გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/26047-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - ნ------------–---–-
წარმომადგენელი - კ------------–---–ი, მ-------–---–-----ი
მოპასუხე - გ-------–-------–---–-
წარმომადგენელი - ი-----–-------ე
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქორწინების შეწყვეტა ნ------------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--11.1----–-) და გ-------–-------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 0-.02.1---–.) შორის, რეგისტრირებული 2--- წლის 0- თ--------–ს, სააქტო ჩანაწერი №8----------.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ნ------------–---–- და მოპასუხე გ-------–-------–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 7----------–-დან. მეუღლეებს არ ჰყავთ საერთო შვილები. ქორწინების რეგისტრაციიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და ჰქონდათ მუდმივი კონფლიქტი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ნ------------–---–- და გ-------–-------–---–- 2017 წლის ზაფხულის პერიოდიდან ერთად აღარ ცხოვრობენ.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეზე ადგილი ჰქონდა ძალადობას, გამოძახებული იქნა პატრული და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საბოლოოდ 2017 წელს მხარეებს შორის მოხდა კონფლიქტი და მოსარჩელემ ნერვიულობის და სტრესის ნიადაგზე მიიღო ინფარქტი. მოპასუხე საფრთხეს უქმნის მოსარჩელის ჯანმრთელობას.
ნ------------–---–მა არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ნებაყოფლობით განქორწინების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს. ამიტომ, მოსარჩელე მხარემ მომართა სასამართლოს მისი კანონიერი ინტერესის დასაცავად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, ნ------------–---–თან რეგისტრირებული ქორწინება 2--- წლის 7 თ--------–ს განხორციელდა, მაგრამ მათი თანაცხოვრობა 2006 წლიდან დაიწყო. მისი განმარტებით, მათშორის არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და შესაბამისად მისთვის გასაოცარია განქორწინების მოთხოვნა. მოსარჩელემ მოპასუხეს ამ უკანასკნელისთვის გაუგებარი მიზეზის გათვალისწინებით განუცხადა, რომ აღარ სურდა თანაცხოვრების გაგრძელება, რაც გ-------–-------–---–-სთვის გასაკვირი იყო.
მხარეებს აქვთ აგარაკი, სადაც გარკვეული სამუშაოები ჩატარებული იქნა მოპასუხის მიერ და როგორც კი განქორწინდება მოსარჩელესთან, ამ შემთხვევაში ის დააცლევინებს მის ნაშრომ-ნაწვალებ სახლს.
მხარეებს ნამდვილად ჰქონდათ უმნიშვნელო კონფლიქტები, მაგრამ არა ისეთი რასაც ოჯახის დანგრევის გამოწვევა შეეძლო. მოპასუხის მითითებით მხარეთა თანაცხოვრება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეწყდა და არა 2017 წლიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ------------–--–- და გ-------–-------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 7----------–-დან (ქორწ. სააქტო ჩანაწერი №8----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15).
3.1.2. ნ------------–---–სა და გ-------–-------–---–ს არ ჰყავთ საერთო შვილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ნ------------–---–სა და გ-------–-------–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.
აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ, საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მხარეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა. მოსარჩელე წინააღმდეგია, არ გააჩნია სურვილი მოპასუხესთან ურთიერთობისა და თანაცხოვრებისა, ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება უკვე შეწყვეტილია. მათ ერთმანეთთან გააჩნიათ კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც მოწმობს მოსარჩელე მხარის მიერ თანაცხოვრების შეწყვეტა და შესარიგებელი ვადის გარეშე განქორწინების მოთხოვნა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ იმის შიში, რომ განქორწინების შემთხვევაში შეექმნება პრობლემა უძრავი ქონებიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით, რაზედაც მხარეებს შეუძლიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა, დამოუკიდებელი სარჩელით მიმართონ სასამართლოს, რაშიც ხელს არ უშლით, სასამართლოს მიერ მათ შორის ქორწინების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეუღლეთა თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მხარეები იმყოფებიან კონფლიქტურ ურთიერთობაში, ერთმანეთთან ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, არ გამოკვეთილა. მოსარჩელე კვლავ წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნ------------–---–-სა და გ-------–-------–---–-ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ საქმეში მოსარჩელის წარმომადგენლის კ------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი, ვინაიდან, სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე გ-------–-------–---–-სთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 14-ე, 42-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------–---–-ს სარჩელი გ-------–-------–---–-ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1 შეწყდეს ქორწინება ნ------------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--1--1----–-) და გ-------–-------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 0-.0--1---–.) შორის, რეგისტრირებული 2--- წლის 0- თ--------–ს, სააქტო ჩანაწერი №8----------.
2. მოპასუხე გ-------–-------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ნ------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე ნ------------–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს კ------------–---–ის მიერ, 2019 წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 100 (ასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება #0, ბანკის კოდი 3--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი“).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
მოსამართლე: დალი აბჟანდაძე