურების ღირებულებიდან -2000 ლარიდან, პროპორციით დათვლილი შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას.
2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.4 პუქნტის შესაბამისად, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ან დამკვეთთან პროდუქციის მიწოდების ხელშეკრუების შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთს უფლება აქვს გარფთხილების გარეშე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად;
განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება აღარ სრულდება 2019 წლის 08 ივლისიდან, ანუ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შესასრულებელი დარჩა 5 თვის ვალდებულება, შესაბამისად, დამკვეთის მიერ წინასწარ გადახდილი მომსახურების ღირებულებიდან -2000 ლარიდან, პროპორციით დათვლილი შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებამ შეადგინა 833.83 ლარი;
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო თანხა დაანგარიშებულია 2019 წლის 1 აგვისტოდან, ვინაიდან 2019 წლის 08 ივლისიდან 31 ივლისამდე პერიოდის დაანგარიშებაზე მოსარჩელემ უარი თქვა მოპასუხის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მარკეტინგული ბიუჯეტი, ანგარიშსწორება 16.09.2019 წლისათვის (ს.ფ. 24)
- ცნობა (ს.ფ. 25)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ი---------ი’’-ს სარჩელი მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 405, 352-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობით ფორმით. ამავე მუხლის მეორე პუნქტრის თანახმად გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით.
განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ი---------ს’’ (დამკვეთი) და შპს ,,ნი------’’-ს (შემსრულებელი) შორის გაფორმდა მარკეტინგული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. მხარეთა შორის ასევე არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული მიწოდების შესახებ ხელშეკრულება.
შპს ,,ნი------’’-ის მხრიდან პროდუქციის შეკვეთები აღარ განხორციელებულა 2019 წლის 8 ივლისიდან, შესაბამისად მისი მხრიდან ხელშეკრულება ვერ შესრულდა სრულად და ჯეროვნად, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის სიდიდეს განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად, გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ სადავო ურთიერთობაში სახეზეა ვალდებულების არსებითი დარღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების 1.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით დადგენილად მიიიჩნია, რომ 2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ან დამკვეთთან პროდუქციის მიწოდების ხელშეკრუების შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთს უფლება აქვს გარფთხილების გარეშე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციულად;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2018 წლის 31 ივლისიდან შპს ,,ნი-------ს“ და შპს ,,ი---------ს’’ შორის 2018 წლის 25 დეკემბერს დადებული მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულება, რაც ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მხარეთა შორის გაფორმებული მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მთავარი საგანი იყო დამკვეთისგან შესყიდული პროდუქციის სარეალიზაციოდ განთავსება და წარდგინება მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, დროულად და სრულად. იქედან გამომდინარე, რომ მთავარი ვალდებულება იყო შემსრულებლის მიერ მხოლოდ დამკვეთის მიწოდებული უცხოური ლუდის რეალიზაცია და თვალსაჩინოდ წარმოდგენილ ადგილზე განთავსება და ვინაიდან არ არსებობდა შეკვეთა, შესაბამისად არ არსებობდა შესყიდული პროდუქციაც, რამაც გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის განხორციელება მიბმული იყო მოპასუხის მხრიდან ამ პროდუქციის შესყიდვაზე. შესყიდვა კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხოლოდ 2019 წლის 8 ივლისამდე ხორციელდებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვის ისტორიიდან ჩანს, რომ შპს ,,ნი------’’-ის მიერ პროდუქციის შეკვეთა/მიწოდება ხორციელდებოდა მხოლოდ 2019 წლის 08 ივლისამდე, მანამდე კი შემსრულებლის მხრიდან ხდებოდა პროდუქციის შეკვეთა საშუალოდ 5-7 დღის ინტერვალით; ხოლო ამ ვადის შემდგომ საერთოდ არ ხორციელდებოდა მისი მხრიდან პროდუქციის შესყიდვა (შეკვეთების განუხორციელებლობის გამო); ამდენად ფაქტობრივად შეწყდა როგორც პროდუქციის მიწოდების, ისე მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაც.
მოპასუხის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ,,ლო-------უ’’-ს მიწოდება, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის 2015, 2016, 2017 წლებში გაფორმებული მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით ანალოგიური მომსახურება ხორციელდებოდა მხოლოდ „ლო-------უს“ პროდუქციაზე (ს.ფ. 120-128), ხოლო განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად მხარეებს მზაობა ჰქონდათ, რომ მყიდველისაგან ზოგადად უცხოური ლუდი შეესყიდათ და არა კონკრეტული ბრენდი, შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მათ გამოავლინეს ნება აღნიშნულზე;
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულება დადო მომსახურებაზე, რომელიც გულისხმობდა მიმწოდებლის უცხოური ლუდის თვალსაჩინოდ წარმოჩენას, პოპულარიზებას 1 წლის განმავლობაში და არ იყო დაკონკრეტებული რაიმე ბრენდი; შესაბამისად, მან როგორც მეწარმე სუბიექტმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით დაადასტურა ნება მსგავსი მომსახურების შესრულებაზე, რისთვისაც აიღო თანხა 2000 ლარის ოდენობით;
ვინაიდან ვალდებულება აღარ სრულდება 2019 წლის 08 ივლისიდან, ანუ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შესასრულებელი დარჩა 5 თვის ვალდებულება, შესაბამისად, დამკვეთის მიერ წინასწარ გადახდილი მომსახურების ღირებულებიდან -2000 ლარიდან, პროპორციით დათვლილი შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებამ შეადგინა 833.83 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ,,ი---------ს’’.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩლი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს ,,ი---------ის’’ სარჩელი მოპასუხე შპს „ნი-------ის“ მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის და ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს:
1.1. 2018 წლის 31 ივლისიდან შეწყვეტილად იქნეს აღიარებული შპს ,,ნი-------ს’’ და შპს ,,ი---------ს’’ შორის 2018 წლის 25 დეკემბერს დადებული მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულება.
1.2. მოპასუხე შპს ,,ნი-------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 25 დეკემბრის მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 833.38 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე შპს ,,ნი-------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი