გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14669-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვილაძე
მოსარჩელე - შ--–-----------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - დ-----------–---
მოპასუხე - თ------------–--ე
წარმომადგენელი - ა-–------------------
მოპასუხე - სს „თ-------–------ი“
წარმომადგენელი - ფ----------------–----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს თ------------–--ეს და სს „თ-------–------ს“ მოსარჩელე შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუდელი ავანსის 7053,34 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს თ------------–--ეს და სს „თ-------–------ს“ მოსარჩელე შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე პერიოდზე დაგროვილი პირგასამტეხლოს - 4039 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „თ-------–------ს“, შ--–-----------–---–სა და თ------------–--ეს შორის 2017 წლის 25 ოქტომბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველი (შ--–-----------–---–ი) იღებდა ვალდებულებას მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა მყიდველისთვის (სს „თ-------–------ი“) სახელშეკრულებო ქონება, ხოლო მყიდველი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა ქონების ღირებულება.
სახელშეკრულებო ქონებას წარმოადგენდა ავტომობილი, რომლის ღირებულება შეადგენდა 22433,34 ლარს. ავანსის ოდენობა შეადგენდა 7053,34 ლარს, რაც უნდა გადაეხადა ლიზინგის მიმღებს (თ------------–--ეს), ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში - 2017 წლის 25 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა, რაც შეადგენდა 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გამყიდველმა სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მოპასუხეს ავანსის თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მოპასუხეებს ავანსის თანხასთან, 7053,34 ლართან, ერთად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7,05 ლარის ოდენობით, რაც 2017 წლის 25 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე შეადგენს 4039 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სს „თ-------–------მა“ არ ცნო სარჩელი, მან გამორიცხა ავანსის თანხის გადახდის ნაწილში მისი ვალდებულება და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავანსის თანხა - 7053,34 ლარი ლიზინგის მიმღებს უნდა გადაეხადა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდაზე პრეტენზიას მხოლოდ ლიზინგის მიმღებს წაუყენებდნენ.
რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მყიდველის ვალდებულებებს, სს „თ-------–------ს“ სრულად ჰქონდა შესრულებული. ამდენად, სს „თ-------–------ს“ მოსარჩელის მიმართ არც სახელშეკრულებო და არც სხვა სახის ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად იგი საქმეზე არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.
2.2. სარჩელი არც თ------------–--ემ არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ფინანსური ვალდებულება მას გააჩნდა მხოლოდ სს „თ-------–------ის“ მიმართ, მასთან 2017 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში და შ--–-----------–---–ის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება არ გააჩნდა, მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობდა და არავითარი სამართლებრივი შემხებლობა მასთან არ ჰქონია.
ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში სს „თ-------–------მა“ აიღო ვალდებულება, მისთვის, როგორც ლიზინგის მიმღებისთვის, გადაეცა მოძრავი ნივთი, (ნისანის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P------). წინასწარ შეირჩა სახელშეკრულებო ქონების მიმწოდებელი მხარე, რომელსაც წარმოადგენდა შ--–-----------–---–ი და იმავე რიცხვში, 2017 წლის 25 ოქტომბერს, მასთან სს „თ-------–------მა“ ცალკე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები იყვნენ გამყიდველი - შ--–-----------–---–ი და მყიდველი - სს „თ-------–------ი“. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, სს „თ-------–------ის“ ხელმძღვანელობამ, კანონსაწინააღმდეგოდ და პირთა თანასწორობის პრინციპების დარღვევით, ასევე არავითარი წერილობითი თუ ზეპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.11 პუნქტში გაითვალისწინა ლიზინგის მიმღების ვალდებულება, რაც გულისხმობდა შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ ავანსის სახით 7053,34 ლარის თ------------–--ის მხრიდან გადახდას. როგორც წესი, აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა სს „თ-------–------ს“, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მყიდველ მხარეს სწორედ ის წარმოადგენდა. ამდენად, ნებისმიერი დათქმა, რომელიც მესამე პირს უსაფუძვლოდ აკისრებს ფულად ვალდებულებებს და უხეშად ზღუდავს მის ინტერესებს, მით უფრო, თუ ამ პირისთვის წინასწარ აღნიშნული დათქმა ცნობილი და მასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამგვარი წესით ხელშეკრულებაში ჩადებული ნებისმიერი დამატებითი პირობა ბათილად უნდა იქნას მიჩნეული.
ავანსის თანხის გადახდის ვალდებულების შესახებ თ------------–--ისთვის მოგვიანებით, სს „თ-------–------ის“ ხელმძღვანელობისგან გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრებოდა, მისმა მეუღლემ, ე-–---------–---მ, გამოიჩინა კეთილი ნება და თანხა სრულად გადაუხადა შ--–-----------–---–ს. ამდენად, ადგილი აქვს უკვე გადახდილი თანხის განმეორებით მოთხოვნას, ფულადი თანხების აშკარა გამოძალვის მცდელობას. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დამატებით მიუთითა პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან იგი არ იყო შ--–-----------–---–სა და სს „თ-------–------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, იგი საქმეში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და ნასყიდობის საფასურთან დაკავშირებით პრეტენზია მოსარჩელეს სს „თ-------–------ის მიმართ უნდა ჰქონოდა.
საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე თ------------–--ემ მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სულ სხვა საფუძველზე, კერძოდ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მასთან დაკავშირებული პირობის მითითებისას იგი მოატყუეს, იგი არ ესწრებოდა ხელშეკრულების შედგენას და რეალურად ხელმოწერა მოხდა ვირტუალურად. მოტყუებაში იგულისხმა შ--–-----------–---–ის მხრიდან სს „თ-------–------ის“ შეცდომაში შეყვანა, თითქოს მოსარჩელესა და თ------------–--ეს შორის დამატებით არსებობდა შეთანხმება ავანსის თანხის 7053,34 ლარის გადახდის თაობაზე. მსგავსი შეთანხმება მოსარჩელესა და თ------------–--ეს შორის არ დადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ------------–--ესა და სს „თ-------–------ს“ შორის 2017 წლის 25 ოქტომბერს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება #--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში და მისი შესრულების მიზნით 2017 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მხარეებს წარმოადგენენ: მყიდველი - სს „თ-------–------ი“, გამყიდველი - შ--–-----------–---–ი.
გამყიდველი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით მიაწოდოს და საკუთრებაში გადასცეს მყიდველს სახელშეკრულებო ქონება, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული ქონების ღირებულება.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ცნობად იღებს, რომ სახელშეკრულებო ქონება გამიზნულია ლიზინგის მიმღების - თ------------–--ისთვის ლიზინგით გადასაცემად და ლიზინგის მიმღები სარგებლობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის უფლებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.10.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, #-------.
3.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ქონების ღირებულებიდან შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ავანსის წინასწარ გადახდა ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობითა და ვადაში.
სახელშეკრულებო ქონების ღირებულება განისაზღვრა 22433,34 ლარით, საიდანაც ავანსის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 7053,34 ლარს. ხელშეკრულებით შეთანხმდა ავანსის გადახდის ვადა, რაც გულისხმობდა #-------- ლიზინგის ხელშეკრულების 7.3.14. პუნქტით დადგენილი ფორმით გადახდას. თავად ნასყიდობის ხელშეკრულებაში ავანსის გადახდის წესი შეთანხმდა, როგორც ხელშეკრულების დამატებითი პირობა, რომლის თანახმად, ლიზინგის მიმღები იღებს ვალდებულებას, განახორციელოს 7053,34 ლარის გადახდა გამყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული თანხა მხარეთა მიერ განხილული იქნება, როგორც #-------- ლიზინგის ხელშეკრულების ლიზინგის ავანსის თანხა. ავანსის თანხას ლიზინგის მიმღები ჩარიცხავს გამყიდველის საბანკო ანგარიშზე. თავის მხრივ, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, ლიზინგის მიმღების მიერ გადასახდელი სახელშეკრულებო ქონების ღირებულების თანხის სრულად დაფარვამდე არ დააკავოს ქონება და ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში უპირობოდ გადასცეს სს „თ-------–------ს“ საკუთრებაში. ლიზინგის მიმღების მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდაზე პრეტენზიას წაუყენებს მხოლოდ ლიზინგის მიმღებს და სახელშეკრულებო ქონების მიმართ პრეტენზია და მოთხოვნა არ წარმოეშობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.10.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, #-------.
3.1.4. ნასყიდობის ხელშეკრულებით ასევე შეთანხმდა პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.10.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, #-------.
3.1.5. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის მიმღებმა, თ------------–--ემ მიიღო სახელშეკრულებო ქონება (ლიზინგის საგანი) - სატრანსპორტო საშუალება, NISSAN Navara, გამოშვების წელი - 2005, სახელმწიფო ნომერი - P------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.6. თ------------–--ეს სს „თ-------–------ის“ მიმართ სრულად აქვს #-------- ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული - ანაზღაურებული აქვს 16830 ლარი.
თავის მხრივ სს „თ-------–------ს“ შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ავანსის თანხის გამოკლებით, ნასყიდობის სახელშეკრულებო ქონების ღირებულება - 15380 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თ-------–------ის“ 17.10.2019 წლის ცნობა;
- 03.04.2018 წლის საგადახდო დავალება;
- 25.10.2017 წლის საგადასახადო დავალება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------------–--ისთვის (ლიზინგის მიმღებისთვის) ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ავანსის თანხის გადახდის პირობა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ცნობილი იყო და აღნიშნული შეთანხმების ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინება არ წარმოადგენს გარიგების კანონსაწინააღმდეგო პირობას.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე თ------------–--ე მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ავანსის თანხის გადახდის წესი მისი მხრიდან არც შეთანხმებული ყოფილიყო და როგორც კანონსაწინააღმდეგო პირობა, ბათილი იყო. ასევე მიუთითებს გარიგებაში ავანსის გადახდის პირობის მოტყუებით გათვალისწინებაზე, რაშიც გულისხმობს შ--–-----------–---–სა და თ------------–--ეს შორის ავანსის გადახდაზე დამატებით შეთანხმების არარსებობას.
უდავოა, რომ თ------------–--ესა და სს „თ-------–------ს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება. ლიზინგის ხელშეკრულება მხარეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, თუმცა სამოქალაქო კოდექსით ლიზინგისთვის გათვალისწინებული ზოგადი ნორმების თანახმად, სასამართლო მიუთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით სს „თ-------–------ის ვალდებულებას წარმოადგენდა ლიზინგის მიმღების (თ------------–--ის) სარგებლობაში განსაზღვრული ქონების გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის უფლებით. თავის მხრივ თ------------–--ის ვალდებულებას წარმოადგენდა საზღაურის გადახდა. ლიზინგის ხელშეკრულებასთან მიმართებით კანონმდებლობისგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების შესახებ მხარეებს არ მიუთითებიათ.
ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით სს „თ-------–------სა“ და შ--–-----------–---–ს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „თ-------–------ი“ (როგორც მყიდველი), ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგით გადასაცემად იძენს კონკრეტულ ქონებას (სატრანსპორტო საშუალებას). ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეები ითვალისწინებენ სახელშეკრულებო ქონების ღირებულების არა მთლიანად მყიდველის მიერ გადახდის პირობას, არამედ ავანსისა და დარჩენილი თანხის გადახდის პირობას, სადაც ავანსის თანხის გადახდის ვალდებულება ლიზინგის მიმღებს - თ------------–--ეს ეკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 577-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით. მართალია, ამ პუნქტში საუბარია უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ლიზინგის მიმღების უფლებებთან მიმართებით ცვლილებების შეტანის ნამდვილობის წესზე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მომზადების დროსაც მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ისეთი პირობის გათვალისწინება, რაც გავლენას მოახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, საჭიროებს ლიზინგის მიმღების თანხმობას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ლიზინგის მიმღებისთვის, თ------------–--ისთვის, ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულებაში ავანსის გადახდის წესზე შეთანხმება და ხელშეკრულებაში ამ პირობის გათვალისწინება მისი ნების საფუძველზე განხორციელდა, კერძოდ:
ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ავანსის გადახდა მოხდება #-------- ლიზინგის ხელშეკრულების 7.3.14 პუნქტით დადგენილი ფორმით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში და აღნიშნული თანხა მხარეთა მიერ განხილული იქნება, როგორც ლიზინგის ხელშეკრულების ლიზინგის ავანსის თანხა. ამდენად, ავანსის სახით თანხის გადახდის შემთხვევაში იმავე ოდენობით მოხდებოდა ლიზინგის ხელშეკრულებით სს „თ-------–------ის“ მიმართ თ------------–--ის ვალდებულებების გაქვითვა, რაზეც მიუთითებს კიდეც სს „თ-------–------ის“ წარმომადგენელი. კონკრეტულ შემთხვევაში ლიზინგით გადასაცემი ქონების ღირებულება განისაზღვრა 22433,34 ლარით, საიდანაც ავანსით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 7053,34 ლარს. არაა სადავო, რომ ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში თ------------–--ეს ლიზინგის გამცემისთვის გადახდილი აქვს 16830 ლარი, რაც არ მოიცავს ავანსით გადასახდელ თანხას, ვინაიდან მისი გადახდის ვალდებულება თ------------–--ეს არა სს „თ-------–------ის“, არამედ გამყიდველის - შ--–-----------–---–ის მიმართ გააჩნდა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თავად ლიზინგის მიმღებიც არ უარყოფს, რომ მისთვის ცნობილი იყო ავანსის თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ მას უნდა გადაეხადა.
3.2.2. ავანსის თანხა თ------------–--ეს შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ ანაზღაურებული არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე თ------------–--ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხე თ------------–--ეს შალვა მამულაშვილის მიმართ ფულადი დავალიანება დაფარული აქვს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის კონტექსტში გადმოცემული ინფორმაციაა, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის სადავო და უდავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლგიასთან და მოწინააღმდეგ მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს. ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ცალსახაა, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება კიდეც, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, შესაძლებელია, კონკრეტული ფაქტის სამტკიცებელ გარემოებად არ გამოდგეს, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით/გარემოებებით გამყარებული არ არის. აღნიშნული რელევანტურია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმის ჩვენება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
კონკრეტულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მოპასუხე თ------------–--ე უთითებს მოწმის ახსნა-განმარტებას, რომელიც მისივე განმარტებით, მისი მეუღლეა. ასეც რომ არ იყოს, უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენებით ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცება საკმარისი არ არის და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სხვა მტკიცებულებითაც უნდა დადასტურდეს, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-ე, 319-ე, 361-ე, 477-ე, 576-ე, 577-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: (21.07.2018 N3315 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს): ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი გარიგებაა, სადაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი (მოსარჩელე), რომელიც, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, დებს სალიზინგო ხელშეკრულებებს და ლიზინგის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მეორე მხარისაგან აქვს ანაზღაურების მიღების მოლოდინი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ არსებით პირობებად განიხილება ნასყიდობის ფასი და ნასყიდობის საგანი. ამასთან, განსაზღვრული უნდა იყოს მხარეები, რომელთაც წარმოეშობათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. გარდა კანონით გათვალისწინებული არსებითი პირობებისა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შესაძლებელია ცალკეული პირობა ხელშეკრულების არსებით პირობად იქცეს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება 327-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები აღნიშნულ პირობაზე შეთანხმდნენ.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, რომელიც შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად განმარტებას, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რომელიც მხარეთა თანხმვედრი ნების გამოვლენას გულისხმობს და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 577-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსით დაცულია მხარეთა ნების ავტონომია, მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერ მოქმედება (სსკ-ის მე-10 მუხლი), მაგრამ ამავდროულად მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის მე-8, 115-ე მუხლები). სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამორალური, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება, რომელიც მართალია მხარის მიერ ნების გამოვლენის შედეგად დაიდო, უფრო მეტიც, შესაძლოა გარიგების საფუძველზე განახორციელოს კიდეც გარკვეული შესრულება, მაგრამ მისი არსებობა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ წესრიგს, ქცევის სტანდარტს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპისა, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს ეწინააღმდეგება. ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილად ითვლება.
იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო წესრიგის დაცვის აუცილებლობის თავლსაზრისითაც (იხ., სუსგ Nას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი), რომლის მიხედვით „სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“.
ამდენად, სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში არის შესაძლებელი მხარეთა ნების ავტონომიის გამოხატვა. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო პრინციპს, რაც მხარეთათვის სასურველ გარიგებას, მათი უფლებების დაცვასა და სასურველი შედეგის მიღებას უკავშირდება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კანონით დადგენილ სტანდარტზე, რომელიც დადგენილია სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. .... კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნული ნორმა საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა და გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, სუსგ საქმე №ას-570-541-20).
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული სადავო პირობა (ავანსის გადახდის წესზე შეთანხმება) თ------------–--ისთვის (ლიზინგის მიმღებისთვის) ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ცნობილი იყო და აღნიშნული შეთანხმების ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინება არ წარმოადგენს გარიგების კანონსაწინააღმდეგო პირობას. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ავანსის თანხა თ------------–--ეს შ--–-----------–---–ისთვის ანაზღაურებული არ აქვს. შესაბამისად, სამართლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაუხდელი ავანსის თანხის 7053,34 ლარის მოპასუხე თ------------–--ისთვის დაკისრების შესახებ.
6.2. რაც შეეხება ავანსის თანხის თ------------–--ესთან ერთად სს „თ-------–------ისთვის“ დაკისრებას, მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი საფუძველით:
მოსარჩელე მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრებას არ ითხოვს სოლიდარულად, თუ თანაბარწილად. თუკი მივიჩნევთ, რომ ავანსის თანხის გადახდაში მოპასუხეებს შ--–-----------–---–ი სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებად მოიაზრებს, სოლიდარული პასუხისმგებლობის არსებობისთვის სახეზე უნდა იყოს სამოქალაქო 464-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები - სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებით საერთოდ არ დგინდება, რომ ავანსის თანხის გადახდა სს „თ-------–------ს“ ევალებოდა. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ავანსის თანხას იხდის ლიზინგის მიმღები და გადაუხდელობის შემთხვევაში პრეტენზიაც მხოლოდ ლიზინგის მიმღების მიმართ უნდა იქნეს წარდგენილი. ამდენად, საერთოდ გამოირიცხება ავანსის თანხის ანაზღაურების ნაწილში სს „თ-------–------ის ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სსკ-ით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არის თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანად მიიჩნევს პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირებას. შესაბამისად, თ------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 403,9 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 332 ლარს. ვინაიდან სარჩელი სს „თ-------–------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ------------–--ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 223,72 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 108,28 ლარი - ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ--–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე თ------------–--ეს მოსარჩელე შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხის - 7053.34 ლარისა და პირგასამტეხლოს - 403.9 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე სს „თ-------–------ი“-ს მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე თ------------–--ეს მოსარჩელე შ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 223,72 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 332 ლარიდან - 108,28 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე