გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/15238-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – სსიპ და–---–----------------------------ო
წარმომადგენელი – თე--------------------–ი
მოპასუხე – შპს ,,ავ-----------------ი“
წარმომადგენელი – ბა-----------–---ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ავ-----------------ის“ სსიპ და–---–----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 19 000 ლარის, ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს 23.95 ლარისა და საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის - 487.50 ლარის, სულ 19 511.45 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 27 იანვარს სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,ავ-----------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ავ-----------------მა“ იკისრა სააგენტოს ბალანსზე რიცხული 61 ერთეული ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების ვალდებულება 95000 ლარად.
ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის სიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ცალკეული მომსახურების განხორციელების ვადა. შემსყიდველთან შეთანხმებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო მომსახურების გაწევის სხვა ვადებიც.
მოსარჩელემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 3 ოქტომბერს.
ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, 95 000 ლარის, 20 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 19 000 ლარს.
მოსარჩელეს ასევე წარმოეშვა მომსახურების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება რამდენიმე შესრულებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წერილობით აცნობა მოპასუხეს. ცალკეულ ავტომანქანებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის გადაცილებამ შეადგინა 11 დღიდან 34 დღემდე, ხოლო პირგასამტეხლომ - 23,95 ლარი.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა 487.50 ლარის ზიანი. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულება ორ ავტომანქანაზე ცალკეული დეფექტების აღმოფხვრის თაობაზე, რის გამოც დეფექტები აღმოიფხვრა მესამე პირის დახმარებით და შეადგინა 487,5 ლარი.
მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ავ-----------------მა“ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებას ყოველთვის დროულად ასრულებდა, ზოგიერთ შემთხვევაში შესრულების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
მოპასუხემ 2020 წლის 16 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისა და საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის (23.95 და 487.50 ლარის) ანაზღაურების ნაწილში, ასევე, ითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს შემცირება 1 000 ლარამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 27 იანვარს სსიპ და–---–----------------------------ოსა და შპს ,,ავ-----------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება სსიპ და–---–----------------------------ოს ბალანსზე რიცხული 61 ერთეული ავტომანქანისთვის 95 000 ლარის ღირებულების ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #გეტ-21 (ს.ფ. 3-18; 19-23).
3.1.2 ხელშეკრულებით განისაზღვრა ცალკეული მომსახურების განხორციელების ვადა. შემსყიდველთან შეთანხმებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო მომსახურების გაწევის სხვა ვადაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #გეტ-21, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (ს.ფ. 3-18, 19-23, 16.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.1.3 მოპასუხის მხრიდან ცალკეულ ავტომანქანებზე მომსახურება განხორციელდა ვადაგადაცილებით, რის გამოც მოპასუხეს ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე, მომსახურების ვადის გადაცილების გამო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა 25.09 ლარისა და 23,95 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ და–---–----------------------------ოს #2444, 04/აგვისტო/2017 წ. და #3133 11 /ოქტომბერი/2017 წ. წერილები, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (ს.ფ. 3-18, 26-28, 16.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.1.4 მომსახურების ვადის გადაცილება გაგრძელდა გაფრთხილების გაგზავნის შემდეგაც, რის გამოც, მოსარჩელემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 3 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ და–---–----------------------------ოს N3133, 11/ოქტომბერი/2017 წ. წერილი, N3026, 03/ოქტომბერი/2017 წ. წერილი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (ს.ფ. 3-18; 24-26; 16.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.1.5 ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის შეადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20 %-ს - 19 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #ეტ-21 (ს.ფ. 3-18; 19-23).
3.1.6 ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ცალკეულ ავტომანქანაზე ტექნიკური მომსახურების ვადის გადაცილების გამო, რაც ნაწილობრივ შესრულდა, მოპასუხემ პირგასამტეხლო 25,09 ლარი გადაიხადა, ხოლო მოთხოვნა 23.95 ლარის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ არ შეასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ და–---–----------------------------ოს N3133, 11/ოქტომბერი/2017 წ. და N2444, 04/აგვისტო/2017 წ. წერილები, (ს.ფ. 3-18, 26; 27; 16.01.2020 წ. სხდომის ოქმი)
3.1.7. ორ ავტომანქანაზე დეფექტების აღმოფხვრის საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ მომსახურების გასაწევად მიმართა შპს „თე----------------ს“, რისთვისაც გასწია 487.50 ლარის ხარჯი. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი მითითებული თანხის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ და–---–----------------------------ოს N3284, 02/ნოემბერი/2017 წ., მიღება-ჩაბარების აქტები დანართებით, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (ს.ფ. 3-18; 39; 40-60; 16.01.2020 სხდომის ოქმი).
3.1.8. მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა სულ 19 511.45 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ არ შეასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სსიპ და–---–----------------------------ოს N835, 04/აპრილი/2018 წ. წერილი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (ს.ფ. 3-18; 104; 16.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინების შედეგად, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 487.50 ლარისა და 23.95 ლარის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 1 000 ლარამდე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 511.45 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის, სულ 1 511.45 ლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 408-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ორი მოთხოვნის ნაწილში, რაც შესაბამის ნაწილებში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, ასევე ცნო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შემცირებული პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდის ვალდებულებაც.
6.2 საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს შემსყიდველ სსიპ და–---–----------------------------ოსა და მიმწოდებელ შპს ,,ავ-----------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ავ-----------------მა“ ივალდებულა სააგენტოს ბალანსზე რიცხული 61 ერთეული ავტომანქანის ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულებით განისაზღვრა ცალკეული მომსახურების გაწევის ვადები და პირობები; ხელშეკრულების მე-13 მუხლით მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ მიმწოდებლის მხრიდან ცალკეული მომსახურების შესაბამისი რაოდენობით და ხარისხით შეუსრულებლობის და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. კერძოდ, მომსახურების შესაბამისი რაოდენობით და ხარისხით შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის - ხელშეკრულების ღირებულების 20 %-ის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 27 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება თავისი ბუნებით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. მოსარჩელე, როგორც მომსახურების შემსყიდველი ორგანიზაცია წარმოადგენდა შემკვეთს, ხოლო, მოპასუხე, შემსრულებლის სახით - მენარდეს. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემსყიდველისთვის მის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ამასთან, ნარდობის ხელშეკრულება, შეიძლება ითვალისწინებდეს ორივე მხარის- როგორც კრედიტორის, ისე მოვალისaთვის სავალდებულო დამატებით, საგარანტიო პირობებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ხარისხი მხარეებმა შეიძლება მის დროულ შესრულებას დაუკავშირონ და დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა გაუტოლდეს უხარისხო შესრულებას, რაც მოთხოვნის უფლების მქონე მხარისთვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
ხელშეკრულების 3.2 მუხლით გათვალისწინებულ იქნა ცალკეული მომსახურების გაწევის ვადა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ავ-----------------მა“ რიგ შემთხვევებში ვადაგადაცილებით შეასრულა მომსახურების ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ არ შეასრულა 23.95 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე ამ ნაწილში სარჩელი ცნო.
6.3 სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის 2 ავტომანქანასთან მიმართებით არ შესრულდა საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ შესაბამისი მომსახურება მიიღო მესამე პირისგან, რამაც გამოიწვია მისთვის 487.50 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება. მოპასუხეს არც ამ ნაწილში წარმოუდგენია სასამართლოსთვის კვალიფიციური შესაგებელი და არც ამ მტკიცების გამაბათილებელი მტკიცებულება, ამასთან, მოსამზადებელ სხდომაზე ამ ნაწილშიც სარჩელი ცნო.
6.4 მოსარჩელემ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა, 19 000 ლარი მოითხოვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა არაგონივრული და გადაჭაბებულია და ის უნდა შემცირდეს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 27 იანვრის Nგეტ-21 ხელშეკრულების მე-13 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წესებზე, მათ შორისაა მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულების ღირებულების 20 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების დათქმა.
საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოება - მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული განმარტების თანახმად, „პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება“ (იხ. მაგალითად, სუსგ Nას-1560-1463-2012).
სასაქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე“ (იხ. სუსგ N ას-1597-2019, 13/12/2019).
მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს შემცირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს: მოპასუხის განმარტებით, შესრულებული იყო სახელშეკრულებო ვალდებულების უმეტესი ნაწილი, მზად იყო სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესასრულებად და გააჩნდა შესაბამისი ფულადი ანაზღაურების მიღების მოლოდინი. სასამართლოს შეფასებით, მომსახურების გაწევის ცალკეული მომსახურებისთვის ვადაგადაცილებები შედარებით უმნიშვნელო იყო; მნიშვნელოვან ზიანად ვერ ჩაითვლება ასევე ორი ავტომანქანისთვის გაწეული ტექნიკური მომსახურების გაწევს შემდეგ საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის გამო მესამე პირისთვის მიმართვით გამოწვეული ზიანის ოდენობა. ამასთან, გასათვალისწინებელია მეწარმის კეთილსინდისიერების საკითხი, მისი დამოკიდებულება ვალდებულების დარღვევის ხარისხის მიმართ და ის გარემოება, რა ფინანსური დარტყმა შეიძლება მიადგეს მოპასუხეს პირგასამტეხლოს იმ მაქსიმალური ოდენობით დაკისრებით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
სასამართლო მხედველობაში იღებს თვით მოპასუხის მიერ დასახელებულ რიცხვსაც, კერძოდ, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია პირგასამტეხლოს 1 000 ლარამდე შემცირება და ამ თანხის გადახდის ვალდებულებას ცნობს.
აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ მოცემული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირედს და მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილში დაეკისროს 1 000 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრის ეტაპზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 19 511.45 ლარით, რის გამოც მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 585.34 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 511.45 ლარის დაკისრების ნაწილში და ამავე დროს მისაღებად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება 1 000 ლარამდე, რითაც ფაქტობრივად ცნო სასარჩელო მოთხოვნა 7.7 %-ით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მითითებული პროცენტის პროპორციულად, კერძოდ, 45 ლარი.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ და–---–----------------------------ოს სარჩელი შპს „ავ-----------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სსიპ და–---–----------------------------ოს შპს „ავ-----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 511.45 ლარის გადახდა, საიდანაც მომსახურების ვადაგადაცილებით შესრულების გამო პირგასამტეხლოა 23.95 ლარი, საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანია - 487.50 ლარი და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოა - 1 000 ლარი.
3. სსიპ და–---–----------------------------ოს დაუბრუნდეს მის მიერ 585.34 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 45.00 ლარი.
(გადახდის თარიღი - 18/06/2019; საგადასახადო მოთხოვნა N07400, გადამხდელი - სსიპ და–---–----------------------------ო, სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი