გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210019003355119
საქმე №2-670-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - შპს ,,კ-------------------“ (ს/ნ 4--------)
წარმომადგენელი - ლონდა თურქოშვილი
მოპასუხე - კ----–- ბ-----ა (პ/ნ 1----------)
წარმომადგენელი - შ---- ბ-----ი, დ--–- კ-------–--ე
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ნაზარლო, ს/კ 8----------- და მოსარჩელეს უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 22.03.2017 წლის # ა1--------------- განკარგულებით, აუქციონის გზით მოსარჩელე შპს ,,კ------------------მა“ შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ნაზარლო, ს/კ 8-----------. მიუხედავად იმისა, რომ ქონების მესაკუთრე არის შპს ,,კ-------------------“, არსებული ფართის ფლობას დღემდე აგრძელებს მოპასუხე და მასთან ერთად მცხოვრები მესამე პირები. მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ ათავისუფლებენ დაკავებულ ფართს, რის გამოც მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ნივთის უკანონო მფლობელობას. მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა შ---- ბ-----მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წელს მისმა მეუღლემ კ----–- ბ-----ამ, ისე რომ შ---- ბ-----მა არ იცოდა, აიღო სესხი სხვადასხვა პატარა ბანკებიდან (სწრაფი სესხი), შემდეგ ეს ბანკები შეიერთა კ------------------მა. შ---- ბ-----მა დაგვიანებით გაიგო ვალის არსებობა კერძო აღმასრულებლისაგან. მან გადაიხადა ყველა დავალიანება, სააღსრულებო წარმოება დასრულებულია, მაგრამ შ---- ბ-----ის მამაპაპისეულ სახლს, რომელშიც დღემდე ცხოვრობს, ბანკი არ უბრუნებს. თავდაპირველი შეთანხმება იყო, რომ თუ ვალს სრულად დაფარავდა, სახლს დაუბრუნებდა, მაგრამ მოატყუეს და დღეს გამოსახლებას უპირებენ. 2019 წელს გაზი და შუქი ჩაუჭრეს, სოკარმა და ენერგოპრომ აღადგინეს. 1 მ3 გაზის ფასი 01.03.2019 წლიდან გახდა 95 თეთრი.
სარჩელის ზეპირ განხილვაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს შესაგებელი და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას ეთანხმებიან, თუმცა სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 22.03.2017 წლის #ა1--------------- განკარგულებით, მოვალე კ----–- ბ-----ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ნაზარლო, ს/კ 8----------- შემძენი 17.03.2017 წელს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,კ-------------------“ (ს/ნ 4--------).
უძრავი ნივთი, რომელიც შედგება სასოფლო-სამეურნეო დანიშნლების 2745.00 მ2 ფართობით და მასზე განთავსებული #1, 2, 3 შენობა-ნაგებობებით, ს.კ 8-----------, 28.03.2017 წელს აღირიცხა შპს ,,კ-------------------ს“ სახელზე საკუთრების უფლებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 22.03.2017 წლის #ა1--------------- განკარგულება (ს.ფ. 16-17)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ 19.07.2016 წელს და 18.07.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლები, რომელშიც ერთ-ერთ მოვალეს წარმოადგენდა კ----–- ბ-----ა. მოვალეების მიერ აღნიშნულ საქმეებზე არსებული დავალიანება დაფარულია სრულად და სააღსრულებო წარმოებაში დასრულებულია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებლის 29.06.2017 წლის წერილი (ს.ფ. 39).
3.1.3. მოპასუხე კ----–- ბ-----ა და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ იმ უძრავი ნივთით, რომლის მესაკუთრე 28.03.2017 წელს გახდა მოსარჩელე შპს ,,კ-------------------“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია, დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას. ეს არის სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 28.03.2017 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება: 2745.00 მ2 სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით: #1, 2, 3, რომელიც მდებარეობს მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ნაზარლო, საკადასტრო კოდით 8-----------, რეგისტრირებულია მოსარჩელე - შპს ,,კ-------------------ს“ (ს/ნ 4--------) საკუთრების უფლებით, უფლების რეგისტრაციის თარიღია: 28.03.2017 წელი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება #A1---------------,დამოწმების თარიღი: 22.03.2017 წელი.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე - შპს ,,კ-------------------“ (ს/ნ 4--------) წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს. ხოლო მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება არის ამ ნივთის ყოფილი მესაკუთრის, მოპასუხე - კ----–- ბ-----ას მფლობელობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ისინი უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად, მიიჩნევა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს მათი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. ამასთან, დადგინდა, რომ მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
6.3. რაც შეეხება შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, კერძოდ ზემოთ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი 60 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწფიო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,კ-------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე კ----–- ბ-----ას უკანონო მფლობელობიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით: 8----------- (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2745.00 მ2, შენობა-ნაგებობები: #1, 2, 3) და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე - შპს ,,კ------------------ს“;
3. მოპასუხე - კ----–- ბ-----ას დაეკისროს მოსარჩელე - შპს ,,კ-------------------ს“ სასარგებლოდ 60 (სამოცი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. მოსარჩელე - შპს ,,კ------------------ს“ (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 (სამოცი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი (რომელიც გადახდილია 19.12.2019 წელს, მიმღები: თემი გარდაბანი, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; მიმღების ბანკი/ხაზინა: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22);
5. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი