გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20169 -19
გ--------–-------------–------
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - ლა–-------–---ე
წარმომადგენელი - ირ---–--------–---–ი
მოპასუხე - შპს „სა------------------------------–---ი“
წარმომადგენელი - ვა--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხე შპს „სა------------------------------–---ი“ სათვის მოსარჩელე ლა–- დ---–---ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისამდე გადაუხდელი წლიური პროცენტის 8652,00 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისამდე გადაუხდელი დღიური პირგასამტეხლოს სახით (ძირითად სესხის თანხაზე და პროცენტის თანხაზე) 144363,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 03 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №03.12.15/2, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ სესხის ოდენობაზე - 40 000 ლარზე, რასაც გამსესხებელი (მოსარჩელე) გასცემდა 7 თვის ვადით, წლიური 14%-იანი განაკვეთით (მუხლი 2.2). ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდაზე (მუხლი 3.2).
გამსესხებლის მხრიდან ჯამურად გაიცა 39600,00 ლარი (რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით და ანგარიშის ბარათით): 2015 წლის 4 დეკემბერს გაიცა 27000,00 ლარი; 2015 წლის 28 დეკემბერს - 2600,00 ლარი; 2016 წლის 29 მარტს - 10000,00 ლარი.
მოპასუხის მიერ გაცემულია 2016 წლის 13 ივნისის ცნობა №019, რითაც მსესხებელი ადასტურებს და აღიარებს მოსარჩელის მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებას 20850,00 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და დასტურდება ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი, მოპასუხეს დაეკისრა 20600,00 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 03 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება, რომ იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების - სესხის საპროცენტო განაკვეთის წლიური 14%-ისა და პირგასამტეხლოს - 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - არსებობის ფაქტი. ეს მოთხოვნები მოსარჩელეს განსახილველი სარჩელის წარდგენამდე არ მოუთხოვია.
სესხის ოდენობას შეადგენდა 20600,00 ლარი, რა თანხაზეც დარიცხული უნდა იქნას წლიური 14% 3 წელზე და 2016 წლის 23 ივლისიდან განსახილველი სარჩელის შეტანამდე 0.5% პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის თანხის 20600,00 ლარის წლიური საპროცენტო განაკვეთი 14% შეადგენს 2884,00 ლარს, რაც ჯამურად 2016 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისის ჩათვლით შეადგენს 8652,00 ლარს; 2016 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისამდე არის 1095 დღე, ხოლო პირგასამტეხლო, რაც დაანგარიშდება სესხისა და პროცენტის თანხების ჯამიდან, დღიურად შეადგენს 117.4 ლარს, რისი ნამრავლი 1095 დღეზე შეადგენს 128574,00 ლარს. პროცენტის პირგასამტეხლო წარმოადგენს 14.42 ლარს (2884 ლარის 0.5%) ანუ მთელი აღნიშნული პერიოდისათვის 15789,00 ლარს (14.42 ლარის ნამრავლი 1095 დღეზე), ჯამურად 144363,00 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 3 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვტილებით. მოპასუხეს სრულად აქვს დაფარული სესხის ხელშეკრულებითა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. 2018 წლის 19 ოქტომბერს დაიფარა დაკისრებული თანხა (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 13:05:59).
სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა დაფარულ სესხზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2015 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2019 წლის 03 ივლისს. ლა–- დოლბაძემ სარჩელი წარადგინა 2019 წლის 02 ივლისს, რომელიც 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სასამართლოს 2019 წლის პირველ აგვისტოს და 2019 წლის 06 აგვისტოს განჩინებით სარჩელი კვლავ განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ წარმოებაში მიიღო მესამე სარჩელი, რომლის მიღებისას, სსკ-ის 140-ე მუხლისა და სსსკ-ის 277-ე მუხლის საფუძველზე გასული იყო ხანდაზმულობის ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 03 დეკემბერს ლა–-------–---ეს (გამსესხებელი) და შპს „სა------------------------------–---ს“ (მსესხებელს) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №03.12.15/2, რომლის თანახმად გამსესხებელი მსესხებელს გადასცემდა 40 000,00 ლარს, პროცენტიანი სესხის სახით, 7 თვის ვადით, ხოლო მსესხებელი მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას სრულად ან განწილვადებით საჭიროებისამებრ მოთხოვნის შესაბამისად (1.1. პუნქტი).
სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა გასესხებული მთლიანი თანხის 14,00%-ს (2.2. პუნქტი).
ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი სესხისა და პროცენტის 0,5%-ს (3.2 პუნქტი).
სადავო არ არის გარემოება, რომ გამსესხებელმა მსესხებელს 2015 წლის 03 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა 39600,00 ლარი: 2015 წლის 4 დეკემბერს გაიცა 27000,00 ლარი; 2015 წლის 28 დეკემბერს - 2600,00 ლარი; 2016 წლის 29 მარტს - 10000,00 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).
სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18).
ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 18).
3.1.2. 2017 წლის 16 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქმეზე (№2/35702-2016) დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლა–-------–---ის მოთხოვნა 2015 წლის 03 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოპასუხეს შპს „სა------------------------------–---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის 20600,00 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სადავო არ არის გარემოება, რომ ლა–-------–---ის მოთხოვნა აღსრულებულია - შპს „სა------------------------------–---მა“ დაკისრებული თანხა გადაიხადა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).
2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 21-27).
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილი (№75072) (ს.ფ. 61).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2015 წლის 03 დეკემბერს ლა–-------–---ეს (გამსესხებელი) და შპს „სა------------------------------–---ს“ (მსესხებელს) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება რომლის თანახმად გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 39600,00 ლარი, სესხის თანხაზე წლიური საპროცენტი განაკვეთის 14%-ის დარიცხვით, 7 თვის ვადით. ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი სესხისა და პროცენტის 0,5%-ს (3.2 პუნქტი).
დადგენილია, რომ 2015 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლა–-------–---ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 2017 წლის 16 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით და მოპასუხეს შპს „სა------------------------------–---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის 20600,00 ლარის გადახდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
განსახილველი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს 2015 წლის 03 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 03 ივლისიდან 2019 წლის 03 ივლისამდე წლიური პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოპასუხისათვის დაკისრებას.
სესხის ოდენობაზე - 20600,00 ლარზე დარიცხული უნდა იქნას წლიური 14% და 0.5% პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 წელზე და 2016 წლის 23 ივლისიდან განსახილველი სარჩელის შეტანამდე 2019 წლის 03 ივლისამდე. პროცენტის პირგასამტეხლო წარმოადგენს 14.42 ლარს (2884 ლარის 0.5%) ანუ მთელი აღნიშნული პერიოდისათვის 15789,00 ლარს (14.42 ლარის ნამრავლი 1095 დღეზე), ჯამურად 144363,00 ლარი.
სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
სსსკ-ის 83.2. მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.
როგორც აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20600,00 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება აღსრულდა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელის წარდგენის დროს შეეძლო მოეთხოვა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე და არა მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ახალი სარჩელი, არამედ მოსარჩელემ ფაქტობრივად თავდაპირველი მოთხოვნა გაზარდა და მოითხოვა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის და უფრო მეტიც, აღსრულების შემდგომ პერიოდისათვის, რაც დაუშვებელია. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან გაზრდის უფლებას სსსკ-ის 83.2-ე მუხლი ითვალისწინებს და ამგვარი შესაძლებლობა მოსარჩელეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე აქვს და ამის შესახებ სასამართლო მოპასუხეს ატყობინებს, რათა არ დაირღვეს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი (იხ. საქმე №ას-861-827-2016, 5 აპრილი, 2019 წელი).
საკასაციო სასამართლო განმარტა, რომ „აღნიშნული მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ - მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, №ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.)“ (იხ. საქმე №ას-861-827-2016, 5 აპრილი, 2019 წელი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნები დაუსაბუთებელია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებით ყურადღება გაამახვილოს მოპასუხის მითითებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2015 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2019 წლის 03 ივლისს; ლა–- დოლბაძემ სარჩელი წარადგინა 2019 წლის 02 ივლისს, რომელიც 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული; მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სასამართლოს 2019 წლის პირველ აგვისტოს და 2019 წლის 06 აგვისტოს განჩინებით სარჩელი კვლავ განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ წარმოებაში მიიღო მესამე სარჩელი, რომლის მიღებისას, სსკ-ის 140-ე მუხლისა და სსსკ-ის 277-ე მუხლის საფუძველზე გასული იყო ხანდაზმულობის ვადა.
სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-? და 140-? მუხლები.
სსსკ-ის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 138-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ „მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია“ (იხ. სუსგ ას-1586-1489-2012, 22.04.13 წ.).
სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისსა და 2019 წლის 06 აგვისტოს განჩინებებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2019 წლის 02 აგვისტოსა და 2019 წლის 01 აგვისტოს წარდგენილი სარჩელების მიღებაზე, თუმცა სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2019 წლის 12 აგვისტოს წარდგენილი სარჩელი. შესაბამისად, 2019 წლის 12 აგვისტოს წარდგენილი სარჩელით ამოქმედებოდა სსკ-ის 140.2 მუხლის დანაწესი. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა იწურებოდა 2019 წლის 03 ივლისს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვლებოდა პირველი სარჩელის შეტანის დროიდან - 2019 წლის 02 აგვისტოდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი (3000,00 ლარი) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა–-------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე