გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
330210119003162678
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21294-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

 

მოსარჩელე - ა------- დ----------ი

კანონიერი წარმომადგენელი - თ------- ფ--–-------–---–ი

 

მოპასუხე - დ----- დ----------ი, ნ-----–- შ-------ე

წარმომადგენელი - მ---–---- კ--------ე

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა,მესაკუთრედ აღრიცხვა, საზიარო უფლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა------- დ----------ის სახელით ნ-----–- შ-------ესთან 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც ა------- დ----------ის წარმომადგენელმა დ----- დ----------მა ა------- დ----------ის კუთვნილი უძრავი ნივთის (მისამართი: ქ-------–-----------------------------------------–---------------------------------------------) 1/3 წილი ნ-----–- შ-------ეს გადასცა საკუთრებაში;

1.2. ა------- დ----------ი ცნობილ იქნეს მოპასუხე ნ-----–- შ-------ის სახელზე რეგისტირებული უძრავი ნივთის (მისამართი: ქ-------–-----------------------------------------–---------------------------------------------) 1/3 წილის მესაკუთრედ;

1.3. გაუქმდეს ა------- დ----------ისა და ნ-----–- შ-------ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე (------------------------------, მდებარე: ქ-------–----------------------------------------–-------------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციიდან ამონაგები თანხა თანამესაკუთრეებზე განაწილდეს მათი წილების პროპორციულად: ნ-----–- შ-------ეს გადაეცეს თანხის 2/3, ხოლო ა------- დ----------ს - ამონაგები თანხის 1/3.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

 

თ------- ფ--–-------–---–ი არის 2014 წლის 1 ივნისს დაბადებული ა------- დ----------ის დედა. დ----- დ----------ი არის მისი მამა. ა------- დ----------ს, დ----- დ----------ს და ნ-----–- შ-------ეს აქვთ დევნილის სტატუსი. 2017 წლის 23 მაისს ერთი მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მეორე მხრივ მყიდველებს - ნ-----–- შ-------ეს, დ----- დ----------სა და ა------- დ----------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველებმა უსასყიდლოდ მიიღეს თ---–--–--------------------------–------------------–----------------------. 2017 წლის 23 მაისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე დ----- დ----------ი ხელს აწერს როგორც ა------- დ----------ის კანონიერი წარმომადგენელი. 2017 წლის 29 ნოემბერს ერთი მხრივ ა------- დ----------მა და დ----- დ----------მა (მჩუქებლები) ნ-----–- შ-------ეს აჩუქეს ზემოაღნიშნული ბინის მათი კუთვნილი წილები. დ----- დ----------ი ხელს აწერს ხელშეკრულებას, როგორც ა------- დ----------ის კანონიერი წარმომადგენელი. ხელშეკრულების შესახებ არასრულწლოვნის დედისათვის უცნობი იყო. ხელშეკრულება დადებულია ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ბინას ფლობენ მოპასუხეები. ბინა მდებარეობს მე-10 სართულზე, აქვს ერთი შესასვლელი და ნატურით გაყოფა შეუძლებელია, შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია. ბინის მოპასუხეებთან ფლობა შეუძლებელია. ისინი მოქმედებენ ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

 

მათი განმარტებით, დ----- დ----------ი არ იყო ვალდებული, ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ ეცნობებინა თ------- ფ--–-------–---–ისთვის, რომელთანაც არც რეგისტრირებულ და არც არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებები აქვთ. დ----- დ----------ი მოქმედებდა შვილის საუკეთესო ინტერესების ფარგლებში. ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ ბავშვის დედას არ გაეყიდა ბინა და ა------- დ----------ს, სრულწლოვანების მიღწევისას, როგორც დ----- დ----------ის და ნ-----–- შ-------ის მემკვიდრეს არ დაეკარგა ბინა. ა------- დ----------ისთვის დევნილის სტატუსის მიუნიჭებლადაც მოპასუხეები 2-ოთახიან ბინას მიიღებდნენ. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ------- ფ--–-------–---–ი და დ----- დ----------ი არიან ა------- დ----------ის დედ-მამა, ხოლო ნ-----–- შ-------ე - დ----- დ----------ის დედა.

 

თ------- ფ--–-------–---–ი და დ----- დ----------ი დაქორწინებულები არ ყოფილან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 26);

- მამობის დადგენის მოწმობა (ს.ფ. 27).

 

3.1.2. ნ-----–- შ-------ეს, დ----- დ----------სა და ა------- დ----------ს მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

ა------- დ----------ი იღებს დევნილის შემწეობას - 45 ლარს, რომელიც ირიცხება დ----- დ----------ის ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დევნილის მოწმობა (ს.ფ. 28);

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 39).

 

3.1.3. 23.05.2017 წელს ერთი მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მეორე მხრივ მყიდველებს - ნ-----–- შ-------ეს, დ----- დ----------სა და ა------- დ----------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველებმა უსასყიდლოდ მიიღეს თ---–--–--------------------------–------------------–----------------------, რომელიც დარეგისტრირდა მათ თანასაკუთრებად. ხელშეკრულებას ა------- დ----------ის სახელით ხელს აწერს დ----- დ----------ი.

 

ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად მყიდველს ქონების გადაცემის შემდეგ უფლება აქვს განკარგოს, სარგებლობაში გადასცეს ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთოს ქონება.

 

3.3 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მყიდველი ხელშეკრულების გაფორმებამდე სარგებლობდა ან ფლობდა რაიმე საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართებს, მოპოვებულს მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებისა, აღნიშნული ფაქტი მიიჩნევა ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 32-33).

 

3.1.4 29.11.2017 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით ა------- დ----------მა და დ----- დ----------მა 3.1.3 პუნქტში მითითებული ბინის მათი კუთვნილი წილები აჩუქეს ნ-----–- შ-------ეს, რომელიც დარეგისტრირდა მთლიანი ბინის მესაკუთრედ.

 

ხელშეკრულება ა------- დ----------ის სახელით დადო დ----- დ----------მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 34-35);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 36-37).

 

3.1.5 სადავო ბინა მე-10 სართულზე მდებარეობს, არის 52 კვ.მ და მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 32-33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 ჩუქების ხელშეკრულება დადებულია არასრულწლოვანის ინტერესების საზიანოდ.

 

როგორც დადგენილია, ჩუქების ხელშეკრულება ა------- დ----------ის სახელით მამამ - დ----- დ----------მა დადო და ა------- დ----------ის წილი მის ბებიას, ნ-----–- შ-------ეს აჩუქა. იმავე დღეს დ----- დ----------მა თავისი კუთვნილი წილიც აჩუქა ნ-----–- შ-------ეს.

 

ისეთ პირობებში, როდესაც ჩუქების ხელშეკრულება ოჯახის წევრებს შორისაა დადებული, ამასთან არ იკვეთება ხელშეკრულების დადების რაიმე კონკრეტული მიზეზი (მაგალითად შესასრულებელი ვალდებულების არსებობა), ხელშეკრულების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ.

 

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხეებმა - ვერა.

 

მოპასუხეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ დ----- დ----------ი ისევეა მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც დედა და მისი სახელით ხელშეკრულების დადების უფლება ჰქონდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ფორმალური კანონიერება დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი არ არის. შესაფასებელია ხელშეკრულების დადების მიზანი და შედეგი.

 

ხელშეკრულების შედეგად ა------- დ----------მა უძრავი ნივთის კუთვნილი წილი უსასყიდლოდ გადასცა, ამასთან, ჩუქების ნება მისი სახელით მისმა წარმომადგენელმა გამოავლინა. ხელშეკრულების დადების რაიმე ობიექტური საფუძველი საქმიდან არ იკვეთება.

 

სასამართლოსათვის არასარწმუნოა მოპასუხეების მტკიცება, რომ ა------- დ----------ის დედას სურდა ბინის გაყიდვა და ხელშეკრულება ამის თავიდან ასაცილებლად დაიდო.

 

საქმეში არავითარი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ თ------- ფ--–-------–---–მა ა------- დ----------ის კუთვნილი წილის გაყიდვა სცადა. გარდა ამისა, მოპასუხეების მიზანი რომც ყოფილიყო არასრულწლოვანის ინტერესების დაცვა, ჩუქების ხელშეკრულება ამ მიზნის მიღწევის გზა არ არის, რადგან, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოსარჩელემ საკუთრების უფლება საერთოდ დაკარგა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

 

ამ გარემოების საპირისპიროდ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მტკიცებას, რომ დ----- დ----------მა ა------- დ----------ი შვილად და მემკვიდრედ აღიარა, ამდენად მისი ინტერესები არ დარღვეულა.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ა------- დ----------ი ნ-----–- შ-------ის შვილიშვილია და არა პირველი რიგის მემკვიდრე. ასეც რომ იყოს, ნ-----–- შ-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დ----- დ----------ის გარდა სხვა შვილები და შვილიშვილებიც ჰყავს. ა------- დ----------ი ნ-----–- შ-------ის პირველი რიგის ერთადერთი მემკვიდრეც რომ ყოფილიყო, პოტენციურად მემკვიდრედ ყოფნის შესაძლებლობა რეალური საკუთრების უფლების საპირწონე არ არის, მით უმეტეს, რომ ნ-----–- შ-------ე სადავო ბინის ერთადერთი მესაკუთრეა და თავისუფლად შეუძლია ეს ქონება განკარგოს. მართალია, მოპასუხეები განმარტავენ, რომ ნ-----–- შ-------ე ბინას ვერ გაასხვისებს, რადგან ის მას როგორც დევნილს გადაეცა, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მტკიცება რეალობას არ შეესაბამება. არც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა ასახული და არც საჯარო რეესტრის ამონაწერებში ფიქსირდება, პირიქით, დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია განკარგოს ნასყიდობის საგანი (იხ. 3.1.3 პუნქტი).

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა მხარის ახსნა-განმარტება.

 

სასამართლო სხდომაზე ნ-----–- შ-------ეს და დ----- დ----------ის წარმომადგენელს არც უცდიათ თ------- ფ--–-------–---–ის მიმართ ნეგატიური განწყობის დამალვა, ისინი ასევე ავლენდნენ ცუდ დამოკიდებულებას ა------- დ----------ის მიმართ, კერძოდ, დ----- დ----------ის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მისი მარწმუნებელი გენეტიკურ ანალიზს ჩაიტარებს და „კიდევ სხვა რაღაცეები არ გამოჩნდეს“ და თ------- ფ--–-------–---–ს „თაგვმა თხარაო“, ისე დაემართება. მოპასუხე და მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტეს, რომ ისინი აპირებენ დევნილის სტატუსი მოუხსნან ა------- დ----------ს, რათა მან შემწეობა ვეღარ მიიღოს და ნ-----–- შ-------ემ სასამართლოს მოუწოდა, გადაწყვეტილების გამოტანისას ეს საფრთხე გაეთვალისწინებინა. მანვე აღნიშნა, რომ ის შეძლებული ოჯახიდანაა, კოდორის ხეობაში მის ოჯახს დიდი ქონება გააჩნია და, დაბრუნების შემთხვევაში, არ სურს ა------- დ----------ს ამ ყველაფრიდან წილზე რაიმე უფლება ჰქონდეს.

 

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს ჩამოუყალიბდა მყარი შინაგანი რწმენა, რომ მოპასუხეები, სადავო ხელშეკრულების დადებისას ა------- დ----------ის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ და ჩუქება მხოლოდ იმ მიზნით დაიდო, რომ ა------- დ----------ს სადავო ბინის წილზე საკუთრების უფლება დაეკარგა.

 

3.2.2 სადავო ბინის ნატურით გაყოფა იმგვარად, რომ ა------- დ----------ს გამოეყოს 1/3 წილი, ხოლო ნ-----–- შ-------ეს 2/3 - შეუძლებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.

 

სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბინის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, რადგან ბინა მე-10 სართულზე მდებარეობს, არის 52 კვ.მ და მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს.

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ეს გარემოება სადავოდ საერთოდ არ გაუხდია, შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შედავებული არ არის, სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიიჩნევა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 524-ე, 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1199-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ამავე კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის წარმოშობა, კერძოდ, ა------- დ----------ის დედაა თ------- ფ--–-------–---–ი, ხოლო მამა დ----- დ----------ი, რომლის მამობა კანონის შესაბამისადაა დადგენილი.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ დ----- დ----------მა ა------- დ----------ის სახელით დადო ჩუქების ხელშეკრულება თავის დედასთან, ა------- დ----------ის ბებიასთან და ა------- დ----------ის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან უსასყიდლოდ გადასცა ნ-----–- შ-------ეს.

 

დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ამ ხელშეკრულების მართლზომიერება უნდა შეფასდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. იმავე პირობას განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

განსახილველ შემთხვევაში, თ------- ფ--–-------–---–სა და დ----- დ----------ს, რომლებიც დაქორწინებული არ არიან, ა------- დ----------ის მიმართ თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ.

 

სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებენ მოპასუხეები და აღნიშნავენ, რომ დ----- დ----------ს უფლება ჰქონდა, დედის თანხმობის გარეშე დაედო ხელშეკრულება ა------- დ----------ის სახელით.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხეების ამ მტკიცებას, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. ამრიგად, მოსარჩელის დედის მტკიცება, რომ მოპასუხეს მისი თანხმობის გარეშე ხელშეკრულების დადების უფლება არ ჰქონდა, ამ საკანონმდებლო დანაწესებიდან არ გამომდინარეობს.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 1294-ე და 1296-ე მუხლები უნდა ყოფილიყო გამოყენებული და აუცილებელი იყო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლებს სპეციალური რეგულაციის სფერო გააჩნია და ანალოგიით ვერ იქნება გამოყენებული. ნორმის შინაარსი არც იმგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, რომ მისი შეზღუდვითი ხასიათი არასრულწლოვნის მშობელზე გავრცელდეს. ნორმის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლს და, ზოგადად, მშობლის კანონიერი წარმომადგენლობის არსს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი განსხვავებული სტატუსის მატარებელი პირია და რისკი იმისა, რომ სამეურვეო ან მხარდასაჭერი პირის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ კანონით გათვალისწინებულია სპეციალური დამცავი ნორმები, რაც საერთოდ კრძალავს გარკვეული ტიპის გარიგების დადებას, ხოლო ზოგი გარიგებისთვის ითვალისწინებს წინასწარი თანხმობის აუცილებლობას.

 

რაც შეეხება მშობელს, ჩვეულებრივ პირობებში, ივარაუდება, რომ ის ბავშვის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და რაიმე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას სხვა ორგანოს ან სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს.

 

ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ფორმალური კანონიერება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-1350-1275-2012).

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამრიგად, ცალსახაა, რომ თავისი უფლებების განხორციელების პროცესში ბავშვის მშობლები შეზღუდული არიან ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და თითოეული მათი მოქმედება სწორედ ამ ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. კანონმდებელი ხაზს უსვამს ბავშვის ინტერესის არა მხოლოდ გათვალისწინების აუცილებლობას, არამედ ამ ინტერესის უპირატესობას.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას.

 

მართალია, მოცემული დავა, კლასიკურად, კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებული არ არის, რადგან ბავშვის ეკონომიკური ინტერესების დაცვას ეხება და არა მის ოჯახურ ცხოვრებას ან მშობლებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, მაგრამ ნებისმიერ სამართალურთიერთობაში, რომელიც ბავშვს ეხება, სწორედ ბავშვის ინტერესია უპირატესი და როგორც მშობლები არიან შეზღუდული ამ ინტერესით, ისე სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, §59).

 

ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება ( N.TS. and others v. Georgia).

 

„არსებობს ფართო კონსენსუსი, მათ შორის საერთაშორისო სამართალში, იმ საკითხზე, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს ეხება, მათი საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს უპირატესად გათვალისწინებული“ (G.S v. Georgia §44).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება ბავშვის ინტერესებს არ შეესაბამება. ჩუქების ხელშეკრულების დამახასიათებელი ნიშანია მისი უსასყიდლობა. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულება ბავშვის სახელით დადო მამამ და ხელშეკრულების საფუძველზე ბავშვის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან აჩუქა ბავშვის ბებიას, რომელმაც, თავის მხრივ, მიიღო საჩუქრად გადაცემული ქონება და უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. ამრიგად, მოპასუხეთა ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა დაკარგა ქონება, ისე, რომ ამ გარიგებიდან რაიმე სარგებელი არ მიუღია, კერძოდ, მისი კუთვნილი უძრავი ნივთი უსასყიდლოდ გადაეცა დასაჩუქრებულს. სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ ხელშეკრულების დადების რაიმე ობიექტური საფუძველი არ არსებობდა (იხ. ვრცლად 3.2.1 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსი მშობლებს ბავშვთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს, რაც ქონების განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. მართალია, მშობლები განსაკუთრებულ რწმუნებათა გარეშე წარმოადგენენ არასრულწლოვანს, თუმცა ეს მხოლოდ ისეთ შემთხვევას ეხება, როცა მშობელი ბავშვის სახელით ისეთ გარიგებებს დებს, რომელიც არასრუწლოვანი პირის ნებასა და მის ინტერესებს შეესაბამება.

 

მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ჩუქების ხელშეკრულება არასრულწლოვანის ინტერესებს არ შეესაბამება და არც მას გამოუვლენია ამ ხელშეკრულების დადების ნება, არამედ, ხელშეკრულება მისი სახელით მამამ დადო.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია (იხ. დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, §208).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დამოუკიდებლად გამოყენება, იმ დანაწესებისა და საკანონმდებლო რეგულაციების მითითების გარეშე, რომელსაც, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარიგება ეწინააღმდეგება, არ დაიშვება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილ აკრძალვას (მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს), ასევე ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომელიც მშობლებს ბავშვის ქონების მხოლოდ მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს, ხელშეკრულება ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესი დაცვის შესახებ ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულების პირობებს. სწორედ ამ მიზეზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება ბათილია.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქონების დაბრუნების წინაპირობაა და დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნად არ განიხილება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სარჩელში ასევეა წარმოდგენილი მიკუთვნებითი მოთხოვნა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ამ სარჩელის პირობებში შეიძლება მიღწეულ იქნეს. კერძოდ, მოსარჩელის მე-2 მოთხოვნა, რომელიც ქონების 1/3 წილზე ა------- დ----------ის მესაკუთრედ ცნობას ეხება სხვა არაფერია თუ არა ჩუქების საგნის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა. სასარჩელო მოთხოვნის სიტყვა-სიტყვითი ფორმულირება არ განსაზღვრავს მის ბუნებას და სარჩელის საგანი ამ შემთხვევაში ჩუქების საგანზე ა------- დ----------ის საკუთრების უფლების აღდგენაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, უნდა განხორციელდეს რესტიტუცია და ჩუქების საგანი ა------- დ----------ს დაუბრუნდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად თბილისში, მეფე მირიანის ქ. N11-ში, მე-10 სართულზე მდებარე N51 ბინის თანამესაკუთრეები ხდებიან ა------- დ----------ი და ნ-----–- შ-------ე, კერძოდ, ა------- დ----------ს ეკუთვნის ბინის 1/3, ხოლო ნ-----–- შ-------ეს - 2/3.

 

სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით, ხოლო 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.

 

საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).

 

ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების აუცილებელი წინაპირობაა, რომ უძრავი ქონების დაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად შესაძლებელი იყოს მისი ღირებულების შემცირების გარეშე, ამასთან ღირებულება ამ შემთხვევაში გულისხმობს არა ქონების ფასს, არამედ ფუნქციურ-თვისობრივ დანიშნულებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არსებობს საზიარო უფლების გაუქმების საფუძველი. ასეთ საფუძველს პირველ რიგში მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება ქმნის, კერძოდ, ა------- დ----------ის მშობლების ნეგატიური განწყობა ერთმანეთის მიმართ, რაც დავის განხილვის პროცესში აშკარად ჩანდა, ასევე მოპასუხეთა უარყოფითი განწყობა თავად ა------- დ----------ის მიმართ, შესაბამისად, ამ პირობებში მათი თანასაკუთრებით ერთმანეთთან დაკავშირება მიზანშეუწონელია.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საზიარო უფლების ქონების რეალიზაციის გზით დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინის მხარეთა კუთვნილი წილების შესაბამისად ნატურით გაყოფა შეუძლებელია (იხ. 3.1.5 და 3.2.2 პუნქტები).

 

გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში განსაკუთრებით მიზანშეწონილია უძრავ ნივთზე თანასაკუთრების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმება.

 

როგორც უკვე აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეხება არასრულწლოვანს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით.

 

სასმართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია ბავშვის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ გზით გამოირიცხება დ----- დ----------ის მხრიდან ა------- დ----------ის სახელით მისი ინტერესების საწინააღმდეგო რაიმე გარიგების დადება ამ ქონებაზე.

 

სასამართლოს აზრით ასეთი გარიგების დადება მომავალში მოსალოდნელია. ამ საფრთხეს სასამართლო მოპასუხეთა განწყობიდან გამომდინარე ხედავს, კერძოდ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ნ-----–- შ-------ემ და დ----- დ----------ის წარმომადგენელმა „გააფრთხილეს“ მოსარჩელე და ასევე სასამართლო, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ა------- დ----------ს დევნილის სტატუსს ჩამოართმევდნენ, რაც, მათი აზრით, სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდება, რადგან ა------- დ----------ს ბინის წილი როგორც დევნილს ისე გადაეცა და თუ ეს სტატუსი აღარ ექნება, ხელშეკრულებაც ბათილი იქნება. ნ-----–- შ-------ემ ასევე განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მოხსნის მიზნით კონსულტაცია უკვე გაიარა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რეალურია ეს გაფრთხილება და მოპასუხეთა პოზიცია გამომდინარეობს თუ არა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ან თავად ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც დევნილის სტატუსის მომავალში დაკარგვას ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად არ განიხილავს (იხ. 3.1.3 პუნქტი), ნათელია, რომ მოპასუხეები მზად არიან, ნებისმიერი ღონე იხმარონ საიმისოდ, რომ ა------- დ----------ს არ შეუნარჩუნდეს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება.

 

სწორედ ამ მიზეზით, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, უძრავ ნივთზე საზიარო უფლების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმებას, რათა უპირატესად იქნეს დაცული არასრულწლოვანის ინტერესები. მართალია, ამ შემთხვევაში იზღუდება ქონების მეორე თანამესაკუთრის უფლება, მაგრამ როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, ისე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლიდან გამომდინარე, საკუთრება არ არის აბსოლუტური უფლება. არასრულწლოვნის ინტერესების უპირატესი დაცვა ნიშნავს მისი მშობლების ან სხვა ნათესავების ინტერესების შეზღუდვის შესაძლებლობასაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნტების თანახმად კი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით, ხოლო თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა - 4000 ლარით.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უძრავი ნივთის წილზე საკუთრების უფლების დაბრუნება და საზიარო უფლების გაუქმება, შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება სადავო უძრავი ქონების 1/3 წილის საბაზრო ღირებულებით და 4000 ლარით.

 

მოსარჩელემ უძრავი ნივთის წილის ღირებულება ასევე 4000 ლარით განსაზღვრა.

 

ამდენად, მოპასუხეებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადონ 120 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------- დ----------ის სარჩელი ნ-----–- შ-------ის და დ----- დ----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ა------- დ----------ის სახელით ნ-----–- შ-------ესთან 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც ა------- დ----------ის წარმომადგენელმა დ----- დ----------მა ა------- დ----------ის კუთვნილი უძრავი ნივთის (მისამართი: ქ-------–-----------------------------------------–---------------------------------------------) 1/3 წილი ნ-----–- შ-------ეს გადასცა საკუთრებაში.

3. ა------- დ----------ი ცნობილ იქნეს მოპასუხე ნ-----–- შ-------ის სახელზე რეგისტირებული უძრავი ნივთის (მისამართი: ქ-------–-----------------------------------------–---------------------------------------------) 1/3 წილის მესაკუთრედ.

4. გაუქმდეს ა------- დ----------ისა და ნ-----–- შ-------ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე (------------------------------, მდებარე: ქ-------–--------------------------------------------------------------–-------------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციიდან ამონაგები თანხა თანამესაკუთრეებზე განაწილდეს მათი წილების პროპორციულად: ნ-----–- შ-------ეს გადაეცეს თანხის 2/3, ხოლო ა------- დ----------ს - ამონაგები თანხის 1/3.

5. ნ-----–- შ-------ეს და დ----- დ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია